მსოფლიოს არაერთი ქვეყანა შემოიარა, სხვადასხვა ხალხების კულტურას გაეცნო, მაგრამ ბათუმში, თავისი ბინიდან ზღვის ხედი, სულ სხვანაირი ემოციებით ავსებს. ყველაზე დიდი ინსპირაციის წყაროც ზღვაა, რომელიც უამრავ იდეას ბადებს მასში და მუდმივად ადამიანების სამსახურში მყოფს, აძლევს კიდევ უფრო მეტი სიკეთის კეთების ძალას. OK! ბათუმის სტუმარი პროფესიით ექიმი, „ინტერკლინიკისა“ და „ინტერმედიკის“ დამფუძნებელი, ნინო გორგილაძეა, ადამიანი, რომელიც მთელ თავის ენერგიას სხვა ადამიანებზე ზრუნვას ახმარს. დღემდე ვერ ამოხსნა საიდან აქვს ამხელა და ამდენი პასუხისმგებლობის საკუთარ მხრებზე აღების ძალა, მაგრამ ის ზუსტად იცის, რომ ასეთია და მცდელობის მიუხედავად, უფრო მეტი დრო რომ დაუთმოს საკუთარ თავს, აღარაფერი გამოუვა.
ბათუმი და ბათუმელობა…
მეც, და ჩემი მეუღლეც ბათუმელები ვართ. აქ დავიბადე და გავიზარდე, ვსწავლობდი დღევანდელ მეორე სკოლაში, ჩვენ დროს პირველი სკოლა იყო და ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად ითვლებოდა. 18 წლის ასაკში მოსკოვში წავედი, სწავლის პერიოდშივე გავთხოვდი, სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი თბილისში დავბრუნდით საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელია თბილისში ვცხოვრობთ, მაინც ბათუმელებად ვთვლით თავს და ეს ძალიან გვეამაყება. აქ მყავს მშობლები, ნათესავები, მეგობრები. ბათუმელობა დიდი სიხარულია, თბილი ურთიერთობებია, დაუსრულებელი სიყვარულის ამბავია. ადამიანი სიზმარში ყოველთვის იმ ადგილს ნახულობ სადაც დაიბადე და გაიზარდე, იმ ქალაქს, სადაც ბედნიერი ბავშვობა გაატარე. მართალია კომუნისტურ წყობაში მომიწია ბავშვობა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი, მაბედნიერებდა ბათუმის ქუჩებში სეირნობა, ახლა რომ დავდივარ ხშირად ვეღარ ვცნობ. იმხელა სახლებია უნდა დავბრუნდე სადღაც, რომ აღმოვაჩინო სად ვარ. ალბათ, ის ბათუმი უფრო მიყვარდა, პატარა სახლებით, ქუჩებით, თუმცა, როცა ჩემს ბინაში ვარ, საიდანაც პირდაპირ ზღვას გადავყურებ, ცოტა ხნით მაინც მავიწყდება რა ხდება ჩემს უკან და ემოციებით ისევ ძველ, ჩემს ბავშვობისდროინდელ ბათუმში ვბრუნდები.
შეგრძნებები, რომლებიც წლებთან ერთად მოდის…
რაც უფრო ხშირად ვუბრუნდები ბათუმს, მით მეტ სიახლეს ვხედავ მასში. ბავშვობაში თურმე ამ ყველაფეს ვერ ამჩნევ ადამიანი, ასაკთან ერთად მოდის შეგრძნებების ახალი ტალღა, ახლებური გააზრება, რომ ცხოვრობ საოცარ კუთხეში. ამას წინათ მახინჯაურში გადაღებული ფოტოები ავტვირთე სოციალურ ქსელში, როგორც ხშირ შემთხვევაში მიჩვეული არიან ჩემგან, ყველას ეგონა, რომ სადღაც იტალიაში ვიყავი, მახინჯაურში თუ იყო ფოტოზე აღბეჭდილი სილამაზე, ვერ წარმოიდგინეს. მეც სხვანაირად აღმოვაჩინე, თურმე მახინჯაურიდან ისეთი ხედი ყოფილა, რაც მთელი ბავშვობა არ შემიმჩნევია. როცა მიდიხარ ქვეყნიდან, ქალაქიდან და შემდეგ ბრუნდები, ხვდები რა არის შენთვის ახლობელი. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიყოთ, მე და ჩემი მეუღლე, ყველაფერს ბათუმში, ჩვენი ბინის ხედს ვადარებთ და ვხვდებით, რომ ჯერ არც ერთ ხედს არ აღვუფრთოვანებივართ ისე, როგორც ხედს ჩვენი ბინის ფანჯრიდან.
