სახელი, გვარი, პოზიცია კომპანიაში, რამდენი წელია PSP-ს თანამშრომელი ხართ?
ეკა სიხარულიძე − აფთიაქის მენეჯერი. 11 წელია PSP-ს თანამშრომელი ვარ.
რატომ აირჩიეთ ფარმაცევტული სფერო?
ფარმაცევტული სფეროს მიმართ სიმპათიები ადრეულ ასაკში გამიჩნდა, სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი პროფესია უნდა გამხდარიყო.
რატომ აირჩიეთ კომპანია PSP?
PSP მიმართულების ლიდერი კომპანიაა და ჩემი მოტივაციაც სწორედ ასეთი ძლიერი კომპანიის თანამშრომლობა იყო.
PSP − რას ნიშნავს თქვენთვის ამ კომპანიაში მუშაობა?
ჩემთვის PSP სტაბილურობასთან, პროფესიონალიზმსა და სანდოობასთან ასოცირდება. შესაბამისად, აქ მუშაობა ამ შეგრძნებებს რეალობად აქცევს. რაც მთავარია, ეს არის კომპანია, რომელიც გასწავლის, ზრუნავს შენს განვითარებაზე, ფარმაციის სიახლეებს მუდმივად გაცნობს და ზოგადად, საშუალებას გაძლევს განვითარდე და წინ წახვიდე.
როგორ მოხვდით კომპანიაში?
როგორც ფარმაცევტს, PSP-ში მინდოდა მუშაობის დაწყება, ამიტომ ჩემი რეზიუმე გავგზავნე კომპანიაში და გასაუბრებების შედეგად, სტაჟირების პროგრამაში მოვხვდი. შემდეგ საკმაოდ ვრცელი, 3-თვიანი სასწავლო ტრენინგები გავიარე და ტესტირების შედეგად, ფარმაცევტად დავიწყე მუშაობა, თუმცა მალე გავხდი მენეჯერის თანაშემწე და ახლა უკვე აფთიაქის მენეჯერი ვარ.
რომელია ის აუცილებელი თვისება, რის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ?
ჩემი აზრით, წარმატების მთავარი ფორმულა არის: არ გაჩერდე! მუდმივად განვითარდე. მეტი მონდომება წარმატების საწინდარია.
როგორ ხედავთ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ?
ხუთი წლის შემდეგ უფრო დიდი და საინტერესო გამოცდილებით ვიქნები ისევ ამ დიდი გუნდის წევრი.
რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს თქვენს სფეროში?
ჩემი რჩევა იქნება, არ დაიზარონ შრომა, არ შეუშინდნენ სირთულეებს და სიყვარულით აკეთონ საქმე.
რა არის წარმატებისთვის მთავარი?
თვითრწმენა და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.
სახელი, გვარი, პოზიცია კომპანიაში. რამდენი წელია PSP-ს თანამშრომელი ხართ?
თათია ხომერიკი, აფთიაქის მენეჯერი. 8 წელია PSP-ს თანამშრომელი ვარ.
რატომ აირჩიეთ ფარმაცევტული სფერო?
ეს არის სფერო, სადაც საშუალება გეძლევა სრულიად უცხო ადამიანებს დახმარება გაუწიო, მათზე იზრუნო, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ალბათ ესაა, რამაც მიბიძგა, ფარმაცევტული სფერო ამერჩია.
რატომ აირჩიეთ კომპანია PSP?
რადგან PSP არის N1 კომპანია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, რომელიც დღითი დღე იზრდება, მეც ამ წარმატებული გუნდის წევრობა მინდოდა. ვამაყობ, რომ ვარ ამ დიდი ოჯახის წევრი.
PSP – რას ნიშნავს თქვენთვის ამ კომპანიაში მუშაობა?
ეს არის კომპანია, რომელიც საშუალებას გაძლევს განვითარდე, მიაღწიო შენს პროფესიაში მაღალ საფეხურს. ამისთვის გიქმნის ყველა პირობას − სტუდენტური სტიპენდიიდან დაწყებული, სტაჟირების მოქნილი რეჟიმით, სასწავლო ტრენინგებით დამთავრებული − როგორც ფარმაცევტული მიმართულებით, ასევე მომსახურების კუთხით. მუდმივად მოტივაციას გიქმნის, არ შეწყვიტო ზრდა და განვითარება. ეს არის ოჯახი, სადაც ყველა თანაბრად იზიარებს თითოეულის წარმატებას და სიხარულს.
როგორ მოხვდით კომპანიაში?
ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ფარმაციის ფაკულტეტზე. მესამე კურსის დასრულების შემდეგ, PSP-ში გავიარე ტესტირება, მოვხვდი ამ დიდ კომპანიაში, სადაც ყველა ცდილობდა, გამოცდილება და ცოდნა გაეზიარებინა ჩემთვის. როგორც სტუდენტს, ყოველთვის მქონდა ხელშეწყობა და მხარდაჭერა კომპანიის მხრიდან.
რომელია ის აუცილებელი თვისება, რის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ?
აუცილებლად შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და შენი საქმის დიდი სიყვარული.
როგორ ხედავთ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ?
ჩემი თავი წარმომიდგენია მეტად წარმატებული, გამოცდილი, პროფესიონალი, და ბევრი ნაბიჯით წინ წასული ახალი მწვერვალისკენ.
რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს თქვენს სფეროში?
ვურჩევ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩეულ პროფესიას, რადგან ეს საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. სიტყვაც მკურნალია ზოგჯერ, ამიტომ მომხმარებელთან ურთიერთობა სიამოვნებას უნდა განიჭებდეს. თითოეული მადლიერი მომხმარებელი ჩვენი პროფესიონალიზმის დასტურია.
რა არის წარმატებისთვის მთავარი?
იყო მიზანდასახული, მოტივირებული და შრომისმოყვარე. გიხაროდეს ურთიერთობა ადამიანებთან და მათზე ზრუნვა გაბედნიერებდეს.
სახელი, გვარი, პოზიცია კომპანიაში, რამდენი წელია PSP-ს თანამშრომელი ხართ?
თიკო ღვინიაშვილი, მენეჯერი, 7 წელია PSP-ს თანამშრომელი ვარ.
რატომ აირჩიეთ ფარმაცევტული სფერო?
დედის თხოვნით ავირჩიე ფარმაცევტული სფერო, რისთვისაც ყოველთვის ვუხდი ძალიან დიდ მადლობას.
რატომ აირჩიეთ კომპანია PSP?
ძალიან მომწონდა PSP-ს აფთიაქი. როგორც მომხმარებელი, ყოველთვის ამ ქსელში ვიძენდი, რაც მჭირდებოდა. როდესაც PSP-ში შევდიოდი, წარმოვიდგენდი როგორი ვიქნებოდი, როგორც ამ კომპანიის თანამშრომელი. სხვა აფთიაქში მუშაობა არასდროს მიფიქრია.
PSP − რას ნიშნავს თქვენთვის ამ კომპანიაში მუშაობა?
PSP ჩემი ოჯახია, სადაც ვიპოვე ჩემი თავი, ბოლომდე გავითავისე საკუთარი პროფესია და სიამაყით აღმოვაჩინე, რომ ეს ნამდვილად ჩემი საკეთებელი საქმეა, რადგან ადამიანებზე ზრუნვა მახარებს, თითოეული მადლიერი მომხმარებლის კეთილი განწყობა, ღიმილი, სიყვარული ყოველდღე მაბედნიერებს.
როგორ მოხვდით კომპანიაში?
სხვაგან მუშაობაზე არც მიფიქრია, ამიტომ PSP-ში გავგზავნე ჩემი CV. გასაუბრებისა და ტესტირების შედეგად, გავხდი PSP-ს დიდი ოჯახის პატარა წევრი, რომელსაც პირველი დღიდან ასწავლიდნენ, ეხმარებოდნენ, მოტივაციას სძენდნენ კომპანიის წარმომადგენლები, რომელთანაც პირველ ეტაპზე შეხება ჰქონდა; ჩემი ყველა წარმატებით მთელი გულით ხარობდნენ და ამაყობდნენ.
რომელია ის აუცილებელი თვისება, რის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ?
პასუხისმგებლობა, დისციპლინა, შენი საქმის სიყვარული, როგორც საკუთარი თავის; თავდაუზოგავი შრომა, საქმის სულითა და გულით კეთება, მიმღებლობა, სიახლეებზე ორიენტირება.
როგორ ხედავთ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ?
ბევრად უფრო მცოდნეს. გამოცდილ, პროფესიონალ სპეციალისტს, მოტივირებულს და კიდევ უფრო წარმატებულს PSP-სთან ერთად.
რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს თქვენს სფეროში?
ძალიან ბევრი სწავლა, მოტივაცია, საკუთარი საქმის სიყვარული, გუნდის სიყვარული, სადაც იქნებიან; თითოეული მომხმარებლისადმი კეთილგანწყობა და რადგან ცნობილია, რომ ზარმაცი ადამიანი წარმატებას ვერ აღწევს, ძალიან ბევრი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, ფოკუსირდნენ მხოლოდ დადებითზე და არასოდეს დანებდნენ. იმოქმედონ იმის რწმენით, რომ გამარჯვება მათია, გაიღიმონ და ყოველთვის ახსოვდეთ, რომ მათი სახე და კეთილგანწყობა ხანდახან მომხმარებლისთვის უკვე წამალია.
რა არის წარმატებისთვის მთავარი?
წარმატების მიღწევის მთავარი პირობა, ჩემი აზრით, გამუდმებული სწავლაა, საკუთარი მისიისა და საყვარელი საქმის პოვნა, თავდაჯერებულობა, შენი ქმედებების გაცნობიერება და ანალიზი, შინაგანი სიძლიერე, მიზნისკენ შეუპოვარი სვლა.
სახელი, გვარი, პოზიცია კომპანიაში, რამდენი წელია PSP-ს თანამშრომელი ხართ?
ნანა გვილავა, რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი. PSP-ს თანამშრომელი, უკვე 15 წელი.
რატომ აირჩიეთ ფარმაცევტული სფერო?
ჩემი გადაწყვეტილება, კლინიკური მედიცინიდან გადამენაცვლა ფარმაცევტულ სფეროში, განაპირობა ფარმინდუსტრიის სწრაფმა და ეფექტურმა ზრდამ იმ პერიოდში, როცა ჯანდაცვის სისტემაში რეფორმები მდორედ და არაეფექტურად მიმდინარეობდა.
რატომ აირჩიეთ კომპანია PSP?
PSP-ს დამფუძნებლების პროფესიონალიზმი, ცნობადობა, სანდოობა, დროის მოკლე მონაკვეთში მიღწეული წარმატებები. უკვე იმ დროს PSP გამოირჩეოდა სხვა ფარმაცევტული კომპანიებისგან არა მარტო ვიზუალით, არამედ გუნდურობითა და კორპორაციული კულტურით. ასეთ გარემოში მუშაობა ჩემთვისაც სასურველი და მიმზიდველი იყო, რამაც გამიმარტივა პროფესიის ცვლილების გადაწყვეტილება.
PSP − რას ნიშნავს თქვენთვის ამ კომპანიაში მუშაობა?
ავირჩიე ფარმაცევტულ სფეროში გამორჩეული ბრენდი, ინოვაციური, პრესტიჟული და განვითარებაზე ორიენტირებული. მთავარია, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვხედავ, რამდენი ადამიანი გაიზარდა და ჩამოყალიბდა პროფესიონალად, როგორ უწყობს კომპანია ხელს თითოეულ თანამშრომელს ზრდასა და განვითარებაში. მიუხედავად მასშტაბების საოცარი ზრდისა, კომპანია ინარჩუნებს კოლეგიალურ და მეგობრულ გარემოს. PSP-ს გუნდი, როგორც დიდი და შეკრული ოჯახი.
როგორ მოხვდით კომპანიაში?
PSP-ში ჩემი მეგობრები მუშაობდნენ. მათი რჩევითა და რეკომენდაციით მოვხვდი კომპანიაში და ძალიან საინტერესო კარიერული გზა გავიარე აფთიაქის მენეჯერიდან რეგიონული მართვის სამსახურის უფროსის პოზიციამდე.
რომელია ის აუცილებელი თვისება, რის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ?
მიზანმიმართული, ჯანსაღი ამბიცია.
როგორ ხედავთ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ?
გეოგრაფიულად გაშლილ, საქართველოს ფარგლებს გარეთ გასულ, განსხვავებული ფორმატისა და საჭირო სერვისების მიმწოდებელ კომპანიაში PSP pharmacy++ near me ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ პოზიციაზე.
რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს თქვენს სფეროში?
PSP ფარმაცევტულ სფეროს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის, რადგან თითოეულ თანამშრომელს აძლევს პიროვნული განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ახლად დამთავრებულებს, გამოიყენონ შანსი, პრაქტიკაში ეზიარონ დარგის სპეციფიკას, რომელიც აირჩიეს; რეალურად იზრუნონ ადამიანების ჯანმრთელობასა და სილამაზის გამარტივებაზე; გახდნენ გუნდის ღირსეული წევრები, ისიამოვნონ გამარჯვებებით და თავისი წვლილით ახალი მწვერვალების დაპყრობისას.
რა არის წარმატებისთვის მთავარი?
შინაგანი მოტივაცია, ნათელი მიზანი, სწორად გათვლილი, დაგეგმილი და შედეგზე ორიენტირებული სვლები.
სახელი, გვარი, პოზიცია კომპანიაში, რამდენი წელია PSP-ს თანამშრომელი ხართ?
მამუკა ბრეგვაძე, ადმინისტრაციული დირექტორი. 14 წელი.
რატომ აირჩიეთ ფარმაცევტული სფერო?
განათლებით იურისტი ვარ. მინდოდა ჩემი ცოდნა და განათლება ძლიერ და წარმატებულ კომპანიაში გამომეყენებინა. სწორედ ასეთი კომპანია იყო PSP, ხოლო თავად სფერო − ჩემთვის ახალი და საინტერესო.
რატომ აირჩიეთ კომპანია PSP?
2007 წელს როდესაც PSP-ში მუშაობა დავიწყე, კომპანიაში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი მიმდინარეობდა. ამ პროექტებში მონაწილეობა ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, დიდი გამოწვევა და განვითარების შესაძლებლობა იყო.
PSP − რას ნიშნავს თქვენთვის ამ კომპანიაში მუშაობა?
უპირველესად, უზარმაზარ პასუხისმგებლობას ყველა თანამშრომლისა და PSP-ს მომხმარებლის წინაშე. სიამოვნებას − ყოველდღიური საქმიანობა გუნდის წევრებთან, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან, რუტინულ საქმიანობასაც კი სასიამოვნოს ხდის.
PSP − ეს არის დიდი ოჯახი, სადაც ყველა უფრთხილდება ერთმანეთს, ზრუნავს ერთმანეთზე და იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც კომპანიას აქვს მომხმარებლის წინაშე.
როგორ მოხვდით კომპანიაში?
2007 წელს კომპანიას გამოცხადებული ჰქონდა ვაკანსია იურისტის თანამდებობაზე. ჩემ მიერ გაგზავნილი CV-ს შემდეგ შედგა გასაუბრება და შევუერთდი ამ დიდ ოჯახს, დავინიშნე იურისტად.
რომელია ის აუცილებელი თვისება, რის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ?
პასუხისმგებლობა საკუთარ მოქმედებებზე, საქმისადმი ერთგულება და სწავლა ყოველდღე. პროფესიული განვითარება, სიახლეების ძიება, მიზნის შესრულებისკენ ჯიუტად სიარული, ვფიქრობ, აუცილებელი თვისებებია წარმატებისთვის.
როგორ ხედავთ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ?
უფრო ძლიერ, უფრო წარმატებულ PSP-ში. კომპანიის სამოქმედო არეალი საქართველოს საზღვრებს იქნება გაცდენილი და ყოველი დღე კი – ახალი გამოწვევებით სავსე.
რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს თქვენს სფეროში?
ვურჩევ, ისწავლონ, არ გაჩერდნენ განვითარებაში და არასდროს დაკმაყოფილდნენ მიღწეული შედეგით. უფრო დიდი მიზნის დასახვა და შესრულება ნიშნავს უფრო დიდ ნაბიჯს წარმატებისკენ.
რა არის წარმატებისთვის მთავარი?
მიზნისკენ შეუჩერებელი და მუდმივი სვლა.
სახელი, გვარი, პოზიცია კომპანიაში, რამდენი წელია PSP-ს თანამშრომელი ხართ?
ანა ჟღენტი, PSP-ს პრემიუმ-კოსმეტიკის კატეგორიის მენეჯერი. 18 წელი.
რატომ აირჩიეთ ფარმაცევტული სფერო?
პროფესიით ექიმი ვარ. ფარმაცია ჩემს პროფესიასთან ძალიან ახლოს იყო. მედიცინა და ფარმაცია. მუდამ მაინტერესებდა კანის მოვლის საშუალებები, განსაკუთრებით − სამკურნალო კოსმეტიკა. PSP ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც ფრანგული სამკურნალო კოსმეტიკა შესთავაზა მომხმარებელს და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა.
რატომ აირჩიეთ კომპანია PSP?
PSP სწრაფად მზარდი, განვითარებადი, სტაბილური, წარმატებული გახლდათ 18 წლის წინაც, როდესაც მე მოვედი კომპანიაში. სწორედ ასეთ კომპანიაში იყო საინტერესო ჩემთვის მუშაობა. PSP განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩეოდა − როგორც პროდუქციის, ასევე მომსახურების კუთხით. მიხარია, რომ ამდენი წლის შემდეგაც ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურება კომპანიის ძირითად პრიორიტეტად რჩება.
PSP − რას ნიშნავს თქვენთვის ამ კომპანიაში მუშაობა?
დღესაც მახსოვს ის სიხარული, როდესაც შემატყობინეს, რომ ამ დიდი გუნდის წევრი გავხდი. ჩემთვის საამაყოა ვიყო „პეესპელი“, რადგან ჩემ ირგვლივ თავისი საქმის მცოდნე, ენთუზიასტი და პროფესიონალი ადამიანები მუშაობენ, ერთ გუნდად შეკრული კოლექტივია თავმოყრილი, სადაც გაფასებენ და პატივს გცემენ, როგორც თანამშრომელს და როგორც პიროვნებას.
როგორ მოხვდით კომპანიაში?
მეგობრისგან გავიგე, რომ PSP სამკურნალო კოსმეტიკის ხაზის გაფართოებას გეგმავდა. და რადგან კოსმეტიკა და თავის მოვლა ჩემთვის ძალიან საინტერესო და საყვარელი სფერო იყო, დაუფიქრებლად გავგზავნე CV. რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ და გასაუბრების გავლის შემდეგ, ამ მიმართულების ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი გავხდი.
რომელია ის აუცილებელი თვისება, რის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ?
შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა, გუნდურობა, მიზანდასახულობა, მუდმივად სწრაფვა ინოვაციებისკენ.
როგორ ხედავთ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ?
5 წლის შემდეგაც მინდა ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, კვლავ PSP-ს პროფესიონალ გუნდთან ერთად. ვზრუნავდე მომხმარებლის სილამაზეზე და ვანებივრებდე მათ ულტრათანამედროვე, მსოფლიოს ტრენდი სამკურნალო კოსმეტიკის ინოვაციებით.
რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს თქვენს სფეროში?
პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს, სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები, მუდმივად იზრუნონ განვითარებაზე, აუცილებლად გაეცნონ სიახლეებს. არასდროს შეუშინდნენ დაბრკოლებებს. შეუძლებელი არაფერია.
რა არის წარმატებისთვის მთავარი?
გიყვარდეს შენი საქმე და იყო ორიენტირებული წინსვლაზე.
სახელი, გვარი, პოზიცია კომპანიაში, რამდენი წელია PSP-ს თანამშრომელი ხართ?
კონსტანტინე ჯავახიშვილი, ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, 13 წელი.
რატომ აირჩიეთ ფარმაცევტული სფერო?
ფარმაცია მოთხოვნადი, საჭირო და უკვდავი სფეროა. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო განათლება არ მაქვს, იმდენად მომწონდა კომპანია PSP, რომ შემოთავაზებიდან მალევე მივიღე გადაწყვეტილება და შევუერთდი ყველაზე ძლიერ გუნდს ამ სფეროში.
რატომ აირჩიეთ კომპანია PSP?
PSP არის ლიდერი და N1 კომპანია არა მარტო სამედიცინო დარგში, არამედ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, სტაბილური და განვითარებადი კომპანიაა. ლიდერთან მეგობრობა ყველას უნდა, ამიტომ არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივი იყო.
PSP − რას ნიშნავს თქვენთვის ამ კომპანიაში მუშაობა?
უამრავი რამ შემიძლია ჩამოვთვალო, მაგრამ მთავარია, რომ ეს ნიშნავს თვითრეალიზებას, ყოველდღიურ განვითარებას, სიამოვნებას მიღებული შედეგიდან; ეს არის გუნდი, უფრო ოჯახი, სადაც ყოველდღე მისვლა გიხარია, თითოეულის წარმატება ყველას წარმატებაა და გუნდის წარმატებას კი ყველა ერთად დღესასწაულობს.
როგორ მოხვდით კომპანიაში?
ვმუშაობდი კომპანიაში, რომლის დამკვეთიც იყო PSP. დაკვეთაზე მუშაობისას გავიცანი ადამიანი, რომლის ხედვისა და ლიდერული თვისებების გამო გადავწყვიტე შევერთებოდი მის გუნდს და ჩემი წვლილი შემეტანა ამ კომპანიის წინსვლასა და გამარჯვებებში.
რომელია ის აუცილებელი თვისება, რის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ?
შრომა, პატიოსნება და კეთილსინდისიერება საქმეში. განვითარება და მოტივაცია. რა თქმა უნდა, კომპანიის ნდობა და ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, PSP ყოველთვის ქმნის თანამშრომლის წინსვლისთვის შესაბამის პირობებს, სამუშაოს, ერთეულის მიუხედავად.
როგორ ხედავთ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ?
ისევ აქ, PSP-ში. ასევე, სტაბილურად და კარგ გუნდში, სადაც მუშაობა გიხარია და თანამშრომლების დიდი ნაწილი შენი მეგობარია.
რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს თქვენს სფეროში?
რა რთული საქმეებიც უნდა შეგხვდეთ, გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ცივ გონებაზე და ყოველთვის იფიქროთ თქვენს პროფესიულ განვითარებაზე.
რა არის წარმატებისთვის მთავარი?
ვფიქრობ, ნებისმიერი წარმატებისთვის მთავარია მიზნის დასახვა, შრომა, ერთგულება და პატიოსნება, ცოტა იღბალი, და ყველაფერს მიაღწევ.
სახელი, გვარი, პოზიცია კომპანიაში, რამდენი წელია PSP-ს თანამშრომელი ხართ?
მერი ბოჭორაძე, ფინანსური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. წელს ოქტომბერში 25 წელი სრულდება, რაც მე PSP-ში ვმუშაობ.
რატომ აირჩიეთ ფარმაცევტული სფერო?
პროფესიით არ ვარ ფარმაცევტი. დამთავრებული მაქვს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. გასული საუკუნის 90-იან წლებში მთელი ქვეყანა უდიდესი ცვლილებების წინაშე იდგა. იმ დროს ეყრებოდა საფუძველი ყველა ბიზნესს, რომელიც შემდგომში ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი გახდა. ფარმაცია მაშინ განვითარების ბუმს განიცდიდა. მედიკამენტების მუდმივ დეფიციტს შეჩვეული ხალხისთვის აღმოჩენა იყო, რომ გაიხსნა შეუზღუდავი წვდომა მსოფლიოში არსებულ საუკეთესო ფარმაცევტულ პროდუქციაზე. ეს ნამდვილად მიმზიდველი იყო ჩემთვის. ბევრი ადამიანისთვის კი − გადარჩენის შანსი.
რატომ აირჩიეთ კომპანია PSP?
PSP მაშინვე, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გამოირჩეოდა სოკოებივით მომრავლებულ ფარმაცევტულ ფირმებს შორის. უმეტესობა მათგანი წარმოუდგენელ პირობებში ფუნქციონირებდა, ფეხის ყოველ ნაბიჯზე ჩადგმულ, შეუხედავ ჯიხურებში. PSP-ს შემთხვევაში, თვალნათლივ ჩანდა, რომ კომპანია გაცილებით მაღალ სტანდარტს უყენებდა საკუთარ თავს − როგორც სერვისის, ასევე, რაც მთავარია, პროდუქციის ხარისხის მხრივ. ცნობილი ფაქტი გახლდათ, რომ PSP-ში შეძენილი პროდუქცია სანდო და ყველაზე ხელმისაწვდომი იყო.
PSP − რას ნიშნავს თქვენთვის ამ კომპანიაში მუშაობა?
მუდმივ განვითარებას. თითქოს 25 წელი ერთ კომპანიაში მუშაობა, მით უმეტეს ფინანსურ პოზიციებზე, შესაძლოა უძრაობის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში, ეს იყო მუდმივი ცვლილებებისა და ახალ-ახალ, უფრო და უფრო საინტერესო გამოწვევებთან გამკლავების წლები.
ეს ნიშნავს განცდას, რომ კომპანიის წარმატება და თითოეული თანამშრომლის წარმატება ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული.
როგორ მოხვდით კომპანიაში?
PSP-ს პროგრამისტის ვაკანსია ჰქონდა. ჩემმა მეგობარმა, კომპანიის თანამშრომელმა, მარინე კერესელიძემ გამიწია რეკომენდაცია. მაშინ PSP მხოლოდ ერთი აფთიაქით იყო წარმოდგენილი. მახსოვს ჩემი მაშინდელი განცვიფრება, როგორ მეგობრულად და თავდადებით შრომობდა ყველა, დირექტორიდან ფარმაცევტამდე, ინაწილებდნენ ყველა საქმეს. მიხარია, რომ კეთილგანწყობილი და სოლიდარული ატმოსფერო კომპანიაში შენარჩუნებულია. პირველი თანამშრომლების უმრავლესობა დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიის ცხოვრებაში. ჩვენ ყველას მოგვიწია მანამდე უცნობი სფეროების ათვისება, რაც წახალისებული იყო ხელმძღვანელობის ნდობით და მოლოდინით, რომ ჩვენ ამას შევძლებდით.
რომელია ის აუცილებელი თვისება, რის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ?
ინტერესი შენი საქმისადმი და ზომიერი პერფექციონიზმი. მუდმივი აზარტი, რომ საუკეთესო შედეგი მიიღო შენ მიერ გაწეული ძალისხმევისგან. სწავლისა და სიახლეების ათვისების მუდმივი სურვილი.
როგორ ხედავთ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ?
დიდი სურვილი მაქვს, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში გავლენა მოვახდინო პროცესებზე, რომლებიც უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდის ჩემზე დამოკიდებული თანამშრომლების საქმიანობას.
რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს თქვენს სფეროში?
ისწავლეთ, იაქტიურეთ და ანგარიში გაუწიეთ სხვის შრომას.
რა არის წარმატებისთვის მთავარი?
ალბათ ბევრი რამის ერთობლიობა: პიროვნება თავად უნდა მიილტვოდეს (ხან ნელა, ხან ჩქარა) იქით, საითაც თავად მიიჩნევს, რომ წარმატებას მიაღწევს. ამ გზაზე დიდი მნიშვნელობა აქვთ ადამიანებს, რომლებიც ხელს შეგაშველებენ საჭირო მომენტში, ხან ახალ შესაძლებლობას დაგანახვებენ, გაგამხნევებენ, ან პირიქით − გაგაბრაზებენ და ამით, თავისდაუნებურად, ბიძგს გაძლევენ. საჭირო დროს საჭირო ადგილზე, ამ ხალხს შეაქვთ დიდი წვლილი ჩვენს წარმატებაში. მადლობა მათ.
სახელი, გვარი, პოზიცია კომპანიაში, რამდენი წელია PSP-ს თანამშრომელი ხართ?
ნათია ხაბეიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. კომპანიაში ვმუშაობ დაარსებიდან 26 წელია.
რატომ აირჩიეთ ფარმაცევტული სფერო?
ბავშვობიდან მომწონდა აფთიაქები, თავისი ჯადოსნური სუნით და ქათქათახალათიანი პერსონალით. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თამაში ფერადი სითხეებით „წამლების“ დამზადება იყო.
რატომ აირჩიეთ კომპანია PSP?
1994 წელს საქართველოში წამლის სრული დეფიციტი იყო, მედიკამენტები კერძო პირებს ჩანთებით შემოჰქონდათ მხოლოდ. PSP იყო პირველი კომპანია, რომელიც ევროპული წამლების იმპორტს იწყებდა, თან ახალი მედიკამენტების დანერგვას ისახავდა მიზნად. ფარმაცევტული განათლების ადამიანისთვის საუკეთესო, სანატრელი კომპანია იყო PSP.
PSP − რას ნიშნავს თქვენთვის ამ კომპანიაში მუშაობა?
მე და კომპანია ერთად გავიზარდეთ, ცხოვრების უდიდესი ნაწილი ამ კომპანიასთან ერთად გავატარე, კომპანია მიქმნიდა ყველა პირობას, რომ პროფესიულად გავზრდილიყავი, ახალ სპეციალობას დავუფლებოდი, ყველა ნაბიჯზე კომპანიის მენეჯმენტის ნდობა დამატებით სტიმულს მაძლევდა, მუდმივად რაღაც ახალი მესწავლა. დღესაც სიამოვნებით და ენთუზიაზმით მივდივარ სამსახურში. ეს სამსახური კი არა, ჩემი ცხოვრებაა.
როგორ მოხვდით კომპანიაში?
ოჯახის წევრისთვის ევროპული წარმოების წამალი მჭირდებოდა, იმ დროს კი წამალი საერთოდ არ იშოვებოდა. მეგობარმა მიმასწავლა გმირთა მოედანზე პატარა სარდაფი, სადაც ახლობელი ვნახე, რომელთანაც ჩვენს დარგზე ვისაუბრეთ. რამდენიმე დღეში თანამშრომლობის შეთავაზება მივიღე და ძალიან მალე PSP-ს ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი გავხდი.
რომელია ის აუცილებელი თვისება, რის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ?
მიზანდასახულობა, სიახლისადმი ინტერესი და სწრაფვა, ცოდნის გაღრმავება, მუდმივი განვითარება.
როგორ ხედავთ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ?
5 წლის შემდეგ კიდევ ახალი თანამშრომლები, ახალი თაობა და სპეციალისტები შემოგვემატებიან. სიამოვნებით გავუზიარებ მათ კომპანიის ღირებულებების, ფასეულობების, ტრადიციების შესახებ ინფორმაციას, ჩემს პირად გამოცდილებასა და ცოდნას.
რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს თქვენს სფეროში?
აკეთონ, რაც უყვართ და იციან, და თუ რაიმე არ ეცოდინებათ – ინტერესი, მიზანდასახულობა და საქმისადმი სიყვარული გაუადვილებთ ცოდნის მიღებასა და გაღრმავებას.
რა არის წარმატებისთვის მთავარი?
გქონდეს მიზანი, გიყვარდეს შენი საქმე, არ შეაჩერო განვითარება…
სახელი, გვარი, პოზიცია კომპანიაში, რამდენი წელია PSP-ს თანამშრომელი ხართ?
ეკატერინე მარშანია, ქსელის იურიდიული სამსახურის უფროსი. 9 წელი PSP-ში.
რატომ აირჩიეთ ფარმაცევტული სფერო?
სამედიცინო და ფარმაცევტული სფერო არასდროს არ იყო ჩემთვის უცხო. მამა ექიმია, დედა − ფარმაცევტი. ვინაიდან იურიდიულ ფაკულტეტზე ფარმაცევტული სამართალი და ფარმაცევტული საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ ისწავლება, ჩემთვის ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა ამ სფეროში ძალების მოსინჯვა და სპეციფიკური გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის პერსპექტივა.
რატომ აირჩიეთ კომპანია PSP?
თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ ფარმაცევტულ კომპანიაში დასაქმების შანსის შემთხვევაში, ჩემი დამსაქმებელი აუცილებლად კომპანია PSP იქნებოდა, რადგან საქმიანი რეპუტაციით, სანდოობითა და ფასეულობებით, PSP ცალსახად ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია და ამასთან, ფარმაცევტული სფეროს ყველაზე მოქნილი და პროგრესული კომპანიაა. ყველაზე ძალიან მახარებს, რომ 9 წლის წინ გარეშე თვალით დანახული კომპანია, შიდა პროცესებშიც ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორი მოლოდინიც მქონდა და მას დღემდე ამართლებს.
PSP − რას ნიშნავს თქვენთვის ამ კომპანიაში მუშაობა?
კომპანიაში მუშაობა იურისტის თანაშემწედ დავიწყე, შემდეგ იურისტის პოზიციაზე გადავედი. ქსელის იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე სწორედ მაშინ დამაწინაურა კომპანიამ, როცა დეკრეტულ შვებულებაში გასვლამდე სულ მცირე პერიოდი მქონდა დარჩენილი, რაც ქართულ რეალობაში იშვიათი შემთხვევაა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ PSP არის კომპანია, რომელიც ყველა თანამშრომელს თანაბრად აძლევს პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და რაც მთავარია, ხედავს და აფასებს განვითარების შედეგს.
ჩემთვის PSP მეგობრული, კეთილგანწყობილი, პროგრესული და მიზანდასახული პროფესიონალთა გუნდია, რომელიც ერთიანი მექანიზმივით მუშაობს საერთო მიზნისათვის. ნათელი მაგალითია კომპანიის მიერ COVID-19-ის პანდემიის გამოწვევების ეფექტიანი მართვა.
როცა მეკითხებიან, როგორი დამსაქმებელია კომპანია PSP, ყოველთვის ვუპასუხებ, რომ ყოველდღე მიხარია სამსახურში მისვლა, რითაც ვფიქრობ, ყველაფერი ნათქვამია.
როგორ მოხვდით კომპანიაში?
მაგისტრატურაში სწავლის დასრულებასთან ერთად, სასამართლოში სტაჟირების პერიოდსაც ვასრულებდი, როდესაც კომპანია PSP-მ გამოაცხადა იურისტის თანაშემწის ვაკანსია. წარმატებით გავიარე ტესტირება, გასაუბრება, და გავხდი PSP-ს გუნდის წევრი. ისე დაემთხვა, რომ დასაქმებიდან ერთ კვირაში რამდენიმე სხვა დამსაქმებელიც დამიკავშირდა, მათ შორის, სასამართლოდანაც იყო შემოთავაზება. პირველი პერიოდი მქონდა გარკვეული ორჭოფობა საქმიანობის სფეროს შერჩევასთან დაკავშირებით, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ჩემი პროფესიული საქმიანობა სწორედ კომპანია PSP-ს დავუკავშირე. ამ კომპანიაში სხვადასხვა პროცესებში ჩართულობამ მომცა მრავალპროფილური გამოცდილება და განვითარების ფართო შესაძლებლობა, ხოლო კომპანიის მასშტაბურობა და მისი საქმიანობის სპეციფიკა მაძლევს საშუალებას, ჩართული ვიყო ყველაზე აქტუალურ ბიზნესპროექტებსა და სამართლებრივ პროცესებში.
რომელია ის აუცილებელი თვისება, რის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ?
შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობიანობა, მიზანდასახულობა, მოთმინების უნარი, თვითდისციპლინა და ორგანიზებულობა, თვითგანვითარებაზე ზრუნვა და ინოვაციებისაკენ სწრაფვა, სიახლეებისა და ცვლილებების მიმღებლობა; უნარი, ყველაფერში დაინახო შესაძლებლობა და არა პრობლემა, მოქნილობა კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების დროს; სისტემური და შემოქმედებითი აზროვნება − იფიქრო, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს − დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კუთხიდან შეხედავ ობიექტს.
როგორ ხედავთ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ?
ხუთი წლის შემდეგ მინდა ვაკეთებდე ისევ იმ საქმეს, რომელსაც ვაკეთებ, თუმცა უფრო მაღალ ხარისხში. მინდა შევიძინო ცოდნა და გამოცდილება ბიზნესმენეჯმენტის სფეროში. დაგეგმილი მაქვს ავიმაღლო კვალიფიკაცია და გამოცდები ჩავაბარო დოქტორანტურაზე. მსურს ჩემი მცირე წვლილი შევიტანო ფარმაცევტული საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის დახვეწაში, ფარმაცევტული სამართლის განვითარებასა და ზოგადად, ფარმაცევტულ სფეროში ცნობიერების დონის ამაღლებაში.
რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს თქვენს სფეროში?
ვურჩევ იყვნენ შრომისმოყვარეები, ინიციატივიანები, მუდმივად იმუშაონ საკუთარ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე, ყველა საქმეში სწორად განსაზღვრონ საკუთარი მიზნები და პრიორიტეტები; არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს, პირიქით − აღნიშნული მიიღონ, როგორც გამოწვევა, გააანალიზონ და ისწავლონ ნებისმიერი, თუნდაც ნეგატიური გამოცდილებიდან. მნიშვნელოვანია განავითარონ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღების უნარი, რაც კარიერული ზრდისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა.
რა არის წარმატებისთვის მთავარი?
ბერნარდ შოუს ციტირებას მოვახდენ: „რა არის წარმატებისათვის უფრო მნიშვნელოვანი − ნიჭი თუ შრომისმოყვარეობა? რა არის ველოსიპედისათვის უფრო მნიშვნელოვანი − წინა თუ უკანა ბორბალი?“ წარმატებას მრავალი კომპონენტი განაპირობებს. ვფიქრობ, მთავარია ადამიანმა ობიექტურად შეაფასოს საკუთარი ძლიერი მხარეები, სწორად განსაზღვროს მიზნები და აკეთოს საქმე, რომლის კეთება ნამდვილად მოსწონს. მთავარი კი მაინც არის საკუთარი ძალების რწმენა, პოზიტიური აზროვნება და იმ საქმის სიყვარული, რომელსაც ასრულებ.