OK!-ის მარტის ნომრის ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტი ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი მერიკო კარტოზიაა. მართალია ტელეეკრანებიდან ძალიან კარგად იცნობს მაყურებელი, მაგრამ არცთუ ისე ბევრი ვიცით მისი ცხოვრების შესახებ ეკრანებს მიღმა. როგორი იყო მისი ბავშვობა, რა მიზნები და ოცნებები ჰქონდა, როდის და როგორ დაიწყო ჟურნალისტური კარიერა. და მაინც, ვინ არის მერიკო კარტოზია? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე თავად გაგვცემს პასუხს.
ვინ არის მერიკო კარტოზია?
ოოო… საკმაოდ რთული კითხვაა, მაგრამ შევეცდები გულწრფელად გიპასუხოთ… მერიკო კარტოზია, პროფესიით ფსიქოლოგი, საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ტელეწამყვანი. რთულია დაახასიათო საკუთარი თავი, მაგრამ გეტყვით, რომ დიდად არ განვსხვავდები იმისგან, ვისაც ეკრანზე ხედავთ. საკმაოდ ემოციური ვარ და ყველაფერი სახეზე მაწერია. იცით ალბათ, კამერა არასდროს იტყუება, რენტგენივით ატარებს თითოეულ გამოხედვას და რაც თამამად შემიძლია ვთქვა, მაყურებელი არასდროს მომიტყუებია.
რამდენიმე პასუხი მაქვს, ვინ არის მერიკო კარტოზია… საინტერესო ადამიანებისა და სულების მაძიებელი მრავალფეროვანი და აქტიური ცხოვრებით. ბევრი სირთულის გადამლახავი. უშიშარი, მებრძოლი. იცით ყველაზე მეტად რა მახარებს? სრულიად უცხო ადამიანები, ღიმილით რომ მესალმებიან. მეც ასე მიყვარს, ღიმილით მისალმება. ყველგან და ყველაფერში დადებითს ვეძებ. არ მიყვარს კონფლიქტი და დაძაბული გარემო. მგონია, რომ ცხოვრება ძალიან მარტივია და ხშირად ჩვენივე ძალებით ვამძიმებთ. სიმშვიდე მიყვარს… ცოცხალი და ბუნებრივი ენერგიები. სახარებისეული სიბრძნე და ბავშვივით გულწრფელი ადამიანები. ვარ, ასევე, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით. ჩემი ჩადენილი შეცდომები ვარ, წარმატებული პროექტებით ამაყიც ვარ. დაბოლოს, ვფიქრობ, რომ სხვისთვის რჩევის მიცემის უფლებით ვარ.
თქვენს ბავშვობაზე მოგვიყევით. როგორი ბავშვი იყავით, რა მიზნები და ოცნებები გქონდათ?
მგონია, რომ ახლაც ბავშვი ვარ. საკმაოდ ბედნიერი ბავშვობა მქონდა. სხვებისგან განსხვავებული. ტყუპისცალი მყავს. პატარაობიდანვე ყურადღების ცენტრში ვიყავით. ყველა ჩვენით ინტერესდებოდა. ცეკვა, სიმღერა და ტელეწამყვანობა ბავშვობიდანვე მომწონდა. 90-იანი წლების მიუხედავად, ხშირად ვაწყობდით სახლში, სანთლის შუქზე, სალონურ საღამოებს. მეგობრებთან ერთად, გიტარის თანხლებით ვმღეროდით, ქართული ცეკვა იამზე დოლაბერიძესთან ვისწავლეთ. პანტომიმას გოგა ოსეფაიშვილი გვასწავლიდა, „დაისს“ – ფრიდონ სულაბერიძე. მე და ჩემი და სულ ერთად ვიყავით. დედა, მამა, უფროსი ძმა, 2 ბებია, ორივე თავადი, მერი დადიანი და მერი მაღულარი (მარღანია აფხაზი თავადი), საოცარ თბილ გარემოში გავიზარდეთ. ქართულ ტრადიციებსა და ცხოვრებაზე ბევრს გვესაუბრებოდნენ. აგარაკი გომბორისკენ გვქონდა. ულამაზესი გარემო იყო. სახლი ტყეში იდგა, წინ კლდე იყო და მდინარე მიედინებოდა. იქაც ხშირად ვაწყობდით საბავშვო წარმოდგენებს მამას მეგობრების შვილებთან ერთად. აგარაკისკენ მიმავალ გზაზე მამა უფალსა და სწორად ცხოვრების მნიშვნელობაზე გვესაუბრებოდა. დედა კი, ბავშვობიდან გემრიელი კერძებით გვანებივრებს. მისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან ლამაზია, მიწესრიგებული და გამორჩეული გარეგნობა აქვს. ესთეტიკის საუკეთესო მაგალითია. სკოლაშიც კარგად ვსწავლობდით. კითხვაც ძალიან გვიყვარდა. სამწუხაროდ, მამა ადრე გარდაიცვალა. 48 წლისა. მე და ჩემი და 14 წლის ვიყავით. თაზო, ჩემი ძმა – 21-ის. ეს იყო ჩვენი ცხოვრების პირველი უდიდესი ტრაგედია. ამის შემდეგ უცებ გავიზარდეთ.
