მიაჩნია, რომ ცხოვრება დაუსრულებელი შემეცნებისა და სწავლის პროცესია, თუ სწორად მიიღებ და აჰყვები, ყოველთვის გამარჯვების გზით ივლი, ყოველთვის შეძლებ მოიხადო მოქალაქეობრივი ვალი და შენი საქმიანობით, ადამიანობით სიკეთის მოტანა შეძლო როგორც ქვეყნის, ასევე, ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის. „OK! ბათუმის“ სტუმარი სსიპ „აჭარის მუზეუმის“ დირექტორი, თეონა ზოიძეა, რომელიც მუდმივად ცდილობს ახლებური ხედვები შეიტანოს ყველა იმ საქმეში, რომელსაც სათავეში უდგას და ჩვენი ქვეყნის კულტურა, ხელოვნება, ტურიზმი, ყველა ის მხარე, რაც საქართველოს განსაკუთრებულს ხდის, კიდევ უფრო საინტერესოდ წარმოაჩინოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წინაშე.
იყოთ სსიპ „აჭარის მუზეუმის“ დირექტორი, ნიშნავს…
ერთდროულად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყო აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი, იდგე ქართველი ხალხის კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის დაცვის სადარაჯოზე, იზრუნო მასზე, განახორციელო მისი პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მოგეხსენებათ, მუზეუმს, როგორც დინამიკურად განვითარებად ინსტიტუციას, უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია საზოგადოების შემეცნების საქმეში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენახვა, გამოფენები, ღონისძიებები, სხვადასხვა აქტივობა, სამეცნიერო კვლევები და საგანმანათლებლო პროგრამების თანამედროვე, ინტერაქტიული ფორმით საზოგადოებისთვის შეთავაზება ჩვენი უმთავრესი მისიაა.
ნაბიჯი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობთ…
პროფესიის არჩევა საპასუხისმგებლო საკითხია,რაზეც დამოკიდებულია ადამიანის მომავალი. მე ამ ნაბიჯის გადადგმა ორჯერ მომიხდა და ვამაყობ ამით. ვფიქრობ, არცერთი ჩემი გადაწყვეტილება წარუმატებელი არ ყოფილა, ვინაიდან ერთ შემთხვევაში ვეწეოდი პედაგოგიურ და მენეჯერულ საქმიანობას საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში და მეორე – შემეცვალა პროფესია ბიზნესის ადმინიტრირების მიმართულებით. 2018 წელს მოვიპოვე ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი ( ტურიზმის დარგში). ამ გადაწყვეტილების მიღება არცთუ ისე ადვილი გახლდათ, თუმცა ამას ჰქონდა თავისი წინა პირობა. 2002 წელს დავაფუძნე აჭარის ა.რ. ტურიზმის გიდების ასოციაცია და ტურიზმი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მიხარია, რომ მუზეუმებიც კულტურული ტურიზმის ნაწილია და მაქვს შესაძლებლობა, მათ განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. სხვათა შორის, ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა გამიადვილა სსიპ „აჭარის მუზეუმის“ სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების პროცესი. ამ პროცესში ჩავრთე დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალური რაოდენობა, გავითვალისწინე არა მხოლოდ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სტანდარტები, არამედ შევისწავლე ადგილობრივი და უცხოური ბაზარი, მსოფლიო მუზეუმები, თანამედროვე ტენდენციები, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ მოცემული რეკომენდაციები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დასახული ამოცანები, რათა მუზეუმები წარმატებულად გაუმკლავდნენ ქვეყანაში და მის გარეთ მზარდ კონკურენციას.
სხვადასხვა სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ. როგორ ფიქრობთ, რას მოაქვს უწყვეტი წარმატება…
ყველა სფეროს თავისი სირთულეები ახლავს, თუმცა თითოეული მათგანი ადამიანისთვის ერთგვარი გაკვეთილია. წარმატება თავისით არ მოდის, დიდი შრომა და ნებისყოფაა საჭირო, რომ წარმატებამდე მიხვიდე, მიზანდასახულობა, საქმის სიყვარული და დაუღალავი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. გამარჯვებას ზოგჯერ მარცხიც ახლავს, მაშინ ხარ ძლიერი, თუ არ დანებდები და მიზნის მისაღწევად ბოლომდე დაიხარჯები. უნდა ითქვას, რომ ცხოვრება დაუსრულებელი შემეცნებისა და სწავლის პროცესია, მთავარია ეს პროცესი სასიამოვნო იყოს და იზრუნო შენს გარშემო მყოფებზე. მუდამ გახსოვდეს ილია ჭავჭავაძის უკვდავი სიტყვები:
„კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე;
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, –
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“
დღე, რომელიც სულ მემახსოვრება…
ყველაზე ფაქიზი გრძნობა ქალისთვის დედობაა, ყველაზე დიდი ჯილდო შვილის შეძენაა. ორი შვილის დედა ვარ და ვფიქრობ, ეს ორი დღე ბედნიერების პიკი იყო ჩემს ცხოვრებაში. დედაშვილობის უწყვეტი ჯაჭვი მთელი ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ვერავითარი ქარტეხილი ვერ დააბრკოლებს და შეეუძლებელს შეგაძლებინებს. მადლობა უფალს ამ ბედნიერებისთვის.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2022 წლის საუკეთესო მენეჯერად დაგასახელათ კულტურის სფეროში. რას ნიშნავს თქვენთვის აღნიშნული ჯილდო?
ეს ჯილდო, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში. მან დაიმკვიდრა განსაკუთრებული ადგილი როგორც ჩემს ბიოგრაფიაში, ასევე ჩემს გულში. ეს არის უდიდესი მოტივაცია, რათა იშრომო, გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ, განახორციელო და დანერგო ნოვაციები, უპასუხო თანამედროვე გამოწვევებსა და უსმინო მსოფლიო პულსაციის ხმას. გაუძღვე გუნდს, რომელშიც უდიდესი პოტენციალია და დაარწმუნო გუნდის თითოეული წევრი, რომ დღევანდელი დღე გუშინდელზე უკეთესია, ხოლო ხვალინდელი დღევანდელზე უკეთესი იქნება. ჩემს შემთხვევაში ამის უდიდესი მოტივატორი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ „აჭარის მუზეუმის“ თითოეულ თანამშრომელია, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. რადგან მოტივაციაა საწინდარი აჭარის მუზეუმებისთვის უფრო დიდი მწვერვალების დასაპყრობად!
შვილებთან გატარებული დრო და ემოციები…
შეიძლება ძალიან ბანალურია, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩემი შვილები ანკა და ანრი ჩემი უდიდესი ბედნიერება და მონაპოვარია. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან ჩვენ დიდი მეგობრები ვართ, პატივს ვცემთ ერთმანეთის თავისუფალ აზრებს და ძალიან ბევრს ვსწავლობ მათგან. დღეს ახალგაზრდა თაობის თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალ ნიშნულზეა, ისინი მიზანდასახულები და ბეჯითები არიან. მიხარია, რომ ჩემმა შვილებმა ზუსტად იციან რა უნდათ ცხოვრებაში და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იყვნენ. ერთად ყოფნის დრო არასოდეს გვყოფნის. ვცდილობ დასვენების დღეები შვილებთან გავატარო, ვსეირნობთ, ვმოგზაურობთ, ვუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს. მართალია, ანკა სტუდენტია სხვა ქალაქში, მაგრამ შეძლებისდაგვარად ერთად ყოფნას ვახერხებთ.
ბევრს მოგზაურობთ, რომელმა ღირსშესანიშნაობამ მოახდინა თქვენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება…
ნამდვილად ბევრს ვმოგზაურობ. მსოფლიოს ყველა ქვეყანა განსაკუთრებულია თავისი ისტორიით, ტრადიციებით, არქიტექტურით, რეკრეაციული ზონებითა თუ სხვა. მაგრამ მსოფლიოში არსებობს ისეთი ადგილები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს და ერთ-ერთი ასეთი, ვფიქრობ, იერუსალიმია. მაცხოვრის საფლავმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ეს ქალაქი თავისი ეკლექტიკითა და მრავალფეროვნებით საოცრებაა. ყველა ადამიანმა უნდა ნახოს ეს სასწაული.