ოჯახი…
ჩემი მეუღლე ჯემალ ინაიშვილია, ადამიანი, რომელსაც როგორც ბათუმში, ასევე თბილისში ძალიან კარგად იცნობენ. ორი შვილი გვყავს. უფროსმა, ირინამ, დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, რომ დაბრუნდა მუშაობდა ჯერ საქართველოს ბანკში, ახლა კი შვეიცარიულ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობს, ასევე ხელმძღვანელობს სასტუმროს, რომელიც ახლახან გავხსენით თბილისში. გიორგი ლოს- ანჯელესში, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, სადაც კომუნიკაციების სპეციალობას ეუფლება. ჩვენი ოჯახისთვის პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის ხარისხიანი განათლება. ზოგადად, განათლებაა ყველა პრობლემის დაძლევის გასაღები და მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ ძალიან დიდი რესურსი უნდა ჩადოს განათლების სისტემაში, თუ გვინდა ქვეყანა ყველა მიმართულებით განვითარდეს და გაძლიერდეს.
როგორ გაჩნდა „ინტერკლინიკის“ დაფუძნების იდეა, შემდეგ კი „ინტერმედიკის“, როგორი იყო გზის დასაწყისი…
2003 წელს, თავდაპირველად თბილისში გავხსენით „ინტერკლინიკა“, ცნობილ ექიმთან, ეხოსკოპისტ არჩილ ახმეტელთან ერთად. უკვე ერთ წელში, კლინიკის გახსნიდან 20 წლის იუბილე გვექნება. ყოველთვის მსურდა ისეთი ადამიანები შემომეკრიბა ირგვლივ, ვისთან ერთადაც არაერთ ჩანაფიქრს შევასხამდი ფრთებს, ასეც მოხდა და დღეს მე ამაყი ვარ ჩემი გუნდით, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. ჩემმა მეგობარმა თამუნა ცხომელიძემ, რომელთან ერთადაც მოსკოვში ვსწავლობდი, იცოდა ხოლმე თქმა, ნინო გახსენი ბათუმშიც კლინიკა და ვიმუშაოთ ერთადო. თავდაპირველად, რატომღაც საერთოდ არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ მერე ვთქვი, რატომაც არა. თამუნა ცხომელიძე, რომელსაც საკუთარი დასავით ვენდობი, აღმოჩნდა ბრილიანტი, 2011 წელს, ჩაუდგა „ინტერმედიკას“ სათავეში, შემოიკრიბა საოცარი გუნდი და დღეს ბათუმში ერთ-ერთ მოწინავე კლინიკად ითვლება, დიაგნოსტიკურ ცენტრად, რომელსაც წლებია ადამიანები უპირობო ნდობას უცხადებენ. თითოეული ადამიანი, ვინც „ინტერმედიკაში“ მუშაობს, მართლაც მარგალიტები არიან, ყოველთვის მიხარია მათი დანახვა და იმის, თუ რა ერთგულად და დაუღალავად, მომღიმარი სახეებით ემსახურებიან ადამიანებს, ვინც „ინტერმედიკაზე“ აკეთებს არჩევანს.
