ივლისის თვის ქართული OK!-ის მთავარი პერსონა ულამაზესი ქართველი მოდელი რუსა ჩაჩუაა. როგორია ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართველი მრავალშვილიანი დედის ცხოვრების სტილი და ვის უჭირავს რუსას ცხოვრებაში მთავარი ადგილი − ამაზე თავად მოდელი სიამოვნებით გვესაუბრა. ოჯახი, მეუღლე, ოთხი შვილი, საყვარელი საქმე, ვარჯიში და სოცქსელებში უამრავი მიმდევარი − ეს რუსას სავსე, ფერადი ცხოვრებაა. როგორც თავად ამბობს, მისი ბედნიერების მთავარი მამოძრავებელი ძალა მისივე უნარია, მხოლოდ დადებითი ენერგია მიიღოს სამყაროსგან, უარყოფითი აირიდოს და მცირედითაც კი გაბედნიერდეს.
რუსა, მოგვიყევით, როგორ ხართ? რას საქმიანობთ?
ძალიან კარგად ვარ. მიყვარს ცხოვრება, ადამიანები და მცირედიც კი მაბედნიერებს. ვცდილობ, ყოველი დღე იყოს ბედნიერი და მხოლოდ კარგი დავინახო ჩემ გარშემო. არ ვაქცევ ყურადღებას ნეგატივს, ვცდილობ, მხოლოდ დადებითი ენერგიით და განწყობით ვიყო აღსავსე და ჩემში არ იყოს უარყოფითი განცდების ადგილი. რაც შეეხება საქმიანობას, დიასახლისი ვარ, ძირითადად ოჯახით და საკუთარი თავით გახლავართ დაკავებული, ვვარჯიშობ, დავდივარ პროცედურებზე, ვატარებ დროს საყვარელ ადამიანებთან − ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. დანარჩენი, რაც მახალისებს და მაბედნიერებს − სარეკლამო რგოლებში მონაწილეობა, ფოტოსესიები, ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის მსგავსი აქტივობები და უსაქმოდ არასოდეს ვარ. თუმცა იმდენი დრო მიაქვს ჩემი ოცნების ცხოვრებას, რომ მუშაობისთვის ცოტა დრო მრჩება. ოჯახს ძალიან დიდი დრო სჭირდება, რათა ყურადღება და ზრუნვა არ მოვაკლო, დანარჩენს კი ვახმარ საკუთარ თავს, რომ ვივარჯიშო და სასურველი ფიზიკური ფორმა შევინარჩუნო.
როგორ ვარჯიშობთ? რა სახის ფიზიკური აქტივობა გიყვართ?
მე მიყვარს აქტიური, ენერგიული ვარჯიში, რადგან თვითონ ვარ აქტიური ადამიანი. იოგა ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემი სტილი არ არის. მომწონს კრივი, პილატესი, აქტიური სახის ვარჯიში, სირბილი. ვარჯიშის დროს უნდა ვიხარჯებოდე. როცა დაღლილი გამოვდივარ სავარჯიშო დარბაზიდან, უარყოფით ენერგიას იქ ვტოვებ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ვვარჯიშობ WOLRD CLASS-ში და მისი ამბასადორი ვარ უკვე რამდენიმე წელია. ჩემთვის სასიამოვნოა აქტიური ვარჯიში, კრივი, ძუნძული, სირბილი. ცურვა ძალიან მიყვარს, თუმცა − სეზონურად. ზამთარში არ მსიამოვნებს, მცივა. როცა დათბება, ვარჯიშზე მეტად ცურვა მსიამოვნებს და 1-2 კმ-ს ხალისით ვცურავ ხოლმე.
რუსა, ძალიან ლამაზი და მუდმივად საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ხართ. რას აკეთებთ ამისთვის, გარდა იმისა, რომ ვარჯიშობთ?
ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. სიმართლე გითხრათ, ჩემი და ჩემი დების გარეგნობა მშობლების დამსახურებაა − ძალიან ლამაზი დედა და მამა მყავს. მადლობა ჩემს მშობლებს, რომ ყველაფერი გაიმეტეს ჩემთვის. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, ბევრს ნიშნავს ადამიანის შინაგანი განწყობა, რომ დადებითად უყურებდე ცხოვრებას და შინაგანად გრძნობდე თავს ბედნიერად. ჩემი ხასიათი ძალიან მეხმარება ურთიერთობებში და კარგი ადამიანების მოზიდვაში. ჩემ გარშემო ძირითადად, მუდამ კარგი ადამიანები ტრიალებენ.
ძალიან ბევრი მიმდევარი გყავთ სოციალურ ქსელებში. ადამიანები, რომლებიც ადევნებენ თვალს თქვენი ცხოვრების წესს, თქვენს რჩევებს ითვალისწინებენ. რას ნიშნავს ცხოვრების ეს ნაწილი თქვენთვის?
ძალიან სასიამოვნოა და მიხარია, როდესაც მცნობენ, სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავენ. ეს დამოკიდებულება საკმაოდ საპასუხისმგებლოცაა. ზოგადად, ვცდილობ, ყველაფერი, რასაც ხელს მოვკიდებ, კარგად გავაკეთო. ამიტომ რომელ გამოცდილებას ან პროდუქტსაც ვუზიარებ ჩემს გამომწერებს, ჯერ საკუთარ თავზე გამოვცდი, ან სიღრმისეულად გავეცნობი, და შემდეგ მივაწვდი მათ ინფორმაციას. ბევრი ბავშვი, მოზარდი მიყურებს და ვცდილობ, ანგარიში გავუწიო ამ რეალობას. ძირითადად, ისეთ ინფორმაციას ან ცხოვრების სტილის იმგვარ დეტალებს ვუზიარებ მათ, რაც თავად ძალიან მიყვარს: შვილები, ყოველდღიური აქტივობები, რითაც ვარ დაკავებული… ვცდილობ, ზედმეტი არ მომივიდეს, რომ არ გავაღიზიანო ჩემი გამომწერები. ძირითადად, ყველა მათგანს ვცემ პასუხს, ვინც მწერს. ვეცნობი მათ მოსაზრებებს და ვითვალისწინებ. ადამიანებს შორის უშუალო კომუნიკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე არავისზე მეტი არ ვარ, ასე მიმაჩნია, ყველანი ერთ სიმაღლეზე ვართ. ვიღაც დღეს აღმოჩნდება ოდნავ მაღალ ცხოვრებისეულ საფეხურზე, ხვალ კი სხვა. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანის აზრის, შექების თუ უარყოფითი შეხედულების გაცნობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ წინ წახვიდე, ადამიანობა და თავმდაბლობა შეინარჩუნო. ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირსებად მიმაჩნია, როცა ყველა ადამიანის მოსმენა შეგიძლია.
თქვენს ოჯახზე ვილაპარაკოთ. თქვენს ურთიერთობაზე მეუღლესთან, შვილებთან…
ჩემს მეუღლეზე − დიმა ნაფეტვარიძეზე, გაუთავებლად შემიძლია საუბარი. ეს არის ადამიანი, რომლის ყველა პიროვნულ შრეს ჯერ კიდევ ვერ ჩავწვდი, ღრმა ადამიანია. დიმა მიხალისებს ცხოვრებას, კარგი მასწავლებელია, კარგი მსმენელია. ყოველთვის გულისყურით მისმენს, თუ რა მაწუხებს, რას განვიცდი, რა მაქვს გადასაწყვეტი. ჩემი დიდი მეგობარია. მასთან თანაცხოვრებაში ვიზრდები, მეცვლება შეხედულებები, ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან და გვსიამოვნებს ერთმანეთთან ურთიერთობა. 10 წელი რომ ერთსა და იმავე პარტნიორთან გინდა ცეკვა, ეს ალბათ ბევრზე მეტყველებს. დიმა ძალიან აქტიურად მონაწილეობს ბავშვების გაზრდაში, აღზრდის პროცესში. მე უფრო მომთხოვნი და მკაცრი ვარ შვილების მიმართ, დიმა შედარებით რბილია, მეგობრული, საკმაოდ მომზადებული შეხვდა მამობას. მგონია, რომ ერთად კარგად გამოგვდის შვილების გაზრდა.
უფრო დაწვრილებით მოგვიყევით, როგორი მამაა თქვენი მეუღლე?
ის არის მამა, რომელსაც შეუძლია შვილებს 24 საათის განმავლობაში ეთამაშოს. ბევრი კარგი მამა ვიცი, მაგრამ დიმა კიდევ უფრო გამორჩეულია, რადგან მისთვის მამობა არ გამოიხატება მხოლოდ შვილების მიმართ სტანდარტულ ზრუნვაში. ცოტა ხნის წინ ბორჯომში ვიყავით ერთად და დილიდან საღამომდე ვთამაშობდით ბავშვებთან, ტელეფონები გადადებული გვქონდა და სურვილიც კი არ გასჩენიათ ბავშვებს, რომ რომელიღაც გაჯეტი ხელში აეღოთ. მე თავადაც, კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, როცა მამასთან ერთად მივდიოდი მუშთაიდში ან ზოოპარკში, როგორი ბედნიერი ვიყავი. მამებთან ჯანსაღი და სრულყოფილი ურთიერთობა განსაკუთრებულად აისახება ბავშვებზე და დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის. დიმა წარმოუდგენლად კარგი მამაა. სამსახურიდან შინ მოსული ყველანაირ საქმიან საზრუნავს და პრობლემებს გვერდით გადადებს და მთლიანად ბავშვებთან და ჩემთან ატარებს დროს.
რუსა, შვილები გაგვაცანით.
ჩემი ოთხივე შვილი ხასიათით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. უფროსი შვილი − თაზო 19 წლისაა, მალე 20 წლის გახდება. ადრე სპორტსმენი იყო, მაგრამ ახლა მთლიანად სწავლაში გადაეშვა. თაზო ბავშვობიდან ჩამოყალიბებული მამაკაცია, ყოველთვის ყველაფერში მეხმარებოდა და გვერდით მედგა, მასთან ერთად ვწყვეტდი ბევრ ცხოვრებისეულ საკითხს. 10 წლის იყო, როდესაც უკვე ვგრძნობდი, რომ მთლიანად შემიძლია დავეყრდნო მას, ვენდო. შემიძლია მთელი ოჯახი ჩავაბარო − ბავშვები და ძიძები, მათზე მეთვალყურეობა. როცა მცირე ხნით მომიწევს სადმე წასვლა, თავისუფლად მიხედავს და იზრუნებს მათზე. ნამდვილი ოჯახის მამაკაცია, რაც ძალიან მახარებს.
ჩემი მეორე შვილი − ნადინკა 12 წლისაა. ნადინკას აქვს ყველაზე კარგი თვისება − შრომისმოყვარეა და ამასთანავე, მიზანდასახული. რაიმეს თუ გადაწყვეტს, აუცილებლად აკეთებს. ნიჭიერი, ჭკვიანი ადამიანია და ყველაფერი გამოსდის. დედიკოს დიდი დამხმარეა.
მესამე შვილი − ნატაშა 5 წლისაა, მალე 6-ის გახდება და სკოლაში წავა. ნატაშა არის სრულიად გამორჩეული, ენერგიული ადამიანი. რამდენიმე ენას უკვე ფლობს და ძალიან ჭკვიანი გოგოა. ტიპური მეგრელ-ვანელია, საოცრად მოხერხებული ბავშვია. ისეთი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოძვრება, რომ გვაოცებს. შეიძლება მეც კი ვერ მოვიფიქრო ისეთი იოლი გამოსავალი, რომლის მოძებნაც მას გამოსდის. მოკლედ, მთელ ოჯახს მისი დიდი იმედი გვაქვს.
