„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კამპანიას AVON მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა აქტივობით უჭერს მხარს და უზარმაზარ რესურსს ახმარს. „ვარდისფერი სივრცე“ 2019 წლის მარტში კომპანია Avon-ისა და „ევროპა დონა საქართველოს“ ერთობლივი ძალისხმევით გაიხსნა. „ვარდისფერი სივრცე“ ძუძუს კიბოსთან მებრძოლი ადამიანების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ცენტრია. ეს არის ადგილი, სადაც ყოფილი პაციენტები თავიანთ ცოდნას, გამოცდილებასა და ემოციებს უზიარებენ მათ, ვისაც ახლა სჭირდება დახმარება ამ ურთულეს გზაზე. პაციენტები პაციენტებისთვის – ხშირად ასეც უწოდებენ სივრცეს. OK! ესაუბრა ანა ცხადაძეს − „Avon საქართველოს“ დირექტორს, და ანა მაზანიშვილს − „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტს.
ანა, „ეივონი“ დიდი ხანია ჩართულია „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიაში. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
ჩვენი კომპანიის ისტორია დაიწყო 135 წლის წინ, ერთი ქალით, და დღეს უკვე 6 მილიონი ქალისგან შემდგარი არმია გვყავს მთელ მსოფლიოში. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ გვაინტერესებს ყველაფერი, რაც ქალებს ეხებათ − მათი ფინანსური დამოუკიდებლობა, კარიერული ზრდა, გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა თუ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
ძუძუს კიბო ქალებში, სამწუხაროდ, ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. სწორედ ამიტომ, Avon-მა ათეული წლების წინ გადაწყვიტა, საკუთარ თავზე აეღო ეს პასუხისმგებლობა და თავისი წვლილი შეეტანა ამ ვერაგი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესი, ვიაზრებთ საკუთარ როლს და გვინდა, მსოფლიო გავხადოთ უკეთესი.
ამ მისიიდან გამომდინარე კი, „ვარდისფერი ოქტომბერი“ განსაკუთრებული თვეა ჩვენს კალენდარში. ყოველ წელს მსოფლიო მასშტაბით ყველა ქვეყანაში, სადაც კომპანიაა წარმოდგენილი, ორგანიზებას ვუწევთ სხვადასხვა ტიპის აქტივობას, ღონისძიებებს, ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რათა კიდევ უფრო მეტ ქალს მივაწვდინოთ ხმა იმის შესახებ, თუ რა სახის დაავადებასთან გვაქვს საქმე და რამდენად მნიშვნელოვანია ძუძუს კიბოს ნაადრევი დიაგნოსტირება.
დღეისათვის რა სახის პროგრესს მიაღწიეთ ცნობადობის ამაღლების საკითხში?
საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი და საამაყო პროექტი განვახორციელეთ უკვე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. განსაკუთრებულად გამოვარჩევ „ვარდისფერ სივრცეს“, რომელიც არის პირველი ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ცენტრი ქვეყანაში ონკო-პაციენტებისათვის. სივრცე „ევროპა დონა საქართველოსა“ და ანა მაზანიშვილთან პარტნიორობით გავხსენით 2019 წლის მარტში და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ დღემდე 2000-მდე ქალს დავეხმარეთ იმ რთულ გზაზე, რომელსაც სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა ჰქვია.
„ვარდისფერი სივრცე“ − პროექტი, რომელიც ბევრ ქალს ეხმარება. გვიამბეთ ამის შესახებ.
„პაციენტები პაციენტებისთვის“ − ასეც ვუწოდებთ ხშირად სივრცეს, რადგან აქ დაგხვდებიან ქალები, რომლებმაც უკვე დაამარცხეს ეს ვერაგი დაავადება და ახლა სხვებს უზიარებენ თავიანთ ცოდნას, გამოცდილებასა და მხარდაჭერას.
ალბათ ხვდებით, რამდენად მძიმე ემოციური ფონისა და სტრესის გადალახვა უწევს პაციენტს, როდესაც ამ დიაგნოზის შესახებ გაიგებს. ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურ თუ ჯანმრთელობის მხრივ მზადყოფნასთან ერთად, ფსიქოლოგიური მზადყოფნა უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე, რათა ამ გამოწვევებს გაუმკლავდე. სწორედ ეს არის სივრცის მთავარი მიზანი − გაამხნეოს და მხარი დაუჭიროს ყველა შესაძლო ფორმით პაციენტს. სწორედ ამიტომ, შეკითხვებზე პასუხებისა და ინფორმაციის გარდა, სივრცეში სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი სხვადასხვა არტ-თერაპიის სხვადასხვა კურსზე დასწრება; ცეკვის, ხატვის, ინგლისურისა თუ სხვა სახის კურსებში ჩართვა და ა.შ. აქ არაერთ ადამიანს აღმოუჩენია თავისი ფარული ნიჭი, რაც ასევე ძალიან გვახარებს.
ვარდისფერი აქსესუარები, რომლებიც ყოველ წელს მზადდება, წელს რა სიმბოლიკას ატარებს?
წელს განსაკუთრებული სიმბოლო გვაქვს „ვარდისფერი ლენტის“ ხაზიდან, რომელიც როგორც უკვე იცით, ჩვენი საქველმოქმედო ხაზია. ეს არის ბროში, სიცოცხლის სიმბოლო − ასე ვუწოდებთ ხოლმე ხშირად მას. ამ პროდუქტის, და არა მხოლოდ, „ვარდისფერი ლენტის“ ხაზიდან ყველა პროდუქტის გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა საქველმოქმედო პროექტებს და ქალთა მხარდაჭერას, რომლებიც დღეს სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
იცვლება თუ არა წლიდან წლამდე „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში არსებული მოწოდებები?
ყოველთვის ვცდილობთ, ყველა „ვარდისფერი ოქტომბერი“ იყოს რაც შეიძლება ხმაურიანი, ორიგინალური და განსაკუთრებული, რათა მაქსიმალურად დიდ აუდიტორიას და მეტ ქალს მივაწვდინოთ ხმა. თუმცა მოწოდება ყოველთვის არის ხოლმე ერთი − ოქტომბერი ის პერიოდია, როცა უნდა გამოვყოთ დრო საკუთარი ჯანმრთელობის გადასამოწმებლად. დავუთმოთ წელიწადში ერთხელ, ოქტომბერში, ჩვენს თავს დრო იმისთვის, რომ წავიდეთ ექიმთან და ჩავიტაროთ ძუძუს კიბოს სკრინინგი. განსაკუთრებით ეს ეხებათ 40+ ასაკის ზემოთ ქალებს, რადგან მათში რისკი უფრო მაღალია.
თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ დაავადება საკმაოდ გაახალგაზრდავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში ერთხელ ამ ჩვევის გამომუშავება და ექიმთან სკრინინგის ჩასატარებლად მისვლა აუცილებელია. ძუძუს კიბოს ნაადრევმა დიაგნოსტირებამ შესაძლოა იხსნას ჩვენი სიცოცხლე, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ეს არის ხოლმე გადამწყვეტი.
რას ეტყოდით ოქტომბერში ყველა ქალს, ვინც ახლა გისმენთ?
ქალებს ვეტყოდი, რომ არ გადადოთ, დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას დრო. სხვა დროს თუ ვერ ახერხებთ, მოდით ახლა, ოქტომბერში გავაკეთოთ ეს. წავიდეთ ძუძუს კიბოს სკრინინგზე, შევამოწმოთ ჩვენი ჯანმრთელობა და დავიზღვიოთ თავი, რადგან ამ ვერაგი დაავადების ნაადრევი დიაგნოსტირება შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს.
ანა მაზანიშვილი, „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი:
გვიამბეთ „ვარდისფერი სივრცის“ შექმნის შესახებ.
მას შემდეგ, რაც თავად გადავლახე ონკოლოგიური დაავადება, ოცნებად მქონდა, შექმნილიყო სივრცე, სადაც ჩემი განვლილი გზის შესახებ ვუამბობდი მათ, ვინც ჩემ შემდეგ დადგნენ მსგავსი პრობლემის წინაშე. სადაც შევკრებდი ყველას, ვისაც საუბარი და მხარდაჭერა სჭირდება, და ეს ოცნება განხორციელდა. Avon-ის დიდი მხარდაჭერით შევქმენით „ვარდისფერი სივრცე“.
ეს კომპანია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში მონაწილეობს და დარწმუნებული ვარ, სიკეთე დაუბრუნდება. დღეს აქ ასობით ქალი იკრიბება და ერთმანეთს მომდევნო ეტაპების გავლაში ეხმარებიან. „ვარდისფერი სივრცის“ გარდა, ონკოლოგიური პაციენტებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების არცერთი ორგანიზაცია არ არსებობს. ეს არის ჩვენი ერთადერთი კომფორტის ზონა.
„ვარდისფერ სივრცეში“ მისული ასობით დაბნეული, გულჩათხრობილი ქალი, რომელსაც ამ მძიმე სენის სახელის ხსენებაც კი არ სურს, რამდენიმე თვის შემდეგ ლაღ, ძლიერ, ინფორმირებულ პიროვნებად იქცევა, რომელსაც სჯერა, რომ კიბოს დაამარცხებს. ამ სივრცის გამოცდილი პაციენტები კი, რომლებმაც დაავადებაზე გაიმარჯვეს, სხვებს აძლევენ ყველა იმ რჩევას, რაც მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე გამოადგებათ.
რას ეტყოდით ოქტომბერში ყველა ქალს, ვინც ახლა გისმენთ?
ამ ოქტომბრიდან დავიწყოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ძუძუს სკრინინგი. რატომ ოქტომბრიდან? იმიტომ, რომ ოქტომბერი ვარდისფერი თვეა და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების დროა.
ამ ოქტომბერშიც იმავეს ვეტყოდი: დროული დიაგნოსტიკა არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დროულად დასმული დიაგნოზი ამ ბრძოლაში გამარჯვების წინაპირობაა.
ტექსტი: მაიკო წერეთელი
ფოტო: თიკო ჭიღლაძე