„მე გიჟი გოგო ვარ“ – ვულკანური ენერგიით იწყებს საუბარს და შეუძლებელია არ მოექცე მისი ენერგიის ქარცეცხლში, იმდენად გულწრფელია, იმდენად უყვარს სამყარო და ადამიანები, არ გიტოვებს სხვა ფიქრს, გარდა ერთისა, რომ ადგე, მაგრად ჩაეხუტო და სიყვარულზე, სიყვარულითვე უპასუხო. იცის, რომ გადამეტებულმა სიყვარულმა, სიკეთემ და გულწრფელობამ შეიძლება გული ატკინოს, მაგრამ მაინც, ერთი დღეც ვერ წარმოუდგენია ამ ემოციების გაცემის გარეშე. ამბობს, რომ ვერასდროს შეეგუება ჩარჩოებს, რადგან არჩევანის თავისუფლება უპირველესი უფლებაა მისთვის. როგორც დედა ეუბნება ხოლმე, ძალიან 21-ე საუკუნელი გოგოა, რომლისთვისაც ყველა არა, ნიშნავს კის, რომელიც არასდროს ნებდება და სულ წინ მიიწევს. ამ თაობაში რომ დაბადებულიყო, ამბობს, რომ აუცილებლად ფეხბურთელი იქნებოდა, ან ჯარში წავიდოდა, თუმცა, მიაჩნია, რომ არასდროს არის გვიანი ბავშვობის ოცნებების ახდენა. OK! ბათუმის სტუმარი სილამაზის სალონის „სოფიე“ ხელმძღვანელი, სოფიკო აჟიბაა.
ბავშვობის წლები…
მიუხედავად 90-იანი წლების რთული პერიოდისა, ძალიან ლამაზი და ლაღი ბავშვობა მქონდა, მშობლები ხმამაღლა არასდროს საუბრობდნენ პრობლემებზე, ცდილობდნენ ყველაფერი გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ბედნიერად გვეგრძნო თავი. ძირითადად ბებიასთან და ბაბუასთან ვიზრდებოდი. ალბათ, ყველას გამოუცდია საყვარელ მოხუცებთან ცხოვრების სიამე. ზაფხული ჩვენთვის ზღვა და „ბირჟა“ იყო, მეტი არაფერი. დღევანდელი ბავშვებისგან განსხვავებით, მაშინ სულ სხვა თამაშებით ვერთობოდით, რადგან ინტერნეტი არ გვქონდა. მართლა სხვა ურთიერთობები იყო მაშინ, უკვე დიდები ვიყავით, მაგრამ მაინც წრეში ბურთს, დაჭერობანას და ათას გამოგონილ თამაშს ვთამაშობდით. დღეს დისტანციურმა ურთიერთობებმა ჩაანაცვლა ნამდვილი ურთიერთობები, რაც ძალიან მიჭირს. მიყვარს ადამიანები, მათი ჩახუტება, ემოციების გაზიარება. ყოველთვის ვამბობ, როცა არ მაქვს კონტაქტი ადამიანებთან, ჩემი ელემენტიც ჯდება და ერთ პროცენტამდე დადის. ამიტომ, როგორც ენერგო ვამპირი, ადამიანებს ვეხუტები და მათგან ვიპარავ ენერგიას, სითბოს, რის შემდეგაც ისევ ვივსები ძალებით და ენერგიული ვხვდები.
ოჯახი, წყარო ენერგიისა…
ძალიან თბილი და მოსიყვარულე ოჯახი მყავს. ნამდვილად არიან ჩემი ენერგიის უშრეტი წყარო. უფროსი შვილი მარიამი კავკასიის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია, ხოლო ლუკა, ქართულ-ამერიკული სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე. მყავს მეზღვაური მეუღლე, ძალიან მაგარი ადამიანი, რომელსაც იშვიათად ვხედავ. რომ არა ის, ალბათ, მე ასეთი შემდგარი და ძლიერი ადამიანი ვერ ვიქნებოდი დღეს. ხშირად მითქვამს და ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ძლიერი ქალის უკან, ყოველთვის ძლიერი მამაკაცი დგას. შეიძლება ვყოფილიყავი წარმატებული ქალი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მისი თანადგომის გარეშე ბევრ რამეს ვერ გავაკეთებდი, ვერ ვიქნებოდი ისეთი სოფიკო, როგორიც დღეს ვარ. ჩემი მეუღლე, ყველაზე დიდი მეგობარი, მოტივატორი და ძალაა ჩემი.
ურთიერთობა, რომელიც ყველაზე დიდ კომფორტს გიქმნით…
პროფესიით მთარგმნელ-რეფერეტი ვარ, უცხო ენის სპეციალისტი, სხვადასხვა სასწავლებელში წლებია ვასწავლიდი ინგლისურ ენას, უმაღლეს სასწავლებლებშიც ვკითხულობდი ლექციებს. თუმცა, ბოლო წლებში, ძირითადად, სკოლაში ვასწავლიდი. ბავშვები ჩემთვის სულ სხვა ფენომენია, ისინი ანგელოზები არიან, სწორედ მათთან ურთიერთობაა ყველაზე დიდი ბედნიერება და კომფორტი ჩემთვის. სუფთა და გულწრფელი მეგობრობა იციან, და დღესაც ვცდილობ ჩემზე ასაკით ბევრად პატარებთან ვიმეგობრო. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ ადამიანებთან. ჩვენ ვცვლით გამოცდილებებს, აზრებს ვუზიარებთ ერთმანეთს. თავი შინაგანად სულ 25 წლის გოგო მგონია.
საკუთარი სახელობის სილამაზის სალონი გაქვთ „სოფიე“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, არამარტო ბათუმში. ხშირად გსტუმრობენ ცნობადი სახეები დედაქალაქიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. როგორ დაიწყო ყველაფერი…
ალბათ, გოგოების უმრავლესობა ოცნებობს ჰქონდეს სილამაზის სალონი, ან ისეთი რამ, რითაც კომფორტს შეუქმნის საკუთარ თავს. არასოდეს მიოცნებია სილამაზის სალონზე, რადგან ეს არასდროს ყოფილა ჩემი ინტერესის სფერო. მე ვარ გოგო, რომელსაც უყვარს ექსტრიმი, აზარტი. აი, მაგალითად, უფრო მეტად მიოცნებია მყოლოდა ფეხბურთის გუნდი, ვიდრე სილამაზის სალონი. არასოდეს დავდიოდი სალონებში და არც დღეს არის ეს ყველაფერი კომფორტის ზონა ჩემთვის. მართალი გითხრათ, სპონტანურად წამოვიდა იდეა, რაღაც უნდა გამეკეთებინა აუცილებლად და ვფიქრობდი, რომ ეს, პირველ რიგში, უნდა ყოფილიყო ქალბატონებისთვის, თან სილამაზის სალონი ადვილ საქმედ წარმომედგინა. თურმე, არათუ ადვილი, ურთულესია. სპეციფიკური სფეროა, ბევრი დეტალი და ნიუანსია გასათვალისწინებელი. მეგონა სახლში, დედა რომ იღებავდა თმებს, ისეთი მარტივი იყო თმის შეღებვა, თურმე არა, თმის შეღებვა ყოფილა არტი, რაღაც განსაკუთრებული პროცესი. რვა წელია ვარსებობთ ბაზარზე და ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. ჩემთვის ბიზნესი აზარტული თამაშივითაა. იმდენად შევდივარ აზარტში და ამ ყველაფრით იმხელა ადრენალინს ვგრძნობ, უკან ვეღარ ვიხევ. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოს მასშტაბით ჩატარდა სილამაზის სალონების კონკურსი, რომელშიც სალონი „სოფიე“ საუკეთესო სალონის ტიტულის მფლობელი გახდა. შემიძლია თამამად ვთქვა, სალონში თავისი საქმის ჩემპიონები გვყავს. ყოველთვის ვცდილობთ ორიენტირებული ვიყოთ მომხმარებლის კომფორტზე. ჩვენთვის პრიორიტეტი ხარისხია, ეს ყოველთვის ასე იყო, და დარმუნებული ვარ ასე იქნება მომავალშიც.
სერვისის მრავალფეროვნება…
იმდენად მრავალფეროვან სერვისს ვთავაზობთ მომხმარებელს, ჩამოთვლაც კი რთულია. თითქმის ყველა მომსახურება გვაქვს, რაც ამ სფეროს ეხება. აქვე მინდა აღვნიშნო, ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ჩემი თანამშრომელი არ მიიღებს მომხმარებელს ისე, თუ მის ჯანმრთელობას შესაძლოა რაიმე ფორმით მივაყენოთ ზიანი. ყოველთვის ვცდილობთ წინასწარ გავეცნოთ ჩვენი მომხმარებლის ჯანმრთელობის ისტორიას და მერე დავიწყოთ მასთან მუშაობა. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა განაპირობა ნდობა, თუმცა ამისთვის ბევრი დრო დაგვჭირდა. დამეთანხმებით, მოიპოვო ნდობა ასეთ კონკურენტუნარიან გარემოში და შეინარჩუნო ის, საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია.
