მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველაფერში ბედნიერებას ხედავს – ამბობს დიზაინერი თაკო მექვაბიძე, რომელიც უკვე 12 წელია თავისი საინტერესო და დახვეწილი სამოსით, თავადაც უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს ადამიანებს. თვლის, რომ დიზაინერი ყველაზე მეტად საკუთარ თავს, ფიქრს, ენერგეტიკას, სამყაროსადმი დამოკიდებულებებს, კოლექციებში გამოხატავს. სწორედ ამიტომაცაა, რომ მისი ყველა კოლექცია ყვება საოცარ ამბავს, რომელში მოგზაურობაც ზღვა ფერადი ემოციების მომგვრელია. უყვარს ნათელი ფერები, სიბრჭყვიალე, უყვარს, როცა სასცენო კოსტიუმებზე მუშაობს, რადგან, მიაჩნია, რომ სადღესასწაულო განწყობის სამოსზე მუშაობა მეტი შთაგონების საშუალებას აძლევს. ნეგატიური ენერგიების პოზიტიურად გარდაქმნის ძალიან დიდი ნიჭი აქვს, ეს იქიდანაც ჩანს, რომ პანდემიის დროს, როცა ყველა და ყველაფერი პასიურ რეჟიმში გადავიდა, სწორედ მაშინ, ძალიან საინტერესო სიახლეებით წარსდგა მომხმარებელთა წინაშე. როგორც თავად ამბობს, აღნიშნულმა პერიოდმა კიდევ უფრო ახლებურად გააცნო საკუთარი თავი და შესაძლებლობები.
რა აღმოჩენები გააკეთა პანდემიის დროს, ვინ იყო მისი პირველი სადებიუტო კოლექციის ინსპირაცია და რა ჩანაფიქრი აქვს დიზაინით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის – აღნიშნულ კითხვებზე პასუხებს OK! ბათუმის ფურცლებიდან დიზაინერ თაკო მექვაბიძისგან გაიგებთ, რომლის სახელსა და გვარს მსოფლიო მოდის სამყაროშიც კარგად იცნობენ. მის მიერ შექმნილი სამოსით სცენიდან არაერთხელ მოუწონებიათ თავი მსოფლიო ვარსკვლავებს. ამავდროულად, თაკო მექვაბიძე 2022 წლის OK! ბათუმის მოწვეული რედაქტორია, რომელიც თავის ცხოვრებაზე, საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე, კიდევ უფრო ბევრს ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან მოგიყვებათ.
სანტერესო აღმოჩენები….
პანდემიამდე ძალიან აქტიური რეჟიმით ვცხოვრობდით, იმართებოდა ფეშენვიკები, ჩართული ვიყავი სხვადასხვა საინტერესო პროექტებში, მქონდა შოურუმები, პანდემიის შემდეგ კი ეს ყველაფერი მორჩა, შეჩერდა, თითქოს სხვა რეალობაში გადაინაცვლა მსოფლიომ. არ ვიცი რა მოხდა ჩემში, რა ძალამ მიბიძგა, მაგრამ გადავწყვიტე ახალი ხაზი გამეკეთებინა და სპორტული ტანსაცმლის შექმნა დავიწყე. მართალი გითხრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი ამას, რადგან აქამდე არასდროს მიმუშავია ამ მიმართულებაზე, ყველამ იცის, რომ ჩემი ხაზი, ძირითადად, კლასიკური ტანისამოსის შექმნაა. მიყვარს, როცა გამოსასვლელ, სასცენო კოსტუმებს ვქმნი, სიბრჭყვიალე და ძვირფას ქსოვილებზე მუშაობა ჩემი სტიქიაა. ის, რაც წამოვიწყე, უფრო იქიდან ნაკარნახევი იყო, რომ ჩემი სახელოსნო დახურვას გადამერჩინა, ეს იყო წმინდა კომერციული გათვლა. ვეცადე შემექმნა პანდემიაზე მორგებული და, ამავე დროს, საინტერესო სამოსი, რამაც, ვფიქრობ, ძალიან გაამართლა. თამამად მინდა ვთქვა და არ მომერიდება, მგონი პირველი დიზაინერი ვიყავი, ვინც სპორტული ორეულები შემოიტანა გაყიდვაში, მერე, რა თქმა უნდა, გაჩნდნენ სხვებიც, რომლებიც დღეს ძალიან საინტერესო პროდუქტს ქმნიან სპორტული მიმართულებით. შევქმენი ჰუდი და ჯოგერი, ერთადერთი, რაც ჩემი ნიშა იყო, შევამოკლე ჩემი სახელი და გვარი და დავაწერე თაკო მეკ, ასევე, სურვილის შემთხვევაში, აღნიშნულ ორეულებზე შეგვეძლო დაგვეწერა შემკვეთის სახელი, გვარი, ინიციალები, ან იმათი სახელი, ვისაც ჩუქნიდნენ. და რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის, სპორტულებზე ვაპრინტავთ ქართულ დროშას. ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება იცით როდის მაქვს? როცა უცხოეთიდან შეკვეთა გვაქვს და გვეუბნებიან, რომ ქართული დროშა ძალიან მოსწონთ, ამიტომ უნდათ, მათი ქვეყნის დროშასთან ერთად ქართული დროშაც დავაპრინტოთ. პირველმა ტიკტოკერმა ჩარლი დამელიომ, ვინც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში, ჩაიცვა ჩვენი ორეული, რამაც კიდევ უფრო პოპულარული გახადა ჩემი ეს ხაზი, არამარტო საქართველოში. ეს იყო ჩემი ძალიან დიდი და საინტერესო სიახლე, რომელიც პანდემიის დროს შევქმენი და, ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა შექმნილიყო, ამ მხრივაც უნდა გამომეცადა საკუთარი თავი. შეიძლება ითქვას, პანდემიამ რაღაც მიმართულებები მომცა, თუნდაც იმაში, თუ როგორ დავგეგმო ჩემი ბიზნესი, ასევე არაერთი სიახლე აღმომაჩენინა საკუთარ თავში. მაგალითად, ერთ-ერთი არის ის, რომ დავიწყე ხატვა, რაც ერთგვარი ჰობი გახდა ჩემთვის. მოკლედ რომ ვთქვა, პანდემიის უარყოფითი ტალღა, ჩემთვის დადებითად გარდავქმენი და ბედნიერი ვარ, რომ ყველა ჩანაფიქრმა გაამართლა.
არა ერთ ცნობად ადამიანს სცმია თაკო მექვაბიძის მიერ შექმნილი სამოსი, რა ემოციაა ეს თქვენთვის…
როდესაც გავაცნობიერე ვინ მინდოდა ვყოფილიყავი პროფესიით, ჩემს კოსტიუმებს პირდაპირ სცენაზე ვხედავდი და სხვანაირ აღტაცებაში მოვყავდი ამ წარმოდგენას. როდესაც სცენისთვის ქმნი, იქ შენი შთაგონების, ემოციის ჩადების მეტი საშუალება გეძლევა. სასცენო კოსტუმების შექმნა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხომ წარმოგიდგენიათ როგორი განცდა მეუფლება, როცა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ვარსკვლავებს ჩემი ბრენდის სამოსში ვხედავ. ამით ჩემს სურვილებს ფრთები ესხმება, სწორედ ამაზე ვოცნებობდი გზის დასაწყისში. ეს შესაძლებლობა, ეს წარმატებები, უფლის წყალობაა და მე ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვაკეთო ის საქმე, რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს. გარდა იმ შრომისა და ძალისხმევისა, რასაც მე და ჩემი გუნდი ერთობლივად ვაკეთებთ, ეს წარმატება და ცნობადობა იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ზუსტად აფასებენ შენს შემოქმედებას. ასეთი არაერთი ადამიანია ჩემ ირგვლივ და თითოეულს ვუხდი მადლობას, განსაკუთრებული მადლობა კი ეკუთვნის თათა ქართველიშვილს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ქართველი დიზაინერებისთვის, მათ შორის ჩემთვის.
ხელწერა, რომელიც გამოგარჩევთ…
ყველა დიზაინერს თავისი ხედვა და ხელწერა აქვს, მაგრამ ერთ-ერთი რაც გამომარჩევს, ალბათ, ის არის, რომ ჩემი კოლექციები ყოველთვის სადღესასწაულოა, ბევრი ნათელი ფერითა და სიბრჭყვიალით.
რა არის თქვენთვის ბედნიერება…
როცა ირგვლივ ყველა ჯანმრთელად მყავს, ბედნიერი ვარ. ასევე, ბედნიერებაა აკეთო ის საქმე, რომელსაც სამსახურად არ მიიჩნევ, რომელიც გსიამოვნებს და დაღლის მიუხედავად, მაინც ერთი დღეც არ შეგიძლია მის გარეშე. მე ვარ ადამიანი, რომელიც ცდილობს ყველაფერში ბედნიერება დაინახოს, დააფასოს ცხოვრების ყოველი დღე. მიყვარს ბედნიერი წუთების შემჩნევა და ადამიანები, ვინც პოზიტიურ ენერგიას მჩუქნიან და ჩუქნიან მთელ სამყაროს.
გაგვაცანი ოჯახი…
მყავს მეუღლე, როსტომ აბაშიძე და ორი ვაჟი. უფროსი შვილი ჯიმკა 18 წლისაა და ამერიკაში, არიზონას უნივერსიტეტში, პოლიტიკურ მეცნიერებაზე სწავლობს. მინდა განათლების მიღების შემდეგ საქართველოში დაბრუნდეს, საკუთარ ქვეყანას მოახმაროს თავისი ცოდნა და გამოცდილება. უმცროსი ვაჟი, ნიკოლოზი 9 წლისაა და ჯერ ვერ ჩამოყალიბდა პროფესიით ვინ სურს გამოვიდეს. თუმცა ძალიან თავდაჯერებულია და თვლის, რომ რასაც აირჩევს, იმაში ყველაზე წარმატებული იქნება. ამას წინათ მეუბნებოდა, – დედა, რა ვქნა, ყველაფერში მაგარი ვარ და ვერ გადავწყვიტე, რომელი პროფესია ავირჩიო, მგონი საბოლოოდ ჩემი ფიქრი იმაზე შეჩერდა, რომ მეცნიერი გამოვიდეო.
ჩემთვის მთავარია, რომ ღირსეული ადამიანები იყვნენ, დანარჩენს, მჯერა, შრომით აუცილებლად მიაღწევენ.
მეუღლის მხარდაჭერა…
ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ, მე და ჩემს მეუღლეს თანაცხოვრების 20 წელი შეგვისრულდა. 17 წლის ვიყავი როცა შევუღლდით, ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი და ასე მოვდივართ დღემდე. უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ მისგან, ის არის ჩემი მამოტივირებელი ძალა, მეგობარი, რომელსაც ყველაფერზე შემიძლია ვესაუბრო და დავეყრდნო.
თვისება, რომელიც ყველაზე მეტად გეხმარებათ წარმატებაში…
ალბათ, თავისუფლება, თავისუფლება მუშაობისას, ურთიერთობებში. ყველაში და ყველაფერში ვეძებ კარგს და ვცდილობ სწორედ იმ კუთხიდან მივუდგე, რაც ურთიერთობას პოზიტიურს და საინტერესოს გახდის. უშუალო ვარ, დიდ სიყვარულს გავცემ, რაც, საბედნიეროდ, სიყვარულითვე მიბრუნდება.
ხშირად ტირით?
კი, ძალიან ბევრს. შეიძლება ითქვას, მე და ტირილი განუყრელი მეგობრები ვართ. ისეთი ემოციური ვარ, შეიძლება ყველაფერზე ვიტირო. ახლა, უკრაინის ამბებზე ვტირი, ძირითადად, მაგრამ, აი გუშინ, რაღაც სიმღერაზე ვიტირე, რომელმაც ნოსტალგიური ემოციები აღძრა ჩემში.
ის, რაც შემოქმედებითად მრავალფეროვანს გხდით…
ყველა კოლექცია, რომელიც აქამდე გამიკეთებია, ზუსტად ვიცი რატომ და რა ემოციით გავაკეთე. შეიძლება დიდი ტკივილი ან სიხარული გახდეს ჩემი ინსპირაცია. მახსოვს, ჩემი პირველი სადებიუტო კოლექციის თემა მეხანძრე ქალი იყო. ყველა მეკითხებოდა, რატომ მეხანძრე ქალი და იმ მომენტში არ მქონდა მათთვის პასუხი… მაგრამ, მალევე მივაგენი პასუხს, ამომიტივტივდა ბავშვობისდროინდელი ამბავი, როცა ჩვენ სახლი დაგვეწვა… ყველაფერი ქვეცნობიერიდან მოდის და გკარნახობს რაზე გაამახვილო ყურადღება. ზოგადად, წინასწარ არასდროს ვიცი რა მინდა, მაგალითად, რაღაც ფერი, სილუეტი ჩამიჯდება გონებაში და ვიწყებ მუშაობას, მერე, თანდათან, ესკიზის კეთების დროს იკვეთება მკვეთრი კონტურები… ძალიან მიყვარს, როცა კოლექციაზე ვმუშაობ, სადაც რეალურად იკვეთება დიზაინერის ხასიათი, ემოცია, რაღაც კონკრეტული თუ ზოგადი ამბავი, რომელიც ადამიანებს უტოვებს ინტერპრეტაციების საშუალებას…
თქვენი კოლექციების ჩვენებისას, რომელი ჟანრის მუსიკა ისმის ყველაზე ხშირად…
ხან რომელი და ხან რომელი, გააჩნია რა თემაზე ვმუშაობთ. როგორც კოლექციების შინაარსი იცვლება, ისე იცვლება მუსიკაც, სინთეზში კი ძალიან საინტერესოა ეს პროცესი.
პირველად საქართველოში…
2019 წელს, პირველად საქართველოში, შევქმენი კრუიზის კოლექცია, რომელიც ისეთმა ჟურნალებმა გააშუქეს, როგორიცაა: VOGUE L’officielusa, Zeomagazine და სხვები. ეს იყო ნამდვილად ისტორიული ფაქტი, როცა ქალაქში ჩამოვიდნენ წამყვანი ჟურნალისტები, რომლებმაც პირველად დაწერეს ჩემზე და ბათუმზე, აღნიშნეს თუ რა ლამაზი და საინტერესო ქალაქი და ქვეყანა გვაქვს. ამ პერსონალური ჩვენებისთვის ბევრი წელი ვემზადებოდი და ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი იმაზე კარგად გამოვიდა, ვიდრე წარმომედგინა.
ყვავილების სიყვარულზე…
ვგიჟდები ყვავილებზე, თუმცა, რაღაცნაირად, მეცოდებიან როცა ლარნაკში ვხედავ. უფრო ქოთნის, ცოცხალი ყვავილები მიყვარს, ვუვლი, ვზრუნავ, და ვეფერები, ყოველ დილით და საღამოს ვრწყავ, ეს პროცესი ნეტარებაა ჩემთვის. ის, რომ ყვავილები მიყვარს, სხვათა შორის, ჩემს კოლექციაშიც იგრძნობა. ყვავილების, ზოგადად, ბუნების სიყვარულზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო. ბოლო წლებში განსაკუთრებულად შემიყვარდა მიწასთან მუშაობა და ვგრძნობ, ეს რაღაც საოცარი, მისტიკური კავშირია, რომელიც დამატებით ენერგიას მაწვდის.
მოდური ტენდენციები…
ვფიქრობ, ტენდენციებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, ქართველებს ისედაც კარგი გემოვნება გვაქვს, ყველამ იცის რა უხდება, რა ჩაიცვას. რაც გიხდება, რაშიც კომფორტულად გრძნობ თავს, ის არის შენი, ის არის შენთვის მოდაში, მე ასე მგონია. ზოგადად, წელს მოდურად პასტელური ფერები ითვლება, მაგალითად, მწვანე, ღია მწვანე, სტაფილოსფერი. დიდი აქცენტი კეთდება მოკლე კაბებზე, ტოპებზე, კორსეტებზე.
მომავალში…
ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, თუმცა ერთს გაგიმხელთ, მინდა გავხსნა სკოლა, ან სასწავლებელი, სადაც ჩემს გამოცდილებას მომავალ თაობებს გავუზიარებ. ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის, რომლებიც, მჯერა, ღირსეულად გააგრძელებენ ჩვენ გაკვალულ გზას და კიდევ უფრო ფართო ასპარეზზე გაიტანენ საქართველოს სახელს.
ტექსტი: ნანა აბულაძე
ფოტო: ალექსეი სეროვი