სიჩქარის გადაჭარბება საქართველოში და არამხოლოდ, საგზაო შემთხვევის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. ყველამ ვიცით, რომ უნდა დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები და არ უნდა გადავაჭარბოთ სიჩქარეს, რათა თავიდან ავიცილოთ ფატალური შედეგები, მაგრამ საგზაო მოძრაობის წესების დაცვა საქართველოში კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. საჯარიმო სანქციებისა და რეგულაციების პერიოდულად გამკაცრების მიუხედავად, საგზაო უსაფრთხოება ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, ამიტომ ჟურნალი OK! და Vako motors კამპანიას – #შეანელესვლა კვლავ აგრძელებს. კამპანიის მიზანი საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. თემის გარშემო სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შევკრიბეთ და ვკითხეთ, რა განაპირობებს საგზაო შემთხვევებს და როგორ დავიცვათ საკუთარი და სხვების სიცოცხლე.
ირინა ონაშვილი, მოდელი: ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო ნიშნების სრულყოფილად ცოდნა, რათა ავტომობილი დარღვევების გარეშე ვმართოთ. მართალია, ხშირად სხვა გარემო ფაქტორებიც მოქმედებს, მაგრამ აუცილებელია დავიცვათ წესები, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები შევამციროთ. ყველა ჩვენგანს გვმართებს სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ერთი შეხედვით ძალიან მარტივმა დარღვევამ, თუნდაც ტელეფონზე დახედვამაც კი, შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს როგორც ჩვენი, ასევე ქვეითად მოსიარულეების სიცოცხლე.
მძღოლებს ვეტყოდი, რომ იმ ელემენტარული წესების გარდა, რომელთა დაცვაც აუცილებელია, ასევე არ დასხდნენ საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ყველაზე უკიდურესი, რაც შეიძლება მძღოლმა დააშაოს. რადგან ამ დროს იქმნება ყველაზე დიდი რისკი იმის, რომ არასასურველი შედეგის წინაშე აღმოვჩნდეთ. ასევე, ქვეითად მოსიარულეებს ვურჩევ, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, რადგან მათი როლიც საკმაოდ დიდია ავტოსაგზაო შემთხვევების დროს და მძღოლსაც ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებენ. შესაბამისად, კარგად უნდა გაიაზრონ საგზაო წესები მათივე და სხვა ადამიანების სიცოცხლის გასაფრთხილებლად.
ვფიქრობ, კარგი იქნება ამ მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები. მახსოვს, წლების წინ, როდესაც აქტუალური გახდა ღვედის აუცილებლობის საკითხი, როგორი მნიშვნელოვანი იყო კამპანია. რასაკვირველია, მძღოლების მხრიდან არცთუ ისე კარგი რეაქციები მოჰყვა თავდაპირველად, თუმცა სტატისტიკებმა და შედეგებმა გვაჩვენა, რომ ღვედმა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნა სიკვდილისგან. ამის შემდეგ შეიცვალა დამოკიდებულებაც. აქედან გამომდინარე, გავმეორდები, რომ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი თემის უკეთ გასააზრებლად მნიშვნელოვანია კამპანიები ცნობიერების ასამაღლებლად.
მევლუდ მელაძე, ავტომრბოლელი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: საგზაო ნიშნები ეს არის მძღოლის სახელმძღვანელო, რომელიც კარნახობს, რა დროს როგორ მოიქცეს, შესაბამისად, მისი ცოდნა აუცილებელია ზედმიწევნით.
ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა ურთიერთპატივისცემისა და დათმობის ნაკლებობაა, რასაც უმეტესად ფატალურ შემთხვევამდე მივყავართ. ეს ეხება როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე მძღოლებს.
იმისათვის, რომ ამ მიმართულებით ცნობიერება ავიმაღლოთ, საგზაო წესების სწავლა უნდა დავიწყოთ მცირე ასაკიდანვე, ჯერ ბაღში თამაშ-თამაშით, შემდეგ სკოლაში უფრო გაცნობიერებულად და ბოლოს უნივერსიტეტში საფუძვლიანად.
ყველამ უნდა იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები და ეს უნდა დავიწყოთ ადრეული ასაკიდან!