მეამბოხე, ძლიერი ქალი ხართ…
კი, ყოველთვის ასეთი ვიყავი, არ მიყვარს ჩარჩოები და თუ ცდილობენ დამიწესონ, აუცილებლად ვარღვევ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი მეუღლის დამსახურებაა, რომ ასეთი ძლიერი ქალი ვარ. ჩემი ოჯახის წევრები ყველაზე დიდი მოტივატორები არიან ჩემთვის. დედაჩემი მეუბნება ხოლმე, შენთვის არა არ არსებობსო და მართალიცაა. როცა არას მეუბნებიან, ჩემთვის ის არის კი. ბევრჯერ დავეცი, მაგრამ საკუთარი თავი გავაძლიერე, ვუთხარი, რომ უკან დახევის უფლება არ მაქვს, რომ ყოველ მარცხში ეძებე გაკვეთილები და უფრო მეტი შემართებით გავაგრძელე გზა.
რა უსვამს ხაზს თქვენს განსხვავებულობას…
ნუ იქნები ისეთი, როგორიც ყველა. ყველაფერში მიყვარს განსხვავებულობა, მეც ყოველთვის განსხვავებული ვიყავი, აი, მაგალითად, თუნდაც ჩემი ვიტილიგო, რომელზეც თავდაპირველად ვინერვიულე, მერე კი ისე შემიყვარდა, ამჟამად მორჩენის პროცესში ვარ და ვფიქრობ, ერთ დღესაც რომ აღარ მექნება, როგორ მივიღებ და შევეგუები ამას. ზოგადად, განსხვავებულობა ხაზს უსვამს ჩვენი შინაგანი სამყაროს გარკვეულ შტრიხებს, ინდივიდუალიზმს, უფრო საინტერესოს ხდის ადამიანს.
ის, რაზეც ყველაზე ხშირად გიოცნებიათ…
ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ბავშვობაში ვოცნებობდი წავსულიყავი ჯარში, მეთამაშა ფეხბურთი. ალბათ, ამ თაობის ადამიანი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად ვიქნებოდი ქალი ფეხბურთელი. არასდროს ვიცი რა გამიტაცებს ხვალ და რაზე ვიოცნებებ, რა იქნება ის საქმე, რომლითაც დავინტერესდები. აი, მაგალითად, პანდემიის დროს სახლში ძალიან ბევრი რამ მოვქსოვე, კალათები გავაკეთე, არადა, საერთოდ არ არის ეს ყველაფერი ჩემი. მიყვარს ექსპერიმენტები, მინდა ცხოვრების ყველა გამოწვევას ჩემეული ენერგიით ვუპასუხო, და, რაც არ უნდა რთული იყოს ის, გარდავქმნა პოზიტივად.
სიტყვები, რომელიც სარკეში ყველაზე ხშირად გითქვამთ საკუთარი თავისთვის…
ყოველ დილით, რა ხასიათზეც არ უნდა ვიღვიძებდე, ვდგები სარკის წინ და ვეუბნები საკუთარ თავს, სოფიკო, შენ ხარ ძალიან ლამაზი, ძალიან ძლიერი და ძალიან მიყვარხარ. საკუთარი თავის რწმენა თუ არ გაქვს ადამიანს, ვერც სხვას იწამებ, ვერ დაიჯერებ სამყაროს მრავალფეროვნებას. რაც არ უნდა მიჭირდეს, ვცდილობ, ჩემი პრობლემები არასდროს მოვახვიო სხვას. გავუღიმოთ და ჩავეხუტოთ ერთმანეთს, ღიმილი გადამდებია, როგორც სიკეთე, სიყვარული და სითბო.
როგორია სილამაზის თქვენეული აღქმა…
თუ შინაგანი სამყარო ლამაზი არ გაქვს, რაც არ უნდა ლამაზი იყო ვიზუალურად, გაიკეთო ტუჩი, თვალი, მკერდი, ჩემი აზრით, ლამაზი მაინც ვერასოდეს იქნები. ჩემს 17 წლის შვილს ხშირად ვეუბნები, რომ ქალში, პირველ რიგში, დაინახოს და დააფასოს შინაგანი სამყარო, არ მიანიჭო პრიორიტეტი მხოლოდ გარეგნულ სილამაზე, რადგან შინაგანად ძლიერ და ლამაზ ქალთან ცხოვრება არასდროს არის მოსაწყენი.
გიჟი დედა…
ნებისმიერი დედა შეიძლება გიჟი და არანორმალურია, როცა საქმე შვილს ეხება, მაგრამ მე მგონია, რომ ძალიან გიჟი დედა ვარ. ჩემს შვილს სახლში ის კალამი რომ დარჩენოდა, რომელიც უყვარდა და ეთქვა, დე, სკოლაში მომიტანეო, დავტოვებდი ყველა საქმეს და აუცილებლად მივუტანდი. მეკითხებიან ხოლმე, რატომ ვაძლევ შვილებს ამდენ თავისუფლებას. მიმაჩნია, თუ არ ხარ თავისუფალი, ვერასოდეს განვითარდები, ვერასოდეს დაარღვევ იმ სტერეოტიპებს, რაც ქართველებს მრავლად გვახასიათებს. ჩემთვის ჩემი შვილების თავისუფლება ყველაზე მთავარი პრიორიტეტია.
უფრო ახლოს გაგვაცანით შვილები…
ლუკათი დავიწყებ, პატარა შვილით, რომელიც 17 წლის შესრულდება ნოემბერში. ხასიათებში ძალიან ვგავართ ერთმანეთს, 17 წლისაა, მაგრამ ძალიან დიდი ადამიანია, ძალიან სწორად აზროვნებს, სწორად უყურებს ყველაფერს, ალბათ, იმიტომ, რომ თავისუფალია. პროდუქტიულია, ცოტა ზარმაციც, მაგრამ ნიჭიერი. იქიდან გამომდინარე, რომ ფეხბურთი მიყვარდა, ლუკაც წლები ფეხბურთს თამაშობდა. ძალიან ბევრი რამ სცადა: ფეხბურთი, რაგბი, წყალბურთი, ბოქსი, ვერსად ვერ იპოვა თავი, ახლა კი დიჯეია და ძალიან მოსწონს. ლუკა, ალბათ, მეზღვაური გახდება, ფიქრობს წავიდეს საზღვარგარეთ და იქ ისწავლოს. მარიამი 21 წლისაა, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. მშვიდი, გაწონასწორებული და ჩამოყალიბებული ადამიანია. კავკასიის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. ბიზნესის მიმართულებით სწავლობს, მაგისტრატურის გავლა საზღვარგარეთ სურს. ძალიან კარგად ხატავს, შინაგანად ხელოვანია. ყოველთვის ვიმეორებ, ადამიანები სადამდეც ვცხოვრობთ, უნდა ვიყოთ საკუთარი თავის ძიებაში, ამიტომ, ჩვენ არ ვზღუდავთ ერთმანეთის თავისუფლებას. მაგალითად, რომელიმე მათგანმა, რომ გადაწყვიტოს იყოს მოგზაური და მეტი არაფერი გააკეთოს, არ შევეწინააღმდეგები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ჩვენი შვილების ხარისხიან განათლებაში. ვფიქრობ, ჩემმა თაობამ ძალიან ბევრი რამ უნდა შეცვალოს შვილებთან მიმართებაში, უნდა მისცენ მათ თავისუფლება, რადგან, მიმაჩნია, რომ სწორედ თავისუფლებაშია განვითარება.
პირველი ტატუ…
თუ არ ვცდები 18 წლის წინ გავიკეთე, მაშინ ტატუს გაკეთება, თან გოგოსთვის, სასწაული ამბავი იყო. წარწერა გავიკეთე, მე შენ ყოველთვის მეყვარები, ეს ფრაზა, ალბათ, ზოგადი უფრო იყო, რადგან ყველა მიყვარს.
ერთი სიტყვით, როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს.
გიჟი. სოფიკოს ყველა იცნობს როგორც გიჟ ადამიანს. გიჟი, რომელიც ჩაიდენს ყველანაირ სიგიჟეს. დედაჩემი ხშირად მეუბება, შენ ზედმეტად 21 საუკუნელი გოგო ხარო, გოგო, რომელიც დღეს ცდილობს აკეთოს ის, რაც ბედნიერებას ანიჭებს, რადგან არავინ ვიცით რა იქნება ხვალ.
და ბოლოს…
ვისურვებდი გვეცხოვროს მშვიდ და გაერთიანებულ საქართველოში, არასდროს ყოფილიყოს ის, რაც უკრაინაში ხდება. მინდა ჩვენს მომავალ თაობას ჰქონდეს ბედნიერი მომავალი. არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ შინაგანად ქველმოქმედი ადამიანი ვარ. მიყვარს სიკეთის ჩუმად კეთება, რადგან მე არაფერს არ ვაკეთებ მადლობისთვის. ადამიანი, რომელიც გრძნობს, რომ მას აფასებენ, ყოველთვის შეეცდება მეტის გაკეთებას ვიდრე მოეთხოვება. დაფასებას და მადლიერებას მოსდევს ისევ ქმედება, ისევ სიკეთე და ისევ სიყვარული და ასე ებმება ჯაჭვი, რომელიც კრავს და ამთლიანებს ადამიანთა გულებს და სულებს. სიყვარულში, ერთიანობაში და მთლიანობაში გვეცხოვროს უკუნისამდე.
ტექსტი: ნანა აბულაძე