„მგონია, რომ თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარება არის გასაღები ქართული თეატრის განვითარებისა“
მსახიობის პროფესიის მიმართ ირგვლივ მყოფების სტერეოტიპული მიდგომის მიუხედავად, თავად ზუსტად იცოდა, რომ ხელოვნება იყო ის სფერო, რომლის გარდა არაფერი აინტერესებდა და რომლისთვისაც მზად იყო მთელი ცხოვრება მიეძღვნა. თვლის, რომ თითოეული წინგადადგმული ნაბიჯი, არის თვითგანვითარებისათვის გადადგმული ნაბიჯი, რომელიც არ აძლევს მოდუნების საშუალებას. მიაჩნია, რომ ხელოვანი ადამიანისთვის ძიების პროცესი უმნიშვნელოვანესია, რომლის შედეგადაც იმ მრავალ „საგანძურს“ აგნებ, რაც, როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად გზრდის და გაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო საინტერესოდ აღიქვა სამყარო, ის ყოველდღიურობა, რომელშიც ცხოვრობ. OK! ბათუმის სტუმარი რეჟისორი, დრამატურგი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ოთო ქათამაძეა. რას ნიშნავს მისთვის თეატრი, როგორია სცენაზე და სცენის მიღმა, რა აძლევს სულიერ საზრდოს, ბათუმის გარდა რომელ ქალაქში იცხოვრებდა სიამოვნებით – ამ კითხვებზე პასუხს OK! ბათუმის ინტერვიუში წაიკითხავთ.
ბავშვობისდროინდელი ემოციები აწმყოში…
თითოეული ადამიანის ცნობიერება, პიროვნება, ბავშობიდან ყალიბდება, თუმცა შემდგომი წლები, კონკრეტული ფაქტები, ადამიანები, ქალაქი, უბანი, დიდ გავლენას ახდენენ მასზე. ვთვლი, რომ პიროვნებად ამ ქალაქმა ჩამომაყალიბა. როგორც საკუთარი სახლი ყველასთვის ნიშნავს თავშესაფარს, ასეთ თავშესაფრად მე ქალაქი მაქვს, რომელსაც ბათუმი ჰქვია. ოღონდ, აქვე გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, ეს ის ბათუმი აღარ არის, რაც ჩემს ბავშვობაში იყო. მახსოვს, ერთი მაღალი შენობა იდგა ქალაქში მხოლოდ, სასტუმრო „მედეა“, რომელიც ცათამბჯენად გვეჩვენებოდა, ახლა კი სულ შენობები დგას, სივრცე აღარ არსებობს, თითქოს საითკენაც გაიხედავ, ან წახვალ კედლების გროვას ეჯახები. მაგრამ, სანამ ჩემი ბავშვობიდან ადამიანები კიდევ ცხოვრობენ ამ ქალაქში, იარსებებს ის მოგონებები რომლებიც დღემდე ემოციურად მასაზრდოებს. ყოველთვის ვცდილობ, სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემი წილი ბავშვობა არ დავკარგო. ამას წინათ, მეგობარი მეუბნებოდა შენს სპექტაკლებს რომ ვუყურებ, ხანდახან ისეთი ბავშვური ნიუანსები გაქვს მიკვირსო. დიახ, ზუსტად ის აღმაფრენა რაც ბავშვობაში მქონდა, ის ნამდვილი ემოცია მინდა დავიბრუნო…
რამ განაპირობა თქვენი არჩევანი, რატომ მსახიობობა?
პირველ რიგში, ალბათ, იმან, რომ ბავშვობიდან სახელოვნებო სტუდია „მთიებში“დავდიოდი, სადაც თავისებური ჯადოსნური სამყარო იყო, რომელშიც ყველა დეტალი ხელოვნებასთან იყო კავშირში. ექვსი წლიდან ვეხებოდი ამ ყველაფერს, რაც თავისთავად დიდ და კარგ გავლენას ახდენდა ჩემზე. ამ ჯადოსნურ სამყაროს ემატებოდა ის, რომ ბიძაჩემი, ბესო კუპრეიშვილი თითების თეატრში რეჟისორი იყო, იქ სტუდია ჰქონდა მოზარდებისთვის, სადაც მოგვიანებით გადავინაცვლე და უფრო ახლოს შევეხე თეატრს, სამსახიობო ხელოვნებას. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ბნელ ოთახში განათებული პროჟექტორები განსაკუთრებულ ემოციას იწვევდა ჩემში. ირთვება განათება და შენ იმ წუთიდან მნიშვნელოვანი ხდები, გიყურებენ, გისმენენ, ტაშს გიკრავენ, საოცარი გრძნობა გეუფლება. ახლაც რომ გავდივარ სცენაზე, ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, გაწიეთ პროჟექტორი თორემ თამაშს ვიწყებ-მეთქი. იმ დროს როცა მე ვირჩევდი პროფესიას ძალიან ბევრი პოპულარული პროფესია იყო. მაგალითად, ექიმი უნდა ყოფილიყავი, ან იურიდიული განათლება გქონოდა. მსახიობობის მიმართ სტერეოტიპული მიდგომები ჰქონდათ, როგორიცაა: „არ გინდა მსახიობობა, სულ ფინანსური პრობლემა გექნება“, „მსახიობობა რა პროფესიაა, სამომავლოდ სად უნდა იმუშაო“… თუმცა, ჩემი მშობლების მხრიდან ჩემს არჩევანს დიდი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, რადგან მამაჩემმაც და დედაჩემმაც იცოდნენ, რომ ამ საქმის გარდა არაფერი მაინტერესებდა და არც გამომივიდოდა. ზუსტად ვიცოდი სადაც მივდიოდი და, მიუხედავად არაერთი სირთულისა, ერთი წუთითაც არ მინანია განვლილი გზა და ჩემი არჩევანი.
სცენაზე და სცენის მიღმა…
როდესაც სცენაზე, როგორც მსახიობი გამოვდივარ აბსოლუტურად იქ ვცხოვრობ და არც მაინტერესებს რა ხდება გარშემო. ვხედავ მხოლოდ იმ გარემოს რაშიც უნდა ვიმოქმედო, სადაც არიან ჩემი პარტნიორები; ერთად უნდა მოვყვეთ ამბავი და ვცდილობ ის ამოცანები რაც რეჟისორმა ჩადო სპექტაკლში, ბოლომდე მივიტანო მაყურებლამდე, რაც შეიძლება მეტი სიღრმე მოვძებნო, გავერთო, დავიკარგო… პარალელური სამყაროს შეგრძნებაა, როცა სადღაც სხვა განზომილებაში ინაცვლებ. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ვერაფერს ვგრძნობ გარდა იმისა, რომ ჩემი სხეული, შინაგანი ხმა, ყველა ემოცია პასუხობს მხოლოდ თამაშს. რაც შეეხება რეჟისორის ამპლუას, ეგ რთული საკითხია, იმიტომ რომ, სპექტაკლის განმავლობაში მთელი ქსელი გააბი შენ ამდენ არტისტთან, განათებასთან, მუსიკასთან, პლასტიკასთან, მიზანსცენებთან, ამ ყველაფრის ავტორი ხარ შენ. სამსახიობო ხელოვნებიდან დაწყებული, არტისტების ურთიერთობით დამთავრებული, თითქმის ყველაფერზე შენ ხარ პასუხისმგებელი, შენი გონება ფიქრობს, რომ ტექნიკურად და შინაარსობრივად სპექტაკლი კარგად წარიმართოს. რეჟისორობა უფრო სიამოვნებანარევი ნერვიულობაა. მაგრამ, აბსოლუტურად სხვაა როცა საკუთარ პიესას უყურებ დარბაზიდან. ეს საერთოდ განსხვავებული სიამოვნებაა, აქ აღარ ნერვიულობ, აქ გულშემატკივრობ იმ ჯგუფს ვინც მუშაობს, მსახიობებს, რეჟისორს, ყველას. ჩემი დადგმული ჩემივე პიესები არ მომწონს, რადგან ისე ვდგამ როგორც დავწერე, თუმცა როცა სხვა რეჟისორს და მის ინტერპრეტაციას ვუყურებ, ვხედავ, რომ სხვა სიღრმეები მოძებნა პიესაში და მიაგნო, დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს პროცესი.
იყო რეჟისორი, ნიშნავს თუნდაც არაერთგზის დადგმული სპექტაკლი ახლებურად მიიტანო მაყურებლამდე, ახლებური ფორმები მოუძებნო სათქმელს. როგორ ფიქრობთ, დღეს ქართული თეატრი ახერხებს ახალი სიტყვის თქმას?
პირდაპირ გეტყვით, მთლიანობაში თუ შევხედავთ, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს. მაგალითად, პროფესიულ თეატრებში გამიჭირდება ამგვარი სპექტაკლების გახსენება. რაც შეეხება დამოუკიდებელ პროექტებს, იქ უფრო ჩანს ახალგაზრდა რეჟისორების, დრამატურგების, მსახიობების სიახლეებისკენ სწრაფვა. კოლაბორაციების შედეგად, და არამარტო, ისინი რაღაც საინტერესო პროდუქტებს ქმნიან და მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი წერტილოვანი დარტყმები გამოიღებს შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ ვეჯახებით ძალიან დიდ მექანიზმს, რასაც ჰქვია პროფესიული თეატრები, რომლებიც სახელმწიფოსგან ფინანსდებიან, აქვთ გარანტირებული ბიუჯეტი, არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი. აქვე ვისაუბრებ კიდევ ერთ პრობლემაზე, კანონი თეატრების შესახებ საერთოდ არ ვარგა საქართველოში, რაც ცალკე უამრავ პრობლემას ქმნის, პირველ რიგში კი, ძველმოდური თეატრის სტიმულირებას ახდენს, მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ვფიქრობ, თეატრი უნდა ამბობდეს რა გვჭირს დღეს. მგონია, რომ თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარება არის გასაღები ქართული თეატრის განვითარებისა. დრამატურგებმა თუ არ დაწერეს ახალი ტექსტი ახლებური ხედვით, ფორმით, მაშინ ვერ გავიგებთ რა მიმართულებით წავიყვანოთ თეატრი, ან რაზე ვილაპარაკოთ. დავდგით ის სპექტაკლები, რაც ყოველთვის იდგმებოდა, კი ბატონო, თუმცა აღარ დარჩა იქ არაფერი მოსაყოლი… დღეს რა გვჭირს, რა გამოწვევების წინაშე ვართ, ჩვენი ქვეყანა საით მიდის, რა პოლიტიკურ გზაგასაყარზეა, სამწუხაროდ, დღეს ამაზე ან საერთოდ არ, ან ძალიან ნაკლებად საუბრობს თეატრი.
მაყურებლის როლი… რამდენად ზრდის მაყურებელი მსახიობს და პირიქით…
სხვათა შორის, სამხატვრო ხელმძღვანელებისგან ბევრი წუწუნი გამიგია, რომ ბათუმი არათეატრალური ქალაქია, რომ სპექტაკლებზე მაყურებელი არ დადის, რაც აფსურდად მიმაჩნია. არ მესმის რანაირად შეგიძლია ხელაღებით თქვა, რომ ქალაქი არათეატრალურია, ან ვინ უნდა დააჯერო. ვთვლი, რომ მაყურებელს რასაც შესთავაზებ ბუმერანგივითაა, გაისვრი, იმას დაგიბრუნებს რასაც იმსახურებ. კარგ სპექტაკლს აჩვენებ, კარგ ემოციას დაგიბრუნებს, ცუდს… ბოდიში, მაგრამ გაგაკრიტიკებს და მიიღე, ცოტა თვითკრიტიკულობაც არ გვაწყენდა. ვფიქრობ, ღირსება უნდა გქონდეს, აღიარო შენს თავთან, რომ შენი სპექტაკლი ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო. მაყურებელს შენ თვითონ აძლევ იმ პროდუქტს, რაზეც მერე ის რეფლექსირებს. თუ არ მოეწონა, მას უფლება აქვს, რომ იმ ბილეთში რაშიც ფული გადაიხადა და დრო დახარჯა, ის შეფასება დააფიქსიროს, რისი სურვილიც გაუჩნდება სპექტაკლის ნახვის შემდეგ. თუ რეჟისორს გაქვს უნარი, ხარ მიმღებლური, ყველა უარყოფით შეფასებას გონივრულად მიიღებ და ამ ყველაფერს შენი გაძლიერებისთვის გამოიყენებ. ხანდახან წინა თაობის ხელოვანებს ჰგონიათ, რომ მაყურებელი არის სულელი, არადა მაყურებელი უფრო წინაა თავისი ხედვით, ვიდრე თეატრი. სმარტფონის თაობაა, „ჯიბეში“ უდევს მთელი მსოფლიო, ყველა ინფორმაციის წამში მოძებნა შეუძლია, რაც აინტერესებს და შენ, რეჟისორმა ცოტა შინაარსისკენ, სათქმელისკენ და ფორმისკენ თუ არ გადაიხარე, სიახლის ძიება თუ არ დაიწყე, სხვანაირად ვერ დააინტერესებ მას. სიღრმეებში უნდა ჩაწვდე და გამოკრა სიმებს, მაშინ ის მაყურებელი ზუსტად მიგიხვდება სათქმელს, დაგიჯერებს და გიერთგულებს.
ორი ქალიშვილის მამა ხართ, როგორები არიან ისინი, როგორია თქვენი მათდამი მიდგომები…
ნია 13 წლისაა, ბარბარე 12-ის, ორივე აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპაჟია, თუმცა ასაკობრივი ზღვარის სიმცირის გამო ტყუპებივით იზრდებიან. მე მათ ვიღებ როგორც სრულფასოვან პიროვნებებს. ვცდილობ არ ვიყო ტიპური მამა, მინდა, პირველ რიგში, მათი მეგობარი ვიყო, ვცდილობ საერთო ენა მოვძებნო, თუმცა, ხანდახან, მიჭირს ხოლმე. იმდენად ჩაფლული ვარ ჩემს საქმიანობაში, ვგრძნობ, რომ მათთან ყოფნის დეფიციტი მაქვს, რაც გულს მტკენს. თუმცა, რა დროსაც მათთან ვატარებ და რა დროც ერთად ვართ ხოლმე, ათასნაირ თემაზე ვსაუბრობთ. სხვათა შორის, ორივეს აკვიატებული აქვს, რომ სურთ ეზიარონ თეატრალურ ხელოვნებას, შეიძლება თითების თეატრში მივიდნენ, რაც ძალიან მაბედნიერებს. მთავარია მათი გულწრფელი ნება იყოს, რომელ პროფესიაზეც გააკეთებენ არჩევანს, პირველი მხარდამჭერი ვიქნები.
ტატუ თქვენს ხელზე – არასოდეს არ დაბრუნდე უკან!..
თუ რაღაც ეტაპი დაამთავრე, იქ აღარ უნდა დაბრუნდე, იმიტომ რომ, უკან დაბრუნება ერთი ადგილის რუტინულად ტკეპნას ნიშნავს. ეს, წინ იარესაც გულისხმობს, ანუ მიზანი უნდა გქონდეს, რომელიც სულ წინ გიბიძგებს.
არაერთი ფესტივალისა, თუ პროექტის ავტორი ხართ…
პირველ რიგში, აღვნიშნავ მონოდრამის ფესტივალს, რომელსაც ადრე მონოპიესების ფესტივალი ერქვა. ფესტივალის მიზანია, ახალგაზრდებს რომლებსაც არ აქვთ სივრცე, თავიანთი შემოქმედება აჩვენონ. მივეცით საშუალება ფესტივალის ფარგლებში მოახერხონ შესაძლებლობების წარმოჩენა. ორიენტირებული ვართ ახალი და ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენაზე, როგორებიც არიან მსახიობები, დრამატურგები, ზოგადად, შემოქმედი ადამიანები. ფესტივალმა ბევრი ახალი ავტორი გამოავლინა და არამარტო ახალგაზრდები, აქ ერთ სიბრტყეზე შეიძლება იყვნენ უკვე შემდგარი დრამატურგებიც, რეჟისორებიც და მსახიობებიც. დემოკრატიული სივრცეა, რომელიც რვა წელია არსებობს. ბევრ უცხოელ რეჟისორს დაუდგამს ამ ფესტივალისთვის სპექტაკლი. შარშან, კონკურსის ფარგლებში, 60 პიესა მარტო უცხოური მივიღეთ, წელსაც ველოდებით იმდენივეს. ეს ის პროცესია, როცა ორი კვირის განმავლობაში ხელოვანები ბათუმში ხვდებიან და ერთად ცხოვრობენ, მიდის კულტურათშორის დიალოგი, თეატრალური დუღილი… და, რაც მთავარია, გამოვედით თეატრებიდან, ანუ სპექტაკლების ჩვენება დავიწყეთ ალტერნატიულ სივრცეებში. იქ, სადაც წარმოუდგენელია თეატრი, ამას სპეციალურად ვაკეთებთ, რათა თეატრს უფრო მეტი მნიშვნელობა და მასშტაბი შევძინოთ, მაყურებლისთვის ამოვაყირაოთ კლასიკური გაგება თეატრისა. არაერთი შემოთავაზების მიუხედავად, რომ ფესტივალი გადაიტანონ რომელიმე ქვეყანაში, თუნდაც ჩვენს დედაქალაქში, პრინციპულად არ ვთანხმდები, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ფესტივალი არის ბათუმის საკუთრება. ფესტივალს სჭირდება კიდევ უფრო მეტი განვითარება, მეტი ხელშეწყობა, მეტი რესურსის ჩადებაა საჭირო. რაც შეეხება კიდევ ერთ პროექტს, ლაბორატორია 2/20, უკვე მეოთხეჯერ ტარდება. ეს საერთოდ სხვა მიმართულებაა, მხატვრები ჩამოდიან ბათუმში და ადგილობრივ მხატვრებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, ხატავენ ტილოებზე, რომლის მოცულობაც 2 და 20-ია. მეორე კვირიდან მხატვრებს უერთდებიან სხვა ხელოვანები, მუსიკოსები, მწერლები, მსახიობები, რეჟისორები, რომლებიც საზოგადოებას კოლაბორაციული შრომის შედეგს საინტერესო პერფორმანსით წარუდგენენ ხოლმე.
თავისუფლების ფასი…
როგორი მნიშვნელოვანი სიტყვა გახდა ბოლო პერიოდში თავისუფლება. ალბათ, იმიტომ რომ, ცოტა შეგვეხნენ და თითი დაგვიქნიეს. ჩემი აზრით, თავისუფლება, პირველ რიგში, სიკეთეა. თავისუფლება და დემოკრატია ჩემთვის სიკეთესთან, კარგთან ასოცირდება. ვიღაცებს რაღაც არ მოსწონთ, ბოლოს რაც მოხდა, რუსულ ხელწერას ვხედავ, თუმცა ვინც რა უნდა ის თქვას, ჩვენ ზუსტად ვიცით რა გვინდა და საითკენ მივდივართ. ცივილიზაცია, ანუ ევროპა არის ჩვენი არჩევანი. ჩემთვის თავისუფლებაა ის, როცა ჩემი ბებიის მონაყოლი ისტორიები დარჩა ზრაპრებად. ჩემთვის თავისუფლება არის ჩემი შვილები, როცა მათ ვუყურებ და ვხედავ, რომ ისინი ჩემზე ბევრად დამოუკიდებლები იზრდებიან, მათი აზროვნება გაცილებით უფრო წინ წასულია, ვიდრე ბევრი ჩემი თანატოლის. პასუხისმგებლობების გააზრება არის ჩემთვის თავისუფლება.
სულიერი საზრდო…
ბუნებაში გასვლა მაძლევს ყველაზე დიდ სულიერ საზრდოს. ბევრი სიმწვანე ყველაზე კარგ „რესტარტს“ მიკეთებს ცხოვრებაში. ბუნებაში რამდენიმე საათით, ან დღით გასვლის შემდეგ, გაათმაგებული ენერგიით ვუბრუნდები ხოლმე ქალაქს.
საქართველოს გარდა რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით და რატომ…
ქვეყნიდან ყველა გასვლის შემდეგ ბათუმს იმიტომ ვუბრუნდები, რომ არსად მისი მსგავსი ქალაქი არ მინახავს. ბათუმი მართლა არ ჰგავს არავის, ეს ქალაქი ავადმყოფურად მიყვარს. სიამოვნებით, ცოტა ხნით ვიცხოვრებდი ბერლინში, ოღონდ მხოლოდ ბერლინში, გერმანიის სხვა ქალაქებში არა, ბერლინზე ვგიჟდები, ჩემთვის იქ სხვა სამყარო იშლება. მგონია, რომ ჩემს პიროვნებასთან ახლოს არის ის ქალაქი. იქ განვითარებულია თანამედროვე ხელოვნება, ძალიან მიყვარს გერმანული თეატრი. ადაპტირებული და კომფორტული ქალაქია გადასაადგილებლად, საათის მექანიზმივით არის ყველაფერი აწყობილი. ყველაფერი ახალი რაც კი ხელოვნებაში ხდება, შეიძლება ნახო იქ. ცოტახნით ვიცხოვრებდი ბერლინში და ბოლომდე შევისრუტავდი მის კულტურას.
თქვენი შემოქმედებიდან რა არის ის რითაც ამაყობთ…
ეს ის შემთხვევაა როცა ვერ გიპასუხებ, რადგან, ვფიქრობ, ჯერ არ შემიქმნია ისეთი რამ, რაზეც ვიტყოდი, რომ ეს არის ის, რითაც მე ვამაყობ. ჩემთვის თითოეული შემოქმედებითი პროცესი თვითგანვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯია. ყოველდღიურად ჩემს თავს ვავითარებ და ჯერ არ მიმიღწევია იმ კონდიციამდე, რომ ვიამაყო. თუმცა, მეტ-ნაკლებად შემიძლია ჩემი ერთი პიესა გამოვყო, რომელსაც „დაარქვი რაც გინდა“ ჰქვია და მე მომწონს, თუმცა არ ვთვლი, რომ ის შედევრია და არც რაიმე განსაკუთრებულ სიამაყეს იწვევს ჩემში. აღნიშნული პიესა გამოცემულია გერმანიაში, აღმოსავლეთ ევროპის დრამატურგთა კრებულში. დოიჩეს თეატრში მოხდა მისი კითხვა. პიესა დადგმულია საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში, უკრაინაში.
საბოლოო ჯამში, ჩემი შვილებით ვამაყობ, ამაზე კარგი ჯერ არაფერი შემიქმნია ამ ცისქვეშეთში.
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე,
ფოტოგრაფი: გიორგი კალანდაძე