უკვე რამდენიმე წელია, რაც სოციალურ ქსელში ინტერნეტპლატფორმა „სივრცე ქალური საუბრებისთვის“ შეიქმნა და გარდა იმისა, რომ ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა, იქცა სივრცედ, სადაც ქალებს თავისუფლად შეუძლიათ ისაუბრონ სექსუალურ ჯანმრთელობაზე, მათ უფლებებსა და სხვა ტაბუდადებულ თემებზე. ჟურნალი OK! პირადად ესაუბრა ჯგუფის იდეის ავტორს, თამ ფონიავას.
უპირველესად, გაგვეცანით. ვინ არის თამ ფონიავა?
თამ ფონიავა, პირველ რიგში, არის ქართველი ქალი, ასევე ვარ შვილი აფხაზეთიდან დევნილი მამისა. ჩემი პიროვნების ჩამოყალიბების პირველი ნაბიჯები სწორედ დაკარგული მიწის, სახლისა და ცხოვრების სევდისგან შედგება. ბავშვობაში იმის ნახვამ, თუ როგორ თავდაუზოგავად, ზოგჯერ არაადამიანურადაც კი შრომობდნენ ჩემი მშობლები თვითგადარჩენისთვის, ჩამომიყალიბა უდიდესი ემპათია გაჭირვებაში მყოფი ადამიანების მიმართ. თინეიჯერობიდანვე ვიყავი მეამბოხე, ვაპროტესტებდი ყველაფერს, რასაც არასამართლიანად მივიჩნევდი, რადგან თავად მინახავს და გამომიცდია უსამართლობა. უდიდესი აუტანლობა მაქვს, როცა ვხედავ ადამიანის თუ ცხოველის ჩაგვრას. ზრდასრულობის პერიოდში კი გავეცანი ფემინიზმს, რაც ბუნებრივია, ჩემი არსების ნაწილი გახდა. კიდევ უფრო გამიღრმავდა ქალების მიმართ სოლიდარობა, კიდევ უფრო გამაბრაზა ქალთა ჩაგვრამ და, რაც თავი მახსოვს, ჩემი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი ქალი გამეერთიანებინა ჩვენთვის, ქალებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი იდეების ირგვლივ. ალბათ ამიტომაც შევქმენი პირველი ქართული, სექსუალური ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებებისთვის მომუშავე ფეისბუქჯგუფი.
თქვენ ხართ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის Space for female talks-ის იდეის ავტორი. როდის და როგორ გაჩნდა ჯგუფის იდეა?
სივრცე ქალური საუბრებისთვის ნამდვილად პირველი ქართული პლატფორმაა, რომელიც სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მუშაობს. პირველობა იმასაც გულისხმობს, რომ მე არ მქონდა არანაირი გზამკვლევი, ვერავინ მიმითითებდა, როგორ და რანაირად ჯობდა მემოქმედა. ერთადერთი, რაც გამაჩნდა, იყო სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტ ქალს მიეღო ინფორმაცია საკუთარ ჯანმრთელობასა თუ უფლებებზე. და რაც მთავარია, მსურდა, როგორმე მეჩვენებინა ქალებისთვის ყველა ის ჩაგვრა თუ შევიწროება, ღალატი თუ უგულებელყოფა, გაურკვევლობა და ინფორმაციის ნაკლებობა, რაც არა მხოლოდ ერთი ქალის გამოცდილება, არამედ კოლექტიურად ქართველი ქალების გამოცდილება იყო. ჩვენ, ქალები, ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ როცა საქმე იმას ეხება, თუ როგორ გვექცევა საზოგადოება, სახელმწიფო, კაცები…. დამერწმუნეთ, ყველას საერთო, ერთმანეთის მსგავსი კოლექტიური გამოცდილება გვაქვს. ეს კი აჩვენა ჯგუფმა და მასში გაერთიანებულმა 100000-ზე მეტმა ქალმა თავადაც იგრძნო ქალური ერთობის მნიშვნელობა.
მიზანი, რომელიც თავდაპირველად გქონდათ ჯგუფის შექმნისას, გამართლდა?
ჯგუფის შექმნის მიზანი აბსოლუტურად გამართლდა და ჩემს მოლოდინებს მილიონჯერ გადაასწრო კიდევაც. ჯგუფის წევრმა ქალებმა შევძელით და სივრცე ქალური საუბრებისთვის იქცა დაცულ სივრცედ, რომელშიც ქალები სხვა ქალებს უზიარებენ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიებს, ისტორიებს, რომლებსაც თავიანთ ოჯახის წევრსაც კი ვერ გაანდობენ ხოლმე. ჯგუფში ჩამოყალიბდა ქალთა გაერთიანება, რომლებიც ეხმარებიან ერთმანეთს დაუფიქრებლადაც კი. ჯგუფის ბაზაზე ჩამოვაყალიბე ყველა ქალის ფონდი, რომლითაც გაკეთებული დონაციებით ჯგუფის წევრები დახმარებიან ასობით ქალს, რათა გინეკოლოგიური სერვისები მიეღოთ. ეხმარებიან ერთმანეთს ფონდის გარეთაც კი, – სიტყვიერად თუ ფინანსურად. წარმოუდგენლად ძლიერი გაერთიანებაა და ვფიქრობ, საქართველოში უპრეცედენტო. უდიდეს სიამაყეს ვგრძნობ, როცა ქალთა დახმარების იდეისთვის გაერთიანებულ ათასობით ქალს ერთად ვუყურებ.
ძირითადად რა ტიპის და შინაარსის პოსტები ქვეყნდება ჯგუფში?
ჯგუფში ძირითადი პოსტები სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზეა. მოგეხსენებათ, სრჯუ-ს თემები მრავლისმომცველია და მოიცავს სექსუალური ცხოვრების, სიამოვნების, ამავდროულად, პირადი ურთიერთობების, სექსუალური განათლების, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის, ეკონომიური დამოუკიდებლობის თუ სხვა საკითხებს. ჯგუფში გაერთიანებული პოსტები სრულად მოიცავს ყველა საკითხს, რაც ქალების სრულფასოვანი, ღირსეული ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი.
ჯგუფის შექმნიდან დღემდე, თქვენი დაკვირვებით, რა ძირითადი პრობლემები იკვეთება ქალებში?
ყველაზე მნიშვნელოვანი და ქალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ეკონომიური დამოუკიდებლობა. ჯგუფში გაზიარებული ათასობით ისტორია ამას გვიდასტურებს. ძალადობის მსხვერპლი ქალი ოჯახიდან ვერ მოდის, რადგან არ არის ფინანსურად დამოუკიდებელი და უმეტესად, შვილის საბაზისო საჭიროების უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. ეკონომიურად დამოკიდებულება არის სწორედ ის ბერკეტი, რასაც მოძალადე კაცები ქალების მიმართ იყენებენ. მოღალატე ან მოძალადე (ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად) კაცს ვერ სცილდება ცოლი თუ პარტნიორი, რადგან წასასვლელი არსად აქვს. არც სახელმწიფო ეხმარება ასეთ ქალებს. ამიტომაც ჯგუფში აქტიურად ვურჩევთ ქალებს, ადრეულ ასაკში არ დაქორწინდნენ. უნდა მიიღონ განათლება და მიხედონ კარიერას, რათა მამაკაცებზე არ იყვნენ დამოკიდებული. ქალს აუცილებლად სჭირდება ფინანსური დამოუკიდებლობა იმისთვის, რომ არჩევანის თავისუფლება ჰქონდეს. თუკი გარემო, რომელშიც ცხოვრობს, არის დამაზიანებელი მისთვის, შეძლებს გაერიდოს მას. ძალიან მძიმე რეალობაში ვცხოვრობთ, რომელშიც ქალებს უწევთ ფულის სესხება, დონაციების აგროვება, ბანკის ვალების აღება გინეკოლოგთან კონსულტაციის გასავლელადაც კი. უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ქალებისთვის ხარისხიანი და დროული ჯანდაცვის სერვისების მიღება, განსაკუთრებით რეგიონებში. სექსუალური განათლების ნაკლებობაც მძიმე პრობლემაა ზოგადად, საქართველოში. ქალებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარ ფიზიოლოგიაზე და იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს იგი.
ასევე, საინტერესოა ჯგუფის წევრების რაოდენობა, მათი აქტივობა და ამ ყველაფერთან შეფარდებით, რამდენი ადამიანი უწევთ ჯგუფს მოდერაციას?
თავდაპირველ ჯგუფში 100 000-ზე მეტი ქალი იყო გაერთიანებული, ჯგუფის ოფიციალური ფეიჯის ინგეიჯმენთი კი 2 მილიონს აჭარბებს. რამდენიმე წლის წინ ჯგუფი ფეისბუქის განახლებული წესების გამო დაიბლოკა და თავიდან შევქმენი ჯგუფი. სულ მცირე ხანში ისევ 100 000 ქალი შეგროვდა. სამწუხაროდ, ამა წლის გაზაფხულზე უცხოური ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გავხდი, ჩემი პირადი ფეისბუქპროფილი წაიშალა და, შესაბამისად, ჯგუფების დეაქტივირება მოხდა. მესამედ ისევ გავაკეთე ახალი ჯგუფი, სულ ახლახან დავიწყეთ ახალ ჯგუფში გადმოსვლა. ამ ეტაპზე 40 000 ქალია გაერთიანებული. ჯგუფის ძირითად მოდერაციას ვეწევი მე, რაც გულისხმობს პოსტების დადასტურებას თუ საგანმანათლებლო კონტენტის გამოქვეყნებას. ჯგუფში წევრების დამატებასა და წევრების აქტივობების რეგულაციასა და ზედამხედველობაში სრულიად უანგაროდ მეხმარებიან მოდერატორები, საოცარი ქალები, რომლებმაც ჩემთან ერთად უდიდესი შრომა ჩადეს ჯგუფის განვითარებაში.
ხშირად ვხვდებით ჯგუფში ძალადობის მსხვერპლი ქალების პოსტებს. როგორია ამ დროს ჯგუფის ჩართულობა და მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ?
ჯგუფში ამ დროისთვის რამდენი ძალადობის ისტორია გაზიარდა. ვერ დავთვლით, სავარაუდოდ, ათიათასობით და მეტი. ძალადობის ისტორიების გაზიარება იყო სწორედ ჯგუფის განვითარების ის ეტაპი, როცა სფეისი გახდა ქალთა გაერთიანება და არა უბრალო ფეისბუქჯგუფი. ძალადობის ისტორიების გაზიარებამ ქალებს დაანახვა, რომ მათი ისტორიები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, ერთი და იგივე პატერნები თამაშდებოდა, შესაბამისად, ჩამოუყალიბდათ უდიდესი მხარდაჭერის შეგრძნება ერთმანეთის მიმართ. ყოველთვის, როცა ძალადობის ისტორია იდება, წევრები მაქსიმალურად ცდილობენ დახმარებას: აწვდიან ინფორმაციას სამართლებრივ თუ სახელმწიფო სერვისებზე, ეხმარებიან ფინანსურად, ხარჯავენ თავიანთ დროსა და ენერგიას მსხვერპლთან საუბრებში და ა.შ.
დაბოლოს… როგორ ფიქრობთ, აამაღლა ჯგუფმა ცნობიერება სხვადასხვა აქტუალური თემების მიმართ, რაზეც აქამდე ქალები ხმამაღლა არ საუბრობდნენ?
აუცილებლად. მახსოვს, თავდაპირველად, როცა ჯგუფი შევქმენი, ისეთ ტაბუდადებულ თემებზე, როგორიცაა სექსუალური ცხოვრება, სიამოვნება, სექსუალური დისფუნქციები, წევრებს ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ და ხშირად აგრესიულადაც კი იყვნენ განწყობილი მსგავსი თემების განხილვისას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ქალის სიამოვნება, მხოლოდ სექსუალური დისფუნქციების კონტექსტში განიხილებოდა. დღეისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ჯგუფის წევრების ცოდნა სექსუალურ ჯანმრთელობაზე უფრო მაღალია, ვიდრე ადრე იყო და, რაც მთავარია, დღეს ქალებს უფრო მეტი ღიაობა აქვთ, მიიღონ ინფორმაცია, ისწავლონ და, ამავდროულად, ისაუბრონ (მართალია,ძირითადად, ანონიმურად) საკუთარ სიამოვნებაზე, საკუთარ სურვილებზე, მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე სექსუალური ცხოვრების კონტექსტშიც და ზოგადადაც.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: Indigo Fleur