სიკეთითა და სიყვარულით სავსე გზა მსახიობობიდან თოჯინების თეატრების გაერთიანების ხელმძღვანელობამდე
რეჟისურაში სამსახიობო ხელოვნებიდან მოვიდა და დარჩა. ამბობს, რომ აქ იპოვა თავისი თავიც და ის თავისუფლებაც, რასაც ეძებდა. დღეს ის საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებას ხელმძღვანელობს და მთელ თავის ცოდნას, გამოცდილებასა და სიყვარულს ამ საქმეში დებს. მითხრა, რეჟისორობა თეატრობანას თამაშით დავიწყეო, რაც ცხადია, არაჩვეულებრივად გამოუვიდა და ახლაც ასე აგრძელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, უხელმძღვანელო თეატრების გაერთიანებას, რომელიც, როგორც აღნიშნა, ემსახურება ყველაზე ფასეულსა და ღირებულს – ბავშვებს. ამიტომაც გრძნობს მუდმივად უდიდეს პასუხისმგებლობას და ითხოვს მეტს როგორც თავისი გუნდისგან, ასევე საკუთარი თავისგან. კიევის ქუჩაზე გახსნილი პატარა თეატრიდან დღემდე, ის ერთგულად ემსახურება საქმეს, რომელიც გულწრფელად ყველაფერზე მეტად უყვარს.
ჟურნალ OK – ივნისის ნომერი ბავშვების გარშემო ტრიალებს, ამიტომაც ნიკა საბაშვილთან ერთად თოჯინების თეატრის ჯადოსნურ სამყაროში ვიმოგზაურებთ.
რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა და შემდეგ რით იყო განპირობებული პროფესიის შეცვლა?
სამსახიობი ფაკულტეტის არჩევა ერთმა დღემ განაპირობა. აბიტურიენტი ვიყავი, შემთხვევით მოვხვდი ისეთ გარემოში, სადაც ძალიან მომეწონა ყოფნა, ჯერ კიდე არ ვიცოდი რა მინდოდა და ამ დღემ და ამ გარემომ განაპირობა ჩემი არჩევანი, გავმხდარიყავი მსახიობი.
ჩემი მსახიობი მეზობელი დამეხმარა მომზადებაში, თეატრალურ უნივერსიტეტში უკვე დამთავრებული იყო მიღება, არც მიცდია იქ მოხვედრა, არც მქონია ამხელა ამბიცია და კულტურის ინსტიტუტში შევიტანე საბუთები, სადაც ჩავირიცხე სამსახიობო ფაკულტეტზე. ეს იყო ჩემი ცხოვრების საოცარი პერიოდი, ძალიან საინტერესო სტუდენტობა მქონდა. ჩვენ დავიწყეთ არამარტო სწავლა, არამედ თეატრის კეთება. ჩვენ ვცხოვრობდით თეატრში და ვაშენებდით თეატრს.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რამდენიმე თვე ვიყავი მსახიობი მეტეხის თეატრში, მერე წამოვედი და ჩემს მეგობრებთან ერთად დავიწყეთ თეატრის კეთება, ეს იყო თეატრობანას თამაში…
2 წელი ვაკეთეთ თეატრი, რომელიც პრემიერის წინ დაიწვა, მერე ისევ რამდენიმე წელი მოგვიწია დამწვარი თეატრის რეაბილიტაციამ, ეს იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, კიევის ქუჩაზე. ამ პერიოდმა განაპირობა ჩემი რეჟისორობა. რამდენიმე გზააბნეული კაცი ვიყავით შეკრებილი, არ გვყავდა რეჟისორი და თავად დავიწყეთ სპექტაკლის დადგმა. ასე მოხდა ჩემი სარეჟისორო სკამზე გადანაცვლება.
მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ეს ნამდვილად იყო გაქცევა, მინდოდა ვყოფილიყავი დამოუკიდებელი, რეჟისორობამ კი მეტი თავისუფლება მომცა. შეიძლება არც ფული გქონდეს, არც მსახიობი გყავდეს, არც თეატრში იყო, მაგრამ მაინც შეძლო და გააკეთო, მთავარია ფორმა მოიფიქრო. ეს ის პროფესიაა, სადაც გაცილებით კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობ თავს.
