საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ დამფუძნებელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
როგორ დაიწყეთ ბიზნესი? რა გახდა ბიძგი და რა იქცა ინსპირაციად?
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კლინიკური და პედაგოგიური საქმიანობა ერთდროულად დავიწყე. ახალგაზრდა პედაგოგი, ძალიან ბევრს ვმუშაობდი სტუდენტებთან და ამავდროულად, მათთან ერთად თვითგანვითარებაზე ვზრუნავდი. საკუთარ თავზე მუშაობის უნარმა შექმნა ჩემი წარმატების საფუძველი. ასე გავიდა საინტერესო და საკმაოდ ნაყოფიერი წლები… და როცა მივხვდი, რომ შესაბამისი კლინიკური და პედაგოგიური გამოცდილება დავაგროვე, გადავწყვიტე საინტერესო და ფასეული პროდუქტი შემექმნა ისეთი ორგანიზაციის სახით, რომელიც მოემსახურებოდა როგორც პაციენტებს, ისე პოსტდიპლომური განათლების სტუდენტებს და ექიმებს. შესაბამისად, დავაფუძნე სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“. ჩემმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ პედაგოგიურ და კლინიკურ საქმიანობაში, ჩვენი ცენტრის მაღალტექნოლოგიურმა აღჭურვილობამ, გამოცდილ მაღალკვალიფიციურ კადრებთან ერთად სწორად შერჩეულმა ნიჭიერი ახალგაზრდების გუნდმა, ახლად შექმნილი მრავალფუნქციური ცენტრის განვითარების სწრაფი ტემპი, საერთაშორისო აღიარება და წარმატება მალევე განაპირობა.
ბიზნესსაქმიანობის პარალელურად, მუდმივად ვიყავი საზოგადოებრივი საქმიანობით დაკავებული, ვხელმძღვანელობ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას და წარმოვადგენ მას სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პარლამენტში, არჩეული ვარ ფედერაციის ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრად.
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრასაც ვხელმძღვანელობ. ფაკულტეტის გუნდმა პროგრამა განვაახლეთ, შესაძლებლობა მქონდა, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება გამეანალიზებინა, გადამეფასებინა და პროგრამაში ახალი, ფასეულობებზე დაფუძნებული ნოვაციური მიდგომები, ხედვა და სწავლის მეთოდები ყველა იმ თანამედროვე მიდგომებთან ერთად დაგვენერგა, რომელიც მსოფლიოში არსებობს.
რა სახის სირთულეები შეგხვდათ წარმატების გზაზე?
ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი წინააღმდეგობების ტოლფასი იყო. წინააღმდეგობების, გაწბილებისა და ბევრი სირთულის მიუხედავად, ამ საკითხზე საუბარი არ მიყვარს, რადგან ყოველივე ეს უკვე წარსულია და მიმაჩნია, რომ რეალიზებული ადამიანისთვის წარსულის ბარიერებზე საუბარი არ ღირს. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ დიდი შრომისა და ბრძოლის ფასად მოვაღწიე.
რა გასწავლათ გამოცდილებამ?
მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა, წარმატებული ადამიანის საქმიანობის რეალურ შედეგებს განაპირობებს.
ცხოვრებისგან მივიღე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია: ღირსეულად გადაიტანე დამარცხების წუთები და ყველაფრის მიუხედავად, კიდევ ერთხელ მოსინჯე საკუთარი ძალები; წარუმატებლობამ არასდროს დაგაფრთხოს, პირიქით − ეს დიდ გამოცდილებად ჩათვალე. არ უნდა შეშინდე და საჭიროა, პოზიტიურად შეხედო წინააღმდეგობებს. მუდმივად უნდა იმუშავო თვითგანვითარებაზე.