ნანკა კალატოზიშვილი, მსახიობი: მნიშვნელოვანია წესების და საგზაო ნიშნების სრულყოფილად ცოდნა, რადგან ყველა შემთხვევა ეხება ადამიანის უსაფრთხოებას. არა მხოლოდ საჭესთან მჯდომის, არამედ ქვეითი ადამიანისთვისაც. მძღოლებს ვურჩევდი, ზებრა გადასასვლელზე ყოველთვის შეანელონ და გაჩერდნენ. სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევა იყო, როცა ქვეითისთვის არ დაუთმიათ ან უარესი – სიჩაქარით ტრაგიკულ შედეგამდეც მისულან. ქვეითმაც უნდა გაითვალისწინოს გზაზე გადასვლის წესები და არ ჩაიგდოს თავი საფრთხეში, არც თვითონ, არც მძღოლი. ცნობიერების ასამაღლებლად სკოლებშიც ძალიან კარგი იქნებოდა მსგავსი გაკვეთილები და ზოგადად, ვიდეორგოლები, რომლებიც დააფიქრებდა მძღოლსაც და ქვეითსაც. შეიძლება არსებობდეს ინტერაქციული თამაშები, სადაც ადამიანი გაიაზრებს, რას სჩადის ან რა სასჯელი შეიძლება ამის გამო დაიმსახუროს. არ შეიძლება მძღოლის დაუფიქრებელი, უყურადღებო ქმედების გამო სხვას ცხოვრება დაუნგრიოს.
დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველანაირი საგზაო მოძრაობის წესის დაცვა, ერთი შეხედვით, ელემენტარულმა (ჩვენი აზრით, უმნიშვნელო) დარღვევამ შესაძლოა ჩვენთვის გამოუსწორებელი შეცდომა დაგვაშვებინოს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ დავემორჩილოთ წესებს და იმ სტანდარტებს, რაც ჩვენი და ჩვენი გარემოცვის უსაფრთხოებისთვის არის შექმნილი.
მძღოლებს და ქვეითად მოსიარულეებს ვურჩევდი, ისევ და ისევ საგზაო მოძრაობის წესების დამორჩილებას, ერთმანეთის პატივისცემას როგორც ქვეითის მხრიდან, ასევე მძღოლების მხრიდანაც, მოძრაობის კულტურის დაცვას და ნაკლებ აგრესიას ერთმანეთისადმი.
ვფიქრობ, აუცილებელია ხშირი კამპანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მეტი ცნობილი ადამიანის ჩართულობა ამ მხრივ და ვიდეორგოლები საგზაო მოძრაობის ცნობიერების ამაღლების შესახებ.
ნიკოლოზ წულუკიძე, თეატრმცოდნე, ტელეწამყვანი: თუ მართავ საჭეს და იღებ ამ პასუხისმგებლობას, ცხადია, სრულყოფილად უნდა ფლობდე ავტოსაგზაო წესებს, რადგან მხოლოდ საკუთარი თავი კი არა, მგზავრისა და ფეხით მოსიარულის სიცოცხლეზეც პასუხისმგებელი ხარ.
ზუსტად ასეთივე პასუხისმგებლობა უნდა გაიაზრონ და გააცნობიერონ ქვეითად მოსიარულეებმაც, რადგან მოდუნებამ, შენელებამ, წითელზე გადასვლამ და სხვა წესების დარღვევამ შესაძლოა არასასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს.
მახსოვს, წლების წინ, როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ლექციაზე მაგვიანდებოდა და რუსთაველზე ფეხით გადავირბინე. ჩემმა პროფესორმა, ბატონმა ვასო კიკნაძემ შემიყვანა აუდიტორიაში, რომელიც რუსთაველს გადმოჰყურებდა, ამოიღო ფურცელი და მაჩვენა, თუ რამდენი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ემსხვერპლა რუსთაველზე ფეხით გადარბენას. მას შემდეგ ამ ადგილის დანახვაზე ყოველთვის მისი სიტყვები მახსენდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. დღეს რომ აქტიურად ვსაუბრობთ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, ერთ-ერთი პირველი გამოხატულება სწორედ ეს არის.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი ბავშვებს მცირე ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ მისი მაგალითი. მშობლებმა შვილები ჩვენი მაგალითებით უნდა გავზარდოთ.
ნათია რეხვიაშვილი, სატვირთო მანქანის მძღოლი: ძალიან დიდი მადლობა, რომ საშუალება მომეცით, ამ კამპანიაში მიმეღო მონაწილეობა. რამდენიმე კვირაა ვიმყოფები საქართველოში და მართლაც, შესამჩნევია საგზაო წესების დარღვევა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ქალაქში საერთოდ არ იყენებენ მარჯვენა ციმციმას, ასევე არ მოძრაობენ თავიანთ ზოლში და სხვა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ბევრი მძღოლი არღვევს საგზაო წესებს, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება. აუცილებელია მაქსიმალურად ფოკუსირებული ვიყოთ, რადგან ავტომობილის მართვა მეტად საფრთხის შემცველია. ამ დროს ერთადერთი, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ამით არა მხოლოდ ჩვენს, არამედ სხვის სიცოცხლესაც ვუქმნით საფრთხეს. მნიშვნელოვანია, როგორც მძღოლმა, ისე ქვეითმა მიაქციოს ყურადღება საგზაო ნიშნებს და დაიცვას მოძრაობის წესები, ასე ბევრად უსაფრთხო იქნება ქალაქში გადაადგილება და ასევე, საცობებიც შედარებით ნაკლებად წარმოიქმნება.
გიორგი თექთურმანიძე, ფეხბურთელი: პირველ რიგში, მინდა, რომ ის გამოცდილება, რომელიც მე მივიღე, კიდევ სხვამ არ გაიზიაროს, ფაქტობრივად, ერთი ნაბიჯი მაშორებდა სიკვდილამდე. ამ ფაქტმა ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება ითქვას, ხელახლა ვისწავლე სიარული, კითხვა, ეს იმიტომ, რომ ტრავმის შემდეგ თავი იჩინა მოკლე მეხსიერების პრობლემებმა, ტვინის ისეთი უბნები დამიზიანდა, თუმცა ცხოვრება გრძელდება.
მძღოლებს და ფეხით მოსიარულეებს ვურჩევ, ფრთხილად იყვნენ. ერთხელ ვცხოვრობთ და ამ სიცოცხლის ეჭვქვეშ დაყენება არ ღირს არაფრად. ვფიქრობ, რომ ტელევიზიებს და იმ ადამიანების გამოცდილებას, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ავტოსაგზაო შემთხვევა, მეტად უნდა მოვუსმინოთ და გავითვალისწინოთ, რათა იგივე სხვას აღარ შეემთხვეს. უნდა ვისწავლოთ ჩვენს შეცდომებზე.
გიორგი წამალაშვილი, მრბოლელი, ფიას აკადემიის კურსდამთავრებული: ვფიქრობ, საგზაო ნიშნების ის ელემენტები, რომელიც ყოველდღიურად გვხვდება ცხოვრებაში, აუცილებელია სკოლის ასაკიდანვე ისწავლებოდეს, რათა თავიდან ავირიდოთ ავტოსაგზაო შემთხვევები და შევამციროთ მათი რიცხვი. მძღოლებს, პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ არ მართონ ავტომობილი, თუ თავს ვერ გრძნობენ კარგად ან არიან არაფხიზელ მდგომარეობაში, რადგან საფრთხე არ შეუქმნან ქვეითებს, სხვა მძღოლებსა და საკუთარ თავს.
ასევე, მნიშვნელოვანია, მძღოლები ყურადღებით იყვნენ შუქნიშნებთან, ისევე როგორც ქვეითები, რომლებმაც ასევე უნდა დაიცვან წესები. ავტომობილის მძღოლები ყურადღებით უნდა იყვნენ გზის გადაკვეთის დროს, უნდა დავუთმოთ გზა ქვეითებს, რადგან მთავარია ერთმანეთს პატივი ვცეთ.
საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კუთხით მნიშვნელოვანია ვიდეორგოლების გაშვება, საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება. ადამიანებს უნდა გავაცნოთ, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვამ. აუცილებელია სწორად მოხდეს ინფორმაციის მიწოდება, თუ რა შედეგები მოჰყვება გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ ავტომობილს და არამარტო სიჩქარის გადაჭარბებით, წესების დაუმორჩილებლობითა და უყურადღებობით. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ და უსაფრთხოდ ვიმოძრაოთ, საჭიროა ყველამ ვიცოდეთ მოძრაობის ელემენტარული წესები.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი
ფოტო: სოფო პაპიაშვილი
ფოტო: ნანო თენოშვილი