ჟურნალი OK!-ის გმირი წარმატებული, თავისი საქმის პროფესიონალი და ძლიერი ქალბატონი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი და ოთხი შვილის დედა, მანანა ქოჩიაშვილია, რომელიც თავისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების განმავლობაში უამრავ უშვილო წყვილს დაეხმარა და აჩუქა ყველაზე დიდი ბედნიერება, რასაც მშობლობა ჰქვია. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც უკეთ გაგაცნობთ ჩვენს გმირს და მის ცხოვრებისეულ გამოცდილებებს.
ქალბატონო მანანა, რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში პროფესიულ საქმიანობას?
ჩემი პროფესიული საქმიანობა ცხოვრების აზრსა და მოტივაციასთან ასოცირდება. ღმერთმა მომცა შესაძლებლობა, დავეხმარო უშვილო წყვილებს და გავხადო ისინი ბედნიერები.
24 წლისას უკვე სამი შვილი მყავდა და ეს ბედნიერება ძალიან ახალგაზრდამ გამოვცადე. ამ დროს საქართველოში პოლიტიკურად უმძიმესი მდგომარეობა იყო, თუმცა ჩემს შვილებზე ზრუნვა მინეიტრალებდა იმ რთულ სიტუაციას. მეოთხე შვილი 42 წლისამ გავაჩინე, როდესაც უფროსი უკვე 20 წლის იყო.
პირველად როდის გაგიჩნდათ ინტერესი სამედიცინო სფეროს მიმართ და რატომ კონკრეტულად რეპროდუქტოლოგია?
ჩემს პროფესიულ არჩევანზე დიდი გავლენა იქონია დედაჩემის დაჟინებულმა თხოვნამ. ბავშვობაში არაჩვეულებრივად ვწერდი თავისუფალ თემებს, მქონდა კარგი გადმოცემის უნარი, დავდიოდი მხატვრულ კითხვაზე, ასევე მინიატიურების თეატრში, სადაც ვმონაწილეობდი ძალიან ბევრ სპექტაკლში. ჩემი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, მამას სურდა, ჟურნალისტი გამოვსულიყავი, თუმცა დედა ყოველთვის მთხოვდა, რომ ექიმის პროფესია ამერჩია. საბოლოოდ კი ხედავთ, საითაც წავიდა ჩემი ინტერესი.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი წარმატების მიზეზი იყო ის, რომ მოვხვდი ბატონ რამაზ ჩარექიშვილთან, ვისთანაც ვეზიარე ნამდვილი რეპროდუქციული მედიცინის მიღწევებს.
როდის გაგიჩნდათ ინტერესი უშუალოდ მეან-გინეკოლოგიის მიმართ?
საბოლოოდ, როდესაც ინსტიტუტს ვამთავრებდი, ავირჩიე მეან-გინეკოლოგია და ათი წლის შემდეგ მოვხვდი ერთ-ერთ რეპროდუქციულ ცენტრში, სადაც ჩემი საქმიანობა საკმაოდ კარგად წარიმართა. ვფიქრობ, შემთხვევით არაფერი ხდება ცხოვრებაში, და არც ჩემი პროფესიული მიმართულება ყოფილა შემთხვევითი.
რას ურჩევთ უშვილო წყვილებს და უშუალოდ ქალბატონებს, რა ასაკიდან მიმართონ რეპროდუქტოლოგს შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად?
ქალბატონების ყველაზე დიდი ცხოვრებისეული შეცდომა ის არის, რომ თავის დროზე არ აჩენენ შვილებს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერი დაგეგმილად არ ხდება ცხოვრებაში.
35 წლის ზემოთ ქალის კვერცხუჯრედის რეზერვის ხარისხი კლებულობს და აღარ აქვს განაყოფიერების უნარი. მამაკაცს სიცოცხლის ბოლომდე შეუძლია იყოლიოს შვილი, მანამ, სანამ შეუძლია ჰქონდეს სქესობრივი კონტაქტი და მისი სპერმით შესაძლებელია ქალი დაორსულდეს, ქალის შემთხვევაში კი ასე არაა. 42-43 წლის შემდეგ ძალიან რთულია და ერთეული შემთხვევებია, როდესაც ქალი ბუნებრივი გზით ორსულდება.
საბედნიეროდ, რეპროდუქციული გზით განაყოფიერების ძალიან დიდი და კარგი გამოცდილება გვაქვს საქართველოში. უშვილობის უამრავი პრობლემა გადავჭერით რეპროდუქტოლოგიის გამოყენებით, კერძოდ, ხელოვნური განაყოფიერებით. პაციენტს, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს ბუნებრივი გზით დაორსულების, შეუძლია ინვიტრო განაყოფიერებით იყოლიოს შვილი, რაც ძალიან დიდი მიღწევაა სამედიცინო სფეროსი.
თქვენ ხართ „მედია გლობალჯგუფის“ რჩეული ექიმი-რეპდოდუქტოლოგი. რას ნიშნავს ეს წოდება თქვენთვის?
გავკადნიერდები და გეტყვით, რომ იყო „მედია გლობალჯგუფის“ რჩეული ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ჩემთვის ერთობ მნიშვნელოვანი და საპატიო წოდებაა, რაც მაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, ბევრ უშვილო წყვილს დავეხმარო საქართველოში.
მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, თავად 4 შვილის დედა ხართ…
მოტივაციას მაძლევს ჩემი ოჯახი, ჩემი ოთხი შვილი, ხუთი შვილიშვილი, მეუღლე მერაბ თევზაძე, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა, რომ ჩემს სფეროში წარმატებისთვის მიმეღწია და ამას ჩვენ ვაკეთებდით ერთად, რადგან ძალიან ახალგაზრდები შევუღლდით. როდესაც სტუდენტი ვიყავი, მისი როლი ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შვილებზე ზუსტად ისევე ეზრუნა, როგორც მე. ამასთან ერთად, როგორ უკვე აღვნიშნე, სრულიად მოულოდნელად, 42 წლისა მეოთხე შვილის მშობლები გავხდით.
მეოთხე შვილის გაჩენამდე ძალიან საინტერესო ამბავი შეგვემთხვა, ოჯახით მოვყევი ავარიაში. მადლობა ღმერთს, ყველა ჩვენგანი გადავრჩით, მაგრამ მე მივიღე ძალიან მძიმე ტრამვა, რომლის შედეგადაც დღესაც მიჭირს გადაადგილება. მიუხედავად ამისა, ერთი დღე არ დავმჯდარვარ სახლში, ორი წელი ინვალიდის ეტლით მომიწია გადაადგილებამ და ჯანმრთელობის პრობლემების გამო თითქმის ჩამოვცილდი საქმიანობას, მაგრამ როგორც კი შედარებით უკეთ ვიგრძენი თავი, დავუბრუნდი ჩემს პროფესიას. გავიკეთე საკმაოდ ბევრი ოპერაცია და ზუსტად ამ დროს გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ეს გახდა ჩემი მოტივაცია, რომ ჩემი პაციენტებისთვის ბიძგი მიმეცა. მეოთხე შვილის შეძენისას ჩემი სამი შვილი უკვე დიდები იყვნენ და დიდი მზრუნველობა გამოიჩინეს მის აღზრდაში. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ძალიან ლაღი და ხალისიანი