ფენიქსისა და მარას სამსახიობო თავგადასავალი 10 წელს მოიცავს, თუმცა თავდაპირველად ისინი ერთმანეთთან მხოლოდ მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ. მათი სიყვარულის ისტორია დღემდე ფარდის მიღმა რჩება, თუმცა ყველას აძლევს შთაგონებას, დააფასონ პარტნიორთა ღირებულებები და მხარი დაუჭირონ მათ. ხოაკინისა და რუნის კავშირი იმდენად მტკიცეა, რომ ეჭვის საბაბს არასდროს იძლევა.
2012 წელს ფილმის გადაღებებზე დაწყებული მეგობრობა 2017 წელს სხვა ფილმზე მუშაობისას უკვე რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც რუნი ხოაკინის ცხოვრებაში გაჩნდა, მსახიობი იმაზე ბედნიერად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე. 45 წლის ნიჭიერი და ხანდახან ექსცენტრული ვარსკვლავი „ოსკარის“ სამ ნომინაციას ფლობს, მისი მეწყვილე, 34 წლის თავდაუზოგავი მსახიობი კი ჯერჯერობით ორს. ვარსკვლავური წყვილი ტრანსფორმაციების საოცარი ოსტატია. მათი შემოქმედება მსახიობებისთვის მაგალითად, მაყურებლისთვის კი სიამოვნების წყაროდ იქცევა. საერთო ფილმებში მათ შორის არსებული „ქიმია“ იმდენად შთამბეჭდავია, რომ ბედისწერამ ეს რეალურ ცხოვრებაშიც დაამტკიცა.
პირველად იყო რომანტიკული დრამა Her (2013), სადაც ისინი ყოფილ ცოლ-ქმარს განასახიერებენ, შემდეგ კი Mary Magdalene (2018) სადაც იესოს და მარიამ მაგდალინელის როლები ხვდათ წილად. 2017 წელს პირველად გამოჩნდნენ ერთად საზოგადოების წინაშე, ეს კანის კინოფესტივალზე მოხდა. დახურვის ცერემონიალზე ფოტოგრაფების წინაშე ხელჩაკიდებულები პოზირებდნენ. ამ დროიდანვე გახდა ცნობილი, რომ მარა და ფენიქსი ლოს-ანჯელესში ერთად ცხოვრობენ. გასულ წელს კი ახალგაზრდა ქალის არათითზე ნიშნობის ბეჭედიც შენიშნეს. მოგვიანებით, წყვილმა ეს ფაქტი ოფიციალურადაც დაადასტურა.
ხოაკინ, თქვენ ბევრი გიწოდებთ სახელოვან მსახიობს, მაგრამ ჰოლივუდის ვარსკვლავურ ჩარჩოებში, შეიძლება ითქვას, რომ არ ეწერებით...
(ხოაკინ ფენიქსი): დიახ, მე არ მჭირდება სასახლე ვენეციაში ან კერძო თვითმფრინავი. ფულთან ურთიერთობაც კი არ ვიცი, ერთადერთი მიზნის გარდა: დავეხმარო ოჯახს და მეგობრებს. ფულზე ფიქრიც კი არ მიყვარს. არასდროს მტოვებს განცდა, რომ ის ადამიანებს აფუჭებს. აიძულებს მოიქცნენ ისე, როგორც არ მოაფიქრდებოდათ იმ შემთხვევაში, სამყაროში ფულს ამხელა მნიშვნელობა რომ არ ენიჭებოდეს. ჩემი ცხოვრება მარტივია.
ამბობთ, რომ ის მარტივია. რას მოიაზრებთ ამ სიმარტივეში?
(ხოაკინ ფენიქსი): დასაძინებლად ადრე ვწვები, დაახლოებით საღამოს 9 საათზე. დილის 6 საათზე კი ვდგები. ჩვეული რუტინა მახასიათებს: დღის განმავლობაში ვპასუხობ ელექტრონულ წერილებს, ვასეირნებ ძაღლს, მივსდევ მედიტაციას, დავდივარ კარატეს გაკვეთილებზე, ვსადილობ, ვკითხულობ სცენარებს, შემდეგ ვვახშმობ. ხანდახან ფილმებსაც ვუყურებ, ძირითადად – დოკუმენტურს.
და თქვენი საცოლე – რუნი მარა იზიარებს ცხოვრების ამგვარ სტილს?
(ხოაკინ ფენიქსი): თავდაპირველად, დარწმუნებული ვიყავი, რომ რუნის არ ვუყვარდი. პირიქით – მეგონა ვერ მიტანდა და ზევიდან მიყურებდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის უბრალოდ ძალიან მორიდებულია. რუნი ერთადერთი გოგონაა ჩემს ცხოვრებაში, რომელთანაც ინტერნეტში ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებდა. ელექტრონული ფოსტის მეგობრები ვიყავით. მანამდე გოგოსთან ონლაინში ამდენი არასდროს მისაუბრია. თუმცა, ასაკთან ერთად, ყველაფერი უფრო მარტივი ხდება. ფიქრობ, შესაძლოა ვერ მიიღო ურთიერთობისგან სიამოვნება და სულში სიცარიელე დაგრჩეს, მაგრამ არა უშავს. ნორმალურია. იმიტომ, რომ ვიცი – ჩემი ცხოვრების სხვა სფეროები, რომლებიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს, არსად გაქრება. ძალიან მიყვარს ჩემი ცხოვრება. რუნიმ ერთხელ მითხრა: „გესმის, რამდენი შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვს? როგორ გიმართლებს შემოქმედებაში?“ მე კი მას ვუპასუხე: „დიახ, მე იღბლიანი ვარ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღარ მექნება შანსი გავაკეთო რაიმე ღირებული და ბრწყინვალე, თავს უკვე ბედნიერად მოვიაზრებ“.
ორივენი ვეგანები ხართ. ურჩიეთ მკითხველს, როგორ დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი.
(რუნი მარა): ერთი რჩევა საკმარისი არ იქნება! უპირველეს ყოვლისა, უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ იკვებებით. ახლა მე თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ოდესმე, თუმცა ვეგანობა ამ მიზნით არ ამირჩევია. მიყვარს ცხოველები და ჯერ კიდევ ბავშვობაში ვთქვი უარი ხორცეულზე. 7-8 წლის წინ კი მეგობრებმა ცხოველთა ექსპლუატაციის თემაზე რეპორტაჟი გამომიგზავნეს და ამან იმდენად იმოქმედა ჩემზე, გადავწყვიტე ვეგეტარიანელობიდან ვეგანობაზე გადავსულიყავი. თუმცა, ჯანსაღი ცხოვრების წესში საკვები მაინც უბრალოდ აისბერგის მწვერვალია. მნიშვნელოვანია ყურადღება დაუთმოთ ფიზიკურ დატვირთვას. მე ბალეტით, პილატესით, ლაშქრობით და იოგას ყველა სახეობით ვარ დაკავებული.
სეირნობთ მთებში?
(რუნი მარა): დიახ, ამერიკაში, სახლის სიახლოვეს ვარ დაკავებული, ხოლო ევროპაში დაუსრულებელი სეირნობა მიყვარს. ზოგადად, ბავშვობიდან ბევრს დავდივარ.
რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა?
(რუნი მარა): ყოველთვის მომწონდა ამის კეთება. ბავშვობაში ძმასთან და დასთან ერთად, შინ სპექტაკლებს ვდგამდით. მუდამ შავ-თეთრ ფილმებს ვუყურებდი. თუმცა, სერიოზულად კინოთი 21 წლის ასაკში დავინტერესდი, როცა პირველად ვნახე ჯონ კასავეტესის ფილმი – „ქალი ზეგავლენის ქვეშ“.
რომელი მომენტი აღმოჩნდა თქვენს კარიერაში გარდამტეხი?
(რუნი მარა): რა თქმა უნდა, ლისბეტ სალანდერის ფილმი „გოგონა დრაკონის ტატუთი“. მას შემდეგ ჩემთვის ბევრი კარი გაიღო, თუმცა ვფიქრობ, ცხოვრების მთავარი როლი ჯერ არ მითამაშია.
კომედიებში არ თამაშობთ. ეს ჟანრი თქვენთან ახლოს არაა?
(რუნი მარა): რატომაც არა? ყველა ჟანრი მომწონს. რა თქმა უნდა, დრამა მიყვარს, რადგანაც მსგავსი ფილმები ღრმად გვეხება და გვაიძულებს დავფიქრდეთ, თუმცა კომედიებიც მნიშვნელოვანია. გარშემო ისედაც უამრავი სირთულეა, ხანდახან აუცილებელია მოვდუნდეთ და გავიცინოთ.
ხოაკინ, თქვენ როდის გადაწყვიტეთ სამსახიობო კარიერას სერიოზულად მოკიდებოდით?
(ხოაკინ ფენიქსი): მეც ბავშვობიდან მომწონდა მსახიობობა. პირველად ეკრანზე 8 წლის ასაკში მოვხვდი, სერიალში „7 პატარძალი 7 ძმისთვის“. მთელი ჩემი ოჯახი ამით იყო დაკავებული. მსახიობთა ოჯახიდან ვარ. თუმცა, თავდაპირველად ამას სერიოზული დატვირთვა არ ჰქონია, ფულის გამოსამუშავებელი საქმე იყო. 15-16 წლის ასაკში კი საერთოდ დავანებე თავი. ამავდროულად, ჩემმა უფროსმა ძმამ, რივერმა გას ვან სეტის ფილმში „ჩემი პირადი შტატი აიდაჰო“ ითამაშა და ბრწყინვალე მომავალს უქადდნენ. მან ერთხელ დამსვა და „ცოფიანი ხარი“ მაჭვენა, დე ნიროს მონაწილეობით. შემდეგ, გამამეორებინა. მეორე დილით გამაღვიძა და ისევ მაიძულა მენახა. „შენ ისევ ითამაშებ! აი, ამას გააკეთებ“, – მითხრა ბოლოს. მას არ უკითხავს, მინდოდა თუ არა ეს თავად. ყოველთვის სწამდა, რომ ცნობილი მსახიობი გავხდებოდი, მასზე უფრო ცნობილი. მაშინ მიკვირდა, ახლა კი ვფიქრობ, როგორ ხვდებოდა, როგორ ჭვრეტდა? მე მისი მადლიერი ვარ ყველა რჩევისთვის და თავს მუდამ მოვალედ მივიჩნევ.
„ჯოკერში“ შესანიშნავად ითამაშეთ, უკვე მიიღეთ „ოქროს გლობუსი“, წინ კი „ოსკარია“. ფილმის რეჟისორმა, ტოდ ფილიპსმა განაცხადა, რომ ეს როლი სპეციალურად თქვენთვის დაწერა.
(ხოაკინ ფენიქსი): მსგავს ფილმში მონაწილეობა ნებისმიერი მსახიობის ოცნებაა. როცა სცენარს ვიღებ, თავდაპირველად მას ავტორთან ერთად განვიხილავ. ავტორს თავისი წარმოდგენა აქვს გმირზე, ის წლობით „ცხოვრობს“ მასთან ერთად და შესაძლოა, მისი ხედვა სცენარისტის ჩანაფიქრს არ დაემთხვას. როცა როლზე თანხმდები, შიშის განცდა გეუფლება, შეძლებ თუ არა ამ წარმოდგენების გამართლებას. უბრალოდ, უნდა უთხრა საკუთარ თავს: „არ შეიძლება იმაზე ფიქრი, ვის მოიაზრებდნენ თავიდან, რას ფიქრობდნენ ნახევარი წლის წინ“, და შვებას იგრძნობ. ტოდის პირადი მიდგომა გმირის მიმართ ძალიან მომეწონა. მას სურდა გადაეღო უნიკალური ფილმი, რომელიც სხვას არ ჰგავს, მაშინ როცა სამყაროში უამრავი ფილმია სუპერგმირებზე.
იმ ფაქტითაც მოვიხიბლე, რომ მან შემოქმედებითი თავისუფლება მომანიჭა, რაზეც ნებისმიერი მსახიობი ოცნებობს. მე არ უნდა დავკვირვებოდი ჩემს წინამორბედებს, არ უნდა მიმებაძა მათთვის. პირიქით – რაც შეიძლება მკაფიო დისტანცია უნდა დამეჭირა მათგან. შემექმნა მხოლოდ ჩემი ჯოკერი. ვაღიარებ, რომ ის ყველაზე რთული როლი იყო ჩემს ცხოვრებაში, რომლის დიდი ნაწილიც გმირში დადებითი საწყისის პოვნას მოვანდომე. ყველაზე საინტერესო იყო მისი ტანჯვა და ბრძოლა ბედნიერების განცდის მოსაპოვებლად; მისი სურვილი, ყვარებოდა ვინმეს, ეგრძნო კავშირი გარესამყაროსთან.