ყოველთვის, როცა მას უსმენ, ხვდები, თუ როგორი უნდა იყოს ექიმი, რომელიც არა მხოლოდ შენს კონკრეტულ ჩივილს მოისმენს, არამედ გაგრძნობინებს, რომ შენი მხარდამჭერია, რომელსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო და გჯეროდეს, გაიმარჯვებ როგორც იმ პრობლემაზე, რისთვისაც მასთან მიხვედი, გაიმარჯვებ საკუთარ თავზეც და მეტად მოტივირებული შეუდგები ცხოვრების გზას. „OK! ბათუმის“ სტუმარი გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მარინა ბეჟანიძეა, რომელმაც არაერთი წყვილი მშობლობის ბედნიერებას აზიარა. რა შეიძლება იყოს უშვილობის მიზეზი და როდიდან უნდა მიმართოს წყვილმა ექიმს, რომელ ქვეყანაში წავიდოდა კიდევ ბევრჯერ სიამოვნებით, რა ხდის მის ცხოვრებას საინტერესოსა და მრავალფეროვანს – პასუხებს გაეცანით ჟურნალ „OK! ბათუმის“ ფურცლებიდან.
პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის განვლილი გზა და ეტაპები…
ჩემზე, როგორც პროფესიით ექიმსა და ექიმების შთამომავალზე, ძალიან დიდი გავლენა იქონია ოჯახმა. ბავშვობიდანვე ვხედავდი, თუ როგორი იყო ამ პროფესიის მიმართ ჩემი ახლობლების დამოკიდებულება და სიყვარული, მათი სწრაფვა სწავლისა და განვითარებისთვის. სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე რუსეთის ერთ-ერთი ქალაქის სამედიცინო უნივერსიტეტში. სწავლასთან ერთად ვმონაწილეობდი კონფერენციებში, ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში ვიძენდი გამოცდილებას და სხვებსაც ვუზიარებდი მას. 2019 წლიდან ვმუშაობ საქართველოში, ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, სადაც ისრაელიდან ჩამოდიან წარმატებული რეპროდუქტოლოგები. როგორც ცნობილია, ისრაელი წამყვან ადგილს იკავებს მსოფლიო მედიცინაში. რა თქმა უნდა, მე, როგორც რეპროდუქტოლოგი, დაინტერესებული ვარ უახლესი მეთოდოლოგიებით და ჩართული ვარ ამ სფეროს უწყვეტ განვითარებაში. ისრაელელი კოლეგებისგან ვიღებ ფასდაუდებელ გამოცდილებას.
მინდა გაგაცნოთ ჩვენი კლინიკის ახალი მიმართულებაც – ესთეტიკური გინეკოლოგია, რომელიც მოიცავს გინეკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას თანამედროვე ლაზერული აპარატის, FOTONA-ს დახმარებით, რომლის ანალოგი ქალაქში არ არსებობს. გარდა კოსმეტოლოგიური პროცედურებისა, ამავე ლაზერით შესაძლებელია შარდის შეუკავებლობის მკურნალობა, მშობიარობის შემდგომი დაზიანებების აღდგენა, ასაკობრივი ცვლილებების მკურნალობა და პროფილაქტიკა მენოპაუზის დროს, ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რეპროდუქტოლოგიაში, ენდომეტრიუმის გაუმჯობესება. დღეს ბევრი შესაძლებლობაა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და მინდა ეს ყველაფერი იცოდეს რაც შეიძლება მეტმა ქალმა.
როგორია რეპროდუქტოლოგიის შესაძლებლობები დღეს? რა გამოწვევების წინაშე დგას მედიცინის აღნიშნული დარგი?
ჩვენი მთავარი ვალდებულებაა, გავაუმჯობესოთ ხარისხი ჩვენს სფეროში, გამოვიყენოთ უახლესი მეთოდები და მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ორსულობა. ძალიან მნიშვნელოვანია, პაციენტებმა გაიაზრონ, როცა დაორსულების პრობლემებია, მათ დროულად უნდა მიმართონ რეპროდუქტოლოგს და არ დაკარგონ დრო, რომელიც დღეს ასე ძვირფასია. ქალის რესურსი გამრავლების მხრივ, სამწუხაროდ, შეზღუდულია ასაკით და 35 წელზე ზემოთ დაორსულება ჭირს როგორც ბუნებრივად, ასევე ხელოვნური გზით. მსურს ბევრმა ქალმა გაიგოს და გაიაზროს, რამხელა ფუფუნებაა დღეს რეპროდუქტოლოგიაში კვერცხუჯრედის გაყინვა და თავის დაზღვევა იმ შემთხვევაში, თუ ქალს არ ჰყავს პარტნიორი და გეგმავს სამომავლოდ დედობას, ან ამ ეტაპისთვის, უბრალოდ, არ სურს ფეხმძიმობა.
იყო ექიმი, ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას. როგორი განცდაა, როცა წლებია ადამიანები უწყვეტ ნდობას გიცხადებენ?
ეს ნამდვილად უდიდესი პასუხისმგებლობაა და ჩვენ არ გვაქვს მოდუნებისა და დინების მიმართულებით ცურვის უფლება. ჩვენ ვიაზრებთ, თუ რამხელა იმედებს ამყარებენ ჩვენზე პაციენტები. ეს არის არა მხოლოდ მორალური, არამედ ფინანსური წნეხიც. ამიტომ ყოველთვის უნდა შევეცადოთ, ვიყოთ საუკეთესო ადამიანები და პროფესიონალები. მინდა აღვნიშნო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წვლილი ამ საქმეში. სწორედ მათი ხელშეწყობით ფინანსდება ხელოვნური განაყოფიერება კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის. მიხარია, რომ ჩვენი მიღწეული შედეგებით ჩვენს საქმეში კვლავ ვრჩებით ლიდერებად საქართველოს მასშტაბით.
რა შეიძლება იყოს უშვილობის მიზეზი და რას ურჩევთ მათ, ვისაც შვილის გაჩენა სურთ, როდიდან და რა მეთოდით შეიძლება გადაამოწმონ, არიან თუ არა რისკის ქვეშ?
ქალისა და კაცის ფაქტორი უშვილობის შემთხვევაში, რაღაც მხრივ, გათანაბრდა. ორსულობის დაგეგმვის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია მომავალი დედის ასაკი. 35 წლის ზემოთ, თუ 6 თვის განმავლობაში არ მოხდება ბუნებრივად დაფეხმძიმება, აუცილებელია რეპროდუქტოლოგთან ვიზიტი და მკურნალობის არგადადება. ყველანაირ ასაკობრივ ჯგუფში უნდა მივაქციოთ ყურადღება სხეულის მასის ინდექსს (ზედმეტი წონა, წონის დეფიციტი), ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, ქრონიკულ დაავადებებს, ცხოვრების წესსა და მავნე ჩვევებს.
მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, შვილებზე, მათ ინტერესებზე. დედის პროფესიის დაუფლება ხომ არ სურს რომელიმე მათგანს?
მე მყავს მე, ანუ საკუთარი თავი – ეს ძალიან ბევრია და ორი ვაჟიშვილი – ეს სიმდიდრეა. ძალიან ვამაყობ ჩემი შვილებით, ჩვენ მეგობრული და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები გვაქვს. უფროსი შვილი, დანიელი 15 წლისაა. ის ძალიან კეთილია და გამოირჩევა ჯანსაღი იუმორის გრძნობით, რაც დღეს იშვიათია. დღესდღეობით განწყობილია, გაჰყვეს დედისა და თავისი წინაპრების გზას და გახდეს ექიმი, მე მას ვგულშემატკივრობ და მისი მჯერა. თუ აირჩევს სხვა პროფესიას, მაინც მის გვერდში ვიქნები. უმცროსი შვილი, ანრი,10 წლისაა, ძალიან სერიოზული ბიჭია. დიდი ხანია ფიქრობს, გახდეს მშენებელი, ის ასევე თამაშობს კალათბურთს, რაც ძალიან კარგად გამოსდის. მე მას მხარს ვუჭერ და ვხედავ მასში დიდ რესურსსა და პოტენციალს.
მადლიერი პაციენტების ჯარი გყავთ. გაიხსენეთ ამბავი, რომელიც თქვენს პრაქტიკაში მოხდა და არასოდეს დაგავიწყდებათ.
საქმე ისაა, რომ ყველა პაციენტი უნიკალურია და ყველა მათგანთან გავდივართ საინტერესო ცხოვრებისეულ ეტაპებს. ხშირია შემთხვევა, მოდის ახალგაზრდა, პერსპექტიული წყვილი, მაგრამ დაფეხმძიმება პირველ ჯერზე ვერ ხდება და გვჭირდება დიდი და გრძელი გზის გავლა. ხშირად ჩვენთვისაც რჩება ამოცანად, თუ რა არის მიზეზი კონკრეტული პრობლემისა. როცა პაციენტი გვიცხადებს ნდობას და ამ რთულ გზას გადის ჩვენთან ერთად, ჩვენ ვიღებთ იმ დიდი ხნის ნანატრ ბედნიერებას, რასაც ფეხმძიმობა ჰქვია. ვიცი, ეს ყველაფერი რამდენად ემოციურად რთულია ქალისთვის, ამიტომ ვცდილობ ვიყო მისთვის არა მარტო ექიმი, არამედ მეგობარი და ფსიქოლოგი.
ქვეყანა, ქალაქი, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?
მზად ვარ კიდევ ბევრჯერ წავიდე იტალიაში.
რას მიიჩნევთ წარმატების თქვენეულ ფორმულად?
წარმატებას რომ მიაღწიო სამედიცინო სფეროში, საჭიროა უწყვეტი სწავლა და განვითარება. მედიცინა ძალიან სწრაფი ტემპებით იცვლება და ვითარდება, ძველ სტანდარტებს ენაცვლება ახალი. ასევე მნიშვნელოვანია მოტივაცია, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც დისციპლინაა. ეს ყოველთვის არის წარმატების გასაღები.
ერთი დღით ყოვლისშემძლე რომ იყოთ, რას შეცვლიდით როგორც თქვენს ცხოვრებაში, ასევე სამყაროში?
ეს ილუზიაა, ვიფიქროთ, რომ შევძლებთ შევცვალოთ ვინმე (კონკრეტული ადამიანი) ან რაღაც, რაიმე გლობალური. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ესაა ვიმუშაოთ საკუთარ თავთან და შევეცადოთ გავხდეთ იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ ვიყავით. მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთი და ვაკეთოთ სიკეთე.
ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
მიყვარს როგორც ქალური, ასევე სპორტული სტილი. მკაცრი სტილი – ეს არ არის ჩემთვის განკუთვნილი. ძალიან მიყვარს აქსესუარები – სამკაულები, ჩანთები – მათი საშუალებით შეიძლება ვიზუალი იყოს მოდური და დასრულებული.
ჯანსაღი ცხოვრების წესი და ამ კუთხით თქვენი, როგორც ექიმის რჩევა ადამიანებს.
წელიწადში ერთხელ აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს და თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები – სხვა ექიმებს. მნიშვნელოვანია მიკროელემენტების განსაზღვრა და დეფიციტის შემთხვევაში მათი შევსება. დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, უნდა მოახერხოთ ძილის რეჟიმის გაკონტროლება და სულიერი დასვენება, რაც არის გზა ფსიქოლოგიური სიმშვიდისა და ჯანმრთელობისა. გარდა ამისა, შეეცადეთ თქვენ ირგვლივ შემოიკრიბოთ ხალხი, რომელიც გავსებთ პოზიტიური ემოციებით, უარი თქვით ტოქსიკურ გარემოზე, სახლსა თუ სამსახურში შექმენით სასიამოვნო გარემო.
რა ხდის თქვენს ცხოვრებას საინტერესოს, მრავალფეროვანს?
ურთიერთობა და გაცნობა ახალი, საინტერესო ადამიანებისა, რომლებსაც შემოაქვთ კარგი, დადებითი ენერგეტიკა და ემოციები. მოგზაურობა, განვითარება და აღმოჩენა ახალი შესაძლებლობებისა. ადამიანმა უნდა აისრულოს სურვილები, თუნდ ყველაზე მარტივი. ძალიან მიყვარს საჩუქრების ჩუქება, სიურპრიზების გაკეთება და ახლობლებთან ერთად სიხარულის გაზიარება.
დაბოლოს, რჩევა ქალებს – გიყვარდეთ და გაანებივრეთ საკუთარი თავი, განვითარდით, ისწავლეთ რაიმე ახალი და იყავით დამოუკიდებლები.