მოგზაურობისგან მიღებული ადრენალინი…
მე და ჩემი მეუღლე 30 წელია ცოლ-ქმარი ვართ და მოვლილი გვაქვს ლამის მთელი მსოფლიო, ყველაზე მაგარი ადრენალინი ახლავს მოგზაურობას. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რატომღაც უკვე აღარ მიყვარს ცივილური მოგზაურობა, ანუ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: პარიზი, რომი, ლონდონი და ასე შემდეგ, თუნდაც ამერიკა. მე უფრო მომწონს ახალი ადგილების აღმოჩენა, უფრო ავთენტური გარემო, სადაც ცივილიზაციას ჯერ კიდევ არ შეუღწევია. აზიაზე ვგიჟდები, აზიის ქვეყნებში მოგზაურობა ეს არის, არ ვიცი… ვფიქრობ, ყველაზე დიდი „კაიფი“. აზიაში არ ვგულისხმობ კუნძულ ბალის, ან მალდივებს. აი, მაგალითად, ბოლოს ვიყავით ასეთ კუნძულზე „სოკორტა“, რომელიც სულ 133 კმ-ზეა გაშენებული, უფრო ახლოსაა სომალისთან, მაგრამ ეკუთვნის იემენს. კუნძულზე არ არის ტელევიზორი, ინტერნეტი, არ იჭერს ტელეფონი. ვცხოვრობდით კარვებში. პირველი ორი დღე ვინერვიულე, რომ ვერ ვუკავშირდებოდი ოჯახის წევრებს, მერე მივხვდი, რომ ვერაფერს გავხდებოდი ნერვიულობით. მოგვიანებით, სადღაც მოიძებნა ერთი ადგილი, საიდანაც ახლობლებს მივაწვდინეთ ხმა, რომ ცოცხლები ვართ, კარგად ვართ… აი, ეს იყო სრული დასვენება, როცა გამოთიშული ხარ გარე სამყაროს, არანაირ ინფორმაციას არ გაწვდიან, არაფერზე არ განერვიულებენ. შემდეგში ტიბეტში ვიმოგზაურებდი სიამოვნებით და მივიღებდი ზღვა ადრენალინს.
ზღვა ენერგიას ფლობთ…
არ ვიცი, ვერ ვხსნი საიდან, მგონი მამიდას ვგავარ, 80 წელს მიუკაკუნა და თვითონ დადის სახლის რემონტის საკითხებზე. ხანდახან ვფიქრობ, რატომ ვიღებ ჩემს თავზე ამდენი ადამიანის პასუხისმგებლობას. რატომ ვერ ვჩერდები და სიმშვიდის უფლებას არ ვაძლევ თავს. ნათესავების, მეგობრების, ოჯახის წევრების, ლამის ყველას პრობლემის მოგვარებას საკუთარ მხრებზე რატომ ვიღებ, ხომ შეიძლება ვიღაცის მხარზე თავი ჩამოვდო და წავიტირო? მაგრამ არა, ვინმეზე რომ არ ვიზრუნო, ალბათ, ვერ შევძლებ. ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალა და შემაძლებინოს დახმარების ხელი გავუწოდო ადამიანებს. რადგან მე ამ ყველაფრის საკუთარ თავზე აღება და გაკეთება შემიძლია, ესე იგი, ჯანმრთელად ვარ, ეს კი უდიდესი ფუფუნებაა დღეს.
ოთხფეხა მეგობარი…
სამი წლის არის ლუი, ფრანგული ბულდოგია. სამი წლის წინ დაბადების დღეზე გიორგის აჩუქა მეგობარმა. მახსოვს, პირველად რომ დავინახე, ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს პატარა ბავშვი მიყურებდა. სისუფთავის განსაკუთრებული მანია აქვთ ჩემი ოჯახის წევრებს, ვშიშობდი, ძაღლს როგორ შეეგუებოდნენ, მაგრამ ჩემი ქმარიც და მთელი ოჯახიც ერთნაირად ვგიჟდებით ლუიზე, დღეს მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. სახლში ხშირად მსაყვედურობენ, ძაღლს ნუ ეძახი, ლუი ადამიანია, ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრიაო. სხვანაირი სიყვარული იციან ოთხფეხა მეგობრებმა, თუ არ გამოცდი, ვერასდროს გაიგებ მათი სიყვარულის ძალას.
თქვენთვის, რა არის ბედნიერება?
საღამოს, როცა ვიძინებ და ვიცი, რომ ოჯახის ყველა წევრი ჯანმრთელადაა, არაფერი უჭირთ, აი, ეს არის ჩემთვის ბედნიერება. მივხვდი, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. არავინ თქვას, აი, მე ბედნიერებისთვის ის მჭირდება, ეს მჭირდება, არაფერი არ გჭირდებათ ძვირფასებო, იმის გარდა, რომ იყოთ ჯანმრთელად, ირგვლივ ყველა კარგად გყავდეთ, რომ უყვარდეთ და გიყვარდეთ.
ტექსტი: ნანა აბულაძე