გაიხსენეთ პირველი ნამუშევარი, როგორც რეჟისორის…
პირველი ნამუშევარი იყო ჩემი დაწერილი პიესა, რომელსაც ერქვა „ქვაბში“. თამაშობდა სამი მოქმედი გმირი, ტკბილი, მწარე და მჟავე. პიესაში გემოები ებრძვიან ერთმანეთს, უნდა გამწარდეს კერძი, უნდა დამჟავდეს თუ უნდა დატკბეს. ეს არის მათი კონფლიქტის მთავარი მიზეზი, რომელსაც შეეწირებიან და კერძი მლაშდება. თეატრობანას ვთამაშობდით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. არ გაქვს პიესა, არ გაქვს თეატრი, ხართ რამდენიმე ადამიანი და გაქვთ მხოლოდ იდეა, რაც თეატრში ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც სპექტაკლზე მაყურებელი მოდის, ამას გიფასებს და გეუბნება, რა კარგიაო, იჯერებ, რომ შეგიძლია და ეს უდიდეს სტიმულს გაძლევს. ცხოვრებაში ეს სტიმულატორები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველანაირი პრობლემა გავიწყდება, მთებს გადადგამ, ყველაფერს შეძლებ. ბევრ ადამიანს მოუცია ჩემთვის სტიმული და მადლიერი ვარ მათი.
როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში თოჯინების თეატრი?
პირველი ჩემი შეხება თოჯინასთან მოხდა ერთი პროექტით, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში უნდა გვემოგზაურა და გავაკეთეთ მოძრავი თოჯინების თეატრი. მთელი კახეთის რეგიონი მოვიარეთ და მაშინ, თოჯინასთან პირველი შეხების დროს მივხვდი, რომ ეს არ იყო სახუმარო და მარტივი საქმე. შემდეგ თოჯინების თეატრში მიმიწვიეს სპექტაკლის დასადგმელად, სამი სპექტაკლი დავდგი. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი მოვწყდი თოჯინების თეატრს. შემდეგ გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა და გავხდი თბილისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ძალიან რთული პერიოდი იყო განვლილი 4 წელი თოჯინების თეატრში, არა შენობა, არა ფინანსები, იყო ძალიან დიდი დავალიანება. არც დასში იყო ჯანსაღი სიტუაცია, ვიღაცებს სულაც არ უხაროდათ ჩემი მოსვლა… ძალიან ბევრი ვიწვალეთ იმისთვის, რომ დღეს ქალაქში თეატრი გვქონოდა. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს თეატრი არის გუნდი.
შემდეგ მოხდა გაერთიანება და ერთ წელია, რაც თოჯინების სახელმწიფო თეატრების გაერთიანებას ვხელმძღვანელობ. ეს ჩემს ცხოვრებაში საერთოდ ახალი ტალღაა, როგორც ემოციების, ისე ჯაფის, პასუხისმგებლობის….
როგორია დღეს თეატრის ცხოვრება და რა გეგმები გაქვთ?
სრულიად შეიცვალა რეგიონებში დამოკიდებულება თოჯინების თეატრის მიმართ, განახლდა ინტერიერი, განახლდა რეპერტუარი. უფროსი თაობისთვისაც დაიდგა სპექტაკლი ქუთაისის თოჯინების თეატრში და ეს ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. განახლდა ბორჯომის თეატრი, რომელიც იყო ავარიული, საოცარი გარემოა ბორჯომის თეატრში. მალე გურჯანიის თეატრის რეაბილიტაციას ვიწყებთ, აქამდე შენობაც კი არ გვქონდა, ახლა შენობაც ჩვენია. გასული 1 წლის განმავლობაში თოჯინების თეატრის გაერთიანებაში დაიდგა 20 ახალი სპექტაკლი და 7 ჩაშვებულია. ანუ წელიწადში 27 სპექტაკლი, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია.
გვაქვს საინტერესო გეგმები, მივდივართ პოლონეთში, საფრანგეთში, ვიყავით ყაზახეთში, საიდანაც ქუთაისის თოჯინების თეატრმა ჩამოიტანა გრანპრი. ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლმა მოახდინა ფურორი და ეს იყო ძალიან დიდი ემოცია და უდიდესი სტიმული ქუთაისის თეატრისთვის, მსახიობებისთვის.
ჩვენ ასევე დავიწყეთ მეტყველებისა და მსახიობის ოსტატობის ტრენინგები. მჭიდროდ ვმუშაობთ თეატრალურ უნივერსიტეტთან, მოვახერხეთ გაგვემიჯნა მსახიობის ოსტატობა და თოჯინას მართვის ოსტატობა. ეს გამიჯვნა აუცილებლად გამოიღებს შედეგს, რადგან მეთოჯინე მსახიობებს ექნებათ გავლილი სამსახიობო სკოლაც, ისევე როგორც დრამატული თეატრის მსახიობებს.
ქუთაისში ამჟამად ვახორციელებთ ძალიან საინტერესო პროექტს, ამაში ჩართული იქნებიან ქუთაისის თოჯინების თეატრი, დრამატული თეატრი და ოპერის თეატრი, მთელი ქუთაისია ჩართული ამ პროექტში.
რა პრობლემების წინაშე დგას დღეს თოჯინების თეატრი და რა არის თქვენი მთავარი გამოწვევა?
ჩვენ გვაქვს კომპლექსური პრობლემები და გამოწვევები. დავიწყეთ საამქროსა და ლაბორატორიის მოწყობა. ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ ევროპულ სტანდარტებს. ძალიან რთულია მოიძიო პროფესიონალები. დღეს განსხვავებული მოთხოვნებია ბაზარზე, განსხვავებული ტექნოლოგიის თოჯინებია საჭირო, მექანიზაციაც განსხვავებულია. დიდი იმედი მაქვს, რომ ლაბორატორია და საამქრო კარგ შედეგებს გამოიღებს.
ძალიან საინტერესო გუნდი შევკრიბეთ, თეატრს გადახალისება სჭირდება, თეატრში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაერთიანების შედეგად არცერთი ადამიანი არ დაგვიკარგავს, მოხდა ფუნქციებისა და შესაძლებლობების სწორად გადანაწილება, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ ყველანი შევინარჩუნეთ. მაქსიმალურად ვუფრთხილდები ადამიანებს, ესაა ჩემი მთავარი პრინციპი. ისინი აკეთებენ ძალიან მაგარ საქმეს, ეს არის თოჯინების თეატრი, რომელიც ყველაზე კეთილშობილური საქმეა, რადგან ბავშვებს ვემსახურებით.
კომუნიკაციის ნაკლებობა, კომპიუტერებსა და ტელეფონებს მიჯაჭვული ბავშვები – როგორ მოვიყვანოთ ისინი თეატრში?
თქვენ არ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის თეატრში მოყვანა. თეატრში ხდება ის, რაც გაჯეტებთან არ ხდება, ჩვენთან არ არის ჩაკეტილი ურთიერთობები, თეატრში ბავშვი ახდენს საკუთარი თავის რეალიზებას, მას უჩნდება კითხვები, იწყებს ფიქრს და, რაც მთავარია, ცოცხალ ხელოვნებას ეხება, ეს ძალიან დადებითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. ასევე, მნიშვნელოვანია მშობელმა სწორად შეარჩიოს ბავშვისთვის სპექტაკლი, აფიშას ყოველთვის აწერია რამდენი წლის ბავშვისთვისაა განკუთვნილი ესა თუ ის სპექტაკლი, ამას აუცილებლად უნდა დააკვირდნენ. როდესაც ბავშვი მოდის თეატრში და ტირის, ან ეძინება, ან ვერ ინტერესდება, ეს არ არის ბავშვის ბრალი, ეს მშობლისა და თეატრის ბრალია. ეს არ არის ბიზნესი, ჩვენ ვემსახურებით ბიზნესზე უფრო ღირებულს, ჩვენ ვემსახურებით ბავშვს. თეატრში მოსულმა ბავშვმა უნდა მიიღოს სიამოვნება, უნდა დაფიქრდეს და აღეძრას სურვილი, რომ კვლავ მოვიდეს.
რა არის ის, რითაც ამაყობთ?
ოჯახით და შვილებით იმიტომ, რომ მიძლებენ ასეთი რთული ხასიათით, ასეთი ცხოვრების სტილით.
ჩემი მშობლებით ვარ ამაყი, განსაკუთრებული დედა მყავდა, განსაკუთრებული ურთიერთობით. მე ვერ ვგრძნობ, რომ ის ამქვეყნად აღარ არის იმიტომ, რომ სულ ჩემთანაა.
მიუხედავად ჩემი გადატვვირთული გრაფიკისა, მაინც სულ ჩემ გვერდით არიან,ისინი ხედავენ, რა არის იდეა, მიზანი და ხვდებიან, რომ ოცნებების განხორციელება ბევრი შრომის გარეშე შეუძლებელია.
ჩემი ოცნება კი ისაა, რომ ყველა იმ ქალაქში, სადაც თოჯინების თეატრია, იყოს ზღაპრული სამყარო, სადაც ყველა აივსება ბედნიერებით. უფროსი თაობა მოვა იმისთვის, რომ ბავშვობაში გადაეშვას, ხოლო პატარები იმისთვის, თავი ლაღად იგრძნონ. ეს არ არის უტოპიური ოცნება, ეს რეალურია და ამას აუცილებლად მივაღწევთ ჩემს ძალიან მაგარ გუნდთან ერთად.
ტექსტი: სალომე სიხარულიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი