ხშირად ქალებს, ყოველდღიური საქმეებისა და საზრუნავის ფონზე, საკუთარი თავისთვის დრო აღარ გვრჩება. გვავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ის უპირველესი პასუხსისმგებლობა, რაც ქალებს გვაკისრია – შენთვის და მათთვის, ვისაც უყვარხარ. ჯანმრთელობაზე ზრუნვა სიყვარულია, როგორც საკუთარი თავის, ასევე ჩვენი ახლობელი ადამიანების. ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, EUROPA DONNA Georgia-ს და ჟურნალ OK-ის კამპანიას – შენი სიცოცხლე შენს ხელშია, MedicalPark Goztepe წარადგენს. კამპანიას სხვადასხვა პროფესიის ქალი უერთდება და კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ პრევენცია არის ძალა – ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა მისი დამარცხებისთვის აუცილებელია. თითოეული პროფილაქტიკური შემოწმება შესაძლოა შენი სიცოცხლის გადამრჩენი გახდეს.

ანა მაზანიშვილი − „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი
ადრეული დიაგნოსტიკა სიცოცხლის გადარჩენის გარანტია, ამიტომ იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ნუ დაელოდებით სიმპტომებს, მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარეთ დიაგნოსტიკა და შეიმოწმეთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
EUROPA DONNA Georgia-ს მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღვწის აღნიშნული დიაგნოზით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად.
ჩვენი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა. რაც შეეხება ონკოსაზოგადოებას, „ჰოუფი“, მისი დაფუძნების იდეა გაჩნდა იმ მიზნით, რომ ყველა ონკოპაციენტის უფლება ყოფილიყო დაცული.
„ევროპა დონა საქართველოს“ წევრები არიან როგორც ევროპული კოალიცია EUROPA DONNA-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე, ამ დიაგნოზისგან განკურნებული ქალბატონები. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.
ია ხაჩირაშვილი, „IA Lina“ – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ჰიპნოთერაპევტი:
მე ვარ ადამიანი, რომელმაც საკუთარი პროფესია ადამიანების სულის მკურნალობას დავუკავშირე. სულის მკურნალობას, რომელიც ფიზიკურ ჯანმრთელობას უდევს საფუძვლად! როგორც ფსიქოლოგმა, ზუსტად ვიცი, რამდენად დიდი ძალა აქვს სწორად ნათქვამ სიტყვას, თანაგრძნობასა და გვერდით დგომას. ჩემი ყოველდღიურობა სწორედ ამ ხელოვნებას ეძღვნება, დავეხმარო ადამიანებს შინაგანი სიმშვიდის დაბრუნებაში, იპოვონ საყრდენი საკუთარ თავში და გადალახონ უმძიმესი ბარიერები. გასცენ პასუხი კითხვებს, ხანდახან თითქოს მარტივს, თუმცა კითხვებს, რომლებზეც პასუხის გაუცემლობა აფუჭებს ცხოვრების ხარისხს. ამას კი ხანდახან ჯანმრთელობის ხარისხის გაუარესება მოჰყვება!
ჩემი ცხოვრების მთავარი მისია ადამიანების სიყვარულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ სითბო და იმედი. ჩემი გულის განსაკუთრებული ნაწილი ეკუთვნით მათ, ვინც სიმსივნეს ებრძვის. როდესაც ადამიანი ამ განსაცდელის წინაშე დგება, მას სჭირდება არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ რწმენა, რომ ის მარტო არ არის. სწორედ ამიტომ, ჩემი ფსიქოთერაპიული კარი მათთვის ყოველთვის ღიაა – უპირობო სიყვარულით, რადგან მჯერა, რომ იმედი და სულის სიმშვიდე გაცემით მრავლდება.
5 წელია გვერდში ვუდგავარ Evropa Dona-ს და Hope-ის ჰოუპბენეფიციარებს, საოცარ მმართველ გუნდს! პოდიუმზეც გავედი დახმარებისთვის. პარიზისა და საქართველოს პოდიუმზე ნაბიჯის გადადგმა უბრალოდ მოდელობა არ არის, ეს არის სცენა იმისათვის, რომ მათი სათქმელი გავახმოვანო. თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ვდგამ, ემსახურება ერთადერთ მიზანს: შევაგროვო სახსრები მათ დასახმარებლად და გადავრიცხო იქ, სადაც სიცოცხლე ახალ ჟანგბადს იღებს.
სიყვარული მოქმედებაა და მე ვირჩევ, ვიყო ეს მოქმედება მათთვის, ვისაც ეს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს ტკივილთან მარტო. მადლობა ჩემს მეგობრებს მხარდაჭერისთვის, რომლებიც ყოველთვის მზად არიან გვერდში დამიდგნენ ამ კეთილ საქმეში!
ქალის ძალა მისი შინაგანი ჰარმონიიდან და ჯანმრთელობიდან იწყება. ქალებო, ვიდრე სხვებზე იზრუნებთ, ჯერ საკუთარ თავს აჩუქეთ დრო, სითბო და ყურადღება. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, მოუსმინეთ საკუთარ სხეულს და გაბედეთ, აირჩიოთ საკუთარი თავი ყოველდღე, რადგან თქვენი სიცოცხლე ის მთავარი სინათლეა, რომლითაც შინაგან სამყაროს ათბობთ. გახსოვდეთ, გარე სამყაროს ყველაზე მეტად სწორედ ის ადამიანი სჭირდება, რომელიც საკუთარ თავს ირჩევს. მთავარი ხარ შენ.
მადონა კუპრავა, ინჟინერ-ეკონომისტი. პროფესიული საქმიანობის მიღმა ეწევა საოჯახო მცირე ბიზნესს.
წლებია თვალს ვადევნებ „ევროპა დონა ჯორჯიასა“ და „ჰოუფის“ საქმიანობას, მათ აქტივობებსა და სოციალურ პროექტებს, ასევე იმ სასიკეთო ცვლილებებს, რომლებსაც ეს ადამიანები, ერთ გუნდად გაერთიანებულნი, ახორციელებენ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვიან.
ონკოპაციენტების მხარდაჭერა და „ევროპა დონა ჯორჯიასთან“ ერთად დგომა ჩემთვის შინაგანი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო იქ, სადაც ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ არა მხოლოდ თანადგომა, არამედ ემოციური მხარდაჭერა, სითბო და იმედი.
ჩემი მეგობარი წლების წინ ჩაერთო ორგანიზაციის საქმიანობაში და მეც თავისთავად გავხდი ამ პროცესის ნაწილი. სწორედ ამან გამოიწვია ჩემში დიდი ინტერესი და სურვილი, თავადაც ჩავრთულიყავი ამ მნიშვნელოვან საქმიანობაში.
ასე შევუერთდი კამპანიას „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“. ოქტომბრის თვეში უამრავი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი.
დღეს მე წარმოვადგენ „ევროპა დონა ჯორჯიას“, გახლავართ საბჭოს წევრი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. ვმონაწილეობდი არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებასა და სოციალურ აქტივობაში.
ასევე, დიდი სიამაყით მივიღე UICC Connect – Global Cancer Community-ის საერთაშორისო სერტიფიკატი, კურსის წარმატებით დასრულებისთვის – „Women, Power and Cancer: Implementing the Lancet Commission’s Recommendation“. ეს კურსი ჩემთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ცოდნის გაღრმავებისა და ქალთა ჯანმრთელობის, კიბოს პრევენციისა და ონკოპაციენტების მხარდაჭერის მიმართულებით.
მჯერა, რომ დროული სკრინინგი ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და დაავადების ადრეული გამოვლენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი სკრინინგის პროგრამები სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.
ყველას მოვუწოდებ, დროულად ჩაიტარონ სკრინინგი და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. ჩაიტარე სკრინინგი და იყავი დაცული.
მარიამ დარბაიძე, ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი.
განათლების, აკადემიური მენეჯმენტის, ხარისხის უზრუნველყოფისა და კვლევის სფეროში თითქმის 30-წლიანი პროფესიული გამოცდილება: ჩემი საქმიანობა წლების განმავლობაში აერთიანებს საუნივერსიტეტო და სამხედრო განათლებას, კვლევით მიმართულებებს, პროფესიულ განვითარებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ პროექტებს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივები, რომლებიც მეცნიერებას, განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ადამიანების რეალურ საჭიროებებთან აკავშირებს.
EUROPA DONNA Georgia-სთან ჩემი კავშირი 2014 წლიდან იწყება, ჯერ კიდევ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მუშაობის პერიოდიდან. ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ცალკეული აქტივობებით არ შემოფარგლულა, ყოველთვის ვიყავი EUROPA DONNA Georgia-ს საქმიანობის, მისი იდეებისა და მისიის აქტიური მხარდამჭერი.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ის საქმიანობა, რომელიც ქალთა ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პრევენციის კულტურის გაძლიერებას, სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის პოპულარიზაციას ემსახურება. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმატით ვერთვებოდი საგანმანათლებლო, საინფორმაციო და საზოგადოებრივ ინიციატივებში.
გამოვყოფდი „ფსიქონავტების“ პროექტს, სადაც ერთობლივი აქტივობებით ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური კეთილდღეობის, განათლებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების საკითხებს ვაერთიანებდით. ჩემთვის ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიული კუთხით, არამედ იმ ღირებულებების გამოც, რასაც EUROPA DONNA აერთიანებს: ინფორმირებულობას, მხარდაჭერას, პრევენციას, ადრეულ დიაგნოსტიკას და ქალების გაძლიერებას საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ ღირებულებებსა და მისიას გულწრფელად ვუჭერ მხარს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის ქალების მხარდაჭერა, მათთვის სანდო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და იმ გარემოს შექმნა, სადაც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა პასუხისმგებლობისა და ძალის გამოხატულებად აღიქმება.
ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი ცვლილებები ხშირად იძლევა დროული სამედიცინო ჩარევის, მკურნალობის უკეთ დაგეგმვისა და ჯანმრთელობის უკეთესი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას. ამასთან, სკრინინგი ადამიანს ეხმარება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ პრობლემის გაჩენის შემდეგ არ დაიწყოს და პრევენცია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციოს. მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა იცოდნენ, რომ სკრინინგი შიშთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. პირიქით, ეს არის ინფორმირებული ზრუნვის, პასუხისმგებლობისა და საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ყურადღების გამოხატულება.
ჩემი მთავარი გზავნილი ქალებისთვის არის, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არასოდეს გადადონ მეორე პლანზე. ხშირად ქალი პირველ რიგში ზრუნავს ოჯახზე, შვილებზე, სამსახურსა და ყოველდღიურ პასუხისმგებლობებზე, საკუთარი ჯანმრთელობა კი გვერდზე რჩება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პროფილაქტიკური კვლევები, ექიმთან კონსულტაცია და სკრინინგი ცხოვრების ჩვეულებრივ და დაგეგმილ ნაწილად იქცეს. არ დაელოდოთ სიმპტომების გამოვლენას. ჩაიტარეთ ასაკისა და ინდივიდუალური რისკების შესაბამისი კვლევები, მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს და მიმართეთ ექიმს მაშინაც, როცა, უბრალოდ, ეჭვი ან შეკითხვა გაქვთ.
პრევენცია არის ცოდნა, პასუხისმგებლობა და საკუთარი თავის მიმართ ზრუნვა. ჯანმრთელობაზე დროული ზრუნვა კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საკუთარ მომავალში.
თინათინ ანდღულაძე, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ კომპანია „ანვოლ კავკასიის“ მენეჯერი და „Europe Donna Georgia“-ს საბჭოს წევრი და სერტიფიცირებული პაციენტთა ადვოკატი.
„Europe Donna Georgia“ დამიდგა გვერდში ჩემთვის ყველაზე რთულ მომენტში, მე მივიღე ის თანადგომა, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. დავინახე, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ის განცდა, რომ მარტო არ არის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიურად ჩართვა. დღეს ორგანიზაციასთან ერთად უამრავ საქმეს ვაკეთებ. ვეწევი ადვოკატირებას, ჩართული ვარ ცნობიერების ამაღლების კამპანიებში და რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, ვცდილობ, პაციენტებსა და მათ ოჯახის წევრებს მხარში ვედგე: მოვუსმინო, გავამხნევო და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გავუწიო მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ვიცი, რომ ზოგჯერ ერთ სიტყვას ან უბრალოდ გვერდით ყოფნას ადამიანისთვის უდიდესი მნშვნელობა აქვს, ამან შესაძლოა იმედი დაუბრუნოს და გააძლიეროს.
,,Europe Donna Georgia“-ს ერთ-ერთი მთავარი კამპანიაა „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, რომელიც სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის პოპულარიზაციას ემსახურება. დროულად აღმოჩენილი დაავადება ხშირად ნიშნავს არა მხოლოდ გადარჩენილ სიცოცხლეს, არამედ შენარჩუნებულ ცხოვრების ხარისხსაც: შესაძლებლობას, განაგრძო საყვარელი საქმე, იყო შენიანებთან და თამამად დაგეგმო მომავალი. ამიტომ ყველა ქალს ვთხოვ: ნუ გადადებ, იზრუნე საკუთარ თავზე დღესვე, შენთვის და მათთვის, ვისაც უყვარხართ – ჩაიტარე სკრინინგი.
ლიკა თაზიაშვილი, ექიმი, მედიცინის დოქტორი, „ნიუ ვიჟენ გენეტიკს“-ის გენერალური და სამედიცინო დირექტორი.
ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას ემსახურება. „ევროპა დონა საქართველოსა“ და „ჰოუპის“ გოგონებს პირველად ულამაზეს, ვარდისფერ სივრცეში შევხვდი. სწორედ იქ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთად ბევრი მნიშვნელოვანი და სასიკეთო საქმე გაგვეკეთებინა და ხელი შეგვეწყო ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის. მას შემდეგ ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივაში გადაიზარდა. ერთად ბევრი საქმე გავაკეთეთ, რომელთა მთავარი მიზანი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. ძალიან ბევრი კარგი და სასარგებლო საქმე გაკეთდა. როდესაც საერთო მიზნის გარშემო ვერთიანდებით, ბევრად უფრო დიდი ძალა ვართ. მე ამის მჯერა და მჯერა, რომ მომავალშიც უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებით და კიდევ ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ.
სკრინინგი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში, ადრეული დიაგნოსტიკა ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს მკურნალობის შედეგებსა და სიცოცხლის შენარჩუნებაში. ჩემი მთავარი გზავნილი ყველა ქალის მიმართ იქნება: ნუ გადადებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებაში საკუთარ თავსა და საკუთარ ჯანმრთელობას ბოლო ადგილზე ვაყენებთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ საკუთარ თავს დრო დავუთმოთ და საჭირო გამოკვლევები ჩავიტაროთ.
სკრინინგი არ უნდა იყოს შიშთან დაკავშირებული – ის უნდა იყოს პასუხისმგებლიანი არჩევანი საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახისა და მომავლის მიმართ. იზრუნეთ საკუთარ თავზე, მოუსმინეთ თქვენს სხეულს და გახსოვდეთ: დროული შემოწმება შეიძლება სიცოცხლის გადამრჩენი აღმოჩნდეს.
ყველა ქალს ვუსურვებ ჯანმრთელობას და მინდა ვუთხრა: არ დაელოდოთ დაავადების ნიშნებს – იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე დღესვე.
ანასტასია დათუნაშვილი, გამოყენებითი გენეტიკის სპეციალისტი და დოქტორანტი.
ვმუშაობ „ნიუ ვიჟენ გენეტიკს“-ში, სადაც ჩემი საქმიანობა დაკავშირებულია გენეტიკის შესაძლებლობების პრაქტიკაში გამოყენებასა და იმ ცოდნის განვითარებასთან, რომელიც მომავალში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.
„ევროპა დონა საქართველოსა“ და „ჰოუპის“ გუნდთან ჩემი ურთიერთობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონფერენციით დაიწყო და მას შემდეგ მათი მხარდამჭერ კამპანიებში აქტიურად ვარ ჩართული. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ძალა, რომელიც ასეთ გაერთიანებებს აქვს, როდესაც ადამიანები ერთმანეთის გვერდით დგანან, უზიარებენ გამოცდილებას, მხარდაჭერასა და იმედს.
ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიებები და კამპანიები აუცილებელია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანადგომა და მხარდაჭერა მძიმე დაავადებასთან გამკლავების პროცესში. ამ პროცესში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამედიცინო დახმარება, არამედ იმის განცდაც, რომ ადამიანი მარტო არ არის და მის გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც მას უსმენენ, უგებენ და მხარს უჭერენ.
სკრინინგი ჯანმრთელობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან ის საშუალებას გვაძლევს, გარკვეული დაავადებები ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ მაშინ, როდესაც დროული ჩარევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციის მნიშვნელობა. თანამედროვე მედიცინა გვაძლევს შესაძლებლობას, დაავადების რისკები უფრო ადრე შევაფასოთ და ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ პრობლემის გაჩენის შემდეგ არ დავიწყოთ.
ჩემი გზავნილი ქალებისთვის მარტივია: იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე დღეს და ნუ გადადებთ იმ გამოკვლევებს, რომლებმაც შესაძლოა თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს. საკუთარი თავისთვის დროის დათმობა სისუსტე კი არა, პასუხისმგებლობაა. შენთვის და მათთვის, ვისაც უყვარხარ.
ნინო აფაქიძე, ექიმი-სტომატოლოგი, დედა, ონკოლოგიური პაციენტი, რომლის ცხოვრებაშიც დიაგნოზმა ბევრი რამ შეცვალა.
რთული დიაგნოზი მაქვს, ძუძუს კიბო, მეოთხე სტადია. ვფიქრობ, ღირსეულად ვებრძვი ამ დაავადებას, სრულფასოვნად და აქტიურად ვაგრძელებ ცხოვრებას ოჯახშიც, საზოგადოებაშიც და პროფესული კუთხითაც. ამ გზაზე მიღებულმა გამოცდილებამ საკუთარ ბრძოლასთან ერთად, სხვა პაციენტების ტკივილიც დამანახა და გამიჩინა სურვილი, ჩემი გამოცდილება სხვებისთვისაც სასარგებლო ყოფილიყო.
დიაგნოზის გაგებიდან ძალიან მალე მოხდა ჩემი დაკავშირება „ევროპა დონა საქართველოს“ არაჩვეულებრივ გუნდსა და ორგანიზაციის პრეზიდენტთან, ანა მაზანიშვილთან. იმ დღიდან მეც მათი გუნდის წევრად მოვიაზრები და ეს ჩემთვის უდიდეს მხარდაჭერასთან, იმედსა და რწმენასთან ასოცირდება.
ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობამ ჩემთვის სრულიად ახალი სივრცე შექმნა, სივრცე, სადაც პაციენტის ემოციებს, შიშებსა და საჭიროებებს ისმენენ. კიბოს დიაგნოზი ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უდიდეს გავლენას ახდენს. შიში, გაურკვევლობა, მარტოობის განცდა, მკურნალობის ხანგრძლივი და რთული პროცესი ხშირად ისეთივე მძიმეა, როგორიც თავად დაავადებასთან ბრძოლა. სწორედ ამიტომაც მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. და რაც ყველაზე მთავარია, ეს მხარდაჭერა მხოლოდ ორგანიზაციის წევრებს შორის არ რჩება. ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანები საზოგადოებაში ქმნიან ცნობიერებას, არღვევენ კიბოსთან დაკავშირებულ სტიგმას, საუბრობენ დაავადებაზე ღიად და ეხმარებიან სხვა ქალებს, დროულად მიმართონ ექიმს და არ გადადონ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში პაციენტების ადვოკატირებას ეწევა და საკუთარი საქმიანობით ცდილობს, პაციენტის ხმა უფრო მკაფიოდ ისმოდეს ჯანდაცვის სისტემაში. Europa Donna Georgia-ს გოგებთან ურთიერთობით მივხვდი, რომ კიბო განაჩენი არაა! ამ მძიმე და რთული გზის გავლის მერე, როცა ხედავ რეალიზებულ, სიცოცხლით სავსე და სხვაზე მზრუნველ ადამიანებს, ეს გაძლევს უდიდეს იმედს, ძალასა და რწმენას, რომ შენც გამოგივა, შენც გადარჩები, შენც შეძლებ…
დღეს კიდევ უფრო კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების ადრეული აღმოჩენა. სკრინინგი შეიძლება იყოს შესაძლებლობა, დაავადება უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს და ადამიანს დროული მკურნალობის დაწყების საშუალება მიეცეს.
მინდა ქალებმა იცოდნენ, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა შიშის მიზეზი არ უნდა იყოს. პირიქით, ინფორმირებულობა და დროული გამოკვლევა საკუთარი თავისა და ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმაა. ამასთან ერთად, მიმაჩნია, რომ პაციენტის გზა დიაგნოზის დასმით არ უნდა დასრულდეს. მას სჭირდება უწყვეტი ზრუნვა, ხელმისაწვდომი მკურნალობა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სისტემა, რომელშიც მისი ხმა ნამდვილად ისმის.
