ელენე აბაშიძე ხელოვანი ადამიანების ოჯახში აღიზარდა − დიდი ბაბუის, გენიალური ქართველი მხატვრის, სოლიკო ვირსალაძის მემორიალურ ბინაში. თავადაც, პროფესიის დაკავშირება მხატვრობისთვის სურდა, თუმცა მისი თქმით, იმ დროის საკმაოდ მიზოგინიური ქვეყანა ასეთი არჩევანის გაკეთებას ართულებდა. შემდეგ, ხელოვნების ისტორიის შესწავლა განუხრელად დაისახა მიზნად და 17 წლის ასაკში, იმ დარგში შეაბიჯა, რომელიც აღარასდროს მიუტოვებია.
ჯერ სამშობლოში − თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში დაიწყო სწავლა, გარკვეული პაუზის შემდეგ კი განათლების მიღებას 2012 წელს ლონდონის გოლდმისტის კოლეჯის კურატორობის სამაგისტრო პროგრამაზე შეუდგა.
ბრიტანეთში აღიარებულმა, გამორჩეულად საინტერესო ფაკულტეტმა, მაშინ ელენესთვის საკუთარი მომავლის პროფესიის კონტურები გაამუქა და ისიც აჩვენა, რომ კურატორის სპეციალობა ხელოვნებამდე აყვანილი დარგია. გამოცდილებასთან ერთად, ფაქტი მეტი ენთუზიაზმის წყაროდაც იქცა და დღესაც, კოლეჯთან ურთიერთობა არ შეუწყვიტავს. უბრუნდება სასწავლო საგნებსა და მასალას, და მუდმივ მოსწავლედ ყოფნა შესაძლოა სწორედ ის ფორმულაა, რომელსაც ელენესთვის წარმატება მოაქვს.
OK!-ის ელენე აბაშიძე საინტერესო გამოცდილებისა და მისეული ცხოვრების ასპექტების შესახებ უამბობს. ამასთან ერთად, შევიტყობთ იმ დღესასწაულის შინაარსსაც, რომელსაც ელენე, როგორც კურატორი, მალე დედაქალაქს შესთავაზებს.
ელენე, რას მიიჩნევთ თქვენი პროფესიის ყველაზე საგულისხმო დეტალად, რომელშიც საკუთარ თავს, ხასიათს ხედავთ. ხვდებით, რომ ამ მიზეზით დაუკავშირეთ ცხოვრება თქვენს საქმეს?
მეგობრები ხშირად ხუმრობენ, თუ რამდენად სწორად შევძელი, შემერჩია პროფესია ჩემი ხასიათიდან გამომდინარე.
ბავშვობიდან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი სახეების გაცნობა, თავშეყრის ადგილები და შესაკრებად მიზეზის შექმნა. კურატორის ამოცანაც ეს არის.
მახსოვს, 2013 წლის სტამბოლის ბიენალეზე ბრიტანელ ხელოვან ნათან ქოლის ნამუშევარი − Gathering of Strangers ვნახე. ტექსტზე დაფუძნებული ეს ნამუშევარი მრავალი სახის წაკითხვის საშუალებას აძლევდა მნახველს. ჩემში გამოწვეულმა აღტაცებამ მიმახვედრა, რომ სწორედ უცნობი ადამიანების ერთად შეკრებაში იბადება ის სოლიდარობა, ერთიანობა და სასწაულის განცდა, რომელიც მიყვარს და რომლის შექმნისკენაც ვისწრაფვი.
ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მრავალმხრივი გამოცდილება გაქვთ. რამ მოიტანა ეს? როგორ ფიქრობთ, რა აჩენს თვითგანვითარების ამ მუხტს?
საინტერესო შეკითხვაა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა გიპასუხოთ. ვფიქრობ, როდესაც საკუთარი საქმე გიყვარს, მას თავად მიჰყავხარ სწორ ადგილას. მე გამუდმებით ვმუშაობ. რაღაც გამოდის, ზოგჯერ უფრო მეტი რამ არც გამოდის, მაგრამ მუშაობა უწყვეტი პროცესია.
