ბავშვობიდან ხატავდა, ღმერთიც სულ იყო მის ცხოვრებაში. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარების შეეშინდა, მაგრამ პირველი ეპისკოპოსი ქალი გამხდარიყო, ამისთვის ღმერთის სიყვარულიც ეყო და გამბედაობაც. რუსუდან გოცირიძისთვის არაა ეს ტვირთი იოლი სატარებელი, მაგრამ იცის, რომ ასე უფრო მეტ ადამიანს მიაწვდენს ხმას და ამას ქალების გაძლიერებისთვის გამოიყენებს. საუბარიც ღმერთსა და ქალის მიმართ რელიგიის დამოკიდებულებაზე დავიწყეთ.
ქრისტე
ღმერთს დაემსგავსო, ძალიან ძნელია, ამიტომ გვირჩევნია ღმერთი ჩვენ დავიმსგავსოთ და ამით გავამართლოთ ჩვენი ყველა შურისძიება. ქრისტე როგორია ქალების მიმართ, ეკლესია და მოციქულები როგორები არიან, სრულიად სხვადასხვა რამეა. ლექციას ვკითხულობ – ფემინიზმი თეოლოგიაში და ამაზე საუბარი უსასრულოდ შემიძლია. ხშირად გვავიწყდება, რომ ქრისტიანობა იუდაიზმიდან არის ამოზრდილი და მოციქულები, რომლებსაც ვციტირებთ, ებრაელი კაცები არიან. როცა რჯული იწერებოდა, ის სამყარო სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, სადაც ახლა ვცხოვრობთ. თუ გინდა მიხვდე, რას გულისხმობს პავლე, როცა ამბობს – ქალებს ვუკრძალავ ხმის ამოღებასო, როგორ ხდება, რომ იგივე პავლე ცოტა ქვემოთ ამბობს, როცა ქადაგებთ ეკლესიაში, ქალებმა თავზე დაიხურეთო. ეს ნიშნავს, რომ ქალების ქადაგებას არ ეწინააღმდეგება და ამას თუ ვერ ხვდები, ესე იგი, რაღაც გვაქვს გასარკვევი. პავლე ამაყობს თავისი კოლეგა ქალებით და რომაელთა წერილი მთავრდება ამ საოცარი ტექსტით, სადაც ჩამოთვლილია ათზე მეტი ქალი. ზუსტ რაოდენობას ვერ ვამბობთ, რადგან ბევრი სახელი საუკუნეების განმავლობაში კაცის სახელი გვეგონა და ახლა ირკვევა, რომ ქალის ყოფილა. აქამდე რომ ეს არ ვიცოდით, ეს არის ეკლესიის ტრადიციის მიერ მიჩქმალული. უბრალოდ, ეკლესიამ ვერ გაბედა ტექსტებიდან ამოეღო ეს ამბავი. ფებე, რომელსაც თავის თანამებრძოლს უწოდებს პავლე მოციქული, რომელსაც წერილი გაატანა და რომაელებს ეუბნება, წერილს მოგიტანთ ღვთისმსახური, ჩემი თანამებრძოლიო. აღარ ვსაუბრობ სხვა ქალებზე. ღვთისმშობელი საერთოდ გამოაცარიელა ადამიანურობისაგან ეკლესიამ. ვერ აიტანა, რომ ადამიანური ქალი შეიძლებოდა ყოფილიყო ღმერთის მშობელი. თითქოს ისიც ქალწულებრივად იშვა, რომ აღარ ჰყოლია შვილები, არასოდეს არ უცხოვრია ადამიანური ცხოვრებით, არც კი მოკვდა ადამიანურად – მიიძინა. რატომ? ეკლესიამ გადაწყვიტა ესეც ეფემერულ მოვლენად ექცია. ვერ აიტანა ქალად ღმერთის მშობელი. თუნდაც მარიამ მაგდალინელი, რომელსაც მეძავად მივიჩნევთ – არსად არ წერია მისი მეძავობის ამბავი. ესეც ეკლესიამ გადაწყვიტა, ქალი, რომელიც პირველი მოციქული იყო, პირველი