ქალი, რომელიც ყოველთვის აღგაფრთოვანებთ…
მარგარეტ ტეტჩერი, ალბათ, ყველა დროის „რკინის ლედი“ იქნება. სულ ახლახან დავასრულე ჩარლს მურის დაწერილი მარგარეტ ტეტჩერის ბიოგრაფია. როცა მის შესახებ ვკითხულობ, ყოველ ჯერზე აღტაცებული ვარ მისი გამჭრიახი გონებითა და მართებული გადაწყვეტილებებით.
აჭარაში რომელი ადგილების მონახულებას ურჩევთ ყველაზე ხშირად უცხოელ სტუმრებს, რათა მათ ამ კუთხის ხასიათი შეიგრძნონ…
ვფიქრობ, აჭარაში მოგზაურობა სტუმრებმა, პირველ რიგში, მუზეუმებით უნდა დაიწყონ. აქ ყველაზე კარგადაა წარმოდგენილი ქვეყნის კულტურა, წეს-ჩვეულებანი, ისტორია. თუ გინდა ქვეყნის რეალური სუნთქვა შეიგრძნო, აუცილებლად უნდა დაუთმო დრო ამ სივრცეებს. ალბათ, ამის შემდეგ უნდა გაიცნო ქალაქი ბათუმი და, რა თქმა უნდა, მაღალმთიანი აჭარა. ჩვენი მაღალმთიანი სოფლები იმდენად ლამაზია და თვალწარმტაცი, რომ რთულია გამოყო რომელიმე მათგანი, თუმცა მაინც გამოვარჩევდი ორ სოფელს: ვაშლოვანი ხულოს მუნიციპალიტეტში, თავისი თვალწარმტაცი ბუნებითა და სტუმართმოყვარე ხალხით, სოფელი ბრილი შუახევის მუნიციპალიიტეტში საოცარი ხედებითა და ტრადიციებით. ცნობილია, რომ 21-ე საუკუნის მოგზაურს მხოლოდ კომფორტული გარემო აღარ აკმაყოფილებს, მისთვის მნიშვნელოვანია დადებითი ემოციების მიღება. ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანებთან ურთიერთობისა და დადებითი ემოციების ნაკლებობა გამოიწვია, შესაბამისად, თანამედროვე მოგზაური დღესდღეობით თანხას კარგი განწყობისთვის იხდის და არა კომფორტისთვის. ამ მხრივ მდიდარია ჩვენი კუთხე, რასაც ერთი ცნობილი გამონათქვამი „სტუმარი ღვთისაა“ ადასტურებს. აჭარის მცხოვრებლები სტუმარმასპინძლობით, სილაღითა და კაცთმოყვარეობით გამორჩეულები არიან.
შეუფასებელი განძი…
შეუფასებელი განძია სამშობლო, ჩემი ქვეყანა. არასოდეს მიფიქრია სხვაგან ცხოვრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მქონდა ამის შანსი. თითოეულმა ადამიანმა კარგად უნდა გაიაზროს თავისი როლი ქვეყნის მშენებლობის საქმეში, მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი და ხელი შეუწყოს თავისი რეგიონის, ქალაქის, სოფლის აღმშენებლობას, რადგან განძს, რომელსაც საქართველო ჰქვია, გაფრთხილება, ზრუნვა და მოვლა სჭირდება.
რა გამოწვევები აქვს თანამედროვე ეპოქაში მუზეუმებს?
დღევანდელი მუზეუმის ვიზიტორი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ ექსპოზიციების დათვალიერებით. შესაბამისად, მუზეუმებს უამრავი გამოწვევა აქვთ. მუზეუმი ის ადგილია, რომელსაც შეუძლია მოქალაქეს ბავშვობიდანვე ჩაუნერგოს საკუთარი ქვეყნის იდენტობისა და თვითმყოფადობისადმი პატივისცემა და სიყვარული, გადასცეს მომავალ თაობებს ყველაზე ძვირფასი ქვეყნის ისტორია და მასთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობა, პოპულარიზაცია გაუწიოს ქვეყანას, რომელიც თავისი არსებობით საუკუნეებს ითვლის და განუმეორებელია თავისი ტრადიციებით, კულტურით, შეუძლია გააფართოოს მოქალაქეების თვალსაწიერი და უზრუნველყოს პატრიოტიზმის გრძნობის გაღვივება. აღმოაჩინოს და გამოიკვლიოს ცივილიზაციათა მონაპოვრები. ჩვენ უნდა გავითავისოთ ერთი რამ, რომ მუზეუმი საზოგადოების სამსახურშია და მისი საქმიანობა აქეთკენ უნდა იყოს მიმართული. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ გაერთიანების თითოეული მუზეუმის კარი ფართოდაა ღია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორისთვის, ყველა ინტერესისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, მუზეუმების გაერთიანების არსიც სწორედ იმაშია, რომ კომპლექსურად მიუდგეს ამ ინსტიტუციის განვითარების საკითხს აჭარაში და მათი პოპულარიზაცია უზრუნველყოს.
