OK!-ს საზაფხულო საკითხავში დღეს თქვენს საყვარელ ან ჯერ უცნობ მწერლებს შეგახვედრებთ. თანამედროვე ქართული ლიტერატურა საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია, ბევრი წიგნი ბესტსელერად იქცა, ბევრიც – ჯერ არა.
მათი გზა სხვადასხვანაირად დაიწყო. ზოგმა ხმაურით შემოაბიჯა ჩვენს ლიტერატურაში, ზოგი ფეხაკრეფით მოვიდა. მათ ნათქვამს ვუსმენთ და მნიშვნელოვანია, რას გვეუბნებიან.
ქართული გამომცემლობები ლიტერატურის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ. ნებისმიერი ასაკის, სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მკითხველებს იოლად შეუძლიათ საკუთარ გემოვნებაზე მორგებული წიგნის შეძენა. ეს დიდი საქმეა. მწერლების აღმოჩენა და მათი ნაწერების დასტამბვა დარგის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
წლევანდელ საკითხავში შეხვდებით:
გიორგი კეკელიძე
ეკა ტოგონიძე
პაატა შამუგია
ნინო თარხნიშვილი
გიორგი ლობჟანიძე
თამარ გეგეშიძე
ზურა ჯიშკარიანი
მარი ბექაური
რატი მუჯირი
ელენე ჯაფარიძე
თემო რეხვიაშვილი
გიორგი კეკელიძე
ზაფხული და წიგნის კითხვა ჩემთვის გარკვეულწილად სინონიმებია, რადგან ჩემი ზაფხულის არდადეგები გულისხმობდა იმავე ადგილსა და მოვლენებს, სადაც ვცხოვრობდი, დამატებული წიგნების კარადასთან ხშირი სტუმრობა, რამდენჯერმე გადაკითხვა მარკ ტვენის, დიუმასი და ყველა იმ ავტორის, რაც მოიპოვებოდა ოზურგეთის ბიბლიოთეკაში. ზუსტად ვიცი, რომ უამრავ ადამიანს მსგავსი დამოკიდებულება აქვს ზაფხულის საკითხავთან დაკავშირებით. ზაფხული სავსეა თავგადასავლებით. ამ დროს წაკითხული წიგნის გახსნებისას მოგვაგონდება ხოლმე გარემოებები, რომელიც ამ წიგნის კითხვის პერიოდს გასდევდა. რეალურად ეს არის საზაფხულო წიგნების კითხვის მაგია და მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დიდი და მნიშვნელოვანი ტრადიციისა, რომელიც, კაცმა არ იცის, როდიდან იღებს სათავეს. მე მგონი, ჩრდილი და კითხვა ასევე სინონიმებია და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი, დატვირთულობის მიუხედავად, ამ ზაფხულს გამოძებნის დროს და მიაკითხავს ბეჭდურ თუ ელექტრონულ წიგნებს.
ჩემი ბოლო წიგნი და, ამავდროულად, პირველი ნაშრომი, რომელიც დიდი და იძულებითი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დავწერე, ეძღვნება ხვიჩა კვარაცხელიას. ეს არის მისი პორტრეტი, თუმცა ვფიქრობ, რომ თავისი არსით გაცილებით ფართოა. წიგნი ეძღვნება მსოფლიო ფეხბურთის დადასტურებულ ვარსკვლავს, ეს მცდელობაა, რომ ვილაპარაკო საქართველოზე, სამეგრელოზე, ხვიჩას წინაპრებზე, როგორც ქართული საზოგადოების ერთგვარ პროტოტიპებზე, განსაკუთრებით რეგიონებში. ეს ჩემი მცდელობაა, რომ ქართულ ფეხბურთზე მოვუყვე ქართველ და არაქართველ მკითხველს. წიგნის დაწერის იდეა ცოტა უცნაურად დაიბადა. რეალურად ორჯერ გახლდით ნეაპოლში. ერთხელ დავესწარი ხვიჩას თამაშს და შევხვდი მას, მეორედ კი გავხსენით ქართული ბიბლიოთეკა. სწორედ მეორე ჩასვლისას შევხვდი არაერთ ჟურნალისტს, რომელთაც აინტერესებდათ, ზოგადად რა ხილი იყო საქართველოში ფეხბურთი, როგორი იყო მისი ტრადიცია, რეალურად გვყავდა თუ არა დიდი ვარსკვლავები, როგორი კულტურის მატარებელი ქვეყანა ვართ. მაშინ ვიფიქრე, რომ ხვიჩა შეიძლება კარგი ლოკომოტივი ყოფილიყო, ამ მხრივ, და ძალიან ბევრი ადამიანისთვის გაეცნო საქართველო. ბუნებრივია, მიზეზთა მიზეზი ამ წიგნის დაწერისა, იყო ის ფენომენალური თამაში, რომელიც ხვიჩამ შემოგვთავაზა. სწორედ ამ ორი მიზნით არის დაწერილი „ხვიჩა – ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი“.
