რუბრიკა OK! მენეჯერის კიდევ ერთი გამორჩეული სტუმარი, რომლის წარდგენაც განსაკუთრებით მახარებს OK!-ის მენეჯერი, ქეთა დაუშვილია. ვინც იცნობს დამეთანხმება, შეუძლებელია ერთხელ შეხვდე და თავი დაგავიწყოს მისი დადებითი ენერგეტიკის წყალობით. ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკვე მეექვსე წელია OK!-ის გუნდის წევრია, არ არის ცოტა დრო – ეს გზა ერთად განვვლეთ და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იშვიათად შემხვედრია ადამიანი, ასეთი სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ეკიდებოდეს საქმეს. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც უკეთ გაგაცნობთ ჩვენი რუბრიკის გმირს – ქეთა დაუშვილს.
ქეთა, მოგვიყევი, რატომ აირჩიე ეს პროფესია? როგორი იყო გზა OK-ის მენეჯერობამდე?
პროფესიით იურისტი ვარ. ბაკალავრის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებას საერთაშორისო ურთიერთობების განხრით ვგეგმავდი. სწავლასთან ერთად, სტაჟირებას გავდიოდი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, იქნებოდა ეს თბილისის საკრებულო თუ იუსტიციის სახლი. შემდეგ დავოჯახდი, გავხდი დედა, შესაბამისად, შეიცვალა პრიორიტეტები და მთელი ჩემი რესურსი მხოლოდ შვილისკენ მივმართე. დედობა – ეს ხომ ზუსტად ის ,,პროფესია“ იყო, რაც სულ მინდოდა „გამოვსულიყავი“.
ცხოვრებაში რომ შემთხვევით არაფერი ხდება, კიდევ ერთხელ მაშინ დავრწმუნდი, როდესაც გადავწყვიტე, რომ დრო იყო, სერიოზულ სამსახურზე მეფიქრა. ახლა ხომ კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მქონდა, ჩემს შვილს შემდგარი დედა ყოლოდა, რომლითაც აუცილებლად იამაყებდა.
სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ჩემი პირველი შეხება მარკეტინგთან ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში, სადაც სხვა პოზიციაზე მყოფს უნებლიეთ მომიწია ჩართვამ მარკეტინგულ აქტივობაში. პროცესი იმდენად აზარტული და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა, მივხვდი, რომ ეს ის საქმე იყო, რომელიც მსურდა, სულ მეკეთებინა. არაფერი შეედრება გრძნობას, როცა ყოველდღე საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენ. გამიმართლა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი.
როგორ არ ვიყო მადლიერი იმ ადამიანების, ვინც ჩემში ის უნარები დაინახეს, რომლის შესახებაც თავადაც არაფერი ვიცოდი, გამოუცდელს მენდნენ, მასწავლეს და უდიდესი პრაქტიკა გამატარეს.
შემდეგი იყო OK!, სადაც ხელჩაკიდებული მიმიყვანა ადამიანმა, ვისთანაც მანამდე მხოლოდ საქმიანი, სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა. იქ მისულს ჩვეულისგან რადიკალურად განსხვავებული მუშაობის ტემპი და გარემო დამხვდა. მიუხედავად დიდი სურვილისა, მათი გუნდის წევრი გავმხდარიყავი, თავადვე ვუთხარი უარი, რადგან შემეშინდა, რომ ვერ შევძლებდი.
მთელი ღამე ვერ დავიძინე, საკუთარ თავზე ვბრაზობდი, ვფიქრობდი, რომ ძალიან დიდ შანსს ვუშვებდი ხელიდან, ჩამოვყალიბებულიყავი როგორც პროფესიონალი მენეჯერი და გამევლო ის სკოლა, რომელსაც მედიაჰოლდინგ GEORGIA TODAY-ს ჯგუფის წევრობა ჰქვია…
ამაზე ხომ ბევრი ოცნებობს, მე კი მას საკუთარი ნებით ვთმობდი.
გავრისკე თანხმობა, მათაც მიმიღეს. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე სწორი გადაწყვეტილება და დღეს, 6 წლის თავზე, მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე მყოფი, ვცდილობ ზუსტად ისეთივე ენთუზიაზმით დავეხმარო თითოეულ მენეჯერს, როგორითაც მე მეხმარებოდნენ, მზრდიდნენ და მასწავლიდნენ.
გვესაუბრეთ, თქვენი საქმიანობის შესახებ…
ჩემი საქმიანობა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. ეს არის დაუსრულებელი მოგზაურობა მარკეტინგის სამყაროში, რომელიც სავსეა საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობით, კრეატიული იდეებით, შესაძლებლობების ფართო სპექტრით და მუდმივი აღმოჩენებით.
OK! – ეს არის ყოველთვიური ჟურნალი შესაბამისი ციფრული არხებით, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს საინტერესო კამპანიებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში და ქმნის პროექტებს, რომელიც აერთიანებს როგორც განათლების სფეროს წარმომადგენლებს, ისე სამშენებლოს, სამედიცინოს და ა.შ.
ეს არის გამოცემა, რომელსაც მუდმივად უდევს საზოგადოების პულსზე ხელი.
ვიყო OK!-ს მენეჯერი, ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც საკუთარი საქმე უყვარს, რადგან სწორედ შენი საქმის სიყვარული გხდის წარმატებულს, მოტივირებულსა და მოთხოვნადს. სიყვარულის გარეშე შეუძლებელია მიაღწიო პოზიტიურ შედეგს და გქონდეს იმის სურვილი, რომ ისწავლო, სცადო რაიმე ახალი და გახდე პროფესიონალი.
