კურორტი საირმე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კურორტია. იგი სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ საირმეში დიდი ცვლილებები დაიწყო. კომპლექსი თავიდან ბოლომდე განახლდა და ახალი სიცოცხლე შეიძინა. ამჟამად ეს თანამედროვე კურორტია, რომლის ტერიტორიაზეც ფუნქციონირებს ოთხვარსკვლავიანი სტანდარტის ორი სასტუმრო „საირმე“ და „ახალი საირმე“ თავისი სპა-ცენტრით, აუზებითა და სარეკრეაციო-გასართობი ინფრასტრუქტურით. სასტუმრო „საირმე“ აერთიანებს 154 ნომერს, სადაც 395 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, ხოლო „ახალ საირმეში“ წარმოდგენილია 104 ნომერი. კომპლექსი სრულად პასუხობს თანამედროვე ტენდენციებს თავისი ინტერიერით, უნიკალური ადგილმდებარეობითა და ინფრასტრუქტურით. თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რომ ეს იქნებოდა თანამედროვე, მაღალი კლასის დასასვენებელი ადგილი, ამ სფეროში არსებული ყველა ინოვაციით, თუმცა ძველი ტრადიციების შენარჩუნებით. კურორტის კომპლექსში შემავალ სასტუმრო „ახალ საირმეში“ შესაძლებელია ერთდროულად 200-სტუმრიანი კონფერენციის გამართვა და სტუმრების სრული განთავსება. „ახალ საირმეში“ წარმოდგენილია ორი დარბაზი – ერთი დიდი დარბაზი 150-200 ადამიანის ტევადობით, და მეორე პატარა – 25-30 მონაწილეზე გათვლილი. ორივე საკონფერენციო სივრცე სრულად აღჭურვილია ახალი ტექნოლოგიებით. აქ არის ყველაფერი, რაც არის საჭირო მაღალი დონის კონფერენციის თუ შეხვედრის ჩასატარებლად – მიკროფონები, პროექტორები, მონიტორები და ა.შ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკონფერენციო სივრცეს აქვს ისეთი საიზოლაციო სისტემა, რომ დარბაზიდან ხმა არ გადის ყველაზე ხმაურიანი ღონისძიების შემთხვევაშიც კი. დიდ დარბაზში არის ასევე სცენა, რომლის აწყობა და დაშლაცაა შესაძლებელი. სცენის დახმარებით დარბაზი საკონფერენციო სივრციდან შეიძლება გადაკეთდეს გალა საღამოს სივრცედ, რომელსაც ჰყავს წამყვანი, მოწვეული ბენდი და სხვ. მუსიკალური გაფორმებისთვის ასევე მაღალი ხარისხის ტექნიკაა გათვალისწინებული.
კურორტის მთავარი ღირსება კვლავინდებურად მისი უნიკალური თერმული წყლებია, რომლებიც მიწის სიღრმიდან მოედინება და რომელთა სამკურნალო თვისებები უკვე თანამედროვე ევროპული ლაბორატორიების კვლევებით დასტურდება.
კურორტის ნაწილია სასტუმრო „საირმიდან“ 4 კილომეტრში მდებარე სპა-ცენტრი, რომელიც ასევე ძველი შენობის თანამედროვე რეინკარნაციაა. ძველი შენობიდან დატოვებულია მხოლოდ კარკასი, დანარჩენს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, როგორც ინტერიერს, ასევე ექსტერიერს. ეს შენობა ახლა ულტრათანამედროვე სარელაქსაციო, სამკურნალო სპა და ველნეს ცენტრია, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის – „კრაფტის“ უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. თუკი ადრე საირმეში დამსვენებლები მხოლოდ სამკურნალო წყალს სვამდნენ, დღეს სტუმრებს შეუძლიათ 80-მდე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურის მიღება.
კურორტის ჭეშმარიტ სიმდიდრეს წარმოადგენს მისი მინერალური წყლები. საირმე უნიკალურია, რადგან 4 კმ. რადიუსში ამოედინება 5 ტიპის მინერალური სასმელი და ერთი თერმული მინერალური წყალი. თითოეულ წყალს აქვს უნიკალური ქიმიური შემადგენლობა, ტემპერატურული მაჩვენებელი და მინერალიზაციის ხარისხი. თითოეული წყალი ან წყლების კომბინაცია ხასიათდება განსაზღვრული სამკურნალო-გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური ეფექტით, რაც დამტკიცებულია მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილებითა და მრავალჯერადი ლაბორატორიული კვლევით.
2022 წელს კურორტ საირმის დაკვეთით გერმანულმა კომპანიამ STORCH Water Consulting International-მა წყლები ლაბორატორიულად გამოიკვლია და შეაფასა. კვლევა ჩატარდა გერმანულ სპათა ასოციაციისა და გერმანიის ტურიზმის ასოციაციის მიერ გამოცემული ნაშრომის – „ტერმინთა განმარტებები – ხარისხის სტანდარტები გამაჯანსაღებელი კურორტებისა და სამკურნალო წყაროების“ საფუძველზე. კვლევის ჩატარებისას წყაროებიდან აღებული ნიმუშების ანალიზი გაკეთდა და შეფასდა ქიმიურად, ფიზიკურად და მიკრობიოლოგიურად. სამკურნალო წყლების განსაზღვრისა და გამოყენების გერმანული სტანდარტის მიხედვით, საირმის ექვსივე მინერალური წყალი განეკუთვნება „სამკურნალო წყლის“ კატეგორიას.
საირმის მინერალური სასმელი წყლების მიღება რეკომენდებულია: საჭმლის მომნელებელი სისტემის, ენდოკრინული სისტემის, თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების, ანემიებისა და ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. კურორტზე ასევე არის დეტოქსპროგრამა, რაც ადამიანებს გაჯანსაღებასა და წონაში დასაკლებად ეხმარება.
საირმე არის ერთადერთი კურორტი საქართველოსა და ამიერკავკასიაში, რომელიც ევროპის სპათა ასოციაციის, ESPA-ს წევრია. კურორტმა 2021 წელს მიიღო მონაწილეობა ESPA-ს ყოველწლიურ კონკურსში და მოიპოვა ჯილდო „საუკეთესო ინოვაციური პროექტის“ ნომინაციაში. პროექტი გულისხმობდა კოვიდის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამას, რომელიც „ევექსის“ ჰოსპიტლებთან ერთად შემუშავდა.
„საირმე“ სტუმრებს სთავაზობს სამჯერად კვებას, „ინგლისურ საუზმეს“ და მრავალფეროვან მენიუს სადილსა და ვახშამზე. აქვეა რესტორანი „ტერასა“, სადაც შესაძლებელია ღონისძიებების ჩატარება. აქ თქვენ დაგხვდებათ თანამედროვე ტექნიკა და განსხვავებული გარემო, რომლის ინტერიერზეც იტალიელმა დიზაინერებმა იმუშავეს. გამოყოფილია სცენა და ინდივიდუალური ბარი, სადაც შესაძლებელია 200-მდე სტუმრის მასპინძლობა.
სასტუმრო „ახალი საირმე“ კი იტალიურ-ქართულ სამზარეულოს გთავაზობთ. სასტუმროს მთავარი შეფმზარეული გამორჩეული კახა ციკოლიაა.
ზაფხულის სეზონზე კურორტზე ხშირად ე.წ. POOL PARTY ეწყობა. კონფერენციისა თუ კორპორაციული შეხვედრის დასკვნით საღამოს თერმული წყლით სავსე ღია აუზში გამაგრილებელი, ალკოჰოლური სასმელებისა და დიჯეის თანხლებით დროის გატარებას არაფერი სჯობს.
