ცხადია, კითხვა ყველა დროის თანამდევი უნდა იყოს, მაგრამ განცდის აზრით, ჩემთვის წიგნთან კავშირი მაინც ზაფხულის საქმეა. შეიძლება ეს განცდა ბავშვობისას, არდადეგებმა შვა, როცა ტექსტთან მეგობრობა სავალდებულო კი არა, სასიამოვნო უფრო იყო და ამ ინერციით მოგვყვება.
მგონი, სწორედ ესაა მიზეზი – მეტი მოცალეობა. გმირებთან გარე ფიქრის გარეშე რჩები, გარემო არ გაიძულებს, ფურცლებზე მოგზაურობისას ფიქრი გახლეჩილი გქონდეს და მთლიანად ნაწარმოების ნაწილი ხდები.
ბევრ ჟანრში ვმონაწილეობ და ყველგან სხვადასხვაა. პროზაში სხვა ადამიანი მაინტერესებს და მიბიძგებს, პოეზიაში – საკუთარი თავი, ზღაპრების წერისას – ორივე.
სანამ ადამიანს ექნება ფლობის ვნება, დანაღმული ნივთის განცდის მეხსიერებით – რაც გკარნახობს ტექსტის გარდა – იმ დროს, გარემოს, ადამიანებს, მოვლენებს, როცა კონკრეტულ წიგნს კითხულობდი და მისი დანახვისას ამ ყველაფერს გახსენებს – ბეჭდური წიგნი ცოცხალი იქნება.
წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, აქამდე დაგროვილ გამოცდილებათა საკუთრად ქცევის ამბავი. წიგნია ის „რაზეც ვდუმვართ“, ანუ ჩვენ ვართ წიგნი – ფოლკნერისა არ იყოს. და წიგნი, გარდა ტექსტისა, არის ნივთი, რომელიც მეხსიერების მნიშვნელოვანი ნაწილია – ვინ გაჩუქა, რატომ გაჩუქა, როდის კითხულობდი, სად ინახავ, ვინ გახსენდება… და წიგნი არის მასზე გაკეთებული წარწერაც და ეს წარწერა შეიძლება ცალკე წიგნი იყოს.
მოდი, მარო მაყაშვილის დღიურებს გირჩევდით. ახლახან გამოსცა „პალიტრა L“-მა. თუ რატომ – დიდი ახსნა არ სჭირდება.
„პალიტრა L“-ს 20 წლის იუბილე მინდა მივულოცო და ვუსურვო, კიდევ ბევრი ხარისხიანი წიგნი შემოეთავაზებინოს, ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმეა, რასაც მთელი დეკადაა საუკეთესოდ უძღვება იუბილარი.