ქართული OK! სიამოვნებით წარმოგიდგენთ მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნია შარიქაძეს. ქალბატონი ნია გვესაუბრა ძუძუს კიბოს გავრცელების ბოლოდროინდელ სტატისტიკაზე საქართველოსა და მსოფლიოში. ასევე, დაავადების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდსა და შესაძლებლობაზე, და მათ შორის, დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და მნიშვნელოვან სამიზნე თერაპიის მიმართულებაზე − ჰერცეპტინი-პერჯეტას პროექტზე. ნია შარიქაძემ სიამოვნებით გაგვიზიარა პროექტის ფარგლებში კომპანია PSP-ს ჩართულობისა და მისი კეთილშობილური ინიციატივის ეფექტი და შედეგები, რათა ქართული OK!-ის საშუალებით მეტმა ქალმა შეიტყოს და შეძლოს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროგრამაში ჩართვა და მისით სარგებლობა, PSP-ს უსასყიდლო თანადგომით საკმაოდ რთული, მრავალსაფეხურიანი პროცედურების გვერდის ავლით.
ქალბატონო ნია, რამდენადაც ცნობილია, ძუძუს კიბო სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქალებში. საუბრის დასაწყისში საინტერესო იქნებოდა იმის გაგება, თუ როგორია დაავადების გავრცელების ბოლოდროინდელი სტატისტიკა ზოგადად, მსოფლიოში და რასაკვირველია, საქართველოში.
ნამდვილად ასეა. ქალებში სარძევე ჯირკვლის სიმსივნე პირველ ადგილზეა. საქართველოც არაა გამონაკლისი. ჩვენთან, დიახ, 2000-მდე ახალი შემთხვევა რეგისტრირდება ყოველწლიურად. მსოფლიო მასშტაბით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2 მლნ-ზე მეტია. სამწუხაროდ, სიკვდილიანობაც დიდია – დაახლოებით 600 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება ამ დიაგნოზით მთელ მსოფლიოში. საქართველოში ბოლოდროინდელ ტენდენციას რაც შეეხება, ვერ გეტყვით, რომ დაავადების რიცხვმა მოიმატა, მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ, გაიზარდა მისი ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების მაჩვენებელი და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, დიდი დამსახურება მიუძღვის სკრინინგის სახელმწიფო პროგრამას. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის სკრინინგში ჩართულობის დონე მაინც არაა ისეთი, როგორიც სასურველია იყოს.
ზოგადად, მსოფლიოში ონკოდაავადებების შემთხვევები იზრდება და ეს ცივილიზაციის განვითარების შედეგია. საქართველოში წლიურად 10-11 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. აქვე მინდა ვთქვა, რომ ონკოლოგია არ არის განაჩენი და რაც უფრო ადრეულ სტადიაზე მოხდება დაავადების დიაგნოსტირება, მით მეტია გამოჯანმრთელების შანსი. ამიტომ ვისარგებლებ და თქვენი ჟურნალის საშუალებით ყველას ვთხოვ, დროულად ჩაიტარონ დიაგნოსტირება, მიმართონ ექიმს, განსაკუთრებით კი იმ დაავადებებზე, რომელთა ადრეული გამოვლენა მარტივადაა შესაძლებელი, სკრინინგის საშუალებით.
არის თუ არა შესაძლებელი ძუძუს კიბოს პრევენცია, და როგორ? რა შეიძლება ურჩიოთ ამ თემაზე ჩვენს მკითხველს?
ამ მიმართულებით რეკომენდაცია იგივეა, რაც სხვა სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში: ცხოვრების სტილის შეცვლა-გაჯანსაღება და ფიზიკური აქტივობა, თამბაქოზე უარის თქმა, ალკოჰოლის შემცირება, მეტი დროის გატარება სუფთა ჰაერზე და, რა თქმა უნდა, სტრესის მაქსიმალურად თავიდან არიდება. არა მხოლოდ ძუძუს კიბო, არამედ მთელი რიგი ონკოლოგიური დაავადებები გენეტიკური განწყობისაა და განსაკუთრებული სიფრთხილე მათ მართებთ, ვისაც ოჯახში ონკოლოგიური დაავადების ანამნეზი აქვთ.
რა სახის მეთოდებით ხდება ამ დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა?
ჯერ ვთქვათ, თუ რა არის ადრეული დიაგნოსტირებისთვის საჭირო. ეს გახლავთ სკრინინგი, რომელიც გულისხმობს პრაქტიკულად ჯანმრთელი, უსიმპტომო ადამიანების გამოკვლევას, რაც ხელს უწყობს ძალიან ადრეულ დიაგნოსტიკას და შესაბამისად, განკურნების მეტ შესაძლებლობას გვაძლევს. უკვე დიაგნოსტირებული სარძევე ჯირკვლის მკურნალობის მეთოდი მრავალფეროვანია და გულისხმობს ქირურგიას, ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას, სამიზნე და სხივურ თერაპიას. კომპლექსში ეს ყველაფერი არის წარმატებული მკურნალობის საწინდარი და გვაძლევს საშუალებას, რომ მაღალი პროცენტით მივაღწიოთ განკურნებას; როცა პაციენტს სჭირდება კომბინირებული მიდგომა, ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ მას დაავადების ძალიან შორს წასული და რთული ფორმა აქვს. არა, ეს აბსოლუტურად ძუძუს კიბოს ბიოლოგიაზე, ფენოტიპზეა დამოკიდებული.
2015 წლიდან საქართველოში აქტიურად ხორციელდება ძუძუს კიბოს მკურნალობის სპეციალური პროგრამა − ჰერცეპტინი-პერჯეტას პროექტი. თუ შეიძლება, ამ პროექტზე და მისგან მიღებულ დადებით ეფექტებსა და შედეგებზე გვიამბეთ.
ეს პროექტი გულისხმობს სარძევე ჯირკვლის Her2 პოზიტიური კიბოს სამიზნე თერაპიით მკურნალობას, პრეპარატების − „ტრასტუზუმაბის“ და „პერტუზუმაბის“ კომბინაციით, ან ცალკე „ტრასტუზუმაბით“ მკურნალობას. დიდი მიღწევა და ბედნიერებაა, რომ ჩვენსავით შეჭირვებულ ქვეყანაში, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მნიშვნელოვანი თანადაფინანსებით ხდება პაციენტების მხარდაჭერა, რაც აისახება მათი სიცოცხლის ხარისხსა და ხანგრძლივობაზე. ეს პროექტი თავიდან მოიცავდა მხოლოდ თბილისს და შემდეგ მთელი საქართველოს რეგიონები ჩაერთო. ხდება როგორც ადრეული სტადიის − HER2-პოზიტიური ძუძუს კიბოს მკურნალობა, ასევე მეტასტაზური HER2-პოზიტიური ძუძუს კიბოს მართვა. ეს გახლავთ ძალიან წარმატებული პროექტი და სწორედ მისი საშუალებით, მკურნალობით მიღებული დადებითი შედეგებით გავუთანაბრდით მსოფლიო შედეგებს − როგორც მკურნალობაში, ისე დაავადების მართვასა და განკურნების შესაძლებლობებში.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ჰერცეპტინი-პერჯეტას პროექტში, პაციენტების მხარდაჭერის ფარგლებში, კომპანია PSP-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. PSP-მ პანდემიის დროს კიდევ უფრო გართულებული ბიუროკრატიისა და ლოკდაუნის პირობებში, შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსები გამოყო იმისათვის, რომ პაციენტებმა უმარტივესი გზის გავლით შეძლონ პროექტში ჩართვა. თქვენ, როგორც ერთ-ერთი მკურნალი ექიმი და ონკოექსპერტი, როგორ უყურებთ კომპანიის ამ ინიციატივას?
დღევანდელ პირობებში, როცა პანდემიის დროს გადაადგილების, ლოგისტიკის პრობლემაც დაემატა პროექტში ჩართვის საფეხურებს, პაციენტებს განსაკუთრებით გაუჭირდათ პროგრამაში მოსახვედრად პროცედურების გავლა. ასეთ დროს PSP-ს კეთილმა ინიციატივამ, მხარში ამოსდგომოდა პაციენტებს, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. თანაც, მოგეხსენებათ, პაციენტები გვყავს არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და წარმოიდგინეთ, რამხელა სირთულე იყო მათთვის რამდენიმესაფეხურიანი ადმინისტრაციული ეტაპის გავლა პროექტში ჩასართავად. თავად PSP-ს ინიციატივა იყო ამ პროექტში მონაწილეობა, სადაც კეთილი ნებით იკისრა ყველა იმ პროცედურის ლოგისტიკური და ადმინისტრაციული ორგანიზების პასუხისმგებლობა, რაც პაციენტებს სჭირდებათ ჰერცეპტინი-პერჯეტას პროგრამაში მოსახვედრად.
საინტერესოა, რა გზას გადიოდა პაციენტი PSP-ს პროექტში ჩართვამდე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
ჩვენი − ონკოლოგების, ექსპერტების გადაწყვეტილება იყო, რომ თითოეულ პაციენტს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გაევლო კონსილიუმის ეტაპი, რათა პრეპარატების დანიშვნაზე პასუხისმგებელი ყოფილიყო მინიმუმ 3 ონკოლოგი. ამიტომ პაციენტს უწევდა მკურნალი ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტის დამოწმება სხვადასხვა კლინიკის ორ სხვა ონკოლოგ-ექსპერტთან. შემდეგ საჭირო იყო დაფინანსების საბუთების მოგროვება, შეტანა მერიაში ან ჯანდაცვის სამინისტროში. თავადაც ხვდებით, ეს ყველაფერი საკმაოდ რთული პროცედურებია, განსაკუთრებით, თუ პაციენტი რაიონში ცხოვრობს. ის უნდა ჩამოვიდეს, მოაგროვოს ყველა საბუთი, მიიტანოს დანიშნულების ადგილზე, შემდეგ წავიდეს და დადასტურებისას, კვლავ ჩამოვიდეს, აიღოს მედიკამენტი და მიაკითხოს სამედიცინო დაწესებულებას პროცედურისთვის. ცხადია, PSP-ს ამ ინიციატივამ მნიშვნელოვნად გაუიოლა ჩვენს პაციენტებს საქმე. მათთვის ყველა შუალედური რგოლი და პროცედურა ჩაიხსნა, პროექტში ჩართვის სურვილიდან მკურნალობის დაწყებამდე, და პაციენტი პირდაპირ მიდის მედიკამენტის მისაღებად აფთიაქში მას შემდეგ, რაც პროგრამაში ჩართვის დადასტურების შესახებ SMS-შეტყობინებას მიიღებს. ეს წარმოუდგენლად დიდი კომფორტია მათთვის.
წეღან ვახსენე პანდემიის დროს ჩაკეტვის გამო მკურნალობის კიდევ უფრო გართულებული შესაძლებლობები. მახსენდება სრული ლოკდაუნის პერიოდი მარნეულში, როცა მარნეულელ პაციენტებს აუცილებელი წესით უწევდათ პრეპარატების მიღება. მკურნალობის დროს რეჟიმის დაცვას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. PSP-ს კეთილშობილური პროექტის პირველი დიდი გამარჯვება სწორედ იმ დროს იყო, როცა ფაქტობრივად აღნიშნული პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის საკითხი გადაწყდა, კომპანიის უშუალო ჩართულობითა და ძალისხმევით.
თავად თქვენთვის − ექიმებისთვის, რამდენად კომფორტულია ეს მოცემულობა? თქვენთვის რამდენად იოლდება მუშაობა ამ პროექტის გავლენით?
როცა პაციენტი კმაყოფილია და მშვიდი ნერვული სისტემით, ნაკლები ენერგიის ხარჯვით აგვარებს ამ ყველაფერს, ეს ჩვენთვისაც დიდი შეღავათია. გარდა ამისა, PSP-ს ინიციატივამდე, ჩვენი − ექიმების მხრიდანაც იყო დამატებითი, აქტიური მონაწილეობა საჭირო, მათ შორის, მარტივ ლოგისტიკურ თუ საორგანიზაციო საკითხებში. ახლა ეს ნაწილიც PSP-ს მიერ ორგანიზებულად, მშვიდად გვარდება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათი ჩართულობის წყალობით, დიდ დროს იგებს პაციენტი და დროულად იღებს სასიცოცხლოდ საჭირო მომსახურებას. თავიდან პაციენტები გაოცებულნი იყვნენ, რომ მათ მაგივრად სხვა აკეთებდა ამ საქმეს, სრულიად უსასყიდლოდ. განსაკუთრებულად უკვირდათ მათ, ვისაც უკვე გავლილი ჰქონდათ ეს რთული პროცედურები. ადამიანებმა კიდევ უფრო მეტად დააფასეს ამგვარი მხარდაჭერა. გვყავს არაქართულენოვანი პაციენტებიც, რომელთაც ჰქონდათ დამატებით კომუნიკაციასთან და ენობრივ ბარიერებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ასევე მარტივად, ავტომატურად გვარდებოდა PSP-ს პროექტის ფარგლებში. და კიდევ ერთი − კომპანია PSP უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მედიკამენტების სამაცივრე ჩანთებით გადატანას. პრეპარატების ცივი ჯაჭვის რგოლის უწყვეტობისა და უსაფრთხოების დაცვა კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რათა მათი ვარგისიანობა შენარჩუნდეს.
ქალბატონო ნია, დასასრულ, რაიმეს ხომ არ ურჩევდით დამატებით ჩვენს მკითხველს?
სარძევე ჯირკვლის სიმსივნე ძალიან კარგად მართვადი დაავადებაა, რომელიც ემორჩილება მკურნალობას და ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის დროს განკურნების შანსი საკმაოდ დიდია. ამიტომ ყველას გთხოვთ, არ დაიზაროთ, 40 წლის ზემოთ ქალბატონებმა აუცილებლად დროულად მიაკითხეთ სკრინინგ-ცენტრს, ჩაიტარეთ დროული გამოკვლევები და შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ჯანმრთელობა!
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი