პარიზის მოდის კვირეულზე წელს ისტორიული მომენტი დაფიქსირდა — მხოლოდ 10 წლის მაქს ალექსანდერი ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი გახდა, რომელმაც საკუთარი კოლექცია წარადგინა. ახალგაზრდა შემოქმედმა Max Alexander Women’s Ready-to-Wear Fall/Winter 2026-2027 კოლექცია 3 მარტს, პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სცენაზე — Palais Garnier-ში წარადგინა.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(749x0:751x2)/max-alexander-fashion-paris-5-031026-d907aa353de54b4c81e26106bc6dc2b0.jpg)
მაქსი დიზაინერობით ძალიან პატარა ასაკში დაინტერესდა. ის მხოლოდ ოთხი წლის იყო, როდესაც კერვა და საკუთარი მოდელების შექმნა დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ კი მისი ნამუშევრები საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა.
პარიზში წარმოდგენილი კოლექცია 15 ლუქისგან შედგებოდა და მისი მთავარი შთაგონება ყვავილები გახდა. ახალგაზრდა დიზაინერის თქმით, კოლექციის დაახლოებით 90% ეკოლოგიურად სუფთა მასალებით არის შექმნილი. კოლექციაში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია რამდენიმე გადამუშავებულმა მოდელმა, მათ შორის ფრანგული სამხედრო პარაშუტისგან შექმნილმა კორსეტიანმა კაბამ და ვინტაჟური სარისგან შეკერილ კოსტიუმმა. ახალგაზრდა დიზაინერი ამბობს, რომ კოლექციის შექმნას დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდა.
მაქს ალექსანდერი მოდის კვირეულს უკვე მეორედ ესწრება როგორც დიზაინერი — მისი დებიუტი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზეი 8 წლის ასაკში, 2024 წელს შედგა. პარიზის ჩვენების შემდეგ მან აღნიშნა, რომ საკუთარი დიზაინების პოდიუმზე ნახვა მისთვის „ნამდვილ ოცნებად“ იქცა.
„ძალიან მიხარია, რომ ჩემს ნამუშევრებს მსოფლიოს ვაჩვენებ და იმედია ადამიანებს დავაფიქრებ იმაზე, რომ ტანსაცმლის გადამუშავება მნიშვნელოვანია და სწრაფი მოდის ნაკლებად ყიდვა უნდა ვეცადოთ,“ — ამბობს ახალგაზრდა დიზაინერი.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(749x0:751x2)/max-alexander-fashion-paris-3-031026-60d5515a567643248394a3bb72ec015a.jpg)
მაქსმა პოპულარობა რამდენიმე წლის წინ მოიპოვა და გინესის რეკორდიც დაამყარა როგორც ყველაზე ახალგაზრდა პოდიუმის დიზაინერმა. მიუხედავად ასაკისა, მას უკვე ასზე მეტი დიზაინი აქვს შექმნილი, მისი ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება და ერთ-ერთი კაბა მსახიობ შერონ სტოუნისთვისაც არის შექმნილი.
მისი დედა, შერი მედისონი ამბობს, რომ მაქსისთვის დიზაინერობა უბრალოდ ჰობი არ არის — ეს მისი ყველაზე საყვარელი საქმეა. „ყველაზე მეტად ის მაოცებს, რამდენად ერთგულია თავისი საქმის. მისი მთავარი მიზანი ის არის, რომ ადამიანებმა თავი ლამაზად იგრძნონ,“ — ამბობს მედისონი.












