ბუნებაში მეტამორფოზა უდიდესი ტრანსფორმაციის, ჭუპრიდან პეპლად გარდაქმნის სიმბოლოა. სწორედ ამ იდეით დაფუძნდა ახალი ნარკოლოგიური კლინიკა „მეტამორფოზა“,რომელიც ადამიანებს ცვლილების რთულ გზაზე საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შინაგანი თავისუფლების დაბრუნებაში ეხმარება. „მეტამორფოზა“ სამედიცინო სივრცეა, სადაც პაციენტი დაავადების მიღმა, უპირველესად, პიროვნებად აღიქმება. აქ მკურნალობა მიმდინარეობს ჩანაცვლებითი თერაპიის გარეშე, ორგანიზმის უჯრედული წმენდის მეთოდით, რათა პაციენტი სრულად გათავისუფლდეს ცნობიერების შემცვლელი ნივთიერებებისგან. 15-წლიანი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე შექმნილი კლინიკა პაციენტებს ინდივიდუალურ მკურნალობას, ფსიქოლოგიურ და მორალურ მხარდაჭერასა და სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობას სთავაზობს. როგორც ცენტრის დამფუძნებელი და მთავარი ექიმი, ირინა ლომიძე ამბობს, ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პაციენტის კომფორტსა და უსაფრთხო გარემოს, ასევე ოჯახის ჩართულობას, რადგან დამოკიდებულება მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა არ არის და მის დაძლევაში ახლობლებსაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ. ამასთან, ცენტრის მომსახურება მხოლოდ ნარკოლოგიურ რეაბილიტაციას არ მოიცავს.
იმუნოსტიმულაციისა და კვებითი დეტოქსიკაციის სერვისებით „მეტამორფოზა“ ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც თანამედროვე გარემოში ორგანიზმის გაჯანსაღება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სურს. მაღალი ეთიკის, ემპათიის, სტიგმის მსხვრევისა და ხანგრძლივ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული მიდგომით, „მეტამორფოზა“ მკურნალობის ახალ ეტალონს ქმნის, სივრცეს, სადაც თითოეული ნაბიჯი ადამიანის ღირსებასა და უპირობო თანადგომას ეფუძნება.
ირინა, „მეტამორფოზის“ შექმნამდე რა პროფესიული გამოცდილება დაგიგროვდათ და როგორ იქცა სწორედ ეს გამოცდილება ახალი ნარკოლოგიური ცენტრის შექმნის საფუძვლად?
მეთხუთმეტე წელია, რაც ნარკოლოგიურ სფეროში ვარ. შესაბამისად, საშუალება მქონდა, დეტოქსიკაციის პროცესში დავკვირვებოდი დამოკიდებული ადამიანების საჭიროებებს. სწორედ ამ საჭიროებების დანახვის შემდეგ შეიქმნა კლინიკა „მეტამორფოზა“.

„მეტამორფოზა“ თქვენთვის მხოლოდ ახალი სამედიცინო სივრცის შექმნაა თუ კონკრეტული პრობლემის პასუხი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობისას ხედავდით? რა იდეა და მთავარი პრინციპი დგას ცენტრის სახელისა და კონცეფციის უკან?
„მეტამორფოზა“ არის სივრცე, სადაც უნიკალურ სამედიცინო მიდგომებთან ერთად, პაციენტისთვის სრული კომფორტისა და სიმშვიდისთვის, სრულად ჰარმონიული გარემოა შექმნილი. მოგეხსენებათ, დეტოქსიკაცია დამოკიდებული ადამიანისთვის საკმაოდ რთული და სტრესული პროცესია, შესაბამისად, ამ პროცესში თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს. სამედიცინო სერვისის გარდა, პაციენტს ესაჭიროება ფსიქოლოგიური და მორალური მხარდაჭერა, რაც ჩვენს კლინიკაში მაღალპროფესიულ დონეზე ხორციელდება. ბუნებაში მეტამორფოზის პროცესის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ გარდაიქმნება ჭია ჭუპრად, ხოლო შემდეგ პეპლად. ჩვენი სახელისა და კონცეფციის იდეაც სწორედ ამ პროცესს უკავშირდება, იმას, თუ როგორ შეუძლია ადამიანს გარდაქმნის შედეგად შექმნას საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
„მეტამორფოზა“ ახალი ცენტრია. რა საჭიროებაზე პასუხად შეიქმნა ის და რით გამოირჩევა თქვენი მიდგომა ნარკოლოგიური რეაბილიტაციის უკვე არსებული მოდელებისგან?
„მეტამორფოზაში“ სხვა ნარკოლოგიური კლინიკებისგან განსხვავებული მეთოდით მიმდინარეობს მკურნალობა. ჩანაცვლებითი თერაპიის გარეშე ხდება ორგანიზმის უჯრედულ დონეზე წმენდა. მთავარი მიმართულებაა, რომ ორგანიზმი სრულად გათავისუფლდეს ცნობიერების შემცვლელი ნივთიერებებისგან.
რა სრულ მომსახურების პროცესს გადის პაციენტი „მეტამორფოზაში“ ნარკოლოგიური რეაბილიტაციის ფარგლებში და როგორ ხდება ინდივიდუალური მიდგომის განსაზღვრა თითოეული ადამიანის საჭიროების მიხედვით?
პაციენტის კლინიკაში მოთავსება მხოლოდ წინასწარი კონსულტაციის შედეგად ხდება. სწორედ კონსულტაციისას განისაზღვრება კონკრეტული საჭიროებები. ტარდება ლაბორატორიული კვლევები და დგება ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა. დეტოქსიკაციის პროცესის გავლის პარალელურად, დამოკიდებულების კონსულტანტი მუშაობს პაციენტებთან. ეს მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან დამოკიდებულება არის დაავადება, რომელიც ბიოლოგიური ნაწილის გარდა, მოიცავს ფსიქოლოგიურ, სულიერ და სოციალურ ასპექტებს. აქვე აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო რეაბილიტაციის ცენტრ „რესტარტს“, რომელიც გვეხმარება ამ პროცესში.
რა როლი აქვთ ოჯახის წევრებს დამოკიდებული ადამიანის გამოჯანმრთელების პროცესში?
დამოკიდებულება დაავადებაა, რომლის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ჩართულობა. ჩვენს კლინიკაში კვირაში ერთხელ ტარდება ოჯახის წევრებთან შეხვედრა, რათა მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ დაავადების შესახებ.
ცენტრი ასევე სთავაზობს იმუნო-სტიმულაციასა და კვებით დეტოქსიკაციას – რა როლი აქვს ამ მიმართულებების ერთ სივრცეში გაერთიანებას და რა შედეგზეა ორიენტირებული ეს კომპლექსური მიდგომა?
დღევანდელ გარემოში, როდესაც ჰაერიც კი დაბინძურებულია, რომ აღარაფერი ვთქვათ საკვებ პროდუქტებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ორგანიზმს სიჯანსაღის შენარჩუნებაში დავეხმაროთ. ასე რომ, არა მხოლოდ დამოკიდებულ ადამიანებში, არამედ ზოგადად მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანია დეტოქსიკაციისა და იმუნოსტიმულაციის პროცესი.
ვისთვის არის „მეტამორფოზა“ განკუთვნილი და რა შემთხვევაში ურჩევდით ადამიანს ცენტრისთვის მიმართვას – მხოლოდ კონკრეტული პრობლემის არსებობისას თუ ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების სხვა საჭიროების დროსაც?
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება არის ორგანიზმის დეტოქსიკაცია. კლინიკას შეიძლება მიმართონ როგორც ნივთიერებაზე დამოკიდებულმა ადამიანებმა ან მათი ოჯახის წევრებმა, ასევე პირებმა, რომლებსაც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და გაჯანსაღების სურვილი აქვთ.

რა მნიშვნელობას ანიჭებთ სხვადასხვა სპეციალისტის ერთობლივ მუშაობას პაციენტის შედეგისთვის?
როგორც უკვე აღვნიშნე, დამოკიდებულება კომპლექსური დაავადებაა და სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობას საჭიროებს. პაციენტი მკურნალობის პროცესში, გარდა ნარკოლოგისა, არის რეანიმატოლოგის, ნევროლოგის, ფსიქოთერაპევტის, ფსიქიატრისა და დამოკიდებულების კონსულტანტის მეთვალყურეობის ქვეშ. პროფესიონალთა გუნდის ერთობლივი ჩართულობა კი განსაზღვრავს მკურნალობის პროცესის ეფექტურობას.
რას უნდა ელოდოს ადამიანი, როცა პირველად მოდის „მეტამორფოზაში“, და რა გამოცდილების შექმნა გსურთ მომხმარებლისთვის პირველი კონსულტაციიდან რეაბილიტაციის დასრულებამდე?
„მეტამორფოზაში“ შემოსვლის წუთიდან პაციენტმა უნდა იგრძნოს სანდო გარემო. ჩვენ ვხედავთ პიროვნებას დაავადების მიღმა. მთავარია, ამ რთულ ეტაპზე პაციენტმა იგრძნოს გულწრფელი თანადგომა და ის, რომ პროცესი მიმართულია არა მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლისკენ, არამედ ახალი უნარების, ჯანსაღი ჩვევებისა და პიროვნული რესურსების აღმოჩენისკენ.
როგორც დამფუძნებელს, რა არის თქვენი მთავარი მიზანი „მეტამორფოზის“ განვითარებისთვის?
ჩემი, როგორც დამფუძნებლის, მთავარი მიზანია, „მეტამორფოზა“ ყალიბდებოდეს არა უბრალოდ სტანდარტულ სამედიცინო დაწესებულებად, არამედ მაღალი ეთიკის, ინოვაციური მიდგომებისა და ღრმა ემპათიის სინთეზად. ამ სფეროში ჩვენი ამბიციაა, ვიყოთ ინდუსტრიის ფლაგმანი – ეტალონი, რომელიც ახალ თამასას აწესებს პაციენტზე ორიენტირებული, ღირსებაზე დაფუძნებული მკურნალობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სტიგმის მსხვრევა, რათა დამოკიდებულება და ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები აღიქმებოდეს როგორც სამედიცინო-ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არა პიროვნული ნაკლი. გვსურს „მეტამორფოზა“ იყოს ნდობისა და იმედის მთავარი სივრცე, სადაც ადამიანები იღებენ სრულ კონფიდენციალურობასა და უპირობო მხარდაჭერას. ჩვენი აქცენტი არა მოკლევადიან შედეგებზე, არამედ ხანგრძლივ, მდგრად პიროვნულ ტრანსფორმაციასა და საზოგადოებაში ჯანსაღ რეინტეგრაციაზეა დაფუძნებული.
საბოლოო ჯამში, ჩემი სურვილია, ჩვენი კლინიკა გახდეს ბრენდი, რომელიც ასოცირდება შინაგან თავისუფლებასთან, ახალ დასაწყისსა და სიცოცხლის ხარისხის ფუნდამენტურ გაუმჯობესებასთან.
ტექსტი: თათია ხარაიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი












