ქართული ღვინის ბრენდი „რთველისი“, რომელიც ექვს წელიწადში სწრაფად გადაიქცა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ცნობად და გამორჩეულ ბრენდად, ახლა მომხმარებელს ახალ გამოცდილებას სთავაზობს – Sheraton Grand Metechi Palace-ში გახსნილი RTVELISI BRAND SHOP სტუმრებს საშუალებას აძლევს, დააგემოვნონ ბრენდის სრული ასორტიმენტი და უკეთ გაეცნონ მის ისტორიასა და ღვინოებს. ბრენდის სომელიე და ამბასადორი, ლუკა სოსელია უკეთ გვიამბობს ბარის კონცეფციის შესახებ.

რა იყო „რთველისის“ მოტივაცია „შერატონში“ ბარის გახსნის გადაწყვეტილების მიღებისას?
„რთველისი“ წლიდან წლამდე საკმაოდ მნიშვნელოვან განვითარების ეტაპებს გადის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მსოფლიო მასშტაბით. როგორც თქვენთვის ცნობილია, ღვინის კომპანია „რთველისი“ 6 წლის წინ შეიქმნა და საკმაოდ დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ.
ამ 6 წლის განმავლობაში ბრენდი იმდენად გაიზარდა, რომ ბუნებრივად გაჩნდა მოთხოვნა, ხალხს ღვინო გაეცნო არა მხოლოდ მაღაზიების თაროებიდან, არამედ ისეთ სივრცეში, სადაც გემოსთან ერთად ბრენდის ისტორიასაც მოისმენდა.
ჩვენი მოტივაცია იყო სწორედ ეს, შეგვექმნა სივრცე, სადაც სტუმრებს ჩვენს ღვინოებს შევთავაზებდით. მიზანიც იგივე, – გვინდოდა შეგვერჩია ისეთი ადგილი, სადაც ყველანაირი აუდიტორია, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები, „რთველისის“ ღვინოების უფრო ახლოდან გაცნობას შეძლებდნენ.
რომელი ღვინოებია წარმოდგენილი ბარში და როგორ შეარჩიეთ კონკრეტული ასორტიმენტი?
ღვინის ბრენდშოპში წარმოდგენილია „რთველისის“ სრული ასორტიმენტი. აქ შეგხვდებათ ჩვენი ღვინოებიდან: ცქრიალა ღვინოები, ბრენდები და ჭაჭები. ბარში განთავსებულია ყველა პროდუქტი, რომელსაც ღვინის კომპანია „რთველისი“ აწარმოებს. იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდი აქტიურად მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე და სხვადასხვა სეგმენტს ემსახურება, ბარის კონცეფციაც სწორედ ამ მრავალფეროვნებას მოვარგეთ. ჩვენი მიზანია, თითოეულ სტუმარს შევთავაზოთ ის სტილი და გემო, რომელიც მის გემოვნებას შეესაბამება. ღვინის ბარში ასევე წარმოდგენილია ჩვენი მეგობარი მცირე მარნების ღვინოები. ამ მიმართულებას ვუწოდებთ RTVELISI & FRIENDS. აქ სტუმრები იპოვიან ძალიან საინტერესო და განსხვავებულ ასორტიმენტს, რომელიც შესანიშნავად ავსებს ჩვენს მთავარ კოლექციას. ღვინის და ღვინისეული პროდუქციის გარდა ადგილზე შეძლებთ დააგემოვნოთ ვისკებიც, რომელიც ჩვენი მეგობარი Whisky House-ის კომპანიის პროდუქციაა. ეს ყველაფერი ერთად ქმნის მრავალფეროვან გამოცდილებას, რომელსაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ.

რა როლს ასრულებს ბარის გახსნა „რთველისის“ განვითარებაში?
ბარის გახსნა ჩვენს განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ეს სივრცე გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია შევქმნათ, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები და რეალური გამოცდილება. სწორედ ამ უკუკავშირით შევძლებთ მომავალში უფრო ზუსტად ვმართოთ და განვავითაროთ ბრენდის კონცეფცია.
ბარი მხოლოდ სტუმართან შეხვედრის ადგილი არ არის. ის არის დაკვირვების, შესწავლის და ზრდაზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც უკვე გვეხმარება ბრენდის მომავალ სტრატეგიებზე მუშაობაში. ასეთ სივრცეს დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ მოთხოვნები, ვუპასუხოთ მოლოდინებს და გრძელვადიანად მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები.
რატომ გადაწყვიტეთ, რომ ბარის გახსნა სწორედ ასეთ სასტუმროში ან ასეთ გარემოში ყოფილიყო?
Sheraton Grand Metechi Palace არის ადგილი, რომელსაც სტუმრობენ როგორც უცხოელი მოგზაურები, ისე ადგილობრივი სტუმრები, რაც ძალიან მაღალ დინამიკას ქმნის. ჩვენი ასორტიმენტიც სწორედ ამ მრავალფეროვნებაზეა დაფუძნებული და მორგებულია ყველა სეგმენტზე. ასეთი გარემო გვაძლევს შესაძლებლობას, ყოველდღიურად შევხვდეთ სრულიად განსხვავებული ცხოვრების სტილის ადამიანებს და მათთან უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს.
ამ სივრცეში RTVELISI BRAND SHOP-ს ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, ქართული ღვინო ფართო აუდიტორიას გააცნოს, ბრენდსა და მომხმარებელს შორის არსებული დისტანცია შეამციროს და შესთავაზოს არა მხოლოდ ყოველდღიური დეგუსტაციები, არამედ სპეციალურად შერჩეული ღონისძიებები, რომელიც კონკრეტული ინტერესების ან ჯგუფებისთვის იქნება განკუთვნილი.
სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით – იგეგმება „რთველისის“ ბარის გაფართოება ან მსგავსი სივრცეების გახსნა?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „რთველისი“ განვითარების მიმართულებით ძალიან აქტიურად და წარმატებით მოძრაობს. შესაბამისად, სამომავლო გეგმებიც უკვე მუშაობის პროცესშია. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ბარის მიმართულების გაღრმავებას და ახალი ფორმატების შექმნას, რომლებიც სტუმრის გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.
გრძელვადიან პერსპექტივაში ვვარაუდობთ, რომ RTVELISI BRAND SHOP-ის ნახვა სხვა ლოკაციებზეც იქნეს შესაძლებელი. ჩვენი სურვილია, რომ „რთველისის“ გამოცდილება მხოლოდ პროდუქტს აღარ წარმოადგენდეს, გვინდა ეს იყოს სივრცე, ემოცია და ის კარგი განცდა, რომელსაც ადამიანი იმახსოვრებს და ყოველთვის სიამოვნებით უბრუნდება.

ავტორი: მარიამ შულაია
ფოტო: ალექსეი სეროვი