მენატრება…
მენატრება ბავშვობა, ჩემი ბებიები და ბაბუა, მათთან გატარებული დრო. მადლობა ჩემს მშობლებს საოცარი ბავშვობისთვის და ყველა იმ ადამიანს, რომელიც სიხარულით ეგებებოდა ჩემს პატარ-პატარა წარმატებებს. ალბათ ბავშვობის წლებია საფუძველი ცხოვრების მომდევნო ეტაპების მარტივად გასავლელად, სიძნელეების დასაძლევად და ახალ გამოწვევებთან შესარკინებლად.
რა გგვრით ბედნიერებას…
ჩემთვის ბედნიერებაა ყოველი გათენებული დილა, ყოველი ახალი სიცოცხლე, ყოველი ამოსუნთქვა. ბუნებით ესთეტი ვარ და სასწაულად განვიცდი არაესთეტიკურ გარემოს. არ მიყვარს კამათი, ხმაური, აგრესია… ბედნიერებაა სიმშვიდე, სიყვარულის გაცემა და სხვებზე ზრუნვა. მაბედნიერებს თითოეული ადამიანი, რომელიც უანგაროდ გასცემს დადებით ენერგიას.
რატომ უნდა ვიაროთ მუზეუმში…
ვიტყოდი, რომ მუზეუმი სულის საზრდოა. მუზეუმის უმთავრესი დანიშნულება კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა. მუზეუმების გაერთიანება სსიპ „აჭარის მუზეუმი“ ოთხ მუზეუმს და სამ ფილიალს აერთიანებს. ესენია: ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი, აჭარის ხელოვნების მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმი, რელიგიის მუზეუმი, მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმი. ჩემი ხელმძღვანელობის დროს აჭარის მუზეუმი ახალი კონცეფციით წარდგა ფართო აუდიტორიის წინაშე, განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი: ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნა წყალქვეშა არქეოლოგიის სივრცე, სადაც წარმოდგენილია უნიკალური, ძვ.წ.აღ. მე-2 საუკუნით დათარიღებული გემის ნაშთები და წყალქვეშ აღმოჩენილი ნივთები; დასრულდა ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაცია. ასევე, დასრულდა რელიგიის მუზეუმის რეაბილიტაცია, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გაიხსნა ვიზიტორთა მოსასვენებელი სივრცე. განხორციელდა სსიპ „აჭარის მუზეუმის“ რებრენდინგი და დაინერგა არაერთი სიახლე. უნდა აღინიშნოს, სულ მალე ბათუმს ახალი, სულიკო ჟღენტის კინოს მუზეუმი შეემატება, დაიწყო სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ზემოაღნიშნული მუზეუმები მდიდარი ექსპოზიციებით, საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით არის გარანტი სასიამოვნო შთაბეჭდილებებისა, ამის დასტური გახლავთ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა. 2022 წელს ჩვენს მუზეუმებს 70 000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა.
ტურიზმის მიმართულებით როგორ აფასებთ აჭარის პოტენციალს…
აჭარას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. მისი ფლორა და ფაუნა, სუბტროპიკული ჰავა, შავი ზღვის სანაპირო, რეკრეაციული ზონები, ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების არქიტექტურა, ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, წეს-ჩვეულებები, სტუმართმოყვარეობა და გასტრონომია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ აჭარა უნიკალურია და საკმაოდ სწრაფად ვითარდება ტურიზმის მიმართულებით. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს, რაც კარგი ტენდენციაა. მოგეხსენებათ, ამის ბრწყინვალე დადასტურებაა World Tourism Awards 2023-ის ქალაქ ბათუმში ჩატარება და აჭარის ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელება, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ევროპაში წამყვან ბოტანიკურ ბაღად აღიარება და ბათუმის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების შენარჩუნება.
რომელ ეპოქაში იცხოვრებდით და ვისი მეგობარი იქნებოდით სიამოვნებით…
ვიცხოვრებდი იმ ეპოქაში, რომელშიც ვცხოვრობ. საერთოდ, რეალისტი ვარ და ოცნებები არ მიყვარს. ასევე, მყავს ძალიან კარგი მეგობრები, რომლებიც ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის, ვიმეგობრებდი და ვმეგობრობ მათთან. ასევე, ვიმეგობრებ მხოლოდ გულწრფელ და ერთგულ ადამიანებთან. მეგობრობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გრძნობაა და იგი აუცილებლად უნდა ამართლებდეს დიდი შოთა რუსთაველის სიტყვებს: „ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“.
მიზნები, რომელიც „აჭარის მუზეუმს“ უკავშირდება…
აჭარის მუზეუმმა არაერთ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მისი უმთავრესი მიზანია მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს მსოფლიო სამუზეუმო რუკაზე და ღირსეულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს. შარშან სსიპ „აჭარის მუზეუმი“ მონაწილეობდა ქართული კულტურის დღეებში ისრაელში. ჩვენმა დროებითმა ექსპოზიციამ დიდი მოწონება დაიმსახურა, ხოლო წელს ვმონაწილეობთ ქართული კულტურის დღეებში ბელგიაში, კერძოდ ბრიუსელში. Royal museum art and history-ში წარმოდგენილი იქნება ჩვენი ექსპონატები ორი მუზეუმიდან – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმიდან და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმიდან. აქტიურად ვთანამშრომლობთ უნგრეთის ეროვნულ მუზეუმთან, სადაც გამოცდილების გაზიარების მიზნით, შარშან ჩვენი 7 თანამშრომელი გახლდათ მივლენილი. საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
ადამიანებს ვეტყოდი, რომ…
გიყვარდეთ ერთმანეთი.
ხელოვნება, როგორც…
ხელოვნება, როგორც უკვდავება, უნიკალურია თავისი არსით. ვფიქრობ, ნებისმიერი ხელოვანი ბედნიერია, რადგან ღვთისგან რჩეულია. იყო ხელოვანი და ქმნიდე ხელოვნების ნიმუშს, ხომ ნიჭია, ნიჭი, რომელიც ყველას არ აქვს. ბედნიერი ვარ, რომ უამრავ ხელოვან ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, თითოეულ მათგანთან გატარებული თუნდაც ერთი წუთი ცხოვრებისეული გამოცდილებაა ჩემთვის.
თავისუფალი დრო… ჰობი…
გაგიკვირდებათ და, ყოფილი ტანმოვარჯიშე გახლავართ, ბავშვობაში 7 წლის განმავლობაში მხატვრულ ტანვარჯიშზე დავდიოდი, შემდეგ ეს პროცესი ცეკვაზე სიარულით ჩავანაცვლე. ამჟამად ველოთი ვარ გატაცებული, თავისუფალ დროს ველოთი ვსეირნობ. საინტერესო პროცესია, რადგან არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევ, არამედ ბევრ ახალ ადგილს ეცნობი, რაც გონებრივი დაძაბულობის შემდეგ ერთგვარი განტვირთვის საშუალებაა. ჰობია მოგზაურობა, ახალი ადგილების მონახულება, ახალი შეგრძნებები, კულტურული შოკი, ახალი ადამიანები, უცხო ქვეყნების ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გაცნობა. საერთოდ, ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ვფიქრობ, ყოველგვარი სიახლე აუცილებლად დადებითის მომასწავებელი უნდა იყოს. ასევე, მიყვარს ლიტერატურა, განსაკუთრებით თანამედროვე ლიტერატურა. ხშირად ვკითხულობ იმას, რასაც ჩემი სტუდენტები მირჩევენ. ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორიც გახლავართ, შესაბამისად, ახალგაზრდებთან ურთიერთობა ხშირად მიწევს, რაც ძალიან მაბედნიერებს.
ფოტო: გიორგი კალანდაძე
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე