პროფესიით ექიმი-ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი და ესთეტიკური ცენტრის PRESTIG LUXE-ის დამფუძნებელი/დირექტორი ირინა სააკაშვილი უკვე მრავალი წელია სილამაზის სფეროშია. მისი თქმით, ეს სფერო მოითხოვს მუდმივ სწავლა-განვითარებას, ტენდეციების გაცნობას, საკუთარ თავზე მუშაობას და პაციენტებისადმი ინდივიდუალურ დამოკიდებულებას. დღეს სწორედ ირინა გაგვიზიარებს საინტერესო რჩევებს პერმანენტულ მაკიაჟთან დააკავშირებით.
ირინა, დღევანდელი ჩვენი რუბრიკის თემა არის პერმანენტული მაკიაჟი. უპირველესად, განვმარტოთ, რას ნიშნავს ის და რამდენ ხანს ნარჩუნდება ეფექტი?
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, 1900-იან წლებში პერმანენტული მაკიაჟის ტექნიკის გამოყენება ბრიტანეთში ტატუს სპეციალისტებმა – საზერლანდ მაკდონალდსმა და ჯორჯ ბარჩეტმა დაიწყეს. 1920 წლიდან კი პერმანენტულმა მაკიაჟმა აშშ-ში მოიპოვა პოპულარობა.
პერმანენტული მაკიაჟი – (ლათინური სიტყვიდან permanens „მუდმივი“), იგივე ტატუაჟი, კონტურული მაკიაჟი, მიკროპიგმენტაცია, დერმოპიგმენტაცია – პროცედურის დროს, სპეციალური პიგმენტი შეჰყავთ ნემსით დერმო შრეებში იმისათვის, რომ გამოკვეთოს, ხაზი გაუსვას და შესწორდეს სახის გარკვეული ნაკვთები ან/და მოხდეს მაკიაჟის იმიტირება.
პერმანენტული მაკიაჟის საშუალებით შესაძლებელია წარბების, ტუჩისა და ქუთუთოების ფორმების გამოკვეთა/გაუმჯობესება. ასევე, სახის ოვალის კორექტირება, ხალის იმიტირება და ა.შ. გარდა ამისა, პერმანენტული მაკიაჟის მეთოდიკას იყენებენ პოსტოპერაციული ჭრილობების, დამწვრობებისა და რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციების შემდგომ.
აღსანიშნავია, რომ პირველი პროცედურის შემდგომ (ერთ ან ორი თვე) ხდება პროცედურის გამეორება (კორექცია).
ეფექტი სხვადასხვა ზონაზე სხვადასხვა დროით ნარჩუნდება. ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სახის კანზე, ასევე პროცედურის ჩატარების მეთოდზე და რამდენად სწორად დავიცავით სპეციალისტის რეკომენდაციები პროცედურის შემდგომ. დაახლოებით, საშუალოდ 2-3 წელი ნარჩუნდება.
რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს პერმანენტულ მაკიაჟს?
დადებითია უპირველესად ის, რომ პროცედურის შედეგი იმდენად ბუნებრივია, ბევრი ვერც ხვდება, რომ ეს პერმანენტული მაკიაჟია. ასევე, არ გჭირდება ყოველ დილით დროის კარგვა წარბების, ტუჩებისა და ქუთუთოების შეღებვაზე. იღვიძებ და იძინებ პერმანენტული მაკიაჟით და ხარ კმაყოფილი. ამას გარდა, ჩვეულებრივი მაკიაჟისგან განსხვავებით, მას არ ესაჭიროება დღის განმავლობაში შესწორება, დამატება და სხვ. ასევე, არ გაქვს იმის შიში, რომ ვარჯიშის, ცურვის ან სხვა აქტივობების შემდგომ ისევ საჭირო იქნება მაკიაჟის გაკეთება. აღნიშნულ პროცედურას ხშირად მიმართავენ ის ადამიანები, ვისაც აქვს ალერგია დეკორატიული კოსმეტიკის შემადგენლობაზე ან/და მაკიაჟის მოსაშორებელ გელებსა და სხვა ხსნარებზე.
რაც შეეხება უარყოფითს, ჰორმონალური ცვლილებების დროს, პერმანენტული მაკიაჟის პროცედურის შემდგომ, შეხორცებისას შესაძლოა მოხდეს პიგმენტის ტონალობის შეცვლა. ამის გათვალისწინება აუცილებელია და პროცედურა არ უნდა გაკეთდეს ლაქტაციის, მენსტრუაციის, ენდოკრინოლოგიური დავადებებისა და ორსულობის დროს.
რამდენად ხარისხიანი და უსაფრთხოა მასალა, რომლითაც მუშაობთ?
პერმანენტული მაკიაჟის პროცედურის დროს ძალიან მნიშვნელოვანია პიგმენტი, რომელსაც იყენებ და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მისი ხარისხი. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია პიგმენტის სწორად გამოყენება, რაც გამოცდილებასთან ერთად მოდის.
არსებობს სხვადასხვა ტიპის სხვადასხვა ბაზაზე დამზადებული პიგმენტები და მნიშვნელოვანია, რომ ისინი იყოს აუცილებლად სერტიფიცირებული საერთაშორისო კომპანიების მიერ, რადგან პროცედურა დაკავშირებულია კანთან და კანის დერმო შრეებთან. უხარისხო პიგმენტმა შესაძლოა გამოიწვიოს უკუჩვენებები.
მე, პირადად, არასოდეს ვიყენებ გაურკვეველი კომპანიების პიგმენტებს და დამხმარე მასალებს, ეს იქნება ანესთეზია თუ გამაგრილებელი გელი და კიდევ სხვა. მხოლოდ ხარისხიანი, დროში გამოცდილი ბრენდის პროდუქციით ვმუშაობ.
ამის გარდა, შედეგიც არასასურველი იქნება, პირველადი ეფექტი შესაძლოა იყოს დამაკმაყოფილებელი, მაგრამ მალე პიგმენტი გამკრთალდება. ხშირად უხარისხო პიგმენტის შემდგომ ის გადადის ლურჯ ან ყავისფერ ტონალობაში და შესაბამისად, მომხმარებელს მერე მისი მოშორება ლაზერით ან „რიმუვერის“ საშუალებით უწევს.
რა შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოს ადამიანმა პერმანენტული მაკიაჟი და რა სახის გვერდითი მოვლენები აქვს ამ პროცედურას?
ეს საკითხი უფრო ორ ნაწილად უნდა დაიყოს. ვისთვის კატეგორიულად არ შეიძლება და ვისთვის რეკომენდებულია, რომ არ გაიკეთოს, მაგრამ დამოკიდებულია იმ კონკრეტულ დროზე, როდესაც ის აპირებს გაკეთებას.
კატეგორიულად არ შეიძლება გაკეთება ორსული და მეძუძური ქალებისთვის, რადგან ამ პერიოდში ქალებს განსაკუთრებული ჰორმონალური ფონი აქვთ. სხეულს შეუძლია არაპროგნოზირებადი რეაგირება მოახდინოს პიგმენტზე. გარდა ამისა, ორსულებში იცვლება მგრძნობელობა და უმჯობესია დედამ არ განიცადოს უარყოფითი ემოციები. ამ პერიოდში საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ და არანაირი რისკის ქვეშ არ უნდა დააყენოთ თქვენი ორგანიზმი.
ასევე, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმებისას. შაქრიანი დიაბეტი იწვევს ადამიანის იმუნიტეტის ზოგად დაქვეითებას. დაავადების უარყოფითი შედეგები ვრცელდება კანზეც: სისხლდენის რისკი მაღალია, ჭრილობების შეხორცებას კი დიდი დრო სჭირდება.
ჰერპესის სტადიაში; ჰერპესის ვირუსი მიძინებულ სტადიაზე არ არის ტუჩის ტატუირების უკუჩვენება, ისევე როგორც ტატუირება არ იწვევს მის გამწვავებას. მაგრამ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია პროცედურის ჩატარება, როდესაც ტუჩებზე წყლულებია.
რეკომენდირებული არ არის გაცივებისას, ვირუსის დროს, როცა ორგანიზმში ანთებითი პროცესებია, რომელთა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სისუსტეს და სხეულის მაღალ ტემპერატურას. რაც არ უნდა დელიკატური იყოს პერმანენტული მაკიაჟი, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პროცედურა, რომელიც უნდა გაიკეთოთ მაშინ, როცა თავს კარგად გრძნობთ, როცა ორგანიზმის რეგენერაციული ფუნქციები გამართულად მუშაობს.
რას ურჩევდით იმ ქალბატონებს, ვისაც უნდა პერმანენტული მაკიაჟის გაკეთება?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მყარი გადაწყვეტილება, რადგან ეს არის პერმანენტი და თუ შედეგით არ იქნები კმაყოფილი, მისი მოშორება კიდევ დამატებითი პროცედურებია და მას დრო ესაჭიროება. აუცილებლად უნდა იცოდნენ, თუ როგორი მაკიაჟის გაკეთება უნდათ და გარკვეული პერიოდი ამის შეცვლა არ დასჭირდებათ.
და, რა თქმა უნდა, სიფრთხილით შეარჩიონ ის სპეციალისტი, ვისაც აქვს დიდი გამოცდილება და დარწმუნდნენ, რომ მისი ნამუშევრები მათთვის მისაღებია.
რაშია წარმატების ფორმულა? რას ურჩევდით დამწყებ სპეციალისტებს?
პერმანენტული მაკიაჟი არ უნდა იყოს მხოლოდ სპეციალობა, ანუ ხელობა, ეს უნდა იყოს საქმე, რომელიც გიყვარს და სიამოვნებით აკეთებ.
თითოეული პროცედურა უნდა იყოს ინდივიდუალური, როგორც შესრულებით, ასევე მიდგომით, რადგან ყველა პაციენტი განსხვავებულია – სახის ფორმებით, კანის სტრუქტურითა და ფერით. თითოეული ნამუშევარი უნდა იყოს ინდივიდუალურად შესრულებული.
სპეციალისტი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, სწავლობდეს და ეცნობოდეს დარგის სიახლეებს. არ უნდა ეჯიბრებოდე არავის, საკუთარ თავზე უნდა მუშაობდე და შრომობდე, რომ იყო საქმის პროფესიონალი. მე პირადად არასოდეს მიმიღია მონაწილეობა კონკურსებში, რადგან კონკურსი მაინც სუბიექტურია, ამიტომ საქმეში ჩემთვის მნიშვნელოვანია კმაყოფილი მომხმარებელი და არა ვინმესთან შეჯიბრი.
მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენონ ხარისხიანი პიგმენტები და იყვნენ მეტად შემოქმედები. რა თქმა უნდა, დიდი დრო უნდა დაუთმონ მუშაობს, რადგან ერთ დღეში ვერ მიიღწევა ის, რისი მიღწევაც გსურს. გარდა ამისა, აუცილებელია ვიზუალიზაცია, რადგან შტამბებით პერმანენტული მაკიაჟის კეთებას არ მოაქვს შედეგი და ყველა ნამუშევარი ჰგავს ერთმანეთს. ინდივიდუალური მიდგომით ყალიბდება შენი ხელწერა, სტილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი