შენი ცხოვრების ყველაზე დიდი ამბები სრულიად ბანალურ ფონზე ხდება ხოლმე – სამყარო წამითაც არ აჩერებს თავის რიტმს. მაგალითად, თუ მძიმე დიაგნოზს დაგისვამენ, შენთვის ყველაფერი გაჩერდება, თუმცა ხალხი ისევ ივლის ქუჩაში, მეზობელი ისევ აახმაურებს ტელევიზორს, ოქტომბერიც მოვა და ქუჩაში ვარდისფერ ბაფთებს ჩამოარიგებენ. ყველა გეტყვის, რომ „უნდა იბრძოლო’“. ვითომ ბრძოლა ისეთი მარტივი რამ იყოს, ჩამრთველს თითი დააჭირო და მორჩა. ბრძოლას ჟინი, გამბედაობა და სიცოცხლის სურვილი სჭირდება. და ეს ყველაფერი შესაძლოა ერთ წამში გაქრეს, როდესაც სამ სიტყვას მოისმენ – „თქვენ სიმსივნე გაქვთ“. თუმცა თუ ამ წინადადებას არ მისცემ უფლებას, რომ ბოლო წერტილი დასვას, სასწაულებიც სწორედ ამ დროს დაიწყება.
დღეს მე გიამბობთ ამბავს გოგოზე, რომელსაც ერთ არაფრით გამორჩეულ დღეს უთხრეს, რომ მის სხეულში ერთდროულად ორი რამ იზრდებოდა – ახალი სიცოცხლე და სიკვდილის შიში. შეშინებულმა და ვალდებულებებით სავსემ კი გადაწყვიტა, რომ არაფერიც არ დამთავრდებოდა. ავადმყოფობას, რომელსაც ფესვების გადგმა ეჩქარებოდა, იმ მეორე პატარა და ჯიუტმა გულისცემამ აჯობა. ეს არ არის მორიგი ამბავი სიკვდილისა და სიცოცხლის ჭიდილზე, ეს არის თამუნა მესარკიშვილის ამბავი იმაზე, რომ თუ ძალიან მოინდომებ, შეგიძლია ყველაზე ბნელი დღეებიც კი გაამზიანო.

თამუნა, ორსულობა თავისთავად უზარმაზარი ემოციური ტრანსფორმაციაა. შენ ამის პარალელურად კი ყველაზე მძიმე დიაგნოზს შეეჯახე. მოგვიყევი, როგორია შენი ამბავი და რა ემოციური მდგომარეობა გქონდა დიაგნოზის გაგებისას.
2025 წელი ალბათ ყველაზე რადიკალური წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. ერთ წელიწადში თითქოს მთელი ცხოვრება ვიცხოვრე – ვიყავი ყველაზე ბედნიერი და ყველაზე სევდიანი, ყველაზე იმედიანი და ყველაზე უიმედო, ყველაზე სუსტი და ამავე დროს ყველაზე ძლიერი. ორსულობის მეხუთე თვემდე სრულიად მშვიდი და უპრობლემო ორსულობა მქონდა. ამიტომ დიაგნოზი ჩემთვის ნამდვილად იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. ძალიან რთული იყო იმის გააზრება, როგორ შეიძლებოდა ჩემში ერთდროულად ახალი სიცოცხლე ჩასახულიყო და ამავე დროს ჩემს ჯანმრთელობას ასეთი სერიოზული საფრთხე შეჰქმნოდა. პირველივე მომენტში, რა თქმა უნდა, იყო შოკი და ძალიან დიდი შიში. მაგრამ ალბათ ყველაზე რთული გახლდათ გაურკვევლობა. არ ვიცოდი, რა გველოდა მე და ჩემს შვილს, როგორი იქნებოდა მკურნალობა და შევძლებდი თუ არა ორსულობის გაგრძელებას. მეორე დღეს უკვე თურქეთში ვიყავით და ოპერაცია გავიკეთე. მახსოვს, მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბევრ ღამეს ვათენებდით – ხან ვტიროდით, ხან ვსაუბრობდით, ხან ფილმებს ვრთავდით, რომელთა შინაარსიც კი არ გვახსოვს. უბრალოდ, გვინდოდა ფიქრი სხვა რამეზე გადაგვეტანა. ალბათ მაშინ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად დიდი გზა მელოდა წინ.
ამ პერიოდში მუცლადმყოფი ბავშვი იყო თუ არა შენი ყველაზე დიდი მოტივაციის ძალა?
აბსოლუტურად. ჩემი ბიჭი იმ პერიოდში ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია იყო. ძალიან კარგად მახსოვს ეს განცდა – ვიცოდი, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ უნდა მებრძოლა. მინდოდა, რომ ის ჯანმრთელი დაბადებულიყო და მე მასთან ვყოფილიყავი. ალბათ ამიტომაც, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო რომელიმე ეტაპი, ყოველთვის მქონდა მიზეზი, რატომაც უნდა გამეგრძელებინა. დღეს რომ ვფიქრობ, ალბათ ჩვენ ორივე ვაძლიერებდით ერთმანეთს – მე მას ვიცავდი და ის, თავისდა უნებურად, მაძლევდა ძალას. და ალბათ სიმბოლურიც არის, რომ თურქეთში მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ მისთვის ნიკოლოზი დაგვერქმია – სახელი, რომელიც გამარჯვებას ნიშნავს.

ადამიანებს დიდი დრო სჭირდებათ ხოლმე, რომ ადაპტირდნენ ასეთ რთულ სიტუაციაში და გამოსავალი იპოვონ. შენ როგორ მოახერხე ასე მალე მიგეღო გადაწყვეტილებები?
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ მოვახერხე. ალბათ იმიტომ, რომ ასეთ დროს უბრალოდ, არ გაქვს იმის ფუფუნება, რომ დიდხანს გაჩერდე და იფიქრო. პირველი, რაც გავაკეთე, თურქეთში დავრეკე. მეორე დღეს უკვე იქ ვიყავით და ვიზიტიდან მეორე დღეს ოპერაცია გავიკეთე. ეს არ ნიშნავს, რომ არ მეშინოდა. ძალიან მეშინოდა. უბრალოდ, შიშთან ერთად უნდა მემოქმედა. თან ორსულობის გამო ბევრი რამ შეზღუდული იყო – როგორც კვლევები, ასევე მკურნალობის შესაძლებლობები. ყველაზე რთული აღმოჩნდა ლოდინი და იმის გარკვევა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო მკურნალობა. როცა საბოლოოდ დაიგეგმა გზა – ორსულობის პერიოდში ქიმიოთერაპია – თითქოს ისევ გადავერთე მოქმედების რეჟიმში. ალბათ იმ პერიოდში ჩემი მთავარი პრინციპი იყო: რაც გასაკეთებელია, უნდა გავაკეთო.
შენი ისტორია სავსეა მძიმე გამოწვევებით – ორსულობაში ოპერაცია, შემდეგ ღორის გრიპი, ქიმიოთერაპიები, ფიზიოლოგიური მშობიარობა, ისევ ოპერაცია და შემდეგ ქიმიები. მოგვიყევი ამ გზაზე და ახლა რა ეტაპზე ხარ?
ახლა რომ უკან ვიხედები, თვითონაც მიკვირს, როგორ მოხდა ამ ყველაფრის ერთ წელიწადში ჩატევა. პირველი ოპერაციის შემდეგ ორსულობის პერიოდში დავიწყე ქიმიოთერაპია. როგორც კი პირველი გადასხმისთვის ჩავედი, ღორის გრიპი დამიდასტურდა და საკმაოდ რთული ფორმით გადავიტანე, რომელიც შემდეგ ბრონქიტშიც გადაიზარდა. 16 დღე თურქეთში გავატარე. ჩემზე ერთდროულად მუშაობდა სხვადასხვა მიმართულების ექიმების მთელი გუნდი – მამოლოგი, ონკოლოგი, პერინატოლოგი, გინეკოლოგი, პულმონოლოგი და სხვა სპეციალისტები. როგორც კი გრიპი დავამარცხე, ისევ გაგრძელდა მკურნალობა. ორსულობის პერიოდში 8 ქიმია გავიკეთე. ყოველ კვირას გადასხმაზე მივდიოდი და პარალელურად ბავშვის მდგომარეობას ვაკონტროლებდით. საოცარია, მაგრამ მე-9 თვემდე სამსახურშიც დავდიოდი. შემდეგ ბუნებრივი მშობიარობა გადავწყვიტე და გაჩნდა ნიკო – ალბათ ყველაზე ბედნიერი მომენტი მთელ ამ ამბავში. მაგრამ ამით მკურნალობა არ დასრულებულა. ნიკოს დაბადების შემდეგ გავიკეთე მეორე, დიდი ოპერაცია, შემდეგ გაგრძელდა ქიმიოთერაპია. ახლა, მკურნალობის დასრულების შემდეგ, უკვე სრულიად სხვა ეტაპზე ვარ. ვცდილობ, ნელ-ნელა დავუბრუნდე ჩვეულებრივ ცხოვრებას, ჩემს საქმეს, ოჯახს და საკუთარ თავს. ალბათ ახლა ყველაზე მეტად ცხოვრების ხელახლა სწავლა მიმდინარეობს – უკვე სხვა თვალით.
ვინ გეხმარებოდა ამ გზის გავლაში?
თუ ჩემი ისტორიის ერთი ყველაზე დიდი საჩუქარი უნდა დავასახელო, ალბათ ეს ადამიანები იქნებიან. პირველ რიგში, ოთო, ჩემი მეუღლე. ამ ყველაფერს ვერ წარმოვიდგენ მის გარეშე. ის იყო ჩემი მეუღლეც, მეგობარიც, ფსიქოლოგიც და ზოგჯერ, უბრალოდ, ადამიანი, რომელიც მეხუტებოდა და არაფერს მეუბნებოდა. ჩემი მშობლები, ჩემი და, ჩემი სამი „შეძენილი და“, ჩემი მეუღლის დედა, დეიდაშვილები, მეგობრები… ფაქტობრივად, მთელი ჩემი „გულშემატკივრების არმია“. ძალიან ბევრი ადამიანი მყავდა გვერდით და ალბათ სწორედ ამ გზაზე გავაცნობიერე, რამდენ ადამიანს ვუყვარვარ. ასევე უდიდესი მადლობა ექიმებს – თურქეთსა და საქართველოში. როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ, პროფესიონალიზმთან ერთად ადამიანის ემპათია ძალიან მნიშვნელოვანია.

ადამიანები, რომლებიც ამ გზას გადიან, ხშირად გზის ბოლოს სრულიად იცვლებიან. შენ რა გადააფასე, რა ახალი ფასეულობები შეიძინე და რა გახდა მთავარი მამოძრავებელი ძალა შენს ცხოვრებაში?
ყველაფერი თავდაყირა დადგა. ადრე ძალიან ბევრი რამ მქონდა პრიორიტეტად – სამსახური, გეგმები, საქმეები, ყოველდღიური პრობლემები. დღეს ბევრად უფრო მარტივად ვხვდები, რა არის რეალურად მნიშვნელოვანი. ჯანმრთელობა, ოჯახი, შვილები, ადამიანები, რომლებიც გიყვარს და დრო, რომელსაც მათთან ატარებ. ალბათ ყველაზე მეტად დრო გადავაფასე. მივხვდი, რომ ცხოვრება არ უნდა გადადო „მერესთვის“. და კიდევ ერთი რამ, ვისწავლე მადლიერება. დღეს ჩემი მამოძრავებელი ძალა ისევ ჩემი ოჯახია, ჩემი შვილები, ჩემი საყვარელი ადამიანები, ჩემი საქმე და სურვილი, რომ, უბრალოდ, ვიცხოვრო.
განვლილ გზას რომ გადახედო, როდის იგრძენი ყველაზე დიდი შიში? და როგორ დაამარცხე ის?
ალბათ ყველაზე დიდი შიში დიაგნოზის პირველ დღეებში იყო. მაშინ ჯერ საერთოდ არ ვიცოდი, რა მელოდა. მაგრამ ყველაზე მძაფრი განცდა მაინც ჩემი შვილის გამო მქონდა. ძალიან რთულია, როცა ორსულად ხარ და ამავდროულად ფიქრობ, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს და შენ ვერ შეძლო შენი შვილის გაზრდა. არ ვიცი, შიში ნამდვილად დავამარცხე, თუ, უბრალოდ, ვისწავლე მასთან ერთად თანაცხოვრება. მე მთელი გზის ერთდროულად გადალახვაზე არ ვფიქრობდი. უბრალოდ, შემდეგ ნაბიჯს ვდგამდი. ალბათ, როცა მთელ გზას ერთად უყურებ, შეიძლება შეუძლებელი ჩანდეს. როცა მხოლოდ ერთ ნაბიჯს უყურებ – შეგიძლია გადადგა.
შენ გაიმარჯვე სიმსივნეზე… რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც ახლა ამ ყველაზე მძიმე ბრძოლის გზას გადიან?
პირველ რიგში, ვეტყოდი, რომ არ დაემორჩილონ საკუთარ შიშს. შეიძლება შეგეშინდეთ. შეიძლება იტიროთ. შეიძლება რომელიმე დღეს საერთოდ აღარ გქონდეთ ძალა. ეს არ ნიშნავს, რომ სუსტი ხართ. მე ორსულმა გავიარე ეს ყველაფერი და დღეს აქ ვარ. ამიტომ მინდა მათ ვუთხრა: ეს გზა გადაილახება. მოითხოვეთ დახმარება. დაეყრდენით თქვენს ადამიანებს. ენდეთ თქვენს ექიმებს. დაუსვით კითხვები. და რაც მთავარია, არ დაკარგოთ მომავლის რწმენა. იმ დროს, როცა ყველაზე რთულად ხართ, შეიძლება საერთოდ ვერ წარმოიდგინოთ, როგორი იქნება ცხოვრება ამის შემდეგ. მაგრამ იქნება. მე დღეს ჩემი შვილის დაბადებას, ჩემს ოჯახს, ჩემს საქმეს, ჩემს მომავალს ვუყურებ და ვფიქრობ, რომ იმ ყველაზე მძიმე დღეებსაც ჰქონდა თავისი მეორე მხარე.
არ იფიქრო, რომ შენი დიაგნოზი შენი ცხოვრების დასასრულია. ეს შენი ცხოვრების ძალიან მძიმე ნაწილია – მაგრამ ეს არ არის მთელი შენი ცხოვრება. იარე ერთი ნაბიჯით, ერთი დღით და ერთი ეტაპით და აუცილებლად იქნება სინათლე გვირაბის ბოლოს.
ტექსტი: თაკო დარახველიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი










