„იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ სულ ცოცხალი ვიყო“, – დაუბარა ინოლა გურგულიამ შვილებს, დედამ და გამორჩეულმა შემოქმედმა, რომელიც ძალიან ახალგაზრდა, 48 წლის გარდაიცვალა. მისი ქალიშვილი, ია შუღლიაშვილი, მაშინ სულ რაღაც 10 წლის იყო. როგორ გაგრძელდა პატარა გოგონას ცხოვრება ამ ტრაგედიის შემდეგ, როგორ იცხოვრა დედის შეგონებით, სიყვარულით, სიკეთით, წესიერებით და, რაც ინოლასთვის ასე მნიშვნელოვანი იყო, სამშობლოს სიყვარულით. როგორ აცოცხლებს დღეს დედის შემოქმედებას მისი შთამომავლობა და როგორია თავად მსახიობი ქალის ცხოვრება… ამ თემებზე სასაუბროდ ინოლას გოგოს, ია შუღლიაშვილს, შევხვდი. ქალს, რომელიც მიუხედავად ცხოვრებისეული ტრაგედიებისა, არ კარგავს ბედნიერების, სილაღისა და სიყვარულის უნარს. ჟურნალი OK-ს მარტის ნომერი დედებსა და შვილებს ეძღვნებათ, იმ უპირობო სიყვარულსა და თავგანწირვას, რომელსაც დედაშვილობა ჰქვია.
კადრები მეხსიერებიდან…
ძველი 8-მილიმეტრიანი ფირი რომ იყო, დაახლოებით ასე მახსოვს ჩემო ბავშვობა, ეს არ არის მკვეთრი მეხსიერება, მაგრამ ძალზე ემოციური და ღირებულია.
დედა ძალიან დაკავებული იყო, უცხო ენათა ინსტიტუტში ასწავლიდა ინგლისურს, შემდეგ აბიტურიენტები ან მოსწავლეები ჰყავდა და საღამოს აუცილებლად სადმე მიჰყავდათ ან შეხვედრა იყო, ან კონცერტი, ან გადაღება. ამიტომ ფაქტობრივად, ვერ ვხედავდით. კვირის დღეებში საერთოდ არ ეცალა ჩვენთვის, მაგრამ შაბათ-კვირა ჩვენი იყო, მაშინ ვსწავლობდით სიმღერას, მაშინ გველაპარაკებოდა და გვიყვებოდა საინტერესო ამბებს, ხშირად ლისის ტბაზე დავდიოდით. ეს შაბათ-კვირის ურთიერთობები იმდენად სავსე იყო, რომ ავსებდა კვირის დღეების დანაკლისს. ეს იყო ცოტა, მაგრამ ძალიან ხარისხიანი ერთად გატარებული დრო.
ინოლა გახლდათ საოცრად მზრუნველი და მოსიყვარული დედა, სულ ფიქრობდა, რითი შეევსო ჩვენი ცხოვრება, როგორ გაეხადა ის საინტერესო და სავსე, სულ შემეცნებითი საუბრები გვქონდა, სულ გვარიგებდა და, რაც მთავარია და რაც დღემდე კოდირებულად დევს ჩემში, ეს არის ადამიანების სიყვარული, ასევე, ბუნების სიყვარული, რომელიც მას ასე ძალიან უყვარდა.
ინოლასთვის, პირველ რიგში, ადამიანი და მათთან ურთიერთობა იყო მნიშვნელოვანი, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, ყოველთვის ცდილობდა სასიკეთოდ მოებრუნებინა სამყაროსკენ და მასში დადებითი თვისებები ეპოვა.
მთავარი რჩევა, რაც დედისგან მიგიღიათ და დღემდე გახსოვთ?
დაახლოებით 4 წლის ვიყავი, ჩემი ძმა – შვიდის. ინოლამ ჩამოგვიწერა ათ მცნებასავით დარიგებები და კედელზე გაგვიკრა. დღის განმავლობაში ყოველ გავლა-გამოვლაზე ვხედავდით და ვკითხულობდით. ინოლას მერეც გვქონდა გაკრული კედელზე. ამ, ასე ვთქვათ, დედის დარიგებაში ეწერა მარტივად და ბავშვისთვის გასაგებ ენაზე, რომ არ ვიჩხუბოთ, მივხედოთ ერთმანეთს, მოვუაროთ ჩვენს ნივთებს, მშობლებს დავუჯეროთ და ბოლოს მახსოვს, ეწერა, რომ დღეში ერთი კარგი საქმე მაინც გავაკეთოთ, რათა კარგი ქართველი მოქალაქეები გავიზარდოთ.
ინოლასგან სულ მომყვება ის ღიმილიანი და სიყვარულით სავსე სახე, დარდიც ბევრი ჰქონდა ალბათ, მაგრამ სულ ხალისიანი იყო, სულ ერთმანეთის სიყვარულს, წესიერებასა და სამშობლოს სიყვარულს გვასწავლიდა.
როგორ ფიქრობთ ამ გადმოსახედიდან, გრძნობდა ინოლა, რომ დიდხანს ვერ იქნებოდა თქვენ გვერდით?
ალბათ არავინ არ ფიქრობს, რომ ასე ახალგაზრდა, 48 წლის დაასრულებს სიცოცხლეს, თუმცა როდესაც ინოლა ცუდად გახდა, უკვე მიხვდა, რომ კარგი არაფერი სჭირდა და თავისთვის ჩუმად დაიწყო მზადება განშორებისთვის. ზუსტად არ ვიცი როდის, მაგრამ ალბათ ავად ყოფნის დროს დაწერა თავისი ანდერძი.
დედის ანდერძი?
10 წლის ვიყავი, როდესაც დედა გარდაიცვალა. სახლს ვალაგებდი და მის საწერ მაგიდაში, სიღრმეში ძალიან ჩუმად და შორს შენახული რვეული ვიპოვე. იქ ასევე, იყო მისი სხვა რვეულები, ლექსები, თარგმანები და ამდენ ფურცლებში მივხვდი, რომ ეს რვეული განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. გადავშალე, კითხვა დავიწყე, თან თითქოს რაღაცას მივხვდი, თან ვერ მივხვდი, ვერც გავაგრძელე ბოლომდე წაკითხვა და მამას მივუტანე.
მამამ მეორე დღეს სასაფლაოზე აგვიყვანა და იქ წაგვიკითხა. ეს იყო არა მძიმე განწყობით, არამედ ინოლასავით ლაღად დაწერილი სიტყვები, თითქოს ის გვიკითხავდა და გვარიგდებდა, არ იდარდოთ, რომ თქვენთან არ ვარო, იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყოო. ეს იყო მხატვრული და ემოციური ტექსტი, რომელიც რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, ყოველ ჯერზე ძალიან ემოციურად მოქმედებს ჩემზე.
როგორ გაგრძელდა ათი წლის გოგოს ცხოვრება დედის გარეშე?
ბუნებით მზრუნველი ადამიანი ვარ, ბავშვობიდან ასეთი ვიყავი, დედის გარდაცვალების შემდეგ შეგრძნება, რომ ძმასა და მამაზე უნდა მეზრუნა, გამიათმაგდა. სკოლიდან რომ მოვდიოდი, პირველ რიგში, ყველაფერს ვალაგებდი, ვაწესრიგებდი და შემდეგ ვჯდებოდი სამეცადინოდ. რომ გითხრა, ძალიან მძიმე და ტრაგიკული იყო ჩემი ცხოვრება-მეთქი, არ ვიქნები მართალი. მამაც ძალიან მეხმარებოდა იმაში, რომ ასე არ ყოფილიყო, მან მასწავლა, რომ ყველა გაჭირვებას ვაჟკაცურად უნდა შეხვდე და არ ჩავარდე სასოწარკვეთაში. რაღაცნაირად მობილიზებული ვიყავი.
მერე და მერე უფრო იყო მძიმე, სტუდენტობის დროს, თინეიჯერობის დროს, როდესაც გინდა დედას გაუზიარო შენი პრობლემა იქნება თუ სიხარული, მაშინ უფრო გამიჭირდა უდედობა. მაგრამ მანდ ასეთი გამოსავალი ვიპოვე: როდესაც სახლიდან გადიოდნენ და მარტო ვრჩებოდი, ვჯდებოდი ინსტრუმენტთან, ვუკრავდი ინოლას სიმღერებს, ძველ ჩანაწერებს ვეძებდი, ვარჩევდი და ასე ვუახლოვდებოდი ინოლას, როგორც დედას, და ვეცნობოდი ინოლას, როგორც შემოქმედს. როდესაც ვმღეროდი მის სიმღერებს, მაშინ დედა ჩემთან იყო.
ნივთი, რომელიც დედისგან შემოგრჩათ და განსაკუთრებით გახსენებთ მას?
მაქვს რამდენიმე ნივთი: ინოლას საკონცერტო კაბა, მისი ქვედაბოლო და მოკლე პიჯაკი, რომელიც ძალიან უყვარდა; ბეჭედი, რომელიც სულ ეკეთა; ინოლას ჯვარი, რომელიც ბოლოს მოხსნეს და მე მომცეს. ასევე მაქვს ინოლას სულ პატარაობის ირისის ძაფით მოქსოვილი ქუდი, რომელიც თილისმასავითაა ჩემთვის და როცა სადმე მივდივარ ან რაიმე მნიშვნელოვანი ხდება ჩემს ცხოვრებაში, სულ თან მაქვს, ჩემთვის, ჩუმად.
რამ განაპირობა თქვენი პროფესიის არჩევა?
ისევ დედამ, ოღონდ დედა აღარ იყო ცოცხალი. მითხრეს, რომ ძალიან უნდოდა მსახიობი გავმხდარიყავი. საკმაოდ ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, ზედმეტად მორცხვი და მორიდებული, სულ ნერვიულობდა ამაზე და ფიქრობდა თურმე, რომ მსახიობობა გამხსნიდა და გამათავისუფლებდა. ეს რომ გავიგე, მაშინვე დალაგდა ჩემს თავში ყველაფერი. მივხვდი, რომ ჩემი გზა ვიპოვე, ყველა წესით და რიგით, მე უნდა გავყოლოდი მუსიკას და ჩამებარებინა კონსერვატორიაში, მაგრამ არ მინდოდა, რადგან მუსიკა ისედაც ჩემთან იყო ყოველთვის და პროფესიად ვერ აღვიქვამდი.
ინოლას შვილობა პრივილიგიაა თუ პასუხისმგებლობა?
არასოდეს არ გვიფიქრია პრივილეგიაზე არც მე და არც ჩემს ძმას, არც არასოდეს არ გვისარგებლია მისი სახელით. როდესაც ადამიანები იგებდნენ, რომ ინოლა გურგულიას შვილი ვარ, მათზე ეს ახდენდა გარკვეულ ზეგავლენას, თუმცა მე ყოველთვის ვცდილობდი, ეს არ გამოჩენილიყო. სულ მინდოდა, რომ ჩემით მეკეთებინა ყველაფერი და ვყოფილიყავი ია და არა ინოლას შვილი. თან ამ ყველაფერს გამუდმებით თან სდევდა, რომ რაღაცნაირად მიცოდებდნენ და ეს ძალიან მაწუხებდა. სულ მქონდა პროტესტი, რომ არ ვარ საწყალი.
მსურდა, რომ ინოლას გამო კი არ მქონოდა რაიმე, ჩემ გამო მქონოდა. დღეს მგონია, რომ დადგა ეს დრო, როდესაც მსახიობი ია შუღლიაშვილი ვარ და არა ინოლა გურგულიას შვილი.
როგორია დღეს თქვენი საქმიანი და პირადი ცხოვრება?
საკმაოდ დატვირთული და საინტერესო ცხოვრება მაქვს, ხანდახან კი ვწუწუნებ ხოლმე, ვიღლები-მეთქი, მაგრამ რაც უფრო დაკავებული ვარ, უფრო მეტს ვასწრებ, ვმუშაობ მარჯანიშვილის თეატრში და, რაც მთავარია, პირველ რიგში, ვარ ბებია. მყავს ორი არაჩვეულებრივი შვილიშვილი და ძალიან ვარ ჩართული მათ მუსიკალურ აღზრდაში.
დაბოლოს, რა არის ყველაზე მთავარი, რაც დედამ დაგიტოვათ, რაც ასევე, გინდათ, რომ თქვენს შვილებს გადასცეთ?
ეს მე უნებლიეთ გამომდის, გენეტიკურად ხდება ასე, რომ ისევ და ისევ ადამიანების სიყვარულს ვდებ ჩემს შვილებსა და შვილიშვილებში.
ყველაზე სანუკვარი და მთავარი კი, რაც არის, ესაა ინოლას შემოქმედება, რომელიც არ უნდა დაიკარგოს. ჩვენ სულ ვცდილობთ, საიუბილეო დღეებში პატარა საღამოები მაინც მოვაწყოთ მის გასახსენებლად. უამრავი მასალა დაგვიტოვა. ესაა სიმღერები, პოეზია, თარგმანები. ინოლას შემოქმედება ისეთია, რომ ყველასთვის, ყველა თაობისთვის სასიამოვნოდ მოსასმენია. რაღაცნაირად ღიმილიან-სევდიანი, ღრმა და სავსე.
ჩვენ, შვილებმა ვიზრუნეთ და აქამდე მოვიტანეთ, მომავალში შთამომავლებმა უნდა იზრუნონ და გაუფრთხილდნენ. ბოლოს და ბოლოს, მან ხომ თავად დაგვიბარა, იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ სულ ცოცხალი ვიყოო.
ტექსტი: სალომე სიხარულიძე
ფოტო: მაკა მეგრელიძე, პირადი არქივიდან