როგორი იყო მუშაობა პრეზიდენტთან? როგორი იყო საქმიანობა, და მისი აზარტული ასპექტები?
გიორგი მარგველაშვილთან მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ვიმუშავე პრეზიდენტის მრჩევლად, კულტურის საკითხებში. ძალიან საინტერესო საქმიანობა აღმოჩნდა და ბევრ საკითხს უფრო ახლოდან გავეცანი. თუმცა, სამი თვის თავზე მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე და მალევე მივუბრუნდი ჩემს უშუალო პროფესიას − კურატორობას.
ძალიან საინტერესო გამოცდილება გახლდათ. ვიტყოდი, რომ გიორგი მარგველაშვილს კეთილი ნება ამოძრავებდა, თუმცა რთული კანონმდებლობიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ფონდს ბევრის გაკეთების საშუალება არ გააჩნდა, რაც ხელს უშლიდა იმ მიზნების განხორციელებას, რის გამოც მიმიწვიეს.
მრჩეველობის გარდა, პრეზიდენტთან ვიმუშავე თანამედროვე ხელოვნების ჯგუფურ გამოფენაზეც, სახელწოდებით „ფოლადის ძაფივით“, რომელიც რამდენიმე თანამედროვე ხელოვანის, ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ოცამდე სტუდენტის, აბრეშუმის მუზეუმის საკოლექციო არეტფაქტებსა და ვერა ფაღავას ნამუშევრებს აერთიანებდა. აქ ვერა ფაღავას დანატოვარი პირველად წარდგა თანამედროვე ქართველ ხელოვანთა გვერდით. გამოფენის კონცეფცია ფაღავას შემოქმედებას მოიაზრებდა, როგორც თანამედროვე ქართული ხელოვნების ჯერ დაუკანონებელ საწყისს და მას პირველ ქართველ ქალ აბსტრაქციონისტად წარმოგვიდგენდა.
სამწუხაროდ, იმდროინდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, გამოფენა მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა. გადაწყვეტილება პრეზიდენტის სასახლეში ფორს-მაჟორულმა სიტუაციამ გამოიწვია.
ამჟამად რითი ხართ დაკავებული? რას საქმიანობთ?
დიდხანს ვმუშაობდი დამოუკიდებელ კურატორად, რაც დღემდე ჩემი საყვარელი საქმეა. დარგი საჯარო გამოფენების მოწყობას, საზოგადოებას ემსახურება და არა კონკრეტულ ხელოვანს, რაც მაგალითად, გალერეასთან თანამშრომლობის შემთხვევაშია ხოლმე ხშირი. მაგრამ საქართველოში ეს სპეციალობა ნაკლებად დაფასებულია, რაც მუშაობას ართულებს. ამიტომ, გავხსენი საკუთარი გალერეა − „ე.ა. საგამოფენო სივრცე“. გალერეას საკუთარი წიგნის მაღაზიაც აქვს. ჩვენი მიზანია, მალე პატარა სახელოვნებო ბიბლიოთეკაც გავხსნათ.
ჩემთან მუშაობენ საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდები: თორნიკე გოგნაძე, გვანცა ჯგუშია, ნინა ბახტაძე, ალექსანდრე ბეგლარიშვილი და ზიზი ადამია.
ჩვენი პროგრამა ძირითადად ფემინისტურ პოზიციებს ემყარება, ასევე სახელოვნებო პრაქტიკისგან შედგება, რომელთაც მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ხასიათი აქვს.
ჩემი მეორე მიმდინარე პროექტია ჟურნალი „დანართი“. ის ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 2011 წელს დავაარსეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, დღეს კი უფრო აქტიურად − წელიწადში 3 ნომერს ვუშვებთ. ფინანსურად მხარში გვიდგას შვეიცარიული ინსტიტუცია − „კუნსტჰალე ციურიხი“.
„დანართი“ ერთადერთი ქართული, ორენოვანი პერიოდული გამოცემაა, რომელიც ვრცელდება საზღვარგარეთ. ასეა უკვე 2016 წლის შემდეგ. ჟურნალის ნახვა შესაძლებელია ნიუ-იორკის, ლონდონის, ბერლინის, პარიზისა და ციურიხის სახელოვნებო წიგნის მაღაზიებსა და ინსტიტუციებში. წელს უკვე მეორედ ვიღებთ მონაწილეობას ნიუ-იორკის Printed Matter Art Book Fair-ზე, რომელიც დასავლეთში ყველაზე მასშტაბური სახელოვნებო წიგნის ბაზრობაა და ყოველწლიურად ტარდება ნიუ-იორკის MoMA-სა და ლოს-ანჯელესის MoCA-ში. წელს, პანდემიიდან გამომდინარე, ბაზრობა პირველად იმართება ვირტუალურად. „დანართი“ კი ერთადერთი ქართული გამოცემაა ბაზრობაზე და მათ არქივში.
როგორია ცხოვრება კარიერის მიღმა? გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც თქვენს ყველა წარმატებას განსაკუთრებით გულშემატკივრობენ.
ჩემი ოჯახი და ჩემი საქმე ერთმანეთზეა გადაბმული. ჩემი ქმარი ხელოვანია. უპირველესად, ალბათ, ის და ჩვენი ბავშვები არიან ჩემი გულშემატკივრები, რომლებიც მუდამ ჩართულნი არიან ჩვენს სამუშაო პროცესებში.
ჩემი შვილები ხშირად დამყავს გამოფენებსა და საქმიან შეხვედრებზე. ჩემი მშობლები და მათი მშობლები, განსაკუთრებით კი ჩემი გამზრდელი ბებია, მკაცრი კრიტიკოსები და ჩემს საქმეში ძალიან კომპეტენტური რჩევის გამზიარებლები არიან. გავიზარდე სოლიკო ვირსალაძის მემორიალურ ბინაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვობიდან ვუვლი ხელოვნებას და ვირსალაძის დანატოვარს. ალბათ, აქედან გამოვიმუშავე სხვისი ხელოვნების დაფასებისა და კონსერვაცია/პრეზენტაციის ჩვევები.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩემი გალერეა ბაზელის ხელოვნების ბაზრობა Liste-ზე ახლახან მიიღეს, სადაც ახალგაზრდა ხელოვან სალომე დუმბაძის ნამუშევრებს წარვადგენ. Liste ახალგაზრდა გალერეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბაზრობაა ევროპაში. სახელოვნებო ბაზრობებზე ხშირად არ ვიღებ მონაწილეობას, აქ პირველად შევიტანე განაცხადი და მიგვიწვიეს, თანაც − სპეციალური შემოთავაზებით. სალომე დუმბაძეს სექტემბერში პირველად ექნება სოლოპრეზენტაცია საქართველოს საზღვრებს გარეთ, პირდაპირ Liste-ზე.
სხვა გეგმები კი მოიცავს რამდენიმე დამოუკიდებელ საკურატორო პროექტს. ერთ-ერთი მათგანი ჩემს ოჯახს უკავშირდება და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რაც წლების განმავლობაში გამიკეთებია. საუბარია ჩემი ბაბუის − სოლიკო ვირსალაძის პერსონალურ გამოფენაზე. ვირსალაძის გამოფენა ამ მასშტაბით ბოლოს 1999 წელს ჩატარდა თბილისის ეროვნულ გალერეაში. მაშინ თორმეტი წლის ვიყავი და მახსოვს, როგორი ენთუზიაზმით ვაკვირდებოდი გამოფენის ორგანიზებას. ეს ძალიან სასიხარულო და ამავდროულად, საპასუხისმგებლო პროექტია ჩემთვის. მიხარია, რომ მარტო არ ვარ და ძალიან სწორად შერჩეული, ძლიერი გუნდი იმუშავებს პროექტზე. ჩვენს გენერალურ სპონსორსაც ფაქიზი მიდგომა აქვს ამ საქმისადმი. დაგველოდეთ, წელს საოცარი ზეიმი ელოდება თბილისს!
ტექსტი: ელენე ბერიძე
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი