როდესაც გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ, მასზე საუბარი ყოველთვის მომაჯადოებლად საინტერესოა. გულწრფელი ემოციები სწორად მიდის ადამიანებამდე და ისინი ზუსტად გრძნობენ, რომ მათ წინაშე ძლიერი პიროვნება დგას, პიროვნება, რომელიც მუდმივად იბრძვის წინსვლისა და განვითარებისთვის. მის მიერ ჩვენთვის ემოციურად აღწერილი ამბები, იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორი სიზუსტით გრძნობს სამყაროს, ადამიანებს, ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება. OK! ბათუმის სტუმარი წარმატებული, ძლიერი და აქტიური ქალბატონი, სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის „კასტელო მარეს“ ხელმძღვანელი ზანდა მესხიძეა, რომელიც მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს და ღირსეულად უმკლავდება მათ. რას ნიშნავს მისთვის ბედნიერება, რა სიახლეებს სთავაზობს „კასტელო მარე“ მომხმარებელს, რომელია კადრი, რომელიც ყველაზე სასიამოვნო ემოციებს აღძრავს მასში – წაიკითხეთ OK! ბათუმის ინტერვიუში.
პროფესია… წარმატებისკენ მიმავალი გზა…
გზა წარმატებისკენ საკმაოდ რთული, მაგრამ ყოველთვის საინტერესოა. ერთია როცა გაქვს პროფესია, უმაღლესი განათლება და მეორეა ამ პროფესიას როგორ გამოიყენებ, როგორ მოარგებ შენს გზას. ჩემი პროფესია ბიზნეს ადმინისტრირება და მენეჯმენტია. თუმცა გარდა ძირითადი პროფესიისა, რომელიც თავის თავში თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, არსებობს სხვადასხვა მიმართულებები: ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ფინანსები, ადამიანური რესურსები, მარკეტინგი – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ამ წლების მანძილზე გამივლია და დღემდე არ ვწყვეტ სწავლის პროცესს. თუმცა, ცხოვრება და რეალური მაგალითები რომ გვასწავლის, ასე, ალბათ, ვერც ერთი სახელმძღვანელო ვერ აგვიხსნის და დაგვიგროვებს გამოცდილებას. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ არა თეორიული საფუძველი, პრაქტიკა ორმაგად რთული იქნებოდა და შესაძლოა არც თუ ისე წარმატებული. ამიტომ, სწავლა და განათლება ეს ის არის, რაც უპირობოდ აუცილებელია და რაშიც უდავოდ ღირს დიდი ინვესტიციის ჩადება.
სასტუმრო „კასტელო მარეს“ ხელმძღვანელი ხართ, რამდენად რთული გამოწვევა იყო ეს თქვენთვის?
რთული გამოწვევა იყო და რთულია დღემდე, რადგან, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ყველა დეტალი მნიშვნელოვანია ჩემთვის. აქ ვიცი და ვიცნობ ყველაფერს. არ არსებობს საკითხი რაზეც არ მაქვს სრული ინფორმაცია, მათ შორის ტექნიკური საკითხებზეც კი. ამ ობიექტზე 2014 წლიდან ვარ, მაშინ ჯერ კიდევ მშენებლობა მიმდინარეობდა და, შესაბამისად, ყველა კუთხე-კუნჭული და ყველა დეტალი ჩემთვის ძალიან ახლო და ძვირფასია. ეს ადგილი ისე შევიყვარე, როგორც ჩემი ოჯახი და ძალიან ვცდილობ ვიზრუნო მასზე. თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც გუნდია, რომელიც შენთან ერთად არის ჩართული ამ საქმიანობაში და მინდა თამამად ვთქვა, რომ მე მყავს გუნდი, რომლის მსგავსიც უბრალოდ არსად მეგულება. თითოეული მათგანი არის ჩემთვის უძვირფასესი და მადლობა მათ, რომ ჩემთან ერთად ზრუნავენ სასტუმროს განვითარებასა და წინსვლაზე.
წარმატებისთვის აუცილებელია…
წარმატებისთვის აუცილებელია შრომა, მუდმივი სწავლა და განვითარება, პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობა და სიყვარული. იფიქრებთ ეს უკანასკნელი წარმატებასთან რა კავშირშიაო, მაგრამ სწორედ სიყვარულით უნდა მივუდგეთ იმ საქმეს, რასაც ვაკეთებთ – ოჯახს, ურთიერთობებს, სწავლასაც კი და ზოგადად ყველაფერს ცხოვრებაში. პასუხისმგებლობა და შრომა ეს ის აუცილებელი ელემენტებია, რომლის გარეშეც ყველაზე პატარა წარმატებაც კი გამორიცხულია. მუდმივი სწავლის გარეშე კი რთულია თანამედროვე ცხოვრებას ფეხი აუწყო, ამიტომ ეს ის არის, რაც გვაძლიერებს და უფრო თავდაჯერებულს გვხდის ჩვენს გადაწყვეტილებებში თუ უბრალოდ ქმედებებში.
„კასტელო მარე“ გამოირჩევა თავისი მდებარეობით, რომელიც არავის ტოვებს გულგრილს. რა გზა გამოიარა სასტუმრომ დღემდე და რა არის ის მთავარი მიზეზი, რასაც უწყვეტ რეჟიმში წარმატება მოაქვს თქვენთვის?
კასტელო მარე, უდავოდ სამოთხეა დედამიწაზე. აქაური აურა, განწყობა, ბუნება – ყველაფერი ისე ერწყმის ერთმანეთს, რთულია არ მოიხიბლო და არ გახდე მისი ერთგული. ამ კომპლექსის მშენებლობა არ იყო მარტივი და, ალბათ, ისტორიაში აღსანიშნავი ფაქტია მისი მშენებლობის პროცესი, როდესაც მოძრავი მატარებლის ფონზე ხდებოდა ურთულესი სამუშაოების შესრულება. აქ, ფაქტობრივად, არაფერი იყო – არც საჭირო ელექტრო ენერგია, არც წყალი, მისასვლელი გზაც კი არ იყო მოწესრიგებული – ამ ყველაფრის შექმნას კი დიდი რესურსი და დრო დასჭირდა. დღეს ჩვენი ჭაბურღილები გვაქვს, ასევე გვაქვს ე.წ. ბიოტალის სისტემა, რომელიც ახორციელებს ჩამდინარე წყლების ბიოლოგიურ წმენდას, იგი ადამიანის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გარდაქმნის ტექნიკურ წყლად და შესაძლოა მისი მინერალურ სასუქად გამოყენებაც – დამეთანხმებით ალბათ, რომ ასეთი მოდელი ჩვენს ქალაქსაც სჭირდება. ზოგადად ყოველთვის ვცდილობთ, გვქონდეს ისეთი მოწყობილობები, რაც ბუნებას არ დააზიანებს, პირიქით. აი, ჩვენი რესტორანი „პალმა პავილიონი“ – სწორედ იმიტომ, რომ პალმა არ გაგვეწირა, შენობა ისე აშენდა პალმის ხე შიგნით მოხვდა – შესაბამისად, სახელის შერჩევაც არ გაგვიჭირდა. მოკლედ რომ ვთქვა, არ იყო მარტივი ამ სამოთხის შექმნა, მაგრამ სწორი ადამიანის ხელში მოხვდა ეს ადგილი, რაც ძალიან მახარებს და ამიტომაც აქვს ამ ყველაფერს განსაკუთრებული ხიბლი, მე კი მაქსიმალურად ვცდილობ, რომ გავამართლო ჩემზე დაკისრებული იმედები.
ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც ვიცით, „კასტელო მარე“ აქტიურად არის ჩართული ამა თუ იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაში…
„კასტელო მარე“ არ არის მხოლოდ სასტუმრო, ის, პირველ რიგში, გამაჯანსაღებელი კომპლექსია. ჩვენ გვაქვს უამრავი სპა პროცედურები, მათ შორის თანამედროვე აპარატურები – ფიზიოთერაპიისთვის, იმუნიტეტის გაძლიერებისთვის, სხვადასხვა აპარატები კოსმეტიკური მიმართულებით და ვთანამშრომლობთ ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიც არის Thalasso Bretagne, Vinoble, Ericson Laboratoire, Soskin, Keune და Ayurveda. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი პროცედურები, რომელიც ხელს უწყობს კოვიდის შემდგომ დასუსტებულ ორგანიზმს აღდგენაში, ეს არის კალცი-მაგნის პროცედურები; წარმოიდგინეთ, თქვენს ორგანიზმს მასაჟის სახით მიეწოდება კალციუმი და მაგნიუმი – ეს მართლაც სასწაული და არაჩვეულებრივია ორგანიზმისთვის; გვაქვს სპეციალური კაფსულა, რომელიც ორგანიზმს იმუნიტეტით ავსებს და არა მარტო, ამ აპარატს წონის კორექციაც შეუძლია (ჩვენ მას სასწაულმოქმედს ვეძახით), სტრესისთვის კი ვიშის შხაპი არაჩვეულებრივია. ერთი სიტყვით, ვისაც სჭირდება ორგანიზმის აღდგენა, ენერგიით ავსება და განტვირთვა ყოველდღიური რუტინისგან – ჩვენი „ოტიუმ სპა“ სიამოვნებით უმასპინძლებს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი ყველა თანამშრომელი პერიოდულად და ყველა სტუმარი შემოსვლისას გადის ტესტირებას. ამ კუთხით მაქსიმალურად ვცდილობთ, დავიცვათ ყველა რეგულაცია, რომ გვქონდეს უსაფრთხო გარემო, რაც დღეს ასე მნიშვნელოვანია.
ალბათ, უამრავი აღტაცებული ადამიანის შთაბეჭდილება მოგისმენიათ სასტუმროს მისამართით, თუ გახსენდებათ რომელიმე განსაკუთრებული…
„სამოთხეს აქვს ადგილი დედამიწაზე“ – ესეც ჩვენი მომხმარებლისგან ავიტაცეთ და შემდეგ ვაქციეთ ლოზუნგად. ახლახან მოგვწერა ჩვენმა, კიდევ ერთმა ერთგულმა სტუმარმა, რომ „კასტელო მარე“ ნარკოტიკივით არის, მართალია არ ვიცი ნარკოტიკი როგორია, მაგრამ დამოკიდებული გავხდი ამ სასტუმროზე და ყოველ წელს მინდა ისევ და ისევ ჩამოსვლა“… დავფიქრდი და მგონი მეც, ჩვენი სტუმრების მსგავსად, დამოკიდებული ვარ ამ გარემოზე. მსგავსი შეფასებები უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ ვიყოთ ფორმაში და უფრო მეტად გავამართლოთ ჩვენი მომხმარებლების იმედები. ცხადია, არსებობს სხვადასხვა ტიპის შენიშვნები და ჩვენ მათ არასდროს ვტოვებთ განხილვის გარეშე. ყველა სტუმრის აზრი მნიშვნელოვანია და გვახარებს ის ფაქტი, რომ უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს.
მოგვიყევით ოჯახზე… როგორია თქვენი თავისუფალი დრო…
სრულად თავისუფალი დრო ძალიან იშვიათად მაქვს, მაგრამ როცა ვახერხებ, ვცდილობ ოჯახთან ერთად ვიყო და მივიღო ის დადებითი ენერგია, რაც მათგან მოდის. არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნებით, ან რას გავაკეთებთ, მთავარია ერთად ვიყოთ. მერე ყოველთვის საინტერესო იდეები მოდის.
აუცილებლად მინდა გკითხოთ „კასტელო მარეს“ სამზარეულოზე, როგორც ვიცით, თქვენს მრავალფეროვან მენიუში საინტერესო სიახლეები გაქვთ…
ყოველთვის ვცდილობთ, რომ გვქონდეს სხვადასხვა კუთხით, წელს გვაქვს განახლებული მენიუ, მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი განსაკუთრებული კერძი – ბამბუკის სალათა, რომელიც ჩვენივე ბამბუკით და ჩვენი შეფის მიერ არის დამზადებული – მართლაც, უდავოდ გემრიელი და განსხვავებულია. განახლებულ მენიუში აღმოაჩენთ სხვა საინტერესო კერძებსაც და წელს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უამრავმა სტუმარმა აღნიშნა ჩვენი სამზარეულოს განსაკუთრებულად გემრიელი კერძები და შეფმა აპლოდისმენტებიც კი დაიმსახურა. ამიტომ, აუცილებლად ღირს ჩვენს რესტორანში სტუმრობა. ახლა ვიწყებთ საშემოდგომო ნობათის შექმნას, რომელსაც შემდეგ ჩვენი სტუმრები დააგემოვნებენ. ყოველთვის გვაქვს ჩვენი მანდარინის მურაბები, ჩვენი ყურძნის წვენი და მისგან შექმნილი დესერტები, ბიის მურაბა, სხვადასხვა ჯემი თუ საწებელი და მწნილები. ყოველთვის ვცდილობთ, ყველაფერი გვქონდეს ნატურალური და აქ დამზადებული – რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ჩვენს სამზარეულოს.