მეოთხე შვილი − სანდრო, ჯერჯერობით ნაბოლარაა, რადგან არც დედიკო და არც მამიკო ვართ უარზე, რომ მეხუთეც გვეყოლოს. სანდრო არის ძალიან თბილი, მშვიდი, წყნარი, ღუნღულა და საყვარელი. ახლა 3 წლისაა. ის და ნატაშა ტყუპებივით იზრდებიან და წინასწარ განვიცდით, როგორ გადაიტანს ნატაშას სკოლაში წასვლას და მასთან დაშორებას.
რა არის თქვენი და თქვენი მეუღლის, როგორც მშობლების, მთავარი პრინციპი შვილების აღზრდასთან მიმართებაში?
ყველაზე მთავარია, რომ არასოდეს ვაჩვენებთ შვილებს აგრესიას. მათ არასოდეს გაუგიათ ხმამაღალი ლაპარაკიც კი ჩემსა და დიმას შორის, რადგან ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობით ერთმანეთს და ამას არც ვთამაშობთ. შეუძლებელია ითამაშო 10 წლის განმავლობაში. ბავშვები ლაღები უნდა გაიზარდონ. ვცდილობთ, 5 წლამდე ბევრად მარტივად, თავისუფლად გავზარდოთ და შემდეგ გავხდეთ უფრო მომთხოვნები.
დროთა განმავლობაში მეც გავიზარდე ჩემს შვილებთან ერთად. ბევრი საკითხის მიმართ შევიცვალე დამოკიდებულება. ადრე მეტად ემოციური ვიყავი. მინდოდა, ბავშვები ისე მოქცეულიყვნენ, როგორც მე ვეტყოდი. ახლა ვხვდები, რომ ასე არ ყოფილა სწორი. ასე რომ, მეც გავიზარდე, როგორც მშობელი და დიმამ ძალიან იმოქმედა ამ მხრივ ოთხ ბავშვზე და მათ დედაზე.
რუსა, როგორ და ვისთან ერთად განიტვირთებით? თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
ჩემთვის დასვენება ყოველთვის იყო მოგზაურობა. 1-2 თვეში ერთხელ მაინც მივდიოდით ხოლმე მე და ჩემი მეუღლე სადმე, რომელიღაც ქვეყანაში და ვიწყობდით ხანმოკლე, 3-4-დღიან განტვირთვას. დღეს ეს ყველაფერი ჩაანაცვლა საქართველოში მოგზაურობამ, რაც დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. ახლახან ვიყავით ვანში, მოვინახულეთ ვანის მუზეუმი − ძალიან საინტერესო, საოცარი ადგილი. დღევანდელმა მოცემულობამ არაჩვეულებრივი შანსი მოგვცა, სამშობლო კარგად დავათვალიეროთ. მეგობრებთან ერთადაც 2-3 დღით გავდივართ ხოლმე სხვადასხვა კუთხეში, ვეცნობით ღირსშესანიშნაობებს, პატრიოტულ ნოტაზე ვართ მომართულები და სიამაყის განცდით ვივსებით. ბევრი რამ არ მქონდა ნანახი საქართველოში, რის გამო ახლა უკვე მრცხვენია.
ასევე, უდიდესი განტვირთვაა ჩემთვის პარასკევს, საღამოობით მეგობრებთან ერთად ჭიქა ღვინოზე გასვლა. ხან მე და ჩემი მეუღლე გავდივართ ერთად დასასვენებლად და განსატვირთად.
სამომავლო გეგმებს გაგვიზიარებთ?
კონკრეტულად ჯერ ვერაფერს გეტყვით, თუმცა ახალი ყოველთვის ხდება ჩემთან, განსაკუთრებით – საქმიან ცხოვრებაში. აუცილებლად გაგაგებინებთ სიახლეებს, როგორც კი მექნება, რადგან ძალიან მიყვარს თქვენი ჟურნალი.
ტექსტი: თაკო გვაზავა