მოწმე მკვდრეთით აღდგომისა, მეძავად შეერაცხათ. თუ მხოლოდ იმ ამბებს ამოვკრეფთ, სადაც ქრისტე ქალებს ხვდება – ეს ქალი უცხოა, სამარიტელი, – დედაკაცია ჭასთან თუ თავისი მეგობარი ქალები – ლაზარეს დები მარიამი და მართა; მშობელია, მოწაფე თუ მოციქული, ყველა ამბავში ჩანს მისი დამოკიდებულება ქალის მიმართ. მათ ეუბნება – მე ვარ, ეს ღმერთის სახლია. ამას თავის მოწაფეებსაც კი არ ეუბნებოდა. რას ამბობს, არის სრულიად სხვა რამე და არავინ არ იძიებს. პირველ საეკლესიო კრებაზე ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილეს, იყო – პავლიანელების (მოციქულ პავლესთან მათ კავშირი არ ჰქონდათ) დიაკვანი ქალები რომ შემოგვიერთდებიან, აქაც დიაკვნებად დავტოვოთ თუ არაო. გადაწყვიტეს და არც ქალები დატოვეს და არც კაცები. ქალი დიაკვანი ჩვეულებრივი ამბავი იყო. ახლა გვეუბნებიან, ასეთი ტრადიცია არ არსებობსო. მე თუ მკითხავთ, პავლე მოციქული ყველაზე მოწინავე ფემინისტია.
საზოგადოების წნეხი
პატრიარქალურ კულტურაში ვართ. იმ დროს, როცა არ იცოდნენ, ახალი სიცოცხლე საიდან იწყებოდა, ღვთაებად ქალი მიაჩნდათ. უცებ მუცელი ეზრდებათ ქალებს და ბავშვებს აჩენენ. სექსი ცხოვრების ჩვეულებრივ ნაწილად მიიჩნეოდა და ვერ წარმოედგინათ, რომ ამის შედეგად ჩნდებოდა ახალი სიცოცხლე. აი, მაშინ გაფუჭდა ყველაფერი, როცა კაცი მიხვდა, რომ თვითონაც იყო პროცესის მონაწილე და ქალები სულაც არ იყვნენ ღვთაებები. სავარაუდოდ, ქალებმაც არ იცოდნენ ამის შესახებ. მერე კაცებს მოუნდათ სცოდნოდათ, ვის ხელში იქნებოდა მათი შვილი. დაიწყო შობადობის კონტროლი. რეპროდუქციულ ასაკში, ორსულობის რეჟიმში მყოფ ქალს საკვების მოპოვებაც უჭირდა, ამიტომ დასჭირდა დაცვა. მისი ერთადერთი ვალდებულება ბავშვის გაჩენა იყო და ასე იქცა ქალი ინსტრუმენტად. ეს ნელ-ნელა ხდებოდა და ძალიან ღრმად არის ჩალექილი. მერე ეს რელიგიებმაც კარგად მოირგეს. კაცებს კონტროლი სჭირდებოდათ. ამაზე იყო აგებული სოციალური წყობილება, რელიგიური წესები. მკაცრად პატრიარქალურ საზოგადოებაში დააკვირდნენ გოგონების და ბიჭების განვითარებას. სანამ ჰქონდათ ერთნაირი გარემო, თანაბრად ვითარდებოდნენ. როცა გარემო სხვადასხვა მოთხოვნას აწესებს ქალებისა და კაცების მიმართ, თავისთავად სხვადასხვანაირად ვითარდებიან. ასე გადადის საზოგადოებიდან საზოგადოებაში, კულტურიდან კულტურაში. სადაც ნაკლებია საზოგადოების წნეხი ქალების ქცევაზე, გოგონები უფრო სწრაფად ვითარდებიან. ბევრს ჰგონია, რომ თანასწორობა ქალისთვის ფუფუნებაა. რატომ უნდა მარჩინოს კაცმა? ხელი მაქვს, ფეხი მაქვს და ჩემი ერთადერთი ფუნქცია მხოლოდ უნიტაზის ხეხვა რატომ უნდა იყოს? უკაცრავად არაესთეტიკური მაგალითისთვის.
ეპისკოპოსობის ტვირთი
ბავშვობიდან ეკლესიაში ვიზრდებოდი, როგორც დედ-მამა იყო მოცემულობა, ასე იყო ღმერთიც. მერე რა, რომ ვერ ვხედავდი. თავიდან ღმერთი იყო ჩემთვის სკოლის დირექტორივით, მორიდებული ვიყავი მასთან. მერე ჩემმა მოძღვარმა მითხრა ჯადოსნური სიტყვები: ეწუწუნე ღმერთს. თავიდან გავოცდი. როცა ეწუწუნები ღმერთს, შეიძლება რაღაც მომენტში შეგრცხვეს, მაგრამ აქ მთავარი გულწრფელობაა.
როდესაც დიაკვნად ხელდასხმაზე დამელაპარაკა მეუფე მალხაზი, მაშინ 26 წლის ვიყავი, ბავშვები პატარები მყავდა. არც ჩემს ეკლესიას ჰყოლია ეპისკოპოსი ქალები, მე ვიზრდებოდი პატრიარქალურად პროტესტანტულ ეკლესიაში. ყველაფერი, რაც ახლა ხდება ჩემს ეკლესიაში, რეფორმების წყალობით მოვიდა. ამ რეფორმების მონაწილე ვიყავი მეც. ეს ცვლილებები მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც, ერთმანეთზე გადაბმული ამბავი იყო. როცა მეუფე მალხაზმა მითხრა, იფიქრე, ხომ არ გინდა სასულიერო პირი გახდეო, პირველი განცდა სიხარული იყო. ჩემთვის ღვთისმსახურება ძალიან ძვირფასი რამ გახლდათ. გავიზარდე ღვთის მსახურის ოჯახში, მამაჩემი ხუცესი იყო. დედაც სულ ჩართული გახლდათ საეკლესიო საქმეში. ამიტომ ჩემს ეკლესიაში რამის კეთება ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. ამ შემოთავაზებამ ძალიან გამახარა, მაგრამ შემეშინდა კიდეც. ვერ ვიტყვი, რომ ხელდასხმამდე ჩემი რწმენა იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ახლა მაქვს, შეიძლება სულაც პირიქით. როცა სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება საქმედ იქცევა, შეიძლება სულიერი ამბები ხელიდან დაგიძვრეს. ხანდახან პასუხისმგებლობების წნეხი განცდებს ჩრდილავს. რომ მცოდნოდა, წინ რა სირთულები მელოდა, მაინც გავბედავდი თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმას, არ ვიცი. განცდა მქონდა, სუფთა ფურცელზე მოვაწერე ხელი – ქვემოთ იყო ჩემი ხელმოწერა და რა ჩაიწერებოდა ამ ფურცელზე, არ ვიცოდი. რაღაცნაირი გზაა, სირთულეებით და ტკივილებით სავსე. ამავე დროს, ამ პოზიციაზე ყოფნით სულ გაქვს პრივილეგია, კარგი რაღაცები აკეთო. საჯაროდ ეპისკოპოსის რანგში ნათქვამ სიტყვას სხვა ფასი აქვს. მე რომ რიგითი ბაპტისტი მორწმუნე ვყოფილიყავი, ხომ ვერც გაგიცნობდით და ჩემს ნათქვამსაც ვერავინ გაიგებდა.
თანასწორობა
იმათაც არ იცოდნენ რაზე ამბობდნენ თანხმობას. მათ რომ სცოდნოდათ, მე მერე რას ვიტყოდი, არ ვიცი, მხარს დამიჭერდნენ თუ არა. თვითონაც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა თანასწორად ყოფნა და ერთად ვისწავლეთ მე და ჩემმა კოლეგა ეპისკოპოსებმა.
ეპისკოპოსის ქმარი
მიხო ძალიან უცნაური კაცია. პაპა ეძახდა ჩუმას, საერთოდ ხმას არ იღებს. 27 წელია ერთად ვართ და მე მისი აწეული ხმა არ მახსენდება. არასოდეს არ გამოდის წყობილებიდან. სპეციალური შეკვეთაა ეპისკოპოსი ქალისთვის. ძლიერი თუ არ არის კაცი, ძლიერი ქალის გვერდით ვერ იქნება. ისევ საზოგადოების წნეხის გამო. ეს დაბრკოლება არ არსებობს ჩემი მეუღლისთვის და აღარც ჩემი ვაჟისთვის, რომელიც უკვე 23 წლისაა.
ქალთა უფლებები
სულ ვიცოდი, რომ ქალების გამო ვიყავი აქ. მე როცა საეპისკოპოსოდ ხელი დამასხეს, ვმუშაობდი ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, სადაც ქალთა გაძლიერებისთვის ტრენინგებს ვატარებდით. თუ რამე ცოდნა მაქვს, სწორედ ამ ორგანიზაციის წყალობით მაქვს. ასე მოვედი ეპისკოპობამდე და ვიცოდი, რომ ქალების გამო.
ეკონომიკურად ემიგრანტი ქალების შრომაზე დგას ეს ქვეყანა. ემიგრაციაში წასვლამდე პედაგოგებმა მოიკიდეს ზურგზე ლილოს მძიმე ჩანთები და მასთან ერთად ოჯახის რჩენის ტვირთიც. სამწუხაროდ, მამაკაცებმა ვერ გადააბიჯეს პატივმოყვარეობას და ვერ ასწიეს ის კუბოკრული ჩანთები. განა იმიტომ, რომ ცუდი კაცები გვყავს. არა. ძალიან ბევრს ითხოვს საზოგადოება კაცებისგან. არ აღმოჩნდნენ მზად არასაპატიო საქმეების საკეთებლად. ქალებმა ვიცით, რომ შვილს თუ შია, იქ საქმეს ვერ ამოარჩევ. ემიგრანტმა ქალებმა ეკონომიკა გადაარჩინეს და მათმა შვილებმა ისწავლეს, რას ნიშნავს ძლიერი დედა. ფემიციდს რაც შეეხება, შეიძლება ადრეც იყო და არ ხმაურდებოდა. საზოგადოება კაცს ეუბნება, რომ მისი ღირსების საკითხია ყოფილი ცოლის ცხოვრებაც კი. განქორწინების შემდეგაც კი საკუთრებად მიიჩნევს იმიტომ, რომ საზოგადოება მას სთხოვს პასუხს. ფემიციდის ეს სასტიკი ფორმებიც ქალის გაძლიერების შედეგად მიიღება. შვილს რომ ზრდის დედა, უნდა უთხრას – ცოლს რომ შეირთავ, ის შენი საკუთრება არ არის. იცვლება საზოგადოება. თუ ახლა ისევ კრემლის გალავანში არ ჩაგვაკვითქირეს, გვაქვს შანსი, ძალიან მაგარი საზოგადოება გავხდეთ. კარგი ქვეყანა გვაქვს, დიდი კულტურა, არ ვართ ცუდი ხალხი, უბრალოდ, ცოტა დაგვაბლაგვა დიდი ხნის მონობამ. ისევ ქალებმა უნდა ვიყოჩაღოთ.
ტექსტი: ქეთი ლომსაძე
ფოტო: მაკა მეგრელიძე