რას ნიშნავს თქვენთვის ბედნიერება… ჰარმონია სამყაროსთან…
ბედნიერებაა, როცა სიყვარულით აკეთებ იმას რაც მოგწონს, გვერდით გყავს ადამიანები, რომლებიც გარემოს დადებითი ემოციებით გივსებენ. ბედნიერებაა, როცა შენ შრომას აფასებენ, როცა შეგიძლია და ეხმარები ადამიანებს ვისაც ეს სჭირდება. ბედნიერებაა უყურო სხვის ბედნიერ სახეებს და ხანდახან ბედნიერებისთვის სულაც არ არის საჭირო ვეძებოთ მიზეზები, რადგან ერთ მარტივ კადრსაც შეუძლია ბედნიერება გაგრძნობინოთ, მთავარია გულით გვინდოდეს, რომ ვიყოთ ბედნიერები.
წარმატებული ქალი, მზრუნველი დედა და მეუღლე – როგორ ახერხებთ ყველა ფლანგზე ერთნაირი წარმატებით ბრძოლას…
პატარა ვიყავი, როცა მამა დავკარგე და დედა ისეთი ორმაგი ენერგიით მზრდიდა სხვაგვარი ვერც ვიქნებოდი. როცა დედას ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ მეც ასეთი ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. მისი ძალიან დიდი დამსახურებაა, თუ დღეს მე რამე წარმატებას მივაღწიე. მუდმივი სწავლის და განვითარების, წინსვლის და არგაჩერების სურვილი, დაბრკოლებებთან ბრძოლა და არ დანებება – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც მე დედისგან ვისწავლე და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ საფუძველის დამსახურებაა, რომ მე დღეს მყარად ვდგავარ წარმატების გზაზე. დღეს კი გვერდს დედასთან ერთად ჩემი მეუღლეც მიმაგრებს და ამაში საოცრად გამიმართლა. გამიმართლა ჩემს ხელმძღვანელში, რომლისგანაც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ და ყოველდღე ვიზრდები – ძალიან მინდა, რომ თითოეული მათგანის იმედები გავამართლო ისე, როგორც მათ წარმოუდგენიათ.
არაერთ სოციალურ კამპანიაში ხართ ჩართული, რომელიც ეხება ქალთა გაძლიერებას. თქვენი გზავნილი ქალბატონებს…
ძლიერი ქალი – ეს ისეთი ძალაა, რომელსაც წარმოუდგენლად დიდი და დიადი საქმეების კეთება შეუძლია. ზუსტად ვიცი, რომ რაც მეტი ძლიერი, განვითარებული და ჭკვიანი ქალი ეყოლება სამყაროს, მით მეტად ლამაზი და საინტერესო იქნება ცხოვრება. ამიტომ ქალბატონებო, თქვენი ძალა სჭირდება სამყაროს, არ შეუშინდეთ არაფერს, იარეთ წინ და ყველაფერი გამოგივათ!
კადრი, რომელიც ყველაზე სასიამოვნო ემოციას აღძრავს თქვენში.
როცა ზღვის ნაპირზე ჩემი შვილები თამაშობენ და მათი კისკისი, ზღვის მშვიდ შრიალთან ერთად მესმის, არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ დროს ყველაზე მეტად მსიამოვნებს სამყარო. ალბათ, ვხედავ ცხოვრების უსასრულობის ძალას და სიცოცხლეს, რომელიც მე შევქმენი – ეს ისეთი საოცარი ემოციაა, ძალიან მიჭირს გადმოცემა.
როგორია თქვენი გეგმები „კასტელო მარესთან“ ერთად?
დღეს გეგმებზე საუბარი საკმაოდ რთული გახდა… ძალიან გვინდოდა ჩვენი ფესტივალი „მანდარინობა“, რომელიც უამრავი ადამიანისთვის ერთ-ერთი საინტერესო ფესტივალი გახდა, ყოველწლიურად ჩაგვეტარებინა, მაგრამ შარშან ეს პანდემიის გამო ვერ განვახორციელეთ, იმედი მაქვს წელს მოგვეცემა ამის შესაძლებლობა. ზოგადად, უამრავი გეგმა შეიწირა ამ პანდემიამ, თუმცა ყოველგვარი გეგმების მიღმა, ერთი რამ ზუსტად ვიცი, „კასტელო მარე“ მუდმივად იფიქრებს და იზრუნებს განვითარებაზე და მომხმარებლებისთვის სიამოვნების მინიჭებაზე. ჩვენი ყველა სტუმარი ძალიან ძვირფასია და ყოველთვის ვეცდებით შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც სტუმრებიც და თანამშრომლებიც მუდმივად იგრძნობენ განსაკუთრებულ ზრუნვას, სითბოსა და სიყვარულს.
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე,
ფოტოგრაფი: გიორგი კალანდაძე