მაასტრიხტის უნივერსიტეტის ბიომედიცინის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულმა და ამავე უნივერსიტეტის ევროპული ჯანდაცვის მართვის მაგისტრმა მარიამ გობიანიძემ, 23 წლის ასაკში დაიკავა ლექტორის პოზიცია ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერებათა დეპარტამენტში. შეუძლებელია, ეს ინფორმაცია წაიკითხო და სიამაყის გრძნობით არ აივსო. მარიამი ამ წარმატებამდე მიზანდასახულობამ, შრომამ და დიდმა სურვილმა მიიყვანა. კარიერული გამოწვევები მისთვის უცხო არასდროს ყოფილა, მიუხედავად რამდენიმე უარისა, ის არ დანებებულა და ახსოვდა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. კარიერულ გზაზე, ევროპულ განათლებასა და ქალის როლზე მეცნიერებაში, მარიამი ჟურნალ OK!-ის ესაუბრა.
მარიამ, როგორი შეგრძნებაა, როდესაც 23 წლის ასაკში დაიკავეთ ლექტორის პოზიცია ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში?
23 წლის ასაკში რომ ლექტორის პოზიციას დავიკავებდი, მით უმეტეს ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში, ვერასდროს წარმოვიდგენდი. უბედნიერესი და ამაყი ვარ, რომ შრომა დამიფასდა. მუდამ მქონდა სურვილი, ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებისთვის გამეზიარებინა. ვიწყებ ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპს, მომიწევს ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ლექციებისა და სემინარების ჩატარება.
ზოგადად, ევროპაში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, თუ არ ხარ ევროკავშირის წევრი მოქალაქე. ჩვენ გვიწევს უდიდესი შრომა, რათა იმავე პოზიციაზე დავიწყოთ მუშაობა, თუმცა მივხვდი, რომ შეუძლებელი არაფერია. სამსახურის ძიების პროცესში ბევრჯერ გამიცრუვდა იმედი, ბევრი კომპანიისგან მივიღე უარი, ბევრისგან პასუხიც კი არ მომსვლია. საბოლოოდ კი აღმოვჩნდი იმ ადგილას, რომელზეც ვერასდროს ვიფიქრებდი. ამან უდიდესი ბიძგი მომცა, წინ და წინ ვიარო. ეს ჩემი კარიერის დასაწყისია.
პირველად როდის დაინტერესდით მეცნიერებით? როგორ აირჩიეთ პროფესია?
მეცნიერებით მე-9 კლასიდან დავინტერესდი. სკოლაში ჩემი უსაყვარლესი საგნები იყო ბიოლოგია და ქიმია. იმ ეფექტურმა და განსხვავებულმა მეთოდებმა, რომლებითაც მასწავლიდნენ საბუნებისმეტყველო საგნებს სკოლაში, გამოიწვია ჩემი უდიდესი დაინტერესება. სკოლის პერიოდში არაერთ სამეცნიერო კონფერენციასა თუ პროექტში მივიღე მონაწილეობა. ყოველთვის ვეძებდი ინტელექტუალურ თუ კარიერულ გამოწვევებს და სწორედ ეს იყო მთავარი მოტივატორი იმისა, რომ ჩემი ცხოვრება ამ სფეროს დავუკავშირე.
2017 წელს ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე წავედი ნიდერლანდებში და სწავლა დავიწყე მაასტრიხტის უნივერსიტეტში, ბიომედიცინის ფაკულტეტზე. Minor-ად ავირჩიე ფარმაკოლოგია. ბიომედიცინის ბაკალავრის ხარისხის მიღებასთან ერთად, გავიარე Honour’s Programme, რომლის ფარგლებშიც მომენიჭა დიპლომი პროექტზე, „აუტოიმუნური დაავადებების ერთდროული გამოვლინების სიხშირე სხვადასხვა რისკ-ჯგუფის ადამიანებში“ მუშაობისთვის. ბაკალავრის დასრულებისთანავე მივხვდი, რომ ჩემს გადაწყვეტილებაში არ შევმცდარვარ და სწორი ნაბიჯი გადავდგი მაშინ, როდესაც ჩემი კარიერა ამ ყველაზე საინტერესო სფეროს დავუკავშირე.
2020 წელს დავიწყე მუშაობა მაასტრიხტის უნივერსიტეტში, შემდეგ გამოცდები ჩავაბარე მაგისტრატურაზე ამავე უნივერსიტეტში, ევროპული ჯანდაცვის მართვაზე. მაგისტრის ხარისხის მიღებასთან ერთად გავიარე Premium Honour’s Programme, რომლის ფარგლებშიც ვმუშაობდი საკონსულტაციო ფირმა Ekwadraat-ში. 1 წლის წინ კი გამოქვეყნდა ჩემი პირველი ნაშრომი − Advancing diversity and inclusion agenda in healthcare organisations: The case of German university hospitals, ევროპულ სამეცნიერო ჟურნალ South Eastern European Journal of Public Health (SEEJPH)-ში.
ჩემი პოტენციალის გამოსავლენად ყოველთვის ვეძებდი ისეთ გარემოს, რომელიც განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას მომცემდა ამ სფეროში. მიმაჩნია, რომ სწორ ადგილას აღმოვჩნდი და სწორად ავირჩიე ჩემი მომავალი პროფესია.
როგორია ქალის როლი მეცნიერებაში? რას ნიშნავს ქალის ჩართულობის გაზრდა ამ სფეროში?
ქალთა როლი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მართლაც რომ უმნიშვნელოვანესია. ქალებს წლების განმავლობაში უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევდათ. მათ, ვისაც სურდათ კარიერა დაეკავშირებინათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროსთვის, უწევდათ უთანასწორო „რალიში“ მონაწილეობა მამაკაცებთან ერთად. მხოლოდ მე-19 საუკუნიდან გახდა შესაძლებელი უნივერსიტეტებში საპროფესორო შემადგენლობებში ადგილის დაკავება და სერიოზულ სამეცნიერო გამოცემებში ნაშრომების გამოქვეყნება. მე-20 საუკუნის მიჯნაზე კი მეცნიერებაში ქალის როლი მნიშვნელოვნად იზრდება და საზოგადოების გაღიზიანებას აღარ იწვევს. მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს მეცნიერების უამრავ დარგში: ქიმიაში, ბიოლოგიაში, ბიოქიმიაში, მედიცინაში, ბირთვულ მეცნიერებებში, ფსიქოლოგიასა და ჯანდაცვაში. ქალმა მეცნიერებმა მთავარი სამეცნიერო ბარიერი − ნობელის პრემია, წარმატებით გადალახეს. ამის ნათელი მაგალითია მარია კიური, რომელიც ერთ-ერთია იმ ორი ადამიანიდან, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო ორ სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს უფრო მეტი ქალი მეცნიერია, ეს ფაქტი არ აისახება იმ ქალების რაოდენობაზე, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ წამყვან დეპარტამენტებსა თუ კვლევით პროექტებში. წამყვან ქალ მეცნიერთა ნაკლებობა განაპირობებს ნაკლებ მისაბაძ ადამიანს მომავალი ქალი მეცნიერებისთვის. ქალთა ჩართვა ამ სფეროში კი ნიშნავს განსხვავებული ხედვის შემოტანას. წარმატებულ ქალ მეცნიერთა მისაბაძ მაგალითებად დანახვა კი სკოლის მოსწავლე და სტუდენტი გოგონებისთვის მეცნიერების გზაზე გადადგმული თავდაჯერებული ნაბიჯი იქნება.
გაიხსენეთ თქვენი პირველი შეხება ევროპასთან…
საცხოვრებლად ევროპაში, კერძოდ ნიდერლანდებში წავედი 2017 წელს, როდესაც გამოცდები ჩავაბარე მაასტრიხტის უნივერსიტეტში. თუმცა, საქართველოში ცხოვრებისას არაერთხელ ვიყავი ინგლისში საზაფხულო სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პროგრამით. ინგლისში ცხოვრებამ ერთი თვის განმავლობაში მიმახვედრა, რომ სასწავლებლად სწორედ საზღვარგარეთ მინდოდა წასვლა და მზად ვიყავი დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის.
როდესაც უნივერსიტეტებში აპლიკაციების გაგზავნის დრო დადგა, არჩევანი შევაჩერე ორ ქვეყანაზე − ნიდერლანდებსა და ინგლისზე. უმაღლესი განათლება ნიდერლანდებში საკმაოდ პრესტიჟულად მიიჩნევა. ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. ინგლისურ ენაზე ბევრი პროგრამაა, რომლებიც ბევრად იაფია, ვიდრე ინგლისში. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც ავირჩიე სასწავლებლად ნიდერლანდები. აპლიკაციები ნიდერლანდების 4 უნივერსიტეტში გავაგზავნე, თუმცა ყველაზე მეტად თავიდანვე მაასტრიხტის უნივერსიტეტით მოვიხიბლე, რადგან სამეცნიერო კვლევებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელია. იქ არის პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (Problem-based learning), რომელიც სრულიად განსხვავდება ტრადიციული საუნივერსიტეტო განათლებისგან, რაც მოიცავს მცირე სასემინარო ჯგუფებში პრაქტიკულ ტრენინგებზე დასწრებას და ბევრად ნაკლებ ლექციას. სტუდენტებს უწევთ სასწავლო მასალის თვითონვე მოძიება, ნაბიჯ-ნაბიჯ აღქმა, გააზრება, დამუშავება და სემინარებზე მისი განხილვა სხვა სტუდენტებთან ერთად. ამ ტიპის სწავლება აადვილებს ცოდნის უკეთ შენარჩუნებას, აძლიერებს მოტივაციას და გიბიძგებს იმ უნარების განვითარებისკენ, რომლებიც აუცილებელია შრომითი ბაზრისთვის.
რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებსაც ევროპაში სწავლის გაგრძელება სურთ?
თუ ინგლისურ ენაზე აპირებთ ევროპაში სწავლის გაგრძელებას, აუცილებელია მისი მაღალ დონეზე შესწავლა პროფესიული კუთხით. პირადად მე, რადგან საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამა დავამთავრე, ინგლისურად ბიოლოგიისა და ქიმიის სწავლა არ გამჭირვებია. ძალიან დაგეხმარებათ, თუ გარკვეული საფუძვლები მაინც გეცოდინებათ ინგლისურად იმ სფეროში, რომელშიც აპირებთ სწავლის დაწყებას.
ევროპაში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, თუ არ ხარ ევროკავშირის წევრი მოქალაქე, რადგან რთული პროცედურებია გასავლელი, რათა მოგანიჭონ ვიზა და მუშაობის უფლება. ჩვენ ორმაგი შრომა გვიწევს იმისათვის, რომ იმავე პოზიციაზე დავიწყოთ მუშაობა. ასევე, კომპანიებისა თუ ორგანიზაციების უმეტესობა ითხოვს პროფესიულ დონეზე ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის ოფიციალური ენის ცოდნას. ამიტომ მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ევროპაში სწავლის გაგრძელება და ცხოვრება, ვურჩევდი იმ ქვეყნის ოფიციალური ენის სწავლას, რომელსაც აირჩევენ კარიერის გასაგრძელებლად.
გახსოვდეთ, როცა ევროპაში სასწავლებლად ჩახვალთ, მოდუნების, უკანდახევისა თუ შეშინების უფლება აღარ გაქვთ. თუ აჩვენებთ თქვენს დიდ შემართებას, მიზანდასახულობასა და შრომას, ეს საბოლოოდ შედეგს გამოიღებს და ყველაფერი დაგიფასდებათ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტები და მეგობრები. უმეტესობა სწორედ Networking-ის საშუალებით იწყებს მუშაობას. ყოველთვის უნდა იფიქროთ საკუთარი თავის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე და გამოწვევებს არ უნდა შეუშინდეთ.
სამომავლო გეგმები…
ლექტორის პოზიციაზე 1+2-წლიანი კონტრაქტი მაქვს. სამომავლოდ კერძო სექტორში მუშაობის დაწყებაზე ვფიქრობ. კარიერის შემდგომ ეტაპზე კლინიკური კვლევის მენეჯერის პოზიციაზე ვხედავ საკუთარ თავს. თანამედროვე სამედიცინო სფეროში, რომელიც მუდმივად ვითარდება, კლინიკური კვლევები არსებით მიზანს ემსახურება იმის დასადგენად, არის თუ არა რაიმე სახის მედიკამენტი უსაფრთხო და ეფექტიანი. მსურს ვიყო პასუხისმგებელი კლინიკური კვლევების პროცესის წარმართვაზე, ეფექტური ორგანიზაციული სტრატეგიებისა და კლინიკური პროცედურების გამოყენებით.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: მაკა მეგრელიძე