კურორტის ტერიტორიაზე თქვენ ასევე შეხვდებით საცხობს, სადაც საირმის მინერალური წყლებით მზადდება სხვადასხვა სახეობის უგლუტეინო პურები. მათ შორის მეგრული აჯიკით, საფერავით, ჭვავის, ცეხვილი და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ კურორტმა საირმემ იმერეთის რეგიონში შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გასვლის და დასვენების კულტურა დაამკვიდრა. აქ კი შვებულების თუ შაბათ-კვირის საინტერესოდ გასატარებლად ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს. თუმცა, თუ მიზანი ძალების მაქსიმალურად სწრაფად აღდგენაა, მაშინ აქტიური დასვენებაა ის, რაც აუცილებლად გჭირდებათ. აქტიური დასვენების დროს სხეული მუდმივად ტონუსშია, შედეგად ორგანიზმი გამოყოფს სეროტონინს – ბედნიერების ჰორმონს, რომელსაც გაუცნობიერებელი სიხარულის განცდა მოაქვს. დღეს დასვენება სხვადასხვა აქტივობის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. ტურისტული ობიექტები სულ უფრო მეტ რესურსს დებენ აქტიური და ექსტრემალური დასვენების განვითარებაში. საქართველოს ამ თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს – შეუზღუდავი ბუნებრივი მახასიათებლების წყალობით, ქვეყანაში აქტიური ტურიზმის ყველა სახეობა ვითარდება – მთამსვლელობა, კლდეზე ცოცვა, ლაშქრობები ფეხით თუ ველოსიპედით, ზიპლაინი, ჯომარდობა და ა.შ.
კურორტი საირმე კი ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ აქტიური დასვენების სახეობების განვითარებას მიიჩნევს. ამიტომ მოგიყვებით, კონკრეტულად რას სთავაზობს საირმე აქტიური დასვენების მოყვარულებს:
ზიპლაინი
საირმეში 800-მეტრიანი ზიპლაინია, რომელიც მთელ კურორტს გადმოჰყურებს. აქედან დაშვება დიდი თავგადასავალია – გზად დაუვიწყარ პეიზაჟებს გაივლით. ზიპლაინი კარგი საშუალებაა დაუმტკიცოთ საკუთარ თავს, რომ შიშებისა და ფობიების გადალახვა შეგიძლიათ.
სასროლეთი
ასე ჰქვია საირმეში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს. ბერეტას ტიპის ბრიტანული სანადირო თოფიდან თეფშების მიმართულებით სროლა იმდენად აზარტული საქმიანობაა, რომ იქ ზოგი სწორედ ამისთვის ჩადის. სროლა ხუთი სხვადასხვა პოზიციიდან შეიძლება.
იქვეა BBQ სივრცე, სადაც შესაძლებელია მცირე კორპორაციული ჯგუფების მიღება, ბუნებაში დაბადების დღის გადახდა და ა.შ.
თოკების ქალაქი
საირმის თოკების ქალაქი ორსართულიანი კონსტრუქციაა. ხშირად აქ შეჯიბრებები იმართება სხვადასხვა ჯგუფს შორის. აქაურობა განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვინც დასასვენებლად მეგობრებთან, დიდ ოჯახთან ან ჯგუფთანაა ჩამოსული. იდეალურია კორპორაციული შეჯიბრებებისთვის.
აქტიური დასვენება საირმეში
საირმე არის კურორტი, რომელიც მრავალ ჰექტარზე გადაჭიმული შერეული ტყითაა გარშემორტყმული – ნაძვი, ურთხელი, წიფელი, ცაცხვი, წაბლი, თელა. ასწლოვანი ხეების სიმაღლე 50 მეტრს აჭარბებს. საირმეში ბევრი უცნობი, მიუვალი და მისტიკური ადგილია აღმოსაჩენი. აქაურობა იდეალურია ბუნებასთან დასაახლოებლად. ველოსიპედი ან ელექტრომოპედი შეგიძლიათ სასტუმროშივე იქირაოთ.
აქვეა თავლაც და თუ უფრო რომანტიკულ ხასიათზე ხართ, ცხენით შეგიძლიათ გაისეირნოთ. საამისოდ საირმეში ორი ჯიშიანი ულაყი ჰყავთ.
ოფროუდ ტური
ეს ახალი აქტივობაა, რომელიც საირმეს ახლახან დაემატა. ოფროუდ ტური ყველა ექსტრემის მოყვარულმა უნდა გამოცადოს. ტური გთავაზობთ სამი ტიპის მარშრუტს პოლარისის ბრენდის ბაგით, რომელიც დაუვიწყარ შეგრძნებებს გაჩუქებთ. აღსანიშნავია, რომ იქვეა ჩანჩქერიც, რაც თქვენს საირმეში ვიზიტს კიდევ უფრო სანახაობრივს გახდის.