ეკა ტოგონიძე
ზაფხული და წიგნი ეს იყო კლასგარეშე ლიტერატურა, რომელსაც უკვე ჩემით ვირჩევდი და არ იყო სავალდებულო საკითხავი, შესაბამისად, გაცილებით მეტ გემოს ვატანდი. იყო შემთხვევა, როცა მშობლები მირჩევდნენ რა უნდა წამეკითხა, თუმცა ეს ძირითადად ჩემი სურვილით ხდებოდა. მახსოვს, რომ ოთახში ვიყავი ხოლმე ჩაკეტილი და ვკითხულობდი, დრო კი ძალიან სწრაფად გადიოდა, ალბათ, ისე, როგორც დღეს ინტერნეტში ყოფნისას ხდება.
მე მგონია, რომ წიგნი და ცხოვრება განუყოფელია – წიგნი ზემოქმედებს ცხოვრებაზე, ცხოვრება კი წიგნზე. საკუთარ თავთან დარჩენის საუკეთესო საშუალება სწორედ წიგნია. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟის ცხოვრებით იწყებ ცხოვრებას, მაინც გრძნობ მასში საკუთარ თავს და, ფაქტობრივად, ეს რეინკარნაციის თემაა. წიგნებით სხვადასხვა ცხოვრებით შეგვიძლია ვიცხოვროთ.
წიგნებს, როგორც მწერალი, მოგვიანებით დავუკავშირდი. ტელევიზიიდან გამომიშვეს, დავრჩი ძალიან დაბნეული, რადგან ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის. შესაბამისად, დადგა ეტაპი, როცა გაჩნდა თავისუფალი დრო და დავიწყე ამ დროის დაფასება. პირველი წიგნის წერა ჩაქვში დავიწყე, სადაც დასასვენებლად ვიყავი და ვაკეთებდი ჩანაწერებს. პირველი ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, იმდენად მარტივად მიედინება და იწერება, რომ შენ თითქოს არც მონაწილეობ, მაგრამ ძირითადად არ ვარგა, ამიტომ როცა პირველზე ის ყველაფერი გამოვუშვი, რაც მინდოდა, დავჯექი და დავწერე მეორე, მაგრამ სინამდვილეში პირველი სრულყოფილი ფორმის მოთხრობა. გამარჯვებაც მალევე მოვიდა, იმდენად გამოუცდელი ვიყავი, რომ მახსოვს, დაჯილდოებაზე დავაგვიანე, არც მიფიქრია, რომ ჩემი მოთხრობა სამ საუკეთესოს შორის ხვდებოდა.
ჩემი ახალი წიგნი – „ექვსი ნოეს კიდობანი“ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებაა. წიგნში ისტორიული ფიგურები მხატვრული სახით არის გადმოცემული, თუმცა ტექსტის 80% რეალურ ფაქტებს, თარიღებსა და მოვლენებს შეიცავს. ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა, რომ მხატვრულ-დოკუმენტური პროზა დამეწერა და ნამდვილად არ იყო მარტივი. ვფიქრობ, გამომივიდა არა იმიტომ, რომ მე ვარ კარგი, არამედ იმიტომ, რომ ეს მასალა არსებობს. წიგნის სათაურს რაც შეეხება, ეს არის ნოე ჟორდანიას შესახებ დაწერილი პიესის სათაური და იქიდან გამომდინარე, რომ ნოე იყო ძალიან კომპლექსური და წინააღმდეგობრივი პიროვნება, მისი პოლიტიკური ევოლუციის მიხედვით დავყავი ექვს ეტაპად მისი ცხოვრება და შემდეგ ეს მხატვრული ფაბულა ავაწყვე. რეჟისორი ქალია, გადაწყვეტილი აქვს დადგას ექსპერიმენტული სპექტაკლი ნოე ჟორდანიაზე და არჩეული ექვსივე მსახიობი ნოე ჟორდანიაა. ეს უკვე იძლევა საშუალებას, რომ ნოე ჟორდანია საკუთარ თავს დაუპირისპირდეს.
პაატა შამუგია
ჩემი გადმოსახედიდან, საზაფხულო საკითხავი ის ლიტერატურაა, რაც ამ ცხელ ზაფხულს უკეთ გადაგვატანინებს, გულს გაგვიგრილებს და საფიქრალს აღგვიძრავს. რადგან დღეს ისეთი დროა, ხანდახან ფიქრის ადგილიც არ არის ჩვენს ცხოვრებაში. საზაფხულო საკითხავი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ქინდლის გამოჩენის შემდეგ, რომლის საშუალებითაც შემეძლო წავსულიყავი დასასვენებლად რამდენიმე ათასი წიგნით და იქიდან განწყობის მიხედვით ამერჩია საკითხავი. ამან მომცა საშუალება, რომ მეტი შინაარსით დამეტვირთა ჩემი დასვენება და ის, უბრალოდ, ქალაქიდან გაქცევა არ ყოფილიყო. მადლობა მაღალ ტექნოლოგიებს.
ყოველგვარი თავის მოკატუნების გარეშე ვიტყვი, რთულია საკუთარ წიგნებზე ლაპარაკი, რადგან მათში დიდი ემოციური ინვესტიციაა ჩადებული ავტორის მიერ და ხელახლა შეხება ამ ემოციურ ველთან, იმავე სიხარულისა და ტკივილის ხელახლა გადატანას ნიშნავს, რაც წიგნის წერას ახლდა.
მოგიყვებით ჩემს ორ წიგნზე, რომელიც ერთდოულად გამოვიდა. ესენია „არგადარჩენა“ და პოემები. პოემები მარგინალური ჟანრისაა, მე მგონი ვაჟა-ფშაველას მერე წიგნად პოემები არავის დაუწერია. მე მიზიდავს მარგინალური სალექსო ფორმები და ვცდილობ ის, რაც მივიწყებულია, თავიდან შევაცოცხლო. ალბათ, ამან მიბიძგა, შემეკრიბა პოემები, რაც აქამდე დამიწერია, დამემატებინა ახალი პოემები, რომელიც ჯერ არ იყო დაბეჭდილი და მომექცია ყველა ერთ კრებულში. ვფიქრობ, საინტერესოა მკითხველისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მკითხველი პატარ-პატარა ფორმებში ეძებს შვებას, სოციალური ქსელების სტატუსებში, ჰაიკუებში, მცირე ფორმატში, რადგან ნაკლები დრო აქვს კითხვისთვის, მე მგონია, რომ ჩვენ, ავტორებმა მკითხველის მოლოდინს კი არ უნდა ვუპასუხოთ მხოლოდ, არამედ გავაფართოოთ მათი მოლოდინის ჰორიზონტი. სწორედ ამან გადამაწყვეტინა პოეტური კრებულის გამოცემა.
რაც შეეხება „არგადარჩენას“, ეს არის ბოლო სამ წელიწადში დაწერილი ლექსების კრებული. ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ დავარქვი ასეთი სტრესული სახელი. მე არ ვგულისხმობ ფიზიკურ არგადარჩენას, ცხადია, თავიდან ბოლომდე კონცეპტუალურია ეს კრებული. პოეტს ვუყურებ როგორც ოდისევსს, რომელიც უნდა დაბრუნდეს ითაკაში, გამოიაროს ბევრი განსაცდელი და ოდისევსისგან განსხვავებით, პოეტი არ უნდა გადარჩეს, მისი პირადი არჩევანი უნდა იყოს არგადარჩენა. სხვა შემთხვევაში პოეზია არ იქნებოდა, რადგან პოეზია არის დამარცხებულებისა და არგადარჩენილების მხარეს.
ნინო თარხნიშვილი
წერა ჩემი საქმეა. რუტინული საქმე. ხანდახან სასტიკად მოსაბეზრებელი, გასაბრაზებელი. აი, იცი როგორი? ხომ დასვამ დღის ბოლოს წერტილს და ლეპტოპის ეკრანს ისეთი გამეტებით დაანარცხებ კლავიატურას, რომ გვერდით ფანჯრის მინა აზრიალდება. და იმ მომენტში სულ ფეხებზე გკიდია, რომ შეიძლება შენი ლეპტოპი ხვალ, უბრალოდ, ვეღარ ჩართო იმიტომ, რომ გააფუჭე, აი, წყალსაც წაუღია.
მაგრამ მერე თენდება მეორე დილა და ისე, როგორც გუშინ, გუშინწინ, იმის წინ და კიდევ იმის წინ, ძალიან ბევრი წლის წინ, რთავ კომპიუტერს, ხსნი ფაილს, არქმევ ამ ფაილს სახელს, მაგალითად 08.06.23_qalismkvleloba ან 04.03.2023_agentikanoni ან 02.02.23_zaladobismskhverplidebi და იწყებ წერას. უფრო ზუსტად, თავაუღებელ წერას. დღის ბოლოს სტატია უნდა გქონდეს მზად. მანამდე რესპონდენტები გყავს მოსაძებნი, ჩასაწერი, გასაშიფრი, მერე სიტყვები და წინადადებები დასალაგებელი.
კი, მე ჟურნალისტი ვარ. უფრო კონკრეტულად, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი. კიდევ უფრო კონკრეტულად – მწერალი ჟურნალისტი. ანუ, ჟურნალისტი, რომლის მთავარი საქმეც სტატიების წერაა – დღის მნიშვნელოვან თემებზე – იქნება ეს სოციალური საკითხები, ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა თუ სხვა.
და თუკი სტატიების წერისას უნდა ვიყო და ვარ ზუსტი, ფაქტებზე კონცენტრირებული, ყოველგვარი ემოციებისგან დაცლილი, ჩემს მინიატიურებში, რომლებსაც მეტწილად დღის ბოლოს, ტახტზე მიწოლილი ვწერ, გადამაქვს ის სათქმელი, რასაც სხვაგან ვერ ვამბობ, სხვაგან არ ითქმის.
წიგნი, რომელიც ბოლოს დავწერე, ჩემი მინიატიურებივით მინიატიურულია – „სიცოცხლის დაზღვევა“. აი, იცი როგორი წიგნია? მაგალითად, მეტროს 7-8 გაჩერებაში წასაკითხი. მაგალითად, ვაჟა-ფშაველადან ავლაბრამდე მოსამთავრებელი. ძილის წინ საკითხავი? არ ვიცი, მგონი, ძილის მორევამდე შემოგეკითხება და მერე სხვა წიგნს ან ფილმს უნდა დაუწყო ძებნა. ზაფხულში საკითხავი? ნწ, ზაფხულს სქელტანიანი რომანები უხდება. შიგნით რომ შეგასახლებს.
ჰოდა, დაახლოებით ესაა ჩემი წიგნის წაკითხვის ინსტრუქცია – გაქვს ერთი ზედმეტი საათი, რომლის დახარჯვაც არ გენანება? მაშინ, გადაშალე ეს ნაცრისფერყდიანი წიგნი, რომელიც იწონის ზუსტად 150 გრამს, აქვს 96 გვერდი და, გაწიე-გამოწიე, ერთ საათში იკითხება. მაგრამ მთლად ასე მარტივადაც არაა საქმე. აი, მაგალითად, მე-7 გვერდზე შეიძლება გაიფიქრო, რომ ეს მინიატიურა შენ დაწერე, მე-11 გვერდზე შეიძლება შენი საყვარელი კაბა, შარვალი, მაისური გაგიხდეს მოსაძებნი, 27-ე გვერდზე შეიძლება წამოგახველოს და წყლის დასალევად ადგე, 29-ე გვერდზე შეიძლება დედა გაგახსენდეს და გადაურეკო, 49-ე გვერდზე შეიძლება ცოტა ცხვირის წვერი აგეწვას, 70-ე გვერდზე შეიძლება საფულე მოიჩხრიკო ან სახელფასო ბარათზე დარჩენილი თანხა გადაამოწმო და, მოკლედ, გზადაგზა შესაძლოა იმდენი რამის გაკეთება დაგჭირდეს ან იმდენი რამ გაგახსენდეს, რომ საბოლოოდ, ახლა დავფიქრდი, არ ყოფილა ეს ჩემი წიგნი ერთ საათში და მეტროს 7-8 გაჩერებაში წასაკითხი.
მე ვარ ნინო თარხნიშვილი და არ მიყვარს, როცა მწერალს მეძახიან. მე ვარ ჟურნალისტი, რომელიც წერს.
გიორგი ლობჟანიძე
ჩემი ტიპის ადამიანისთვის კითხვა ზაფხულისა და ზამთრის საკითხავებად არ იყოფა, რადგან ყველა სიტუაციაში ვკითხულობ. ჩემთვის ისეთივე ეგზისტენციალური მოთხოვნილებაა კითხვა, როგორიც სხვა ნებისმიერი მოთხოვნილება, რაც ადამიანის ცხოვრებას განაპირობებს. თუმცა მესმის, რომ ადამიანების უმეტესობას დროის დეფიციტი აქვს და მათთვის კითხვა ზაფხულის სიამოვნება და ფუფუნებაა.
საზაფხულო საკითხავები, ალბათ, უფრო რომანებია, რომელიც ლაღად იკითხება, თუმცა არის მკითხველი, რომელიც ზაფხულისთვის ყველაზე სერიოზულ ნაწარმოებებს შემოინახავს ხოლმე. სწორედ ასეთ ნაწარმოებად მესახება ის წიგნი, რომლის გამოცემაზეც ახლა ვმუშაობთ და რომლის ორი ტომიც უკვე გამოცემულია. ეს არის მე-13 საუკუნის ცნობილი სპარსი პოეტისა და მისტიკოსის, ჯალალ ედ-დინ რუმის უმთავრესი ნაწარმოები „არსთა მესნევი“. ორი ტომი უკვე პოპულარობით სარგებლობს ქართველ მკითხველში და მესამე ტომზე მუშაობაც მალე დასრულდება. შემიძლია რჩევის სახით მივაწოდო მკითხველს, წაიკითხონ ეს ნაწარმოები, რომელშიც ჩემი დიდი შრომა და შემოქმედებითი ენერგიაა ჩადებული.
დიდი მნიშვნელობა აქვს თარგმანის ხასიათს, სირთულეს. შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს ჯალალ ედ-დინზე მუშაობა, რადგან ეს არის ყოველმხრივ ურთულესი ნაწარმოები, თავისი სიმბოლიკით, ფილოსოფიით და სერიოზული ტექსტოლოგიური მუშაობა სჭირდება. ეს სამუშაო შესრულებულია ჩემი მხრიდან უდიდესი ინტერესით და მან მე, როგორც ადამიანი, გამზარდა. ვფიქრობ, ამ ზრდას იგრძნობს თვითონ მკითხველით, რომელიც წიგნს სერიოზულად მიუდგება და წაიკითხავს.
თარგმანის გარდა ვმუშაობ ჩემს მეექვსე პოეტურ კრებულზე. თარგმანი და პოეზიის შექმნა ორი აბსოლუტურად სხვადასხვა სამუშაოა. თუკი შემოქმედებაში მეტია შთაგონების წილი, თარგმანი ფილოლოგიური და მძიმე სამუშაოა, რადგან ორიგინალურ შემოქმედებაში საკუთარ თავსა და განწყობილებებს გამოხატავ, თარგმანში კი ასე არ ხდება. მას სჭირდება ავტორის სტილისტიკის მკაცრად განსაზღვრა, სტილისტიკის პუნქტობრივად დამუშავება და მშობლიურ ენაზე გადმოტანა. რა თქმა უნდა, მთარგმნელი შეზღუდულიც არის იმით, რასაც ავტორი ამბობს, რადგან თუკი ავტორის ნებას გადაუხვევ, იტყვი მისი ნათქვამისგან სრულიად განსხვავებულს. თითქოს ერთმანეთს ჰგავს ორიგინალური შემოქმედება და თარგმანი. ორივე შემოქმედებაა, მაგრამ სპეციფიკა ძალიან განსხვავდება. თარგმნა არის ძალიან საინტერესო საქმე, რომლის გამოც ცხოვრებას აზრი აქვს. რადგან სწორედ ლიტერატურა, ლექსი, თარგმანია ჩემი თვითგამოხატვის შესანიშნავი გზა.
თამარ გეგეშიძე
საზაფხულო საკითხავი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი საკითხავია. ზაფხულის წიგნი უნდა იყოს მსუბუქი, კარგი იქნება თუ თავგადასავლებს გააერთიანებს და პატარებს რაღაც აღმოჩენებისთვის მოამზადებს. უფროსების შემთხვევაშიც ასეა, მაგრამ მოზარდებისთვის სწორად შერჩეული წიგნი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კითხვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ წერითაც დავინტერესდი. როგორც წესი, წერა იწყება ხოლმე ძალიან ადრე და ეს არ იწყება ერთ მოულოდნელ დღეს. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუმცა თემა, რომელმაც დამაინტერესა, განსხვავებული იყო – მოზარდების საკითხავი ლიტერატურა. მოვხვდი გამომცემლობაში, სადაც მომიწია ამ კუთხით მუშაობამ და მერე ვიფიქრე, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ მოზარდებს ახლოს გავიცნობდი და შევძლებდი უფრო მეტი მეთქვა მათი პრობლემების შესახებ. ასეც მოხდა, გადავწყვიტე მასწავლებელი გავმხდარიყავი. სკოლაში ახლოდან გავეცანი მოზარდების ცხოვრებას და მივხვდი, რომ ეს გვაკლდა – დაგვეწერა იმაზე, რაც მათ უჭირთ. დავიწყე ჩანაწერების კეთება და ეტაპობრივად წიგნის საბოლოო სახეც მივიღე. ბოლო წიგნი – „ჩუმად უნდა იჯდე“ – არის თაობათა შორის ურთიერთობაზე. წიგნს ჰყავს ორი მთავარი პერსონაჟი – 14 წლის მოზარდი და ახალგაზრდა მასწავლებელი, სწორედ ამ ორის გარშემოა სიუჟეტი და ერთი და იმავე ფაქტებს ორი გადმოსახედიდან ვაჩვენებ. ვცდილობ მკითხველს შევახსენო, რომ მოზარდებმაც უნდა იფიქრონ უფროსებზე და ზრდასრულებმაც გაიხსენონ ის დრო, როცა მოზარდები იყვნენ. დიდი შეუთავსებლობა შეიძლება იყოს მათ შორის და, როგორც წესი, სწორი კომუნიკაციისა და საუბრის შემდეგ ყველაფერი გასაგები ხდება და ორი თაობა, ასე თუ ისე, ერთ ენაზე იწყებს საუბარს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სათქმელის გადმოცემა შევძელი. ამას, რა თქმა უნდა, მკითხველი აფასებს და რასაც ვისმენ მათგან, მგონია, რომ სწორედ ის გაიგეს, რისი თქმაც მინდოდა. ახლა კიდევ ერთ წიგნზე ვმუშაობ, რომელიც ჯერ იმ საწყის ეტაპზეა, როცა ბოლომდე არ მაქვს გადაწყვეტილი, რა მინდა გამოვიდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ იმავე თემას გავაგრძელებ, რადგან ჩემთვის ისევ ძალიან საინტერესოა მოზარდების ცხოვრება.
ზურა ჯიშკარიანი
ლიტერატურის სიღრმეებს ხშირად ვერ ვაცნობიერებთ. წარმოიდგინეთ, ლიტერატურის დახმარებით იმ ადამიანების გამოცდილებას შემიძლია შევეხო, რომლებიც ჩემამდე იყვნენ ამ პლანეტაზე და ადამიანური დრამა ითამაშეს. როცა ვკითხულობ ლიტერატურას, მე ველაპარაკები გარდაცვლილ, დიდი ხნის წინ მცხოვრებ ადამიანებს, მათგან ვსწავლობ ბევრ რამეს. არც ერთი სხვა მედიუმი არ მაძლევს ზუსტად იმავეს, არც მხატვრობა ან მუსიკა. ადამიანები ამბის მთხრობელი ცხოველები ვართ და სწორედ ამან შეგვკრა, გაგვაერთიანა და დაგვაკავშირა. საოცარი საჩუქარია, რომ შეგვიძლია საუკუნეების წინ მცხოვრებ ადამიანებსაც კი დაველაპარაკოთ და გავიგოთ მათი სატკივარი, მივიღოთ მათგან რჩევები.
ლიტერატურა, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს თავშესაფარი, სადაც თავს შეაფარებ, დაისვენებ და მეორე მხრივ, ის შეიძლება იყოს კონტრშეტევა. ლიტერატურა შეიძლება გახდეს ადამიანის მანიფესტი, რითაც ის სამყაროში შემოდის. ეს საოცარი თვისება გააჩნია ლიტერატურას.
მინდა შევეხო ენის როლს ლიტერატურაში. რამდენიმე წლის წინ მქონდა გასხივოსნების მომენტი, როცა ჩემს ერთ გერმანელ კოლეგას ველაპარაკებოდი და აღმოვაჩინე, რომ მათ არ შეუძლიათ წაიკითხონ სამი საუკუნის წინ გერმანულ ენაზე დაწერილი ტექსტები, რადგან თანამედროვე და ვთქვათ, მე-17 საუკუნის გერმანული ენები სხვადასხვაა. ნახეთ, რამხელა უპირატესობა აქვს ქართულს სხვა ენებთან შედარებით: 21-ე საუკუნის „სწრაფი ღამისიერიდან“ დავეშვები მე-5 საუკუნემდე და ისიც მესმის. ხანდახან, სანამ წერას დავიწყებ, ჩახრუხაძეს ვკითხულობ, მე-12 საუკუნის პოეტს, იმდენად მელოდიური და მუსიკალურია, რომ წერის რიტმს მაძლევს ხოლმე. ჩემს ლიტერატურაში, ტექსტებში ვიყენებ როგორც თანამედროვე, ასევე არქაულ ტერმინებს. ქართული ენა მაძლევს ამის საშუალებას. ქართული ენის ტრაგიზმი ის არის, რომ რაც უფრო ღრმად შევდივარ მასში, მით უფრო რთულია ის გადაითარგმნოს და გადმოიცეს უცხო ენაზე. ამიტომ მე, როგორც ქართველმა მწერალმა, ვიცი, რომ ეს არჩევანი მაქვს, შემიძლია ღრმად წავიდე, მაგრამ როგორი კარგი ტექსტიც უნდა დავწერო, ის რთული გადასათარგმნი იქნება. ამ ტრაგიზმსაც აქვს თავისი პოეზია.
ჩემი ბოლო რომანი „სწრაფი ღამისიერი“, რომელიც 2022 წელს გამოვიდა, ექსპერიმენტული პროზაა რამდენიმე სიუჟეტით, თუმცა ეს მეორეხარისხოვანია, რადგან აქცენტს ვაკეთებ ენაზე, რომლითაც მკითხველის ცნობიერსა და არაცნობიერს tet a tet ვესაუბრები. უცნაური ისაა, რომ ექსპერიმენტები, როგორც წესი, არ არის პოპულარული, არ ხდება ბესტსელერი, მაგრამ „სწრაფი ღამისიერის“ შემთხვევაში პირიქით მოხდა, ექსპერიმენტული პროზა გახდა პოპულარული. 14 წლის ასაკიდან დაწყებული, 75 წლის ასაკის მკითხველიც ვიცი, ვინც წაიკითხა და ძალიან ესიამოვნა. ეს ჩემთვის იმის ნიშანია, რომ საქართველოში წიგნს აფასებენ არა იმით, რამდენად მარტივი წასაკითხია, არამედ შინაარსითა და ხარისხით. ეს არაჩვეულებრივი ტენდენციაა და ვფიქრობ, დღეს ქართველი მწერლები და მკითხველები ძალიან საინტერესო პროცესებში არიან ჩართულები, რაც იმდენად კარგ შედეგებამდე მიგვიყვანს, რომლის მსგავსიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ლიტერატურაში ჯერ არ ყოფილა.
მარი ბექაური
ზაფხული კითხვისთვის ძალიან კარგი დროა. წელიწადის ამ სეზონს სიმსუბუქე და სიმარტივე უხდება, ამიტომ ისეთ წიგნებს ვკითხულობ ამ დროს, რომელსაც ბევრი ფიქრი და ჩაღრმავება არ სჭირდება. შეგიძლია დაისვენო და სხვა სამყაროში იმოგზაურო. წიგნის სამყაროში.
წიგნებთან ჩემი ურთიერთობა დაიწყო ღრმა ბავშვობიდან, 3-4 წლის ვიყავი, ალბათ. შუქი არ იყო ხოლმე და მახსოვს, რომ სანთლის შუქზე მე და ჩემს დას დედაჩემი წიგნებს გვიკითხავდა. რაღაცნაირად ძალიან ჯადოსნურად აღვიქვამდი ამ პროცესს. მახსოვს, 6 წლის ვიყავი, როცა ლექსი დავწერე და პირველად მაშინ ვთქვი, როცა გავიზრდები, მწერალი გავხდები-მეთქი. უფრო სერიოზულად კი 17-18 წლიდან დავფიქრდი ამ თემაზე და პრინციპში, წერის დაწყებიდან მალევე დაიბეჭდა და ითარგმნა ჩემი პირველი წიგნი. შესაბამისად, ამან დიდი სტიმული მომცა, რომ ეს ნამდვილად ჩემი საქმე იყო და უნდა გამეგრძელებინა. ასეც მოვიქეცი და რამდენიმე წიგნი გამოვეცი.
„ორ ზღვას შუა“ – ასე ჰქვია იუმორისტული მოთხრობების კრებულს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოიცა. კრებულში ძალიან ქართული ამბებია მოთხრობილი. ხშირად სიუჟეტი აბსურდულიც კია, მოყოლილია ტრაგედიები, რომლებიც ქართულად, იუმორით გადავიტანეთ. ამ ისტორიებში, ვფიქრობ, ქართული ხასიათი კარგად ჩანს და ჩანს, რა პრობლემები აწუხებს საზოგადოებას. სწორედ ამ პრობლემებზე ვსაუბრობ, მაგალითად, ქალების საკითხებზე, ჰომოფობიაზე და სხვა… თუმცა, ამ ყველაფერს იუმორით ვფუთავ და სწორედ ასე ვაწვდი მკითხველს, რომელიც მჯერა, ჩემს მთავარ სათქმელს მიხვდება.
რატი მუჯირი
ზაფხული ყოველთვის დასვენებასთან ასოცირდება და მგონია, რომ საზაფხულო საკითხავი უნდა იყოს მსუბუქი, რაც გასული დატვირთული წლის სტრესს მოგვიხსნის. თუმცა რეალობა ომია, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში, გორში, ბათუმში, ცხინვალში, სოხუმში ბომბები არ ფეთქდება, ჩვენ ომში ვცხოვრობთ და ზაფხულშიც ვერ დავისვენებთ მისგან.
მინდა მოკლედ მოგიყვეთ ჩემს წიგნზე „მონებს სამოთხეში არ უშვებენ“.
ეს წიგნი მთლიანად ეძღვნება უკრაინას, უკრაინელებს და თუკი რაიმე კადრი გინახავთ ომის შესახებ, ყველას შეხვდებით ამ წიგნში. ასევე გაეცნობით, როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები, რომ რეალობა ამ კადრამდე მისულიყო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე ისტორიებს წაიკითხავთ, როგორც ამბობენ, შეხვდებით ამბებს, რომელიც გაგახალისებთ. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ომის დროსაც შეიძლება იპოვოთ იუმორი.
ამგვარად, როცა საზაფხულო საკითხავზე ვსაუბრობთ, გირჩევთ, წაიკითხოთ ჩემი წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის ტკივილები და ტრავმები გაგიახლდეთ, რაც ამ ერთი წლის მანძილზე გაგივლიათ, მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ და გვახსოვდეს, რომ მაშინ, როცა ჩვენ ვისვენებთ, უკრაინაში ადამიანები იბრძვიან და ეს ომი არ არის უკრაინის ომი, ეს არის ცივილიზაციის ომი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, თავისუფლება გაიმარჯვებს თუ ბოროტება, თავისუფლება გაიმარჯვებს თუ მონობა. მონებს კი სამოთხეში არ უშვებენ.
ელენე ჯაფარიძე
საზაფხულო საკითხავი ჩემთვის, პირველ რიგში, ბავშვობასთან, არდადეგებსა და ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო პერიოდთან ასოცირდება. შვებულების დროს, როცა კარგი წიგნის წაკითხვის შესაძლებლობა მაქვს, ემოციურად ისევ იმ პერიოდში ვვარდები, როცა ყველაზე ბედნიერი ვიყავი. წიგნი ჩემთვის სრულყოფილი განტვირთვის, თერაპიისა და ახალი თავგადასავლის წყაროა. შემიძლია გავიარო აბსოლუტურად ახალი ამბავი, ცხოვრება და ამას ლიტერატურის გარდა, სამწუხაროდ, სხვა ვერაფერი ვერ მომცემს. გვირჩევნია, რომ საზაფხულო საკითხავი ასოცირდებოდეს დადებით შინაარსსა და ენერგიასთან, თუმცა ნებისმიერი წიგნი, რომელიც ახალ ამბავს ჰყვება და ტოვებს გარკვეულ კვალს, შეუფასებელია და სულ ასოცირდება იმ პერიოდთან, როდესაც ვკითხულობდი. დღესაც ყველაზე მეტად ზაფხულში ვახერხებ კითხვას და ლიტერატურაში მოგზაურობას.
ჩემი აზრით, იმისათვის, რომ ზაფხული მაქსიმალურად შევირგოთ, რამდენიმე კარგი წიგნი მაინც უნდა წავიკითხოთ. ასე ზაფხული იქნება სავსე ემოციებით და გარკვეული სიახლეებით დატვირთული, რომელსაც ორგანულად მივიღებთ.
რამ დამაწერინა „დამალობანა“? არ ვიცი. მოვიდნენ გმირები და ზუსტად ისე, როგორც აწყობილია „დამალობანა“, მოდიოდა ახალი ამბავი, რომელსაც ვწერდი. როგორ გაგრძელდებოდა ან რა დასასრული ექნებოდა, თავიდან არც მქონდა წარმოდგენილი.
„დამალობანა“ ჩემი პირველი შვილია. ამ წიგნმა შეძლო ქალის პერსპექტივის წარმოდგენა აფხაზეთსა და ომის ტრავმასთან მიმართებაში. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ტკივილი, რომელსაც ანიკო განიცდის და მთელი ის გზა, რომელიც ანიკომ და „დამალობანას“ სხვა გმირებმა გაიარეს. ჩემი წიგნი ზაფხულში წასაკითხად შეიძლება გარკვეულწილად სევდიანი იყოს. სხვათა შორის, სწრაფად იკითხება. მატარებელში რომ ჩასხდებით, სანამ ბათუმამდე ჩახვალთ, შეიძლება წიგნი უკვე დასრულებულიც გქონდეთ. იმედი მაქვს, რომ „დამალობანა“ მკითხველზე თავის კვალს დატოვებს.
თემო რეხვიაშვილი
ზოგადად, წიგნებს ზაფხულისა და ზამთრის საკითხავად არ ვახარისხებ. იმას ვკითხულობ, რაც იმ მომენტში მაინტერესებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გადავიკითხე მარკესი, „მარტოობის ასი წელიწადი“ და ძალიან სასიამოვნო იყო. ზოგადად კი, საზაფხულო საკითხავი, ალბათ, მაინც უფრო მსუბუქი უნდა იყოს, რომ დასვენებასთან ჰარმონია შექმნას.
წიგნების კითხვის სიყვარული იმის მცდელობაში, რომ რამე თავად დამეწერა, სტუდენტობის შემდეგ მეწვია. თეატრალურში სწავლისას ცოტ-ცოტას ვწერდი, თუმცა ეს იყო სამსახიობო დავალებები. ოდნავ მოგვიანებით კი, ერთ-ერთ ინტერნეტჟურნალში, რომელიც ჩემი მეგობრების შექმნილი იყო, სტატიებს ვწერდი და ასე, ნელ-ნელა შეიქმნა „კურიერის ამბები“, აქედან დაიწყო ჩემი წერის სიყვარული. მაშინ თავად ვმუშაობდი კურიერად და ბუნებრივად ასე გამოვიდა, მინდოდა აღმეწერა ის რეალობა, რაშიც ამ წიგნის წერის პროცესში ვიყავი, თუმცა „კურიერის ამბები“ მაინც პირობითი სათაურია, ძირითადად ეს არის უიღბლო მსახიობის თავგადასავლები. წიგნში ვყვები ისეთ ამბებს, რომლებიც უიღბლობით არის გამოწვეული. რაც შეეხება წიგნის მთავარ სათქმელს, ეს პირდაპირ მიწერია წიგნის მეშვიდე თავში და ჯობია მკითხველმა თავად წაიკითხოს. წერის დროს ერთადერთი წესი მქონდა – მინდოდა დამეწერა ისეთი რამ, რისი წაკითხვა თავადაც მესიამოვნებოდა და თუ ეს სიამოვნება გადაედო მკითხველს, ნიშნავს, რომ წიგნმა გაამართლა.
ფოტო: ალექსეი სეროვი
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ტექსტი: თაკო გვაზავა, მარიამ სეთურიძე
ლოკაცია: Parnas Cafe | Tbilisi Marriott Hotel