დღეს, როგორც „ევროპა დონა საქართველოს“ გუნდის წევრი, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ამ გზას გადიან. მინდა ჩემი გამოცდილება მხოლოდ ჩემი პირადი ისტორია არ იყოს. მინდა მას ჰქონდეს აზრი, დაეხმაროს სხვა ქალს, არ შეეშინდეს გამოკვლევის. პაციენტს აგრძნობინოს, რომ მარტო არ არის და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ კიბოს მიღმა ყოველთვის დგას ადამიანი თავისი ოჯახით, ემოციებით, შიშებითა და იმედით.
თამთა დემურიშვილი – იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრის დირექტორი.
პროფესიით ექიმი ვარ, 25 წელია ვსაქმიანობ საჯარო და კერძო სტრუქტურაში, ძირითადად სამედიცინო მიმართულებით. ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ჩემთვის სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორიების გვერდით სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება, ჯერ ბავშვობიდან, ჩემი მშობლების შემხედვარეს, მნიშვნელოვნად მიმაჩნდა და მათი საჭიროებების გათავისება, უკვე ჩემი შესაძლებლობების მიხედვით, რუტინად მექცა… მასშტაბურად კი ყველაფერი დაიწყო იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიის განყოფილებაში, 2012 წელს, როცა 14 წლის ანა რომანაძის წერილის შესახებ შევიტყვე, ბავშვი, რომელმაც გარდაცვალების შემდგომ წერილი დატოვა და ყველა იმ ბავშვზე იზრუნა, ვისაც ლეიკემიის თუ სოლიდური სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს… ,,მე მინდა ვიყო ბოლო ბავშვი, ვინც უსახსრობის გამო დაიღუპება, ნუთუ 50 000 ევრო ვერ მოიძებნა სახელმწიფოში ჩემი გადარჩენისთვის? ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს, არცერთი ბავშვი არ უნდა დაიღუპოს უფულობის გამო“ – წერდა ანა. ეს იყო, ის, რამაც შემძრა და მაშინ დავიწყე ყველა იმ ადამიანის შემოკრება, ვინც ამ საშინელებას მიიტანდა სათანადო უწყებებამდე… და ეს გამოგვივიდა, ყველას ერთად. დღეს ბავშვთა სიმსივნური დაავადებების შესახებ მეტი ინფორმაცია არსებობს საზოგადოებაში, მეტი მზაობა დახმარების და რაც მთავარია, სახელმწიფო დონეზე გადაიჭრა ეს საკითხი და უსახსრობის გამო არცერთი ბავშვი არ დაიღუპება…
და ამის შემდგომ, ამ გზაზე მე შევხვდი უამრავ სოციალურად დაუცველს, მრავალშვილიანს, შშმ პირებს, სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს და ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს – „ევროპა დონა ჯორჯიას“ მზე გოგოებს და ანა მაზანაშვილს. ეს ადამიანი გახდა სიმბოლო იმისა, რომ ძუძუს კიბო განაჩენი არ არის და დაიწყო თავის გარშემო ყველა იმ გოგოს გაერთიანება, ვისაც ეს ვერაგი დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ არ შეეგუა, ვინც თქვა, რომ მოიგებს ამ ბრძოლას შვილებისთვის, მშობლებისთვის, მეუღლეებისთვის, ახლობელ/მეგობრებისთვის და სხვა ქალებისთვის, მათთვის, ვინც ფარ-ხმალი დაყარა… მეც შევუერთდი, ისე, თითქოს მათი ნაწილი ვიყავი, თითქოს მეც მიწევდა ბრძოლა სიცოცხლისთვის, თითქოს მეც ვიყავი ვალდებული ჩემი ოჯახის გამო გადავრჩენილიყავი და აქაც უდიდესი კამპანია იყო საჭირო.
არ დამავიწყდება გოგოების ძალიან ემოციური გადაწყვეტილება, რომელსაც პარიკების აქციას დაარქმევდნენ და ეს ჩვენი მზე გოგოები, ყველა გადაწყვეტილების მიმღების თვალწინ აპირებდნენ პარიკი მოეხსნათ და მკურნალობის ურთულესი შედეგი – უთმობა – ეჩვენებინათ…
გაიარა ამ რთულმა პერიოდებმაც და დღეს უკეთესი სიტუაცია აქვთ დაფინანსების თვალსაზრისით, თუმცა არა საუკეთესო. „ევროპა დონას“ მიზანი არასდროს ყოფილა მხოლოდ დაფინანსების მიღება მკურნალობისთვის, მათ გააერთიანეს უამრავი ქალი, რათა ყველასთვის დაენახებინათ, რომ ეს დიაგნოზი შესაძლოა ნებისმიერს დაუსვან სტატუსის თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, და რაც მთავარია, საზოგადოებას დაანახეს სკრინინგის მნიშვნელობა, პრევენცია არის ის, რაც ალბათ 70% შეამცირებს დაავადების რთულ გამოსავალს…
ერთად შემოვიარეთ შიდა ქართლის საზღვრისპირა სოფლები, #5 ქალთა პენიტენციური დაწესებულება ქალი პატიმრებისთვის, სკრინინგის პროგრამით. საუკეთესო ექიმებთან ერთად (ირაკლი კოხრეიძე, გოგიტა ძაგნიძე და სხვა). ისევ გვაქვს პროექტი, საზღვრისპირა სოფლებისა და დევნილი ქალბატონებისთვის შიდა ქართლის თვითმართველობა ჩავრთოთ და ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში ისევ მოხდეს სკრინინგის აქტიური პროპაგანდა… ეს არის ის, რაც შეამცირებს დაავადების პროგრესირებას და ყოველწლიურად აღარ იქნება 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა…
ქალებს ვერაფერი მოგვერევა, მითუფრო, როცა გავერთიანდებით ერთმანეთისთვის. ნუ შეგეშინდებათ – „ძუძუს კიბო და საერთოდ კიბო, განაჩენი არ არის“ – მაგრამ სკრინინგი და პრევენცია მისი 100%-ით დამარცხების საწინდარია და ეს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის უნდა გავაკეთოთ და შემდეგ ჩვენი შვილებისთვის, მშობლებისა და ჩვენი ქვეყნისთვის; მე თქვენ მიყვარხართ, მზე გოგოებო!
ანა ჩანგიანი – მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, კულტურული და სოციალური პროექტების ავტორი.
მჯერა, რომ პროფესიული გამოცდილების ყველაზე დიდი ღირებულება მაშინ იკვეთება, როდესაც ის ადამიანებსა და საზოგადოებას ემსახურება. სწორედ ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ ინიციატივებში მონაწილეობას, რომლებიც არა მხოლოდ ცნობიერების ამაღლებას, არამედ ადამიანებისთვის იმედის, მხარდაჭერისა და მოტივაციის გაზიარებასაც ემსახურება.
Europa Donna Georgia უკვე მრავალი წელია ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან მისიას – ეხმარება ქალებს, რომლებიც ძუძუს კიბოსთან ბრძოლას გადიან, და მათ ოჯახებს. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის ნაწილი.
ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საზოგადოება, ბიზნესი და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთიანდებიან საერთო მიზნისთვის. სწორედ ასეთ დროს იბადება რეალური ცვლილებები, რომლებიც ერთი კამპანიის ფარგლებს სცდება და ადამიანების ცხოვრებაზე დადებით გავლენას ახდენს.
ჩემთვის ეს თანამშრომლობა მხოლოდ სოციალური კამპანია არ არის – ეს არის შესაძლებლობა, ჩემი პროფესიული გამოცდილება იმ საქმეს მოვახმარო, რომელსაც რეალური ადამიანური ღირებულება აქვს. მინდა ყველა ქალს ერთი რამ შევახსენო. ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ, ვიდრე ზოგჯერ თავად გვგონია. ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ ჩვენს შვილებზე, მშობლებზე, ოჯახზე, მეგობრებზე, საქმეზე… მაგრამ ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი გვავიწყდება – საკუთარი თავი.
საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ არის შიში, სისუსტე ან ეჭვი. ეს არის საკუთარი თავის სიყვარული, პასუხისმგებლობა და პატივისცემა.
სწორედ ამიტომ მინდა ყველა ქალს ვუთხრა: არ გადადოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დროული სკრინინგი არ არის მხოლოდ სამედიცინო შემოწმება – ეს არის არჩევანი სიცოცხლის, სიმშვიდისა და მომავლის სასარგებლოდ. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ…
ჩვენ, ქალებს, ერთმანეთის მხარდაჭერის განსაკუთრებული უნარი გვაქვს. როდესაც ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ვამხნევებთ და გვჯერა ერთმანეთის, ყველაზე რთული გზაც უფრო მარტივი ხდება.
იზრუნეთ საკუთარ თავზე იმავე სიყვარულით, როგორი სიყვარულითაც ზრუნავთ სხვებზე.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი, პირადი არქივი