როგორ დაიწყო თქვენი ჟურნალისტური კარიერა. რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროფესია?
პროფესიად ფსიქოლოგია ავირჩიე და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველივე წელს ჩავაბარე. მგონია, რომ ეს ის დარგია, ყველამ რომ უნდა ისწავლოს. ნებისმიერ პროფესიაში გეხმარება. ფსიქოლოგად არასდროს მიმუშავია, თუმცა ჩემს საქმიანობაში ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური ტექნიკა გამომიყენებია. ეს დარგი ასევე ადამიანებთან ურთიერთობებშიც გეხმარება ემოციის სწორად მართვაში. საჭირო დროს საჭირო საუბრის წამოწყებაში და ასე შემდეგ…
რაც შეეხება ჩემს ახლანდელ პროფესიას, ჟურნალისტიკას, 21 წლიდან ტელევიზიაში ვარ. თავიდან რეპორტიორად, ე.წ. ნიუს რუმში დავიწყე მუშაობა. ახალი ამბების გაშუქება მომწონდა. ექსკლუზივები და ოპერატიულობა თავიდანვე მხიბლავდა. ყველაზე კარგად ტელეკომპანია „მაესტროში“ გატარებული წლები მახსოვს. ბატონი ზურა ნაყეური იყო დირექტორი. უღირსეულესი ადამიანი. „მაესტროში“ 2017 წელს, პიარის უფროსის თანამდებობას ვიკავებდი. და იცით როგორ დაიწყო ჩემი პირველი საავტორო გადაცემა? ბატონმა ზურამ მთხოვა, გია მაისაშვილი მომეძებნა (მაშინ ბატონი გია უკვე მძიმედ ავად იყო). იმ დღესვე შევხვდი ბატონ გიას. წალკაში, ბერთას მამათა მონასტერში მოხდა ჩვენი შეხვედრა და მასთან ინტერვიუც ჩავწერე. მეორე დღეს უკვე ამერიკაში მიფრინავდა და როგორც იცით, მალევე გარდაიცვალა. ეს კი მისი, საქართველოში ჩაწერილი უკანასკნელი ინტერვიუ იყო. იმდენად გულწრფელი, ემოციური და ადამიანური, რომ ახლაც მიჭირს მისი უცრემლოდ მოსმენა. ბატონი გია გახდა ჩემი საავტორო გადაცემის დაწყების მიზეზი. ბატონ ზურას იმდენად მოეწონა ინტერვიუ, მთხოვა, აღარ ჩამიგდო ეთერი და ყოველ შაბათს, ახალი ექსკლუზივით გადი ეთერშიო, სასწრაფოდ მოვამზადეთ ქუდი, ანონსი, და ასე დაიწყო „მაესტროს ექსკლუზივი“ მერიკო კარტოზიასთან ერთად. 10 თვე გადიოდა ეთერში გადაცემა, მართლაც ბევრი გამორჩეული ადამიანი ჩავწერე. ბუბა კიკაბიძე, თენგიზ არჩვაძე, თემურ წიკლაური და სხვები… ნამდვილი ოქროს ფონდი მაქვს, რითაც დღემდე ვამაყობ. შემდეგ იყო „სიკეთე მარტივია“, ჯერ ინტერნეტსივრცეში და შემდეგ ტელეეთერში. ამ პროექტით კიდევ უფრო გამიცნო მაყურებელმა და ბოლოს – „ერთი ამბავი მერიკოსთან“, რომელიც იაპონიით დაიწყო და ამერიკაში დასრულდა… ჯერჯერობით, თუმცა მოვასწარი მოგზაურობა და ვფიქრობ, ბევრი ეგზოტიკური ამბავი ვაჩვენე ადამიანებს ინდოეთიდან, დუბაიდან, საბერძნეთიდან… ეს პროფესია ჩემი ცხოვრების წესია. იმდენად ორგანულია, რომ ვერც კი წარმომიდგენია, საინტერესო ამბავი გავიგო ან ვნახო და ის მაყურებელს არ ვაჩვენო. ახლაც სულ ძიებაში ვარ. ძალიან მალე ისე დაგიბრუნდებით, რომ გაგახარებთ და გაგაოცებთ.
ოჯახზეც მოგვიყევით. რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს? აქვე გკითხავთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდით. მოგვიყევით ამ გზის შესახებ და ახლა რა ეტაპზე ხართ?
თავისუფალი დრო თითქმის არასდროს მქონია. ამერიკაში მოგზაურობის დროს ისეთი რაღაც შემემთხვა, რომ სრულად შეცვალა ჩემი გეგმებიც და ცხოვრებაც. რაც მთელი ცხოვრება ვირბინე, ვიშრომე და დავიღალე, ერთიანად დავისვენე. მაყურებელმა იცის უკვე, სხვადასხვა შტატიდან ყოველ კვირას ახალ გადაცემას ვამზადებდი. უკვე 11 თვის თავზე, ბოლო გადაცემას ვწერდი და საქართველოში დასაბრუნებლად ვემზადებოდი, ეს მოხდა 2023 წლის 20 აპრილს. გადაღების დროს ინტერვიუს ეტლში ვწერდი, რა დროსაც ცხენი უცებ გაჩერდა, დაფრთხა და უკუსვლა დაიწყო. ჩვენ გვერდით ხრამი იყო. ადამიანმა, ვინც ეტლს მართავდა, ცხენი ვერ დაიმორჩილა და ეტლი ხრამში გადავარდა. სამწუხაროდ, ეტლის ქვეშ მოვყევი და მარცხენა ფეხზე მენჯის მრავალმხრივი მოტეხილობა მივიღე. მენჯის ძვალი 6 ადგილას გადატყდა. ამ ინტერვიუს ჩემი შვილი იღებდა. უდიდესი შოკი მივიღე, თუმცა გონება არ დამიკარგავს. სასწრაფოდ ჰოსპიტალში წამიყვანეს და მეორე დღეს ოპერაცია გამიკეთეს. რა თქმა უნდა, იმ ტკივილის გახსენებაც არ მინდა, რაც იმ დღეებში განვიცადე. და ეს პერიოდი საკმაოდ გაიწელა. ჰოსპიტლიდან 1 კვირაში გამომწერეს, მაგრამ რეაბილიტაციის პერიოდი 7 თვე გაიწელა. სამწუხაროდ, 7 თვის თავზე მეორე ოპერაცია დამჭირდა. ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ექიმები ფიქრობდნენ. ძვალი არ შეხორცდა და ისევ ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. მეორე ოპერაცია ნოემბერში გამიკეთეს და ისევ ახლიდან ნარკოზი, რეაბილიტაცია, ეტლი, ვოლკერი და ჯოხი. ახლაც ფიზიოთერაპიაზე დავდივარ და ვცდილობ კუნთების აღდგენას და სიარულის დაწყებას. ეს დეტალურად იმიტომ მოვყევი, მიხვდებით ალბათ, ჩემნაირი აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანს რისი გადატანა მიწევს. ერთიანად გავჩერდი. ამან კი ჩემი ფსიქიკაც შეცვალა და ცხოვრების წესიც. ვერ ვიტყვი, რომ თავისუფალი დრო ბევრი მაქვს. თურმე ავადმყოფ ადამიანსაც თავისებური რეჟიმი აქვს. ვარჯიში, წამლისა და კვების დროული მიღება, ძილი, ექიმებთან სიარული. ათასი გადამოწმება. დაზღვევისა და ფინანსების მოგვარება. და ამასთან, სახლის საქმეებსაც ვითავსებ, მართალია, ძალიან ნელი ტემპით, თუმცა მაინც. ბევრს ვკითხულობ და ვუსმენ. გავხდი ზედმეტად ფრთხილი, დაკვირვებული. მივხვდი, რომ არ შეიძლება ჯანმრთელობასთან და ზოგადად, ცხოვრებასთან თამაში. რისკიანი ვიყავი. ბევრ რამეს არ ვაფასებდი და არ ვუფრთხილდებოდი. არადა თურმე წამში შეიძლება ყველაფერი დასრულდეს… ამაზე არ ვფიქრობთ ადამიანები. ფიქრი ვისწავლე და ყველაზე უმნიშვნელო მოვლენების დაფასება. სიმშვიდისა და ერთგულების ფასი. ყველაზე მეტად ხომ ამ დღეს ხვდები, ვინ არის შენ გვერდით. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ რთულ პერიოდში ჩემ გვერდით იყო, არის და იქნება.
როგორია თქვენი ამერიკული ცხოვრება?
რაც შეეხება ჩემს ამერიკულ ცხოვრებას, 2 წელი გახდება მაისში და აქედან 1 წელია, ვწევარ, მაგრამ მაინც მოვასწარი და რამდენიმე შტატი მოვიარე. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ქართველიც და ამერიკელიც. ამერიკა მართლაც უძლიერესი სახელმწიფოა. თავისი პლუსებით და მინუსებით. მკაცრი ქვეყანაა. წესრიგისა და აწყობილი სისტემის მოყვარული. აქ ან გადარჩები, ან დაიღუპები. საშუალო არ გააჩნია. ამერიკული ცხოვრება ჯერ არ დამიწყია, თუმცა აქ მცხოვრები ადამიანების შესახებ მაყურებელს ყოველ კვირას ვუყვებოდი. ბევრის ცხოვრება ზღაპარს ჰგავს. შრომა ნამდვილად ფასდება.
რა გაძლევთ ძალასა და მოტივაციას?
იცით რა მაძლევს ძალას? ჩემი წარსული. ჩემი წარმატებული პროექტები, ბევრი საინტერესო კადრი და რესპონდენტი. ბევრი წარმოუდგენელი ინტერვიუ… შეუძლებლის შეძლება, ეს იყო ყოველთვის მამოძრავებელი და ალბათ მომავალშიც ასე იქნება. მხოლოდ საკუთარი თავის კონკურენცია. რაც მთავარია, უფალი. მთავარია, უფალმა არ მიგვატოვოს…
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე