„თუ ყველას მაშინვე მოსწონხარ, შეიძლება საკმარისად შორს არც წასულხარ“ – ამ სიტყვების ავტორი ქართველი ახალგაზრდა არტისტი, გიორგი თორაძეა, იგივე თორჩო, რომელიც ექსპერიმენტებს არ უშინდება და მსმენელისთვის სიახლის შეთავაზებას ცდილობს. მისი კლიპები, სცენარები, ტექსტები და გამორჩეული ვიზუალური სტილი ერთ მთლიან შემოქმედებით ენას ქმნის. ეს ენა ზოგისთვის შეიძლება უჩვეულო, ზოგისთვის კი მიუღებელიც იყოს, თუმცა თორჩო ყველას გემოვნებაზე მორგებას არ ცდილობს. მის შემოქმედებაში განსხვავებულობა თავისუფლების შედეგია, შესაძლებლობაა, რომ გამოხატოს საკუთარი სათქმელი და ნაკლებად იფიქროს იმაზე, რამდენად მისაღები იქნება სხვებისთვის. თორჩოსთვის NEW ERA სწორედ ეს თავისუფლებაა – შექმნას მუსიკა თვითცენზურის გარეშე, რომელიც შეიძლება ყველას არ მოეწონოს, მაგრამ თავისი ინდივიდუალიზმით მსმენელს დაამახსოვრდეს.

რას ნიშნავს შენთვის NEW ERA და როგორ შეიცვალა გიორგი თორაძე კარიერის დაწყებიდან დღემდე?
რაც უფრო ვიზრდები, ვხვდები, რომ საკუთარი თავის „მისაღებ ვერსიად“ ქცევა ძალიან მოსაწყენია. დღეს ნაკლებად მაინტერესებს, როგორი უნდა ვიყო და უფრო მეტად – რამდენად შორს შემიძლია წავიდე იმით, ვინც სინამდვილეში ვარ. ალბათ ჩემი NEW ERA სწორედ ესაა – ნაკლები თვითცენზურა.
ადრე ბევრად უფრო მაინტერესებდა, რას იფიქრებდნენ ჩემზე. დღესაც მაინტერესებს, უბრალოდ, გადაწყვეტილებებს ამის მიხედვით აღარ ვიღებ. ადრე მინდოდა დამემტკიცებინა, რომ რაღაც შემეძლო, ახლა უფრო მაინტერესებს, გავაკეთო ისეთი რამ, რისი გაკეთებაც სხვას ჩემნაირად არ შეუძლია.
საბოლოოდ, სწორედ ის რაღაცები, რაც შენში ყველაზე უცნაურად გეჩვენება, შეიძლება გახდეს ის, რის გამოც სხვებისგან გამოგარჩევენ.
რა არის შენი თაობის მთავარი უპირატესობა და გამოწვევა? რამდენად რთულია საკუთარი იდენტობის შენარჩუნება მუდმივად ცვალებად სამყაროში?
ჩვენი თაობის ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ნებართვა აღარ გვჭირდება. შეგიძლია შენივე ოთახიდან შექმნა მუსიკა, იმიჯი, მოძრაობა და ერთ ღამეში სრულიად უცხო ადამიანამდე მიიტანო. მაგრამ ამავე დროს ყველა მუდმივად რაღაცას ყიდის: მუსიკას, ცხოვრებას, სახეს, ბედნიერებას. ამიტომ დღეს ყველაზე რადიკალური რაღაც შეიძლება ნამდვილობა იყოს.
მე საერთოდ არ მინდა საკუთარი თავის „შენარჩუნება“, თუ ეს ერთ ადგილზე დარჩენას ნიშნავს. მინდა ახალი რაღაცები ვცადო, ძველი ვერსიები „დავანგრიო“ და თავიდან ავაწყო. ჩემთვის იდენტობა ფორმა არ არის, ენერგიაა. Torcho შეიძლება შეიცვალოს მუსიკალურად, ვიზუალურად, ფიზიკურადაც კი, მაგრამ რაღაც უნდა დარჩეს, რასაც ვერ დააკოპირებ.
ჩემთვის საინტერესო არტისტი ისაა, ვისაც შეუძლია საკუთარი თავი დაანგრიოს და მაინც საკუთარი თავი დარჩეს.

როგორ ახერხებ, აჰყვე ტრენდს და ამავე დროს შეინარჩუნო საკუთარი სტილი და ხელწერა?
გავლენების საერთოდ არ მეშინია. მუსიკა, კინო, მოდა, ქუჩა, ძველი ქართული კულტურა, ინტერნეტის ნაგავიც კი, ყველაფერი შეიძლება მასალა გახდეს. პრობლემა გავლენა კი არა, კოპირებაა. თუ ძლიერი ფილტრი გაქვს, ყველაფერი, რასაც იღებ, საბოლოოდ შენს ენაზე იწყებს ლაპარაკს. მე არ მინდა ვიყო „ქართული ვერსია“ ვინმესი. ბევრად საინტერესოა, ერთ დღეს ვინმეზე თქვან, – ეს ცოტა Torcho-ს ჰგავს.
პოპულარობა ციფრია, გავლენა კვალი. შეიძლება მილიონობით ადამიანი გისმენდეს და ვერაფერი შეცვალო, და შეიძლება ბევრად პატარა აუდიტორია გყავდეს, მაგრამ ვიღაცას შენ გამო მოუნდეს სხვანაირად ჩაიცვას, იფიქროს, შექმნას ან იცხოვროს. მე ასეთი არტისტები მაინტერესებს.
მინდა ჩემმა მუსიკამ და ვიზუალმა ადამიანს რაღაცის უფლება მისცეს… თუნდაც უფლება, რომ ცოტა უფრო უცნაური იყოს.
თუ მუსიკას მხოლოდ იმაზე ფიქრით შექმნი, „კლასიკა“ გახდება თუ არა, ალბათ ძალიან ცუდ მუსიკას დაწერ. ტრენდები მაინტერესებს, მაგრამ მათთან „ქორწინებას“ არ ვაპირებ. ჩემთვის მთავარი ემოციის სიზუსტეა. მინდა ჩემს სიმღერებს დრო ეტყობოდეთ, მაგრამ ასაკი არა.
რას ნიშნავს იყო თანამედროვე არტისტი დღეს და რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკის მიღმა საკუთარი სამყაროს შექმნა?
დღეს კარგი სიმღერა აუცილებელია, მაგრამ მარტო კარგი სიმღერა ყოველთვის საკმარისი აღარ არის. არტისტი ჩემთვის სამყაროს ქმნის მუსიკით, ვიზუალით, სცენით, ტანსაცმლით, პერსონაჟით, სიჩუმითაც კი. მსახიობობიდან მოვდივარ და ალბათ ამიტომ Torcho-ს არასდროს აღვიქვამდი უბრალოდ, ადამიანად, რომელიც სიმღერებს ქმნის. მგონია მას თავისი ისტორია აქვს. მაგრამ ერთი რამ არ იცვლება:
თუ ხელოვნებაში გულწრფელი არ ხარ, პროდუქტი ცუდია და ამ შემთხვევაში ვერც ძვირადღირებული კლიპი, საინტერესო ქორეოგრაფია ან ძლიერი ვიზუალური არტი ვერ გშველის.

რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის აუდიტორიის მოლოდინები და რამდენად უნდა ჰქონდეს არტისტს პირადი სივრცე?
აუდიტორია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ მინდა მას მუდმივად ის მივცე, რასაც ჩემგან უკვე ელოდება. თუ ზუსტად იციან, შემდეგ რას გააკეთებ, რაღაც მომენტში მოსაწყენი ხდები. სოციალური ქსელების ეპოქაში არტისტები ზედმეტად ხელმისაწვდომებიც გავხდით, სად ვართ, რას ვჭამთ, რას ვფიქრობთ, ვისთან ვართ… ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე. მე კი მგონია, რომ არტისტს ცოტა საიდუმლო სჭირდება. მსმენელმა რაღაც ჩემ შესახებ მხოლოდ მუსიკიდან უნდა გაიგოს.
რა რჩება მუსიკაში უცვლელი, მაშინაც კი, როცა ტექნოლოგიები და კულტურა იცვლება?
ტექნოლოგიები იცვლება, AI უფრო დიდი ნაწილი ხდება ჩვენი ყოველდღიურობის, მაგრამ უცვლელი რჩება ადამიანის სურვილი, რაღაც იგრძნოს. ჩემთვის ხელოვნებაში ყველაზე საინტერესო გაბედულებაა. არა სკანდალი სკანდალისთვის, არამედ მომენტი, როცა მზად ხარ გააკეთო რაღაც, რაც შეიძლება თავიდან საერთოდ ვერ გაიგონ. თუ ყველას მაშინვე მოსწონხარ, შეიძლება საკმარისად შორს არც წასულხარ.

რას ნიშნავს შენთვის წარმატება დღეს და როგორ შეიცვალა მისი აღქმა კარიერის დაწყებიდან დღემდე?
ადრე წარმატებას უფრო გარედან ვზომავდი – ციფრებით, სცენებით, აღიარებით. დღეს ამბიცია კიდევ უფრო დიდი მაქვს, უბრალოდ, წარმატების განმარტება შეიცვალა. მინდა მასშტაბიც, საერთაშორისო აუდიტორიაც, დიდი სცენები. საერთოდ არ ვაპირებ თავი მოვიტყუო, თითქოს ეს არ მაინტერესებს. მაგრამ ყველაზე დიდი ფუფუნება ჩემთვის არჩევანის თავისუფლებაა: შემეძლოს ფრთა შევასხა იდეას, რომელიც შეიძლება კომერციულად „არასწორი“ იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ მის გარეშე ვერ ვისვენებ. წარმატება ჩემთვის ის მომენტია, როცა აღარ გიწევს არჩევანის გაკეთება თავისუფლებასა და კარიერას შორის.
როგორი ცვლილებების დანახვა გინდა ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში და სად ხედავ შენს თავს ამ პროცესში?
მინდა ქართულ კულტურაში ნაკლები შიში და მეტი ამბიცია იყოს. ზოგჯერ ზედმეტად გვაინტერესებს, რას იტყვიან სხვები. მე საერთოდ არ მაინტერესებს, რა „შეეფერება“ ქართველ არტისტს – მინდა ვნახო, რისი გაკეთება შეუძლია მას, როცა ამ კითხვას აღარ უსვამს საკუთარ თავს.
არ მინდა მუდმივად დასავლური ტენდენციების კარგი ადაპტაციები ვაკეთოთ. მინდა ისეთი რაღაცები შეიქმნას თბილისში, რომ სხვაგანაც დაინტერესდნენ და იკითხონ: „ეს რა ხდება საქართველოში?“
პირადად ჩემთვის NEW ERA უფრო დიდ მასშტაბს, მეტ რისკსა და ნაკლებ თვითცენზურას ნიშნავს. მინდა Torcho-ს სამყარო იმდენად კონკრეტული გახდეს, რომ მისი ახსნა აღარ იყოს საჭირო.

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ფოტო: ნანო თენოშვილი
ტექსტი: თათია ხარაიშვილი
ვიზაჟი: კესო არახამია
თმა: თათია ფაიქიძე
ლოკაცია: VANGAL STUDIO
ჩაცმულობა: Jesus Star
ჟილეტი: Lado Bokuchava
ქუდი: Aka Phrodiashvili












