ქართული OK! სექტემბრის ნომრის მთავარ გმირს, უნიჭიერესსა და ყველასათვის საყვარელ მსახიობს − ნინო კასრაძეს წარმოგიდგენთ, რომელსაც საკუთარ ევროპულ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე სასაუბროდ შევხვდით. როგორი ევროპა აღმოაჩინა ნინომ საფრანგეთში, ლიონში ცხოვრების განმავლობაში, რა არის მისთვის ნამდვილი, ევროპული ფასეულობები, და „რატომ ევროპა?“ − ამ შეკითხვებზე პასუხს ნინო კასრაძესთან ჩვენი ინტერვიუს საშუალებით შეიტყობთ.
ნინო, თქვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდით ევროპაში. გთხოვთ, გაიხსენეთ იქ ყოფნის ეტაპი. რა აღმოჩენები გააკეთეთ?
ეს მართლაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი შთაბეჭდილებაა, იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებს, როგორც წესი, თეორიული ცოდნა გვაქვს ევროპის შესახებ და პატარ-პატარა ვიზიტებით იქ ჩასვლა არ ქმნის რეალურ შთაბეჭდილებას. წავედი ჩემი შვილების სწავლის დროს და მოგვესწრო პანდემიის პერიოდი. ვცხოვრობდი იქ, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე. ახლა უფრო ნათლად შემიძლია გავცე პასუხი შეკითხვას: რატომ ევროპა? პირადად ჩემთვის, ევროპას ალტერნატივა არ აქვს. არა იმიტომ, რომ იქ ყველაფერი იდეალურადაა, არამედ იმიტომ, რომ ევროპას აქვს ის ფუნდამენტური დებულებები, რომელიც მინდა ზუსტად იმავე სახით იყოს ჩემს ქვეყანაში.
წელიწადი და 7 თვე ვიცხოვრე საფრანგეთში, ლიონში. პანდემიური ჩაკეტვის პერიოდი გავატარეთ იქ და კარგი შესაძლებლობა მომეცა დავკვირვებოდი, როგორ ფუნქციონირებს ევროპული სისტემა. თავიდან მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საფრანგეთშიც იყო დაბნეულობა, მაგრამ შემდეგ ვუყურე, როგორ მოერია ამ გამოწვევას სახელმწიფო. არანაირი შიში, პანიკა და აპოკალიფსური განწყობა არ ყოფილა.
ლიონი მემარჯვენე, კათოლიკური, პატრიარქალური ქალაქია. ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოება იქ განსაკუთრებულ ფუფუნებაში ცხოვრობს. ეს არის უკიდურესად კანონმორჩილი ხალხი, რომელზეც ძალიან ზრუნავს სახელმწიფო. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იქაურმა სადაზღვევო სისტემამ, სამედიცინო სფერომ, მთლიანად სახელმწიფოს მართვის გამართულმა მექანიზმმა, რომელიც ინდივიდუალურად, სტრუქტურირებულად მორგებულია საზოგადოების ყველა სეგმენტზე − სტუდენტებზე, მოსწავლეებზე, პენსიონერებზე… გაოგნებული ვიყავი, რამდენად ზრუნავს სახელმწიფო, სისტემა საზოგადოებაზე, რათა ხალხი კომფორტულად ცხოვრობდეს.
ძირითადად, რა ასაკის ადამიანებით არის დასახლებული ლიონი?
ლიონში ბევრი პენსიონერია. ერთი მაგალითი მინდა გავიხსენო: ლაბორატორიების რეგისტრატურაში, სადაც პანდემიიდან გამომდინარე, ანალიზებს ხშირად ვაბარებდით, გვეკითხებოდნენ ელექტრონული ფოსტის მისამართებს, სადაც პასუხები უნდა გამოეგზავნათ. შევესწარი, რიგში, ჩემ წინ მოხუცები როგორ აღშფოთდნენ, როცა ელ.ფოსტის მისამართი ჰკითხეს და მკაცრად მოითხოვეს, რომ ფოსტით გაეგზავნათ მათთვის ანალიზის პასუხები. რა თქმა უნდა, რეგისტრატურის თანამშრომლები მაშინვე დათანხმდნენ. იქ საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესები დაცულია. იქაური მოხუცებულები აბსოლუტურად არ მიიჩნევენ თავს ვალდებულად, რომ მაღალტექნოლოგიური გაჯეტებით იცხოვრონ და სახელმწიფოც იღებს და ერგება მათ უფლებებს.
