ნანი ბრეგვაძე − ადამიანი, რომელთან საუბარი ისეთივე ამოუწურავია, როგორც მისი სიმღერის ბგერების სიღრმე. მისი სილუეტი − ნატიფი, ელეგანტური, და გული… უზომოდ შეყვარებული თავის ხალხზე. როდესაც ვკითხე მას, რა იყო მისი სულის ნავსაყუდელი ხელოვნებაში, მივხვდი, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი სხვაგან უნდა მეპოვა − იცით, ნანის სულის ნავსაყუდელი სამშობლოა. თქვენ ამ ინტერვიუში ამოიკითხავთ იმ ნანი ბრეგვაძეს, რომლის კულტურა და კულტურულობა აფრიალებული დროშაა თანამედროვე საქართველოსთვის, და როგორ მინდა დავაჯერო მას, რომ ის სამუდამოდ ილივლივებს ყოველი ჩვენგანის გულში…
როგორ აღიქვამთ და ხედავთ საკუთარ თავს?
ცოტა უცნაური შეკითხვაა, რადგან ყველას საკუთარი თავი უნდა უყვარდეს, რასაკვირველია, მაგრამ თავისი თავის კრიტიკაც უნდა იცოდეს. შენი ნაკლი უნდა დაინახო, არ უნდა იყო გადარეული და შეშლილი შენს თავზე… რამდენი ადამიანი მლოცავს და ქათინაურს მეუბნება… მე რომ ეს ყველაფერი დამემახსოვრა, ალბათ უნდა გავგიჟებულიყავი. იმ მომენტში გახლავართ მადლიერი, მაგრამ ჩემს თავში არ ვარ ასეთი დარწმუნებული. ძალიან ბევრი საუკეთესო ადამიანია… რატომ მაინცდამაინც მე? იცით, როგორ აღვიქვამ ჩემს თავს − საკუთარ საქმეს ვემსახურები, და ვემსახურები ისე, როგორც საჭიროა. პროფესიონალი გავხდი. როგორც პროფესიონალი, ვუყურებ ყველაფერს. უღიმღამოდ არაფერს გავაკეთებ. უყურადღებოდ გარეთ გამოსვლით, სტუმრების მიღებით, მე თქვენ არ მოგაყენებთ შეურაცხყოფას ჩემი აგდებული, ზერელე დამოკიდებულებით. რა სიმაღლეზეც თქვენ მე აღმიქვამთ და როგორადაც ფიქრობთ ჩემზე, მე სწორედ ამგვარ მოწოდების სიმაღლეზე უნდა დაგხვდეთ და მოლოდინი გაგიმართლოთ. ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, და ცოტა კი ვიღლები ამით, მაგრამ ძალით არაფერს ვაკეთებ. ეს მოდის ბუნებრივად, და ალბათ სწორედ ასეთი ვარ მე.
პროფესია და ოჯახი. რა როლი მიუძღვის თქვენთვის ოჯახს?
ძალიან სასიამოვნოა, როცა პროფესიაში გაგიმართლებს, მაგრამ არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენ გყავს ოჯახი, შვილები… ჩემი სპეციალობა და სცენა, ჩემი ცხოვრების როლია და სულ სხვაა. ოჯახს კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჰქონდა ყოველთვის, რადგან ძალიან დიდი ტრადიციების ოჯახში ვარ გაზრდილი. იცით, რამდენი ვიყავით? 11 დეიდაშვილი. ეს იყო ერთი ოჯახი. ბაბუა, მახსოვს, მაგიდის თავში იჯდა. ექვსივე შვილი, რომლებიც მახსოვს, გასაგიჟებლად მღეროდნენ, ერთი იყო პროფესიონალი მომღერალი ძალიან ცოტა ხანს, რადგან მერე გათხოვდა. რასაკვირველია, იმ დროს სირცხვილიც იყო სცენასა და ესტრადაზე სიმღერა, ამიტომ ცოტა ხანი გაძლო მან სცენაზე. მაგრამ ისეთი მუსიკალური იყო და ისე მღეროდა… ყველა მღერის, ვის უკვირს დღეს საქართველოში ეს? სხვათა შორის, ჩემი საქართველო არის სიმღერის, ცეკვის, მხიარულების, სტუმართმოყვარე, არაჩვეულებრივი თვისებების პატრონი. ეს ტრადიცია მუდამ შთამომავლობით გადადიოდა. ასე იყო ყველა ოჯახში. სწორედ ოჯახში მოდიოდნენ სტუმრები, დახვეწილი ხალხი, მე სადაც ვცხოვრობდი და გავიზარდე, იქ ისეთი დიდებული ადამიანები, მართლა… როგორი გაზრდილები, როგორი ოჯახიშვილები, როგორი პატიოსნები და განათლებულები იკრიბებოდნენ. ისმოდა სიმღერა, მჭევრმეტყველება და რასაკვირველია, გვყავდა თამადა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თამადას იმ დროს. ის უნდა ყოფილიყო განათლებული, ყველა თემაზე შესძლებოდა საუბარი… და ამ საუბრებთან, იქვე, იყო სიმღერა. ყვირილი არ იყო. დახვეწილი მუსიკა გვახლდა, როგორ გითხრათ… ხომ არის გემოვნება, როცა გაცვია ლამაზი კაბა, მაგრამ არ გიხდება. თავისთვის ის სამოსი ლამაზია, მაგრამ შენ ამას ვერ იხდენ. რამდენჯერ მეც მქონია შემთხვევა, როცა მინდა ვიყიდო ლამაზი კაბა, ჩავიცვა, მაგრამ ვერ ვატარებ, არ არის ჩემი. ასეთივეა სიმღერაც − ლამაზი სიმღერაა, მაგრამ სიმღერას სჭირდება მორგება, გადმოცემა, სწორად შეფუთვა, მოფერება. ამ სიმღერას უნდა ჰქონდეს სიღრმე, განცდა − აი, ჩემს ოჯახში ასეთი გარემო და ჰანგები იყო… და ბევრ ოჯახშიც, ალბათ. რა თქმა უნდა, კონსერვატორიამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს მუსიკალურ განათლებაში, ამიტომ ვერ გეტყვით, აი, რა არის ჩემთვის ჩემი სპეციალობა. ეს თანდათანობით მოვიდა. მთავარი მაინც რჩება ოჯახი, და მეგობრები, წრე. აუცილებელია შენი სამყარო… რა გარემოში ხარ გამომწყვდეული, ასე ვთქვათ, ვინ იკრიბება შენ გარშემო… შემდგომ არის პროფესია.
თქვენ მოგიწიათ, პრაქტიკულად, რამდენიმე ეპოქის მიჯნაზე გაგევლოთ საკუთარი, ასეთი ლამაზი გზა. ამ სხვადასხვა ეპოქას რამდენად მძაფრად განიცდით და რას ფიქრობთ დღევანდელობაზე ამ გადასახედიდან?
მე დროს მივყვები… ყველაზე მთავარია, შენს დროს გაჰყვე და წარსულით არ იცხოვრო. წარსული წარსულია. სიტყვაც გეუბნება თვითონ − „წარსული“. შენ მერე იზრდები, მიდის ცხოვრება, კარგია თუ ცუდია, შენ ეცადე და კარგი მონახე, ცუდს ნუ აიღებ. მე ჩემი ბუნებით მივყვები დროს! თუმცა, ჩემი რეპერტუარი და ჩემი სტილი, ჟანრი, არ შემიცვლია. უფრო ვაღრმავებდი, უფრო ვხვეწდი. იმ დროისათვის ისეთი სიმღერა უფრო მიღებული იყო, მერე ის უნდა დატოვო იმ ეპოქაში, გამოჰყვე დროს და გაიზარდო. იმიტომ, რომ გარკვეულ მომენტში ახალგაზრდა ხარ, მღერი და არც არავის აქვს შენ მიმართ დიდი პრეტენზიები. და თუ დარჩი სიყრმის სიმაღლეზე, არაფერი გამოვა შენგან.
უნდა იზრდებოდე საკუთარ თავთან ერთად. შენ მიდიხარ ცხოვრებასთან ერთად ფეხდაფეხ. დღევანდელ ეპოქაში შემაყვარეს თავი ახალგაზრდებმა. მიყვარს ნოვატორობა. ჩემს სიმღერებში ძალიან ბევრი რამეა შეცვლილი. თავად სიმღერებში ნაკლებად, უფრო მათ შესრულებაში. დეტალებს ვხვეწდი, ეს ჩემს სცენაზე მუშაობისას მოვიდა, ჩემს ყოველდღიურ გამოსვლაში, სიმღერაში. მთელი ჩემი ცხოვრება სცენაზე ვიდექი. არადა, სიმართლე გითხრათ, ისე მიყვარს სახლი, ხშირად ვტიროდი, ახლა კი, ბედნიერი ქალი ვარ, რომ ხშირად შინ ვზივარ და უკვე წასვლაც არ მინდა არსად. აი, აქ ვცხოვრობ, ჩემს შვილებთან ერთად. სადაც უნდა წავსულიყავი, ჩემი ეკა დამყავდა. თუ იყო ამის საშუალება, აუცილებლად. დედაჩემი, ჩემი შვილიშვილები, ყველას ახსოვს. უფრო მოგვიანებით, როდესაც კარგი პირობები შემექმნა ცხოვრების, მატერიალური კი არა, აი, როდესაც სახალხო არტისტის წოდება მივიღე, საბჭოთა კავშირის, იქ უკვე რაც ეკადრებოდა სახალხო არტისტს წოდებით − მე კი არა, ამ სახელს, ამ წოდებას − იმისდა მიხედვით ვცხოვრობდი.
პროტოკოლით გეკუთვნოდათ უკეთესი პირობები ამ წოდების მიხედვით…
დიახ, სწორედ წოდების პროტოკოლით. ამიტომ მე მქონდა საშუალება, მთელი ოჯახით ვყოფილიყავი გასტროლებზე და სწორედ ამ დროს ძალიან ბედნიერი გახლდით. მარტო მოგზაურობა ჩემთვის დიდი განცდა იყო, ბევრიც მიტირია, იმიტომ, რომ დარდი და მონატრება მთრგუნავდა ოჯახის, ჩემი მეგობრების, ისეთი წრე მყავდა და ისეთი საინტერესო ხალხი იყვნენ… ესენი აქ მშვენივრად ცხოვრობდნენ, ერთობოდნენ და მე გაწამაწიაში ვიყავი, ძალიან ცუდი პირობები იყო ხშირად გასტროლებზე. მაგრამ ადამიანმა ხომ უნდა გაიაროს რთული გზა. უწინ დრო იყო ძალიან ცუდი და რთული.
რა არის თქვენთვის თანამედროვე ადამიანი?
დღევანდელი ადამიანი? იცით, ხშირად ამბობდნენ: „აი, ჩემს დროს ისეთი არაჩვეულებრივი ახალგაზრდები იყვნენ და როგორი გაზრდილები…“ დედაჩემი რომ იტყოდა რაიმე ამგვარს, მუდამ ვეჩხუბებოდი − რა არის, დედა, რა გამიწყალე გული-მეთქი. დღეს კი მე ვამბობ მსგავს რამეს. თურმე ასეა. თანამედროვეობაში გულდასაწყვეტია, რომ შეცვლილია დამოკიდებულება ერთმანეთთან მიმართებაში. არ მინდა მივეჩვიო, რომ ასეთი გაციებულია დღეს სამყარო. არა! წადი წინ და დაიხვეწე! იცით, რაშია საქმე, მარტო ჩვენთან კი არ მოხდა მსგავსი დამოკიდებულებების შეცვლა ურთიერთობებში, არამედ მთელი მსოფლიო შეიშალა. აირია. ფასეულობები დაიკარგა. დღეს ისე იოლად იტყვიან: რაც გინდა, ის გააკეთე! ზოგჯერ ვამართლებ ამას, მაგრამ თუ ძალიან გადაამეტე, ძალიან რთულად ვიღებ. მით უფრო, გამოსვლები და გინებები ჩემთვის სრულიად მიუღებელია. და კიდევ, მე ვინ ვარ, რომ გამოვიდე და შენ ჭკუა გასწავლო? ეს თანდათანობით, საზოგადოებამ უნდა გასწავლოს. გულდასაწყვეტია, რომ არსებობს გარკვეული გადაცემები, სადაც გაუფასურებულია თითქოს ყველაფერი. ცუდი სიტყვებიც ისმის, ზოგიერთი არც მსმენია, ისეთი. არ გამიგია ჩემს ოჯახში ეს გინებები. ამას ვერ შევეგუები ნამდვილად, უზრდელობას ვერ შევეგუები.
ამ თემებზე საუბრისას, მე, რასაკვირველია, ზოგად სურათს ვიღებ მაგალითად, თორემ მე ასეთი ხალხი გარშემო არც მყოლია, არც მყავს და არც მეყოლება. ეს ჩემი სამყარო არ არის, მაგრამ ვცხოვრობ ამგვარ ეპოქაში და რა ვქნა?! ალბათ თვალი უნდა დავხუჭო, ან არ უნდა მივაქციო ყურადღება, მაგრამ ასეც რთულია. მე მიყვარს ჩემი ხალხი. ხშირად ვსაუბრობ ხოლმე და ვხსნი, რომ ხალხო, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა. ისე კი არა, სიტყვით, არამედ საქმით. უნდა გავერთიანდეთ, ცალ-ცალკე დაგლეჯილი ვართ. სხვადასხვა კუთხეში, წარმოიდგინეთ, რა სიმდიდრეს ვფლობთ, მდიდარი კულტურის მქონე ხალხი ვართ. კერძებიც დიდებული და სხვადასხვაგვარი გვაქვს, ბუნებაც − კუთხეებით განსხვავებული, სიმღერები სხვადასხვაგვარი, კულტურა… აი, რაღაც არაჩვეულებრივად მდიდარი ხალხი ვართ და სხვადასხვა აზრიც მოგვდგამს, და თუ დავაკვირდებით, ყველა პირველია თავის აზრში… ამას თუ კრიტიკულად სიღრმეში ჩავწვდებით და ერთ მთლიანად გავერთიანდებით, ჰარმონიას მივაღწევთ და მაშინ იქნება სიწყნარე, სიმშვიდე. ვიღაცებზე ვბრაზობთ, როგორ გვაკადრეს ასეთი რამე, რასაც ისევ ჩვენ ვაკეთებთ − მტრობა… მუდამ ვტირი, ნამდვილად ვტირი, ასეთი ზიზღი არც გამიგია არსად. რატომ მოხდა ეს, რატომ ხდება ეს?..
თქვენ მეტ ჰარმონიას და კულტურას ითხოვთ?
რასაკვირველია. ყველაზე მთავარი შენი ქვეყნის ირგვლივ არის შენი კულტურა.
კულტურა და კულტურულობა რით განსხვავდება?
კულტურა ყველაფერს მოიცავს, კულტურულობა შედის კულტურაში. მსოფლიო მაქვს მოვლილი და არავისზე ნაკლები, თუ არა მეტი, საქართველო არ არის. რა ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობთ… მთაში როგორი ხალხია, გაუფუჭებელი, სუფთა. ახლა კი, სამწუხაროდ, ყველაზე დიდი ფასეულობა აქვს ფულს, როდესაც ჩემ დროს და დედაჩემის დროს, ამას ასეთი დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მნიშვნელობა ჰქონდა, შენ რა პიროვნება იყავი, სინდისი კი უპირველესი იყო და არის ადამიანში. ამ სინდისში ყველაფერი შედის. სწორედ ესაა დღეს დაკარგული. იცით რა, ალბათ ისტორია მეორდება. ყველგან იქნებოდა მსგავსი პერიოდები და საქართველოში მით უფრო − მუდამ გაჭირვებასა და ომებში ვიყავით. მაგრამ ჩვენ ვებრძოდით შემოსეულ მტერს, დღეს კი!.. ერთიმეორეს ვაწვალებთ. ბევრი აღარ უყურებს ტელევიზორს, ისე დაიღალა. მეც ისე ვარ, რაღაც სხვას ვეძებ, რომ დავწყნარდე და დილიდან არ ვიკანკალო… უბედურ პერიოდში ვცხოვრობთ… პანდემიაა, ხალხო, დავივიწყოთ ყველაფერი ცუდი, ეს არის ყველაზე მთავარი, რომ გადავრჩეთ.
მე ვხედავ, რომ დღევანდელობა ძალიან გთრგუნავთ.
ძალიან! მარტო მე?! ყველას ჩემ ირგვლივ ვინც არიან. მე დაწყნარებული ადამიანი ჯერ არ შემხვედრია და ძალიან ბევრი ეწირება ამას.
გაქვთ რომელიღაც გამორჩეული, ისეთი მელოდია, რომელზეც მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნანის სულის ნავსაყუდელია?
ასე, ერთი მელოდია როგორ შეიძლება?.. ერთი სიმღერა, და დაასრულე შენი სიყვარული? რას ლაპარაკობთ! იცით, ბედნიერებაა, რომ ქმნიდნენ უნიკალურ სიმღერებს ჩემთვის, დაუვიწყარს! ის კომპოზიტორები კარგად მიცნობდნენ. შემთხვევითი სიმღერა არასოდეს იყო ჩემს რეპერტუარში. ზოგი გამორჩეული და საუკეთესო გახლდათ, ზოგიც ჩვეულებრივი. ყველა კომპოზიტორი მაძლევდა უფლებას, მეც რაიმე ჩემი ნიუანსი შემეტანა მათში. ვმღეროდი ქართულ სიმღერებს, კონცერტებზე, და თითქოს ყველაფერი შესრულებულია? ამ დროს, საღამოს მსვლელობისას, შეიძლება ისეთი აზრი მომსვლოდა, ნიუანსი, ისეთი განცდა, იმ მომენტისთვის განსაკუთრებული და საუკეთესო…
ამიტომაა ყველა თქვენი კონცერტი განსხვავებული.
მე ახლაც, ბოლო საღამოს, როდესაც ვიოლინოს თანხლებით, გენიოსთან ერთად, ლიზა ბათიაშვილთან შევასრულე სიმღერა, განსხვავებული ვიყავი. ყოველ სიმღერაზე ახალი მუზა მომდის. იცით, გია ყანჩელის „ის აქ არის“… ამას ერთნაირად ვერ ვმღერი! ეს ჩემს განცდებზეა დამოკიდებული. იმ საღამოს კი ლიზა ბათიაშვილის ვიოლინოს ფონზე აბსოლუტურად სხვანაირად ვიმღერე, ცალკე შეიძლება სხვაგვარად მემღერა, მაგრამ მუსიკალური დიალოგი თავისებურად შეივსო და ისეთი გადასარევი გამოვიდა და მე ვიმღერე ისე, როგორც გიას აქვს დაწერილი. აი, როგორც დაწერა, იმგვარი ფრაზებით − არაფერი შემიცვლია… ბიძინა კვერნაძის „დათა თუთაშხიას“ ეს ლაიტმოტივი შემომყვა ემოციაში და ისე შევედი განცდებში, რომ ინდივიდუალურ საფეხურზე აღარ ავედი. რეპეტიციებზე სხვაგვარი ვიყავი, მაგრამ კონცერტზე უკვე სხვა. იმიტომ, რომ წამიყვანა ლიზას შესრულებამ სხვაგან. წარმოიდგინეთ, მელოდიის ლაიტმოტივი მიდის, მერე შუაში შევდივარ მე და ვმღერი „შემოდგომის ყვავილებს…“ და ვიოლინო ასრულებს, ისევ ლაიტმოტივით… რაღაც გასაგიჟებელია!
…და ვისი მოფიქრებული და გაკეთებულია ეს ყოველივე? რასაკვირველია, ნიკოლოზ რაჭველის. რა გაუკეთა როიალს კონცერტზე, არ ვიცი… და მე სხვაგან ვიყავი… მე ძალიან კრიტიკული ვარ. ჩემი ამდენი კონცერტიდან, შეიძლება ხუთი თუ ექვსი კონცერტით ვიყო კმაყოფილი. ჩემთვის ყველა სიმღერა გადასარევია − ვაჟა აზარაშვილი, რეზო ლაღიძეზე ლაპარაკი აღარ მაქვს… ბიძინა კვერნაძეზე… ყველა სიმღერას სხვადასხვანაირად ვმღერი. ზოგი მომღერალი აფუჭებს კიდეც სიმღერას, მაგრამ ზოგი ალამაზებს.
ახალგაზრდებს რას ურჩევთ?
ისე არ მიყვარს, როცა ვინმეს რამეს ვურჩევ, თუ თვითონ არ მოვიდა და ან ახლობელი არ არის. უნდა იმუშაონ თავიანთ თავზე. არ დაკმაყოფილდეთ თქვენი შესრულებით. იმიტომ, რომ თქვენ კიდევ უნდა მონახოთ რაღაც ახალი. კარგი მომღერლებიც გვყავს საქართველოში, მუსიკა ყველას კარგად ესმის, მაგრამ რაღაც სჭირდებათ დამატებით − საკუთარ თავზე მუშაობა. მე და მედიკო რომ გამოვდიოდით, გონგლიაშვილი… არაჩვეულებრივი პიანისტი, მე დიდი იმედი მქონდა სცენის. სცენაზე რომ გავიდოდი, თავი და ფიქრი სწორედ მაშინ ირთვებოდა. გაუაზრებლად არ ვმღეროდი. სიმღერის პროცესში გონებით მუდამ ჩართული ვარ, მუდამ ვფიქრობ. და ამ ფიქრში მოდის აი, ის ნამდვილი, რაც უნდა შევასრულო და ვიმღერო. მე არც ვიცი, როგორ ვახერხებ ამას. სასაცილოც არის − 85 წლის ქალი კიდევ ვმღერი, მაღალ ნოტებსაც ვიღებ, მიჭირს, მაგრამ ვაკეთებ. რაღაც მოდის ისეთი, რაც მაძლევს უფლებას, რომ კიდევ ვიმღერო.
სცენის გეშინოდათ?..
მეშინოდა და დღესაც მეშინია. აბა, რას ჰქვია?.. სცენა იცით, როგორია? სულერთია, ვისთან ერთად გამოდიხარ − დგახარ და გიყურებს ამდენი ხალხი, გისმენს. მე ამის შიში კი არა, უფრო პასუხისმგებლობა მაქვს. მე ამათ არ უნდა გავუცრუო იმედი… მათი მოთხოვნა უნდა დავაკმაყოფილო და მოწოდების სიმაღლეზე შევასრულო. და ფუჭ ტაშებს მე არ ვაქცევ ყურადღებას. რამდენიმე გემრიელი ტაში მირჩევნია ძალით მოტანილ ტაშებს. ეს არ არის ჩემთვის მთავარი. მთავარია ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის მელოდია. ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად აღმიქვამს. აი, სწორედ მისი აზრი მირჩევნია მე ამ დიდ ტაშებს. მე რომ ამ ტაშებისთვის ყურადღება მიმექცია, დღეს არ ვიქნებოდი მომღერალი. ის მნიშვნელოვანი, თუნდაც ორი ადამიანი რომ იჯდა დარბაზში, მისმენდა და კონცერტის შემდეგ მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ ქათინაურებს, ეს მიხაროდა… ყოველთვის ეს მამღერებდა. ჩემი ცხოვრება არის სიმღერა, მუსიკა. ვერ ვძლებ. შემოვედი, ჩავრთე შუქი, ავიღე ტელეფონი, დავინახე როიალი, გადავდე ყველაფერი, დავიწყე დაკვრა… მამღერებს რაღაც, უნდა ვიმღერო.
სილამაზეს რა როლი მიუძღვის თქვენს ცხოვრებაში?
ძალიან დიდი. მე ესთეტი ვარ. თქვენ იცით, მეგობრები მყავდა ერთმანეთზე ლამაზები. და ჩემ ირგვლივაც, ჩემი დეიდები, ისეთი დიდებული შეხედულების იყვნენ. მეგობრები, ახლა რომ ჩამოვთვალო, ვინმე გამომრჩება… არცერთი ცოცხალი აღარ მყავს. ჩემს სიცარიელეს ოჯახი მივსებს და ღმერთო, მადლობელი ვარ და ყველა ჯანმრთელად მყავდეს. კიდევ ველოდებით ახლა მეექვსე ბიჭს, ბიჭებში „ვიხრჩობით“, ალბათ ასე უნდა ღმერთს… თუმცა ბიჭებში არ გვაქვს მუსიკალური ხაზი, უფრო გოგონებში.
მე ბავშვობიდან, შეიძლება ითქვას, მუსიკაში ვცხოვრობდი და ვცურავდი. 6 წლისა ვმღეროდი უკვე რომანსებს, ქართულ სიმღერებსაც, რასაკვირველია. რომ ვუსმენდი ქართულ სიმღერებს, ბავშვობიდანვე მომწონდა და მიყვარდა ბანები. ვინც კარგ ბანს ამბობს, მე ის მირჩევნია პირველ ხმას. ბანი არის ყველაფრის საფუძველი, იმას ეყრდნობი. კონცერტებზე რომ გამოვდიოდით, მე და ეკა ბოლო ხანებში ერთად ვიყავით გასტროლებზე და სცენაზე, დუეტში, ჩემი დირექტორი მშვენივრად მღერის ბანს. კონცერტის ბოლოს, რამდენჯერ სცენიდან მითქვამს: ილო, ბანი მითხარი! და მე და ეკა რომ ვმღეროდით ქართულ სიმღერას, ის იქიდან ბანს გვეუბნებოდა. ბანი ავსებს სიმღერას, ქართულ სიმღერას − მით უმეტეს. ამას კი ისეთი ამბავი მოჰყვებოდა, აღარ გვიშვებდნენ სცენიდან. როგორც შინ, როგორც ოჯახში. ჩემი კონცერტები ბოლოს როგორი იყო, იცით? გაერთიანებული, ვითომ ჩემთან იყვნენ, შინ. ახლა პანდემიამ ყველაფერი გააფუჭა და გააჩერა.
თქვენ ძალიან ძლიერი ქალი ბრძანდებით… ძლიერი ქალი, ზოგადად, რას ნიშნავს თქვენთვის?
რას ნიშნავს კი არა, გაკვირვებული ვარ და მეცოდება ის ქალები, რომლებსაც არაფრის უფლებას არ აძლევდნენ და ოჯახში მხოლოდ სადილი უნდა ეკეთებინათ, გაეზარდათ ბავშვები. ახლანდელი ახალგაზრდობით ისეთი აღფრთოვანებული ვარ. რამდენი ნიჭიერი ქალია! რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდაა! თავისი გამოგონებებით, მხატვრობით… გაკვირვებული ვარ და მიხარია. ეს მომწონს, ამ დრომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ქალების წარმოჩენაში, აღმოჩენაში, და ამას მივესალმები. მხოლოდ მუსიკა კი არ არის, მეცნიერებაც არაჩვეულებრივია. მაგრამ მეომარი ქალი არ მომწონს. თუ პოლიტიკაში ხარ, კი ბატონო. მაგრამ როცა გამოდიან და… ეს ჩემს ბუნებაში არ არის და სხვებშიც არ მომწონს. კლარა ცეტკინები არ მომწონს!
კიდევ რისი მადლიერი ხართ ამ განსაკუთრებით მძიმე, ახალ ეპოქაში?
მივესალმები ახალგაზრდებს, რომლებსაც თავიანთი სათქმელი აქვთ. გენიოსები გვებადებიან. რა მუსიკოსები, პიანისტები, მომღერლები… ამას მივესალმები და მიხარია, მინდა ჩავეხუტო და მოვეფერო. ამის საშუალებაც მაქვს, რამდენიმეჯერ ვიყავი მათ კონცერტებზე… საოცრება ხდება!
ქალბატონო ნანი, არის რაიმე, რაც ძალიან გსურთ?
რაც მე ძალიან მსურს, და ყველას ამას ვეხვეწები, ესაა – გავერთიანდეთ და გავძლიერდეთ. არაფერი გასაყოფი არ გვაქვს! გავერთიანდეთ, რომ მტერი არ მოგვერიოს! იყავით პატივისცემით ერთმანეთის მიმართ. ყველას აქვს ნაკლი. დაცინვის მომენტი საშინელებაა ჩემთვის, როცა დასცინიან ერთმანეთს და არ მოსწონთ არაფერი. ეს როგორ შეიძლება?.. ყველაში არის ცუდი და კარგი. თუ შენ ამ ცუდს გასწევ უკან და დაინახავ კარგს, იქნებ ამან გაგვაერთიანოს. რა იქნება, დასხდეთ ერთად და მოელაპარაკოთ ერთმანეთს, ოღონდ არა ჩხუბით და ლანძღვით. მე მუდამ მოლოდინში ვარ ვიღაცის. ვიღაც უნდა მოვიდეს აუცილებლად, ღმერთმა უნდა გამოგვიგზავნოს. ოღონდ ძალიან ძლიერი კაცი, რომელიც იქნება მართალი თავის თავთან და თქვენ წინაშე, და არ მოგატყუებთ. თუნდაც ქალი, რა მნიშვნელობა აქვს. რაღა შორს წავიდე − თამარ მეფე…
იცით, მე რა მაღელვებს, და განათლება. განუვითარებელია ახალგაზრდების ნაწილი. მოვესწარი გადაცემას, ილია ჭავჭავაძე სად მოკლესო, ზოგმა ვერ გასცა სწორი პასუხი. ეს წარმოუდგენელია!
მე საწოლთან, საკითხავად მიდევს ილია ჭავჭავაძე და ნიკოლოზ ბარათაშვილი. აქეთ მომინდა, მათ მხარეს მომინდა ყოფნა და მათ ცხოვრებაში შესვლა. ილია… რასაკვირველია, იშვიათად იბადება ასეთი გენიოსი, ასეთი მოყვასი საკუთარი ქვეყნის, და წარმოგიდგენიათ, ასეთი გენიოსი გაიმეტეს და მოკლეს! არ ვიცი, ამას ვერ ვეგუები და ვერ შევეგუები ვერასდროს. მე წაკითხული მაქვს პაოლო იაშვილის სამტომეული, და იქიდან გეტყვით: „ყველაზე დიდი უბედურება შენი რა არის? სამშობლოს დაკარგვა და შვილის დაკარგვა“. სამშობლო და შვილი − წარმოიდგინეთ, რა ახლოს დგას ერთმანეთთან! სამშობლოს რომ დაკარგავს, გიჟდება ხალხი, ნოსტალგიისგან. შენს მიწას რაიმე სჯობს ამქვეყნად?! შენი სამშობლო უნდა გიყვარდეს, და ის მე ძალიან მიყვარს. რაც უნდა კარგი პირობები შემომთავაზონ, მე ჩემს ქვეყანაში უნდა ვიცხოვრო. ეს მე გამჯდარი მაქვს საკუთარ შეგნებაში. ეს ჩემს სისხლშია.
ტექსტი: ლაშა ღუღუნიშვილი
ფოტო: თეა ნილი