მინდა სიამაყით წარმოგიდგინოთ მიზანდასახული, თავისი საქმის პროფესიონალი, ძლიერი ქალბატონი, ნატალია კვანტალიანი, რომელსაც უკვე კარგად იცნობს ჩვენი მკითხველი. საკმაოდ რთული და ვრცელი გზა გაიარა დღევანდელ დღემდე მოსასვლელად, თუმცა დღეს ბედნიერია მიღწეული შედეგებითა და წარმატებით. სათავეში უდგას არაერთ ბიზნესს, რომელთა განვითარებაზეც ყოველდღიურად ზრუნავს და სამომავლოდ კიდევ არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც არაერთი ახალგაზრდისთვის დიდი სტიმულისა და მოტივაციის წყარო გახდება.
ქალბატონო ნატალია, ჩვენი მკითხველი უკვე კარგად გიცნობთ. ამჯერად უფრო ვრცლად გვიამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ.
დავიბადე და გავიზარდე დაბა კულაშში, სამტრედიაში. ძალიან ბედნიერი და ლაღი ბავშვობა მქონდა. დედა ექთანი იყო, მამა – მოხელე. მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები ჩემს აღზრდასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ამ გადმოსახედიდან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგია ჩემი ინტერესები სხვადასხვა საკითხის მიმართ, რაშიც ცხოვრების განმავლობაში უამრავ წარმატებას მივაღწიე. ბავშვობიდანვე დავინტერესდი სპორტით, შეიძლება ითქვას, რომ ის თავად მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, ჩემი მშობლები დიდად არ აღფრთოვანდნენ ამ ამბით, რადგან სკოლაში წარჩინებით ვსწავლობდი. აქედან გამომდინარე, დიდ იმედებს ამყარებდნენ ჩემზე. მიუხედავად ამისა, გავაგრძელე ბრძოლა და შედეგად გავხდი მძლეოსანი, 400 მეტრზე მორბენალი.
როდის დაიწყო თქვენს ცხოვრებაში კარიერული წინსვლა. რა გზა გაიარეთ იმისათვის, რომ წარმატებული ბიზნესვუმენი გამხდარიყავით?
უამრავ სირთულესთან მომიწია გამკლავებამ იმისთვის, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავი და დასახული მიზნებისთვის მიმეღწია. თითოეული დღე დაკავშირებულია დიდ შრომასთან, უძილო ღამეებთან, მიზნისკენ სწრაფვასთან… თუმცა დღეს ნატალია კვანტალიანი ბედნიერია განვლილი გზით და მიღწეული წარმატებებით.
ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ 1994 წელს, მცირეწლოვან შვილთან ერთად, სამტრედიიდან თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. მოგეხსენებათ, რამდენად რთულია ნებისმიერი ქალბატონისთვის კარიერასა და ოჯახზე ერთდროულად ზრუნვა, მათი დაბალანსება ისე, რომ არცერთი მათგანი არ დაზარალდეს. მე და ჩემმა შვილმა 16 კვ.მ. ოთახში დავიწყეთ ცხოვრება. სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ არსებობისთვის უნდა მებრძოლა და დღემდე ვიმეორებ, რომ ჩემი პირველი პროექტი იყო არსებობისთვის, რაც მოიცავდა სოლოლაკში პატარა სასურსათო მაღაზიის გახსნას. ამის პარალელურად სამკერვალო წარმოება დავიწყე. ბევრი შრომის შედეგად მივედი იქამდე, რომ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული პროექტების ავტორი გავხდი.
უფრო ვრცლად რომ გვიამბოთ იმ გზის შესახებ, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგიყვანათ.
სასურსათო მაღაზიისა და სამკერვალოს შემდეგ ერთ-ერთი პირველი სერიოზული პროექტი იყო ფილების საწარმო დიღომში, რომელიც ახლა უკვე შპს „დავითი 2008“-ის სახელით წარმატებით ფუნქციონირებს. მოგვიანებით საწარმოები გავხსენი საჩხერესა და კულაშშიც, სადაც ასევე დიდ წარმატებას მიაღწია კომპანიის საქმიანობამ.
მედიცინით 2010 წელს დავინტერესდი, როცა დედას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და დღესდღეისობით ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი სისხლის ბანკის ბაზას წარმოვადგენ. სწორედ მის ანგარიშზეა 460 ათასი ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით არასოდეს ვყოფილვარ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული. ამის პარალელურად კი გავხდი „მედინვესტის“, ანუ ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და წილის მფლობელი.
ჩემი კიდევ ერთ-ერთი გამორჩეული და მეტად მნიშვნელოვანი პროექტია – „ნატალი სითი“, საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, მახათას მთაზე. 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, მრავალფუნქციური კომპლექსის შექმნა გადავწყვიტე. ლოკაციად გლდანის ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორია ავარჩიე. ასე შევქმენი „თეთრი ტბა“. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა, ამიტომ 2008 წელსვე, აგვისტოს ომის დროს, გორში 700 ჰექტარი მიწა შევიძინე, სადაც 300 ჰექტარზე ხორბალი დავთესე. ნაწილი საძოვრებს დავუთმე მეცხვარეობისთვის.
გარდა ამისა, მაქვს რამდენიმე სასტუმრო ბორჯომში, „მერიოტის“ ქსელი შემომყავს. ჩემს შვილიშვილებთან ერთად შევქმენი 100-ნომრიანი ახალი შენობა და 100-ნომრიანი აპარტამენტები. ამასთან ერთად, მინდა მოკრძალებული ბუტიკ-სასტუმრო გავაკეთო რუსთაველზე, პარალელურად კი რამდენიმე ლოკაციაზე სასტუმროების ქსელს გავაფართოებთ.
მაქვს პროექტები, რომლებიც ძალიან მალე სარეკლამო რგოლებითა და ბანერებით გამოჩნდება. სულ ცოტა ხნის წინ მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ლისზე Lisi Panorama, რომელიც მთელ თბილისს გადაჰყურებს. 1 თვეში ვიწყებთ მშენებლობას. სამომავლოდ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი სამშენებლო პროექტი მაქვს, რომლებსაც უახლოეს მომავლში განვახორციელებ, მათ შორის მახათას მთაზე.
ასევე, ვარ ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, სადაც მყავს ასაკობრივად განსხვავებული მეგობრები, მაბედნიერებს მომავალ თაობასთან ურთიერთობა.
თქვენი ოჯახიც გაგვაცანით.
მყავს ძალიან დიდი ოჯახი, ერთი შვილი – ნათია ჩაჩუა, სიძე – დავით ჩხიტუნიძე და ხუთი შვილიშვილი – ნატალი, დავითი, ლიზი, ანა და ალექსანდრა ჩხიტუნიძეები. ჩვენი ოჯახის თითოეული წევრი დაკავებულია სპორტით და ცდილობენ დამოუკიდებლად მიაღწიონ წარმატებას, რაც ძალიან მაბედნიერებს და სიამაყით მავსებს.
ნატალის მეუღლეა დემე თაფლაძე და გვყავს განსაკუთრებული ოჯახის წევრი, შვილთაშვილი, 8 თვის ნასია თაფლაძე. ნატალია ახალგაზრდა სტუდენტური ელჩი იყო ესპანეთში, ასევე გახლდათ ფრენბურთელი. წარჩინებით დაასრულა სკოლა და უნივერსიტეტი. ამ ეტაპზე დეკრეტულ შვებულებაშია, თუმცა აქტიურად არის ჩართული უცხოენოვან პარტნიორებთან კომუნიკაციაში. დათუნა 17 წლისაა. 170 მოსწავლეს შორის, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში წარმატებას მიაღწია და ამჟამად ესპანეთშია წვრთნებზე. ისიც რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ხელმძღვანელობს ნატალიას მეუღლესთან ერთად. ლიზი ფრენბურთელია და ანა კალათბურთელი. ხოლო ალექსანდრა დაინტერესებულია მუსიკითა და ცეკვით და საკმაოდ წარმატებულია ამ სფეროებში. ჩემი შვილი აქტიურად ერთვება სამშენებლო სფეროში დიზაინის მიმართულებით, პარალელურად თავის მეუღლესთან ერთად მათ საერთო ბიზნესს უძღვება.
(დემე თაფლაძე): ჩემს ცხოვრებაში სპორტი ბავშვობიდან დღემდე ძალიან დიდ როლს თამაშობს. ის, რა თვისებებიც სპორტშია აუცილებელი, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აქტიურად იჩენს თავს, მათ შორის სიმტკიცე, დისციპლინა, მეომარი სული… ეს ის ჩვევებია, რომლებიც მუდმივად გეხმარება, რომ იბრძოლო და არასოდეს დანებდე.
(დავით ჩხიტუნიძე): ჩემი სიცოცხლის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობასთან მქონდა შეხება, ამან, შესაბამისად, გამომიმუშავა დისციპლინა, ცხოვრების წესი და ყველა საკითხში დიდი გამოცდილება მომცა. აქტიურად ვარ ჩართული სპორტის მიმართულებით სოციალურ აქტივობებში. ბებიას ასეთმა მჭიდრო კავშირმა სპორტთან დიდი გამოცდილება შემძინა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი გამოცდილი ადამიანი გიდგას გვერდში და ნებისმიერ ნაბიჯზე გამხნევებს. მან კარგად იცის პრობლემის გადაჭრის გზები და მეც მეხმარება გამოწვევების დაძლევაში.
რამ მოგცათ ძალა ამ გზის გასავლელად, რომლითაც დღეს ასე ამაყობთ და გაბედნიერებთ?
როდესაც პატარა გოგო ცხოვრებას ეჭიდები, რჩები მარტო შვილთან ერთად, ცხოვრება განახვებს შესაძლებლობებს. მიმაჩნია, რომ სპორტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, რაც იმას გულისხმობს, რომ გამომიმუშავა ნებისყოფა, სიძლიერე და სიმტკიცე. ამის წყალობით ჩემს ყველა პროექტს შემართებით გავუმკლავდი. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ადამიანმა სიკეთე უნდა გასცე. ძალიან მაბედნიერებს, როდესაც ახალგაზრდებს გზას ვუკვალავ, ჩემს გამოცდილებებზე დაყრდნობით ვაბარებ მათ პროექტებს, ვაძლევ მიმართულებებს. არ ვივიწყებ წარსულს და ვცხოვრობ მომავლის რწმენით. ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის. ვურჩევდი, რომ არასოდეს დაიხიონ უკან, გადადგან ერთი ნაბიჯი და მას მეორე მოჰყვება. შრომა ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიღებს შედეგს და იტყვის თავის სიტყვას. სადაც იფიქრებენ, რომ ყველაფერი დამთავრდა, სწორედ იქ გაიხსნება კარი.
დღის განმავლობაში ვუძღვები უამრავ საქმეს, მაქვს შეხვედრები, ვიღებ გადაწყვეტილებებს, მაგრამ შემიძლია სახლში დაბრუნებული ჩემი პატარა შვილიშვილების ასაკის ვიყო, ძალიან ბავშვური, თავმდაბალი. ჩემთვის ოჯახი პრორიტეტია. მათ უკავშირდებათ ყველა ჩემი განხორციელებული პროექტი.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: პირადი არქივი