ძალიან მეშინოდა საზღვარგარეთ ავად გახდომის. ბოლოს მაინც გავხდით ავად. მაშინვე დაგვიკავშირდა ინგლისურენოვანი წარმომადგენელი ჯანდაცვის სისტემიდან, დეტალურად გაგვარკვია ყველა წვრილმანში და გვითხრა, რომ გამოგზავნიდნენ ადამიანებს, რომლებიც პროდუქტებსა და წამლებს მოგვიტანდნენ, თუმცა ჩვენ უარი ვუთხარით, რადგან ამის საჭიროება არ გვქონდა. შემდგომაც, მუდმივად გვამოწმებდნენ, როგორ ვიყავით. არცერთ ეტაპზე გვიგრძნია თავი უყურადღებოდ და მიტოვებულად. დროებითი სადაზღვევო კოდით დაგვარეგისტრირეს ონლაინ სამედიცინო სისტემაში, სადაც სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას ვიღებდით.
რაც მაოცებდა, იყო მოქალაქეების აზრიანი, მშვიდი და იმედიანი დამოკიდებულება ამ დიდი გამოწვევის მიმართ. იქაური საზოგადოება შეგნებული და პასუხისმგებლობიანია. ადამიანებმა ზუსტად იციან საკუთარი უფლებები. მოხუცებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ მთელი ცხოვრება მუშაობენ იმისათვის, რათა მათი მშვიდი სიბერე გარანტირებული იყოს, რასაც გამართული საპენსიო სისტემა უზრუნველყოფს.
როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ იქაურ განათლების სისტემაზე?
ეს ნამდვილი და ძალიან გამართული განათლების სისტემაა, რომელიც პროფესიონალებს წარმოქმნის. საფრანგეთში ბაკალავრიატის დიპლომს ვერ აიღებს სტუდენტი, თუ შესაბამისი ცოდნისა და მომზადების დონე არ აქვს. გაცნობიერებული აქვთ, რომ სხვა შემთხვევაში, ეყოლებათ ბევრი არაკვალიფიციური კადრი, რაც საზოგადოებას ზიანს მოუტანს. ჩვენთან, მოგეხსენებათ, ეს საკითხი სხვანაირად დგას.
ევროპაში ჯანდაცვის, სამედიცინო და განათლების სისტემების დონე ძალიან მაღალია. მითი, რომ ევროპა დამთავრდა, ალბათ რუსული პროპაგანდის ნაწილია და სავარაუდოდ, მსოფლიოსა და უპირველესად, ევროპის არევას ემსახურება. ევროპული ღირებულებები, მდგრადი სისტემური წყობა ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა და ეს საკუთარი თვალით ვიხილე და გამოვცადე.
თქვენი აზრით, რას ნიშნავს ევროპელობა? რა მთავარ ღირებულებებზე დგას ეს ტერმინი?
ეს არის კანონმორჩილება, მაღალი თვითშეგნება, საკუთარი უფლებების ცოდნა და პასუხისმგებლობების გაცნობიერება. ევროპელები სრულად აცნობიერებენ პასუხისმგებლობას საკუთარი თუ სხვისი ცხოვრებისა და თავისუფლების მიმართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ევროპაში ყველაფერი იდეალურად არ არის, აქვთ გარკვეული პრობლემები, არის ბიუროკრატია, მაგრამ სისტემა მუშაობს. ყველა სფეროში, ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი, რომ ეს უზარმაზარი სისტემა კარგად ფუნქციონირებს.
კიდევ ერთი დიდი ნიშანი, რაც ევროპელებს აერთიანებთ, ისაა, რომ ადამიანები თანხმდებიან მთავარ ფასეულობებზე, რაც მათ ქცევებსა და ურთიერთობებში ვლინდება. საზოგადოება შეთანხმებულია გარკვეულ პრინციპებზე. იქ ადამიანი თავისუფალია და ისიც იცის, რომ მისი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი თავისუფლება იწყება.
ნინო, როგორ ფიქრობთ, ქართველები რომელი ნიშნით ვართ ყველაზე ახლოს ევროპასთან და რა გვაკლია იმისათვის, რომ ევროპის სრულყოფილ ნაწილად ვიქცეთ?
ჩემი შვილი, როგორც კი ევროპაში ჩავა, იტყვის ხოლმე, ჩაირთო თვითგადარჩენის რეჟიმიო (Survival mode). მსიამოვნებს, ასე რომ ამბობს.
მე ვხედავ, რომ როგორც კი ქართველების დიდი ნაწილი ამ დალაგებულ, სტრუქტურირებულ სამყაროში მოხვდება, ათიდან ცხრა მათგანი
წარმატებას აღწევს. ქართველს ძალიან კარგად გამოსდის საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზება. არაერთი შემთხვევა მახსოვს − როცა ლიონში გაიგებდნენ, რომ ქართველი ვარ, მაშინვე სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებდნენ იქ მცხოვრებ და მომუშავე ქართველებს, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
ისეთი განცდა მაქვს, რომ ევროპაში ჩამოსულ ქართველებს ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის გზა ეხსნებათ, რომელსაც კარგად
იყენებენ. ეს არის ჩვენი ევროპელობა. როგორც კი განათლებასთან, პროგრესულ სისტემასთან აქვს წვდომა ქართველს, დადებით თვისებებს, რესურსებს ბოლომდე ავლენს.
მე ვფიქრობ, დღეს ჩვენი, ქართველების მთავარი პრობლემა ბუნდოვან ორიენტირებშია. ზოგჯერ ანტიდასავლურ, ანტიევროპულ, არარეალურ მოსაზრებებსაც ვისმენ, რაც, ალბათ, პროპაგანდისა და უმეცრების ნაყოფია. სწორედ ეს გვაშორებს ევროპისგან − უმეცრება და პროპაგანდა. მთავარია, სწორი, გააზრებული და არგუმენტირებული არჩევანი გავაკეთოთ
.ნინო, თქვენთვის როგორია კულტურული ადამიანი?
კულტურა თითქოს განათლებასთან არ არის კავშირში. შეიძლება ადამიანს შინაგანი კულტურა ჰქონდეს, მაგრამ ახლა, როცა საზღვრები ასე წაშლილია და გლობალურ სამყაროში გვიწევს ცხოვრება, განათლებას და ცოდნის მიღებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ის კულტურის ნაწილსაც წარმოადგენს. ადამიანი მხოლოდ საკუთარი სახლით, სოფლით, ლოკალური გარემოთი ვერ შეიქმნის თვალსაწიერს, ვერ იქნება თვითკმარი, მან უნდა იცოდეს მეტი. ცოდნას, განათლებას, დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ყველა მტრად არ ეჩვენებოდეს. შეიძლება ადამიანი იყოს შინაგანად კულტურული, მაგრამ უცოდინარობის გამო, შეპყრობილი ათასი შიშით. შესაბამისად, დაძაბულობითა და აგრესიით, ეს კი უკვე უკულტურობაა.
ჩემთვის კულტურულია ადამიანი, რომელმაც ბევრი იცის, ბევრი ესმის და ბევრს იღებს, რომლის შინაგან კულტურას, ბუნებასა და თვისებებს ერწყმის ცოდნა და გონიერება. „არცოდნა არცოდვის“ დრო დასრულდა.
ნინო, სად ხედავთ საქართველოს 10 წელიწადში ?
არ ვიცი, 10 წელი დასჭირდება თუ მეტი, მაგრამ უსათუოდ ვხედავ ცივილიზებული სამყაროს გამარჯვებას. არ მაქვს ის აპოკალიფსური განწყობა, რომ ყველაფერი კატასტროფით დასრულდება (ამაში, რა თქმა უნდა, რუსეთის გამარჯვებას ვგულისხმობ). იმედი მაქვს,
ბევრად ნაკლები დრო დასჭირდება საღი აზრის, პროგრესისა და ცივილიზაციის გამარჯვებას და სამყარო გახდება ადამიანის თავისუფლებასა და განათლებაზე დამყარებული. პრიორიტეტები უნდა შეიცვალოს. მინდა, საქართველო პროგრესულ მსოფლიოში ღირსეულ ადგილს იკავებდეს, მაგრამ ამისათვის დიდი სამუშაოა გასაწევი. რუსული ბოროტების იმპერია უნდა დაინგრეს, სხვანაირად საქართველოს ვერ ექნება მომავალი.
.
საბჭოთა კავშირამდე პერიოდის საქართველოს პირველ რესპუბლიკას თუ გავიხსენებთ, პირველ კონსტიტუციას, კონსტიტუციამდე
პერიოდს, ჩვენ მართლაც ევროპული განვითარებისკენ მიმავალი ქვეყანა ვიყავით, საოცარი პერსპექტივებით. შემდეგ იყო საბჭოთა კავშირი…
დღეს არის ის გადამწყვეტი პერიოდი, როცა რუსული იმპერია საბოლოდ უნდა დაინგრეს. მე ნამდვილად მგონია, რომ ეს მხოლოდ
დროის საკითხია, რადგან არსით ის უკვე დასრულებულია. იმპერიების დრო მსოფლიოში დამთავრდა.
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ტექსტი: თაკო გვაზავა
ვიზაჟი: სოფია საენკო
ჩაცმულობა: Massimo Dutti