ბევრჯერ უკითხავთ, რატომ ვარ ამდენი ხანი ერთსა და იმავე ადგილას და არ ვფიქრობ განვითარებაზე, – სიმართლე გითხრათ, მწყინს ხოლმე კითხვის ამგვარი ფორმულირება, იცით? – ძალიან განსხვავდება ქეთა 6 წლის წინ და ქეთა ახლა როგორც ხასიათით, ისე მსოფლმხედველობით. თანაც ჩემი საქმიანობა ძალიან შორსაა რუტინისგან, იმის ფონზე, რომ დამატებით, ვარ 2, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, ცნობილი და წარმატებული კომპანიის პიარ მენეჯერი, ვუგეგმავ მათ მარკეტინგულ კამპანიებს და შეთავსებული მაქვს სოციალური მედიაც.
დღეს მე მოვლენებს არ ვუყურებ მხოლოდ ერთ ჭრილში. ახლა თამამად შემიძლია საზოგადოების წინაშე გამოსვლა და საუბარი მაშინ, როდესაც ამის სერიოზული კომპლექსი მქონდა. დღეს შემიძლია ავიღო გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა და ვიყო ისეთი პროექტის მენეჯერი, როგორიც, მაგალითად, OK!-ს ბათუმის გამოცემაა.
დღეს უკეთ ვიცი, როგორ ვმართო ემოციები კრიზისულ პერიოდში და ამის ნათელი მაგალითი OK!-ს მიერ პანდემიის დროს გაჩენილი ახალი შესაძლებლობებია, იმის ფონზე, როდესაც კომპანიები მასობრივად წყვეტდნენ ფუნქციონირებას.
ეს ყველაფერი არის შედეგი მუდმივი შეხვედრების, სიტუაციის გაანალიზების, ე.წ. BRAINSTORMING-ის და იმ მუდმივი ცოდნის მიღების, რომელსაც ჩვენ, მენეჯერებს გვიზიარებენ.
გაგვაცანით თქვენი ოჯახი, როგორ უთავსებთ დედობას და საქმიანობას?
მყავს მეუღლე და 2 შვილი – 9 წლის ზუკა და 2 წლის მაშო. მყავს მშობლები, მეგობრები და ერთგული ადამიანების გარემოცვა, რომელთა მხარდაჭერა მმატებს ენერგიას და მაძლევს ძალას, ვაკეთო საქმე შეძლებისდაგვარად სრულყოფილად. ამ დროს უმნიშვნელოვანესია მეორე ნახევრის როლი, და მე ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლისგან ყოველთვის, ცხოვრების ყველა ეტაპზე ვგრძნობ უდიდეს ხელშეწყობას.
რაც შეეხება მას, როგორც მამას, ჩვენს შვილებს ნამდვილად ძალიან გაუმართლათ, განსაკუთრებით დიდია მისი, როგორც მამის როლი მეორე შვილის დაბადების შემდეგ. ეს პანდემიის პერიოდია, დრო, როდესაც ნაწილი ონლაინსამსახურებზეა გადასული, ნაწილმა კი დროებით შეაჩერა ფუნქციონირება.
რომ არა ის, ვერ შევძლებდი მშობიარობიდან 5 დღეში დავბრუნებოდი სამსახურს, რომელსაც იმ პერიოდში ძალიან სჭირდებოდა ჩემი რესურსი.
არ შემიძლია არ აღვნიშნო დედის როლი და მისი, როგორც ქალის ხელშეწყობა, თავიდან ამარიდოს ყოველდღიური საოჯახო საზრუნავი, რომელიც დამეთანხმებით, უდიდეს დროსა და ენერგიას მოითხოვს.
მართალი ყოფილა, რომ ამბობენ: მშობლის ფასს მხოლოდ მაშინ ხვდები, როცა თავად მშობელი ხდებიო – შეუფასებელია ჩვენი მშობლების როლი და მადლობა მათ მუდმივი მზადყოფნისთვის, იყვნენ მუდამ ჩვენ გვერდით.
ადგილი, სადაც თავს ყველაზე მშვიდად გრძნობთ?
ესაა სახლი, რომელიც მუდამ იყო, არის და აუცილებლად იქნება არამხოლოდ ჩემი, არამედ მთელი ჩვენი სამეგობროს შეკრების საყვარელი ადგილი.
თავისუფალ დროს…
ხან ვხატავ, ხანაც ფორტეპიანოზე ვუკრავ, მიყვარს კულინარია და სახლში არსებული ძველი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქება.
მიყვარს…
სიცოცხლე, გულწრფელი ადამიანები და , ვისაც ჩემზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
მოტივაციას მაძლევს…
მადლიერება, რომელსაც ჩემდამი გამოხატავენ და გარშემო მყოფების სიყვარული, რომელთა სიმრავლითაც ასე გამანებივრა სამყარომ.
რას ურჩევდი გოგონებს, ვინც ახლა იწყებენ კარიერას?
არასდროს შეეშინდეთ ახალი გამოწვევების, იყვნენ გაბედულები, თამამად დასვან კითხვები, სწავლა არასდროს არის სირცხვილი – არც დახმარების თხოვნა. თითოეული დაბრკოლება მათსავე სასიკეთოდ გამოიყენონ, იბრძოლონ თავიანთი ოცნებებისთვის. არ დაივიწყონ მადლიერება და მუდამ ახსოვდეთ: Everything will be Ok in the end, if it’s not Ok, it’s not the end!
ფოტო: ალექსეი სეროვი