არის ქალაქები, რომლებიც კონკრეტულ ადამიანებთან ასოცირდება, ადამიანებთან, რომელთა გარეშე, თვლი, რომ ისეთი ფერი, ენერგია და სული აღარ ექნებოდა ქალაქს, როგორც მანამდე. ბათუმი, პოეტ ვახტანგ ღლონტის, მისი პოეზიის გარეშე, ნამდვილად არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ბედნიერი მაშინაა, როცა სევდიან ლექსებს წერს. თვლის, რომ სევდა სიხარულზე ბუნებრივი ემოციაა, რომ სიხარული ხანმოკლე შესვენებაა ხანგრძლივ ტკივილებს შორის. მღელვარე გზით მოვიდა დღემდე, ბევრჯერ ეტკინა, ბევრჯერ ატკინეს, მაგრამ არასდროს დაუხევია უკან, არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა ქვეყნისა და თავისი საყვარელი ხალხის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, უკეთესი მომავლისთვის.
OK! ბათუმის ფურცლებიდან გაეცანით ინტერვიუს, რომელიც უფრო ახლოს გაგაცნობთ ძალიან დიდ პოეტსა და ადამიანს, ვახტანგ ღლონტს.
როგორ დაიწყო ყველაფერი… თქვენს ბავშვობაზე და ოჯახზე მოგვიყევით…
ყველაფერი დაიწყო ფათერაკიანი გენეტიკით, რომელიც შეიძლებოდა ჩემამდე არაერთხელ გაწყვეტილიყო… ღირსებიანი ხალხით, საკუთარი ნების მიუხედავად, რომ ვერ შეიყუჟენ რიგითი ადამიანის ტყავში და ამქვეყნიურ ბოროტებას მეორე ლოყა ვერ მიუშვირეს… ბაბუაჩემს ჩამოხრჩობა ჰქონდა მისჯილი მეფის დროს და სტალინთან ერთად იჯდა… გაიქცა, მაგრამ ისევ დაიჭირეს და „დიდი ოქტომბრის რევოლუცია“ რომ არა, მე დღეს ამ ინტერვიუს ვერ მოგცემდით… მამასაც მძიმე ბავშვობა ჰქონდა და კიდევ უფრო მძიმე ახალგაზრდობა… მან ღირსებითა და სახელით განვლო ამქვეყნიური ჯოჯოხეთის ყველა სკნელი, სადაც ბევრი სხვა გატყდა, ამიტომაც ძალიან უყვარდათ და პატივს სცემდნენ და არამხოლოდ ბათუმში… უნიჭიერესი კაცი იყო, წიგნიერი, თუმცა უკვე სამი შვილის მამა გახლდათ, როცა ოფიციალურად „ისწავლა“ და დიპლომი აიღო… ისეთი სამსახური ჰქონდა, სადაც „გაკეთდა“ ხალხი, მას კი, მოკრძალებულ ხელფასს იქით არასდროს გაუხედავს… მაშინ მარტივად ვცხოვრობდით ყველანი, დალხენილი ოჯახი ცოტა იყო… ჩვენც ბევრი რამ გვაკლდა, ერთადერთი, რაც მოჭარბებით გვქონდა, სიყვარული იყო და გაჭირვებაში ერთმანეთის გვერდით დგომა, ჩვენს ღირსებად და მოვალეობად მიგვაჩნდა… მე მესამე ვიყავი, ჩემი და-ძმის შემდეგ… ახლა დავაფიქსირე პირველად, აქამდე ინტერვიუებში არასდროს მიხსენებია დედა ან და, რადგან ჩემი სახლიკაცების ცხოვრება უფრო საინტერესო იყო და მიმზიდველი, ამიტომაც, ალბათ, როგორც იმ ჰაერზე არ ფიქრობ, რომ სუნთქავ და გაცოცხლებს… განსაკურებული იყო მათი ჩვენდამი თავგანწირვა, რადგან მშვიდი ახალგაზრდობა არც მე და ჩემს ძმას გვქონია…
ბავშვობიდან რომ დაგიძახონ „დაბრუნდი უკან!..“
მისაგნებ ადგილს თუ გაქვს მაინც წარსულის რუკა.
ღირს კი, ვიხსენებ წუთისოფლის მწარე აბრუნდებს…
მე პირადად „პას“… ვისაც უნდა, დაე დაბრუნდეს!…
„როცა თბილისში წვიმს“… თქვენ და დედაქალაქი… ვიცით, რომ იქ იცხოვრეთ და მაინც ბათუმს დაუბრუნდით, რა ხდებოდა მაგ პერიოდში საინტერესო?
ვინც ბათუმში წერს, ბათუმელებისთვის წერს… ვინც თბილისში წერს, ის მთელი საქართველოსთვის… ყოველ შემთხვევაში, ჩემს ახალგაზრდობაში ასე იყო, როცა ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი „ფეისბუკი“ არ არსებობდა და მწერლის ყოფნა-არყოფა მის დაბეჭდვაზე იყო დამოკიდებული, რასაც უამრავი ხელისშემშლელი მიზეზი ჰქონდა – ობიექტიურიც და სუბიექტურიც… მწერლობაში ერთხელ შესვლააა ჯოჯოხეთი, მე კი ამის გაკეთება ორჯერ მომიხდა… ჯერ თბილისში მოვეწყვე მაშინდელ სულხან-საბაში და მამის გარდაცვალების გამო ბათუმში გადმოვედი, პირველივე კურსიდან… მანამდე შოთა ნიშნიანიძემ ნახა ჩემი ლექსები და განსაკუთრებული სიტყვები შემოუთვალა მამაჩემს, რომელსაც იცნობდა… ბათუმში და თბილისში – „ჭოროხსა“ და „მნათობში“ თითქმის ერთდროულად დავიბეჭდე. მერე მურმან ლებანიძე ჩამოვიდა ჩვენთან და ოჯახში მესტუმრა, „მნათობის“ რედაქციაში უნახავს ჩემი ლექსები და თბილისში დაბრუნება შემომთავაზა, რაზეც მაშინ უარი ვუთხარი, თუმცა თერთმეტიოდე წლის შემდეგ მაინც მომიხდა გადასვლა, როგორც თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტს,- ორი შვილის მამა და სამი წიგნის ავტორი გახლდით მაშინ… ძალიან გამიჭირდა ცხოვრების თავიდან დაწყება… ბევრი რამ იყო… ყველაფერი ჩვენს დროს მოხდა… აპოკალიფსის წინარე რეჟიმში ვიცხოვრეთ თითქოს… ჩვენ ვართ ნანგრევებში მოყოლილი თაობა… მახსოვს, როცა „ლიტერატურულ საქართველოში“ ჩემი „ბებერ პოეტებს“ დაიბეჭდა, ლამის მთელი უფროსი თაობა მოვიმდურე მაშინ…
არ დამავიწყდება მაყვალა გონაშვილის გვერდში დგომა, საოცარი მეგობრობა იცის და არაერთხელ დასჯილა სწორედ საკუთარი სიკეთის გამო… ერთხელაც, როცა მის მიერ ასჯერ გადარჩენილი ხალხი ისევ უპირებდა ჩაძირვას, ვკითხე -„რად გინდა ამ საგიჟის დირექტორობა?!..“ ასე მიპასუხა – „მწერალთა შენობა ჩემი თავმჯდომარეობის დროს წაიღეს და მინდა დავაბრუნებინო… მერე კი აქ ერთ დღესაც არ გავჩერდები“-ო… 17 წელი დავყავი თბილისში, თუმცა წვიმიანი დღეები არ მეთვლება, რადგან „როცა თბილისში წვიმს, მე ჩემს ბათუმში ვარ…“ ისე, ბათუმიდან ვერსად წახვალ, უბრალოდ, თოკი, რომლითაც „დაბმული“ ჰყავხარ, გრძელდება და მოკლდება… როცა ნამდვილი აღიარება დაიწყო, სწორედ მაშინ დავბრუნდი ბათუმში და ესეც ბედისწერა იყო, ალბათ!..
მწერალთა კავშირი, როგორ ფიქრობთ, აუცილებელია მისი არსებობა, თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით ვინც მანდატი დაწვა, რამდენად რთული იყო მაშინ საკუთარი სახელის ამოტვიფრვა ქართულ პოეზიაში.
რაღაც მსგავსი აუცილებლად უნდა არსებობდეს, რადგან მწერალი საქართველოში კიდევ დიდხანს ვერ ირჩენს თავს თავისი წიგნებით, რომელსაც ჯერ გამოცემა სჭირდება და მერე იმდენად შეძლებული მკითხველი მაინც, ვისაც წიგნის შეძენის სურვილთან ერთად, საამისო ფულიც ექნება… მწერალს (ადამიანს) წიგნების გარდა, ელემენტარული საარსებო მინიმუმიც ხომ სჭირდება… უნდა იყოს, მაგრამ არა ისე, შედარებით მომძღარ მამებს მშიერი შვილებიც შემოეჭამოთ, რასაც არაერთხელ შევსწრებივარ და ამიტომაც დავწვი ახალგაზრდობაში მწერალთა კავშირის მოწმობა და წლების განმავლობაში აღარც ვიხედებოდი იქითკენ…
სასულიერო აკადემიაშიც იმიტომ ჩავაბარე, რომ თავი დამემარხა, მწერლის და მწერლობის გაგონებაც კი არ მსურდა… სწორედ მაყვალა გონაშვილმა – „ამომთხარა“, ადრეაო ჯერ შენი სიკვდილი და ბოლოს ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილი აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობაც მთხოვა, რადგან შენობა შეიძლებოდა გაეყიდათ… ჩვენც – ორ-სამ კაცს, მართლაც მოგვიხერხდა, არ გავაყიდინეთ და დღეს ახალგაზრდა მწერლებს მშვენიერი და გარემონტებული სახლი აქვთ… როგორი ძმა ვიყავი და როგორი თავმჯდომარე, დაე სხვებმა თქვან… მე კი, ვადაზე ადრე წამოვედი, რადგან მომეჩვენა, რომ ჩემი მისია ამ პოსტზე ამოვწურე!
„დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია“ გალაკტიონის ეს სტრიქონები თუ ვინმეს შეეფერება, ერთ-ერთი თქვენ ხართ, 14 აპრილზე რომ მიგვიყვეთ…
რაც 14 აპრილს დედაქალაქში იყო… ჩვენთან ბათუმში 1978 წლის 26 მაისს მოხდა იგივე, რადგან აჭარა სწორედ ამ დღეს იღებდა თავისი კონსტიტუციის ახალ პროექტს… ამაზე არაერთხელ თქმულა… მახსოვს ის დილა, როგორ დავტოვე აუდიტორია დემონსტრაციულად და დავდექი უნივერსიტეტის წინ… ფანჯრებიდან სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებელთა შეშფოთებული მზერა არ მავიწყდება… გარკვეული დროის შემდეგ ჯერ ერთი შემომემატა (ნუგზარ მგელაძე) და ნელ-ნელა სხვებიც… თავიდან ცოტანი… მთავრობის სახლისკენ რომ დავიძარით, დღის ბოლოს, ათასობით ვიყავით… მიხარია, რომ იმ დღეს ჩემი ქალაქი და კუთხე არ შერცხვა დანარჩენი საქართველოს წინაშე, არადა, წინა დღეებში სასტიკად გვემუქრებოდნენ ადგილობრივი პარტიული ბოსები… სიმართლე გითხრათ, უფრო დიდი საშიშროება, პირადად ჩემთვის, როცა აქცია დამთავრდა, იმ წუთიდან დაიწყო და ვიდრე საბჭოთა კავშირი არ დაიშალა, მანამდე არ დასრულებულა,- ვგულისხმობ, ხელის შეშლას, წიგნების გაჩერებას და მრავალნაირ პროვოკაციას…
„აქ შეუყენეს ჩემი ძმა, ბევრჯერ გოლგოთის გზას“, დედმამიშვილური სიყვარული ბუნებრივია, მაგრამ თქვენს ძმას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში… რატომ გოლგოთის გზა? მამა ნიკოლოზზე გვიამბეთ…
ორწლინახევრით უფროსია, რატომღაც, სულ, ბევრად უფროსი ეგონათ ჩემზე, რადგან მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ის იყო, ფაქტობრივად, ჩემი პატრონი… ძალიან ახალგაზრდა იყო მცხეთის სასულიერო სემინარიაში რომ ჩააბარა, დაწვა თავისი იშვიათი ლექსები და ნოველები და ბერად შედგა, ეს კი სიგიჟედ ითვლებოდა მაშინ… მე ვიზრდებოდი მის ტანსაცმელში, მისი წიგნებისა და მეგობრების გარემოცვაში… ჩემი ახლო მეგობრები დღემდე თვლიან, რომ ქართულმა მწერლობამ მისი სახით უნიჭიერესი კაცი დაკარგა… მე, უბრალოდ, ვბაძავდი მას, ეს იყო და ეს… მახსოვს, როცა ილია მეორე პატრიარქის რანგში პირველად ჩამოვიდა აჭარაში, მოვატარეთ აჭარა-გურია და როცა გავაცილეთ, მეორე დღეს ჩემი ძმა დააპატიმრეს… რა ფორიაქი და გულისხეთქვა გადავიტანე, არ მოვყვები… და ეს არ ყოფილა ერთჯერადი აქტი… ხან მას უჭირდა, ხან მე და უფრო ხშირად ორივეს ერთად… მაშინ, ღმერთის გარდა არავინ იყო ჩვენი პატრონი… იქამდე მიგვიყვანეს, აჭარის „კაგებეში“ ჩვენი ფეხით მივედით ხატებით ხელში და იქვე მდგარ ლენინის ბიუსტს რიგრიგობით გავულაწუნეთ სახეში… პირდაღებულები იყვნენ და არ გაახმაურეს, სამსახური რომ არ დაეკარგათ… გამსახურდიაც და კოსტავაც და ბევრი სხვაც, სწორედ მასთან (ჩვენთან) ჩამოვიდნენ სულ პირველად ბათუმში… სწორედ ისაა, ვინც დალოცა პირველად გრანდიოზული ანტისაბჭოური მიტინგი თბილისის იპოდრომზე და მეც იქ ვიყავი, რა თქმა უნდა… უნდა გამოვსულიყავი კიდეც სიტყვით, მაგრამ უცებ, რატომღაც ფეხები გამეყინა და იქედან პირდაპირ ექიმებთან გამაქანეს… ბევრი რამ იყო და ეს პატარა ინტერვიუ მოსაყოლად არ გვეყოფა…
ვიცით, რომ წლებია პოემაზე მუშაობთ, ხომ არ აპირებთ დასრულებას, თუ გაქვთ მოფიქრებული სათაური და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს წიგნი თქვენი მკითხველისთვის, როცა მზის სინათლეს იხილავს…
უკვე ლაპარაკიც აღარ მინდა… ის ყველაფერია ჩემთვის… 1996 წლიდან ვწერ, ნაწილი 2002 წელს „ცისკარში“ დაიბეჭდა და ბევრი ზეაღმატებული სიტყვა ითქვა ჩემი კოლეგებისა და მკითხველებისაგან. „ნოსტალგია მეორე ადამზე“, ანუ ქრისტეზე – ესა არაა შეხვედრის წიგნი, ეს უფრო გამოთხოვებაა… დიდია ფორმატით და ძალიან ცოტა დამრჩა და სწორედ ეს „ცოტა“ გამოდგა ყველაზე ძნელი, რამდენიმე წელიწადი გაჩერებული ვარ… ღმერთი, ალბათ, მომცემს ძალას, რომ ჩემით დავსვა წერტილი!..
როგორია ნამდვილი ბათუმი, რა შეიცვალა თქვენს საყვარელ ქალაქში, რა მოგწონთ და რაზე გწყდებათ გული?
აგურს აგური, სართულს სართული –
დაედება და დაეშენება;
ერთ დღეს ვერ იცნობს ბათუმს – ბათუმი, გაუცხოვდება ძველი მშვენება.
გავუცხოვდები, მეც, ჩემს ბათუმთან,
გადავიქცევი ამბად, არაკად,
მე რომ ვყვიროდი – სუყველა დუმდა,
დღეს, ყველა ერთად ალაპარაკდა.
თუმც, კვლავ მალავენ, მთავარ იარას,
მე კი, თავმკვდარმა, რა გიჩურჩულო;
ე, ბიჭო – „მგელი მოდის“ კი არა,
უკვე მოსული არის… ურჯულო!
შენ კი, დაბალი ღობის ძებნაში,
ისევ და ისევ მე მომადექი;
ეგ სიტყვაც – ძმისთვის იყოს ზედაშე,
მტრისთვის კი, თუგინდ, ელვის ნატეხი.
ოღონდ, ეგ მტერი უფრო ვინაა –
მტერი შინა თუ მტერი გარეთა,-
თქვენ გაარკვიეთ… მე გზა წინა მაქვს,-
კართან, საუფლო, მიცდის კარეტა!..
ვახტანგ ღლონტი
13 მაისი, 2019 წელი
პოეზია, როგორია დღეს იგი, არის თუ არა საიმედო ის თაობა, რომელიც მოდის, რა რჩევას მისცემდით მათ?
პოეზია ზუსტად ისეთია, როგორი პოეტებიც ჰყავს ქვეყანას… პოეტები კი სულ იყვნენ, არიან და იქნებიან ხვალაც… და თუ აღარ იქნებიან, ეს იქნება აპოკალიფსის წინა დღე, წინაპირობა… თუმცა ეს დროა (ჩვენი, დღევანდელი) არაა მოძღვრისა და მრჩევლის… მთავარი მრჩეველი, ადრე რომ რუსი იყო და ახლა სხვაა, ჩვენს სასიკეთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გვირჩევს თუ ამით ორმაგად იხეირებს თავად… მიამიტების ადგილი პოლიტიკაში ნაკლებადაა… რაც შეეხება ახალ თაობას, კარგა ხანია კეთილი მწყემსის გარეშეა იგი და, როგორც მგელმა ჩაანაცვლა ბებია „წითელქუდაში…“ვართ ასე,- მხსნელი მონადირის იმედად, რომელიც აუცილებლად გამოჩნდება მომავალ თაობაში…
რომელ ორ ადამიანს, ორ პერსონაჟს გააცნობდით ერთმანეთს…
დავით აღმაშენებელს და ილია ჭავჭავაძეს – და ეს სამშობლოსათვის უპირველესად, იქნებ ერთად მაინც უშველონ საქართველოს, ჩვენს ხელში რომ სულს ღაფავს ახლა…პირადად ჩემთვის – ქრისტეს და მასთან შეხვედრას ვინატრებდი… აი, ვთქვი ეს და შეკავებული ცრემლი ვიგრძენი თვალთან…
ვიცით, რომ ძალიან კარგად მღერით… რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებასა და შემოქმედებაში მუსიკას?
არა, ვერა… ესეც ლექსივითაა და ყოველთვის არ მოდის… თბილისში, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა – გიტარამ გადამარჩინა… მქონდა ჩემი არაერთი სიმღერა, რომელიც საოცრად გამომდიოდა, როცა ახალი იყო და როცა ყველა წვენს გამოვწურავდი, ვეღარ ვმღეროდი უკვე, რაკიღა პროფესიონალი არ ვარ, ანუ ჩემს ხმას ვერ ვფლობ ბოლომდე, ამისთვის რაღაც სხვა მიზეზი და გარემოება მჭირდება. დიდი ხანია ჩემს უფროს ბიჭს გადავაბარე გიტარა, დაკვრა სწორედ იმისთვის ვისწავლე, მისთვის რომ გადამეცა და ამით, დაგვიანებით, მაგრამ მამაჩემის თხოვნა მაინც შევასრულე, რომელიც ჩემზე კარგად უკრავდა და მღეროდა კიდეც და ყმაწვილობაში ლექსებსაც წერდა თურმე.
როცა წერთ…
მაგ დროს ხელს თუ შემიშლიან, ასეთ დროს „შემიძლია კაციც მოვკლა“-მეთქი, არაერთხელ მითქვამს. მეუღლემ დღემდე ვერ გაითავისა ბოლომდე და შეხსენება მჭირდება – „ნანა, არ დამელაპარაკო, სხვაგან ვარ ახლა…“ და უცებ გამეცლება ხოლმე.
ბოლო წლებია საინტერესო გატაცება გაქვთ, თევზაობა. ბათუმის პორტის ტერიტორიაზე, თევზის მოლოდინში, თევზზე სწრაფად, რა ფიქრები წამოეგებიან ხოლმე ანკესზე, რა ემოციები მოაქვს ნაპირებს…
არის რაღაც მისტიკა ამაში… პირისპირ ზღვასთან და ზურგშექცევით დანარჩენ სამყაროსთან… ნადირს ვერ ვესვრი, ადამიანზე უფრო მეცოდება! თევზი კი არ ჩანს, წინასწარ ვერც ხედავ – რა ამოგყვება…
იქ ვივიწყებ ადამიანურ ტკენებს და წყენებს და ხანდახან სიკვდილსაც კი… ჩემი ყველაზე დიდი წამალი წვიმის ხმაა, განსაკუთრებით ღამით და მერე ზღვასთან ანკესით განმარტოება, სადაც ბევრჯერ დავრჩენილვარ წვიმაში მარტო…
სამშობლო არის…
სამშობლო მიწის ნაჭერია, სხვა არაფერი,
სამშობლო მიწის ნაჭერია, რომელზეც ვდგევარ;
აქეთ ყინულის უდაბნოა, იქ – ქარაფები,
შუაში მე ვარ!
სამშობლო მიწის ნაჭერია, არაფერი სხვა,
მიწა იმ ტერფის ოდენია, რომელზეც ვდგევარ;
ბიჯს ვერ მომიცვლის ვერც მტრის ხმალი, ღვთის შერისხვა,
უტეხი კლდე ვარ!
სამშობლო მიწის ნაჭერია, განა სხვა რამე,
სამშობლო მამის საფლავია, რომელზეც ვდგევარ;
თვალს არ მოვხუჭავ, ვიდრე ირგვლივ ფხიზლობს წკვარამი,
მამის სისხლი და მამის ლუკმა იყოს არამი,-
უქმად თუ ვდგევარ!
სამშობლო მიწის ნაჭერია, სხვა არცრაიცა,
მოვკვდები, მიწად გარდვიქცევი, რომელზევ ვდგევარ;
მშობლის საფლავს კი ახლა ჩემი შვილი დაიცავს,
სამშობლო მიწის ნაჭერია,- სხვა არცრაიცა,
სამშობლო მე ვარ!
ვახტანგ ღლონტი,1983 წელი
თქვენი შემოქმედების ექო…
ამას წინათ, ერთმა მომწერა – „მომენატრა თქვენი მოსმენა…“
მე მივწერე -„ადამიანები ერთმანეთის ექოები არიან…
ხანდახან რომ გგონია – სხვას უსმენ, სინამდვილეში შენივე ხმაა
სხვისაში არეული…“
მხოლოდ ერთი ავტორი რომ იყოს პოეზია, ვინ იქნებოდა ის?
ხალხური პოეზია – თან ერთია, თან მრავალი…
ან…
ასე იწყება მათეს სახარება –
„წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაჰამისა. აბრაამმა შვა ისააკი, ისააკმა შვა იაკობი, იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები“. და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ… ძალიან დიდი ჩამონათვალია. მეც ამ პრინციპით გავაგრძელებდი, რადგან უფრო დიდი წიგნი არ მეგულება.
ტექსტი: ნანა აბულაძე