ისე, როგორც ყველგან, ჩემს პროფესიაშიც ძალიან დიდი კონკურენციაა, მაგრამ ამავდროულად, უზარმაზარი შესაძლებლობებიც. აუცილებელია, ისინი მაქსიმალურად გამოვიყენოთ და მზად ვიყოთ სიახლეების მისაღებად. შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით, ყველა სიმაღლის დაპყრობაა შესაძლებელი.
ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც რთულ გზაზე მხარს გიჭერდნენ?
ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები. უპირველესად, ჩემი მეუღლე, რომელიც ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას ჩემს ხელშეწყობას და გამხნევებას ცდილობს.
ვინ არის თქვენი როლ-მოდელი?
ჩემი ოჯახის ქალები − დედა და ბებია. ბებია 103 წლის ასაკში გარდაიცვალა და სიცოცხლის ბოლომდე სამაგალითო ადამიანი და ღირსეული ქალი იყო.
რას ნიშნავს თქვენთვის ბიზნესასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრობა?
ამ ასოციაციის წევრობა ჩემთვის დიდი პატივია და ვცდილობ მასში საკუთარი, როგორც ერთი ქართველი ქალის, მოკრძალებული წვლილი შევიტანო. ქალების გაძლიერება და მათი წახალისება ჩვენი პრიორიტეტია.
რას უსურვებდით/ურჩევდით ქალებს, რომლებსაც ბიზნესის დაწყება სურთ?
ფასეულ დროს ნუ დაკარგავენ დოვლათის ძიებაში. მხოლოდ ფაქიზად, სიყვარულით შერჩეულ საქმეს შეუძლია სიმშვიდის, კმაყოფილებისა და მათ შორის, დოვლათის მოტანა.
როგორ ხედავთ საკუთარ თავს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში?
სამოქალაქო საზოგადოება, უპირველესად, თანმხვედრ ღირებულებათა გარშემო უნდა გაერთიანდეს, რამაც თავისთავად, საზოგადოების განვითარების მთავარი ვექტორები უნდა შექმნას. მათ, ისევე, როგორც საკუთარ თავს, ზემოთ ხსენებულ ღირებულებებზე დაყრდნობით ფორმირებულ საკითხთა გავრცობა-ადაპტირებაში მოვიაზრებ, პროფესიულსა თუ საზოგადოებრივ სივრცეებში, მედიისა თუ პირადი ურთიერთობების მეშვეობით. საზოგადოების წევრთა ასეთმა მიდგომამ, სათანადო ცოდნასა და გამოცდილებაზე დამყარებით, ვფიქრობ ჯანსაღი ხიდის როლი უნდა შეასრულოს ჩვენს მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის, რაც ასე საშურია კარს მომდგარი გლობალური სამყაროს შენების პროცესში.
როგორია თქვენი დღის განრიგი? როგორ გეგმავთ კვირას, თვეს? როგორ ანაწილებთ დროს საქმიანობასა და ოჯახზე?
იმისათვის, რომ დღევანდელი ცხოვრების ტემპს ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში ფეხი აუწყო, საჭიროა დროის სწორი გადანაწილება. მე დროის კონტროლი ადრეულ ასაკში დავიწყე − ცხოვრების წესისა და ინტერესებისამებრ ვგეგმავდი ჩემს საქმეს და შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიწყებდი მის შესრულებას.
ადამიანები ხშირად წუწუნებენ, რომ ვერ ასწრებენ საქმის დროულად გაკეთებას, არ რჩებათ დრო არა მხოლოდ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც. მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც ცდილობენ ყველაფერი მოასწრონ. იმისათვის, რომ დრო სწორად გადაანაწილო, მნიშვნელოვანია პრიორიტეტების დასახვა. ყოველდღიურად, უამრავი საქმე მაქვს და ყველა მათგანს პრიორიტეტების მიხედვით ვალაგებ და ვგეგმავ. თუმცა ჩემს საქმიანობაში ისეთი პერიოდებიც არსებობს, როცა პრიორიტეტი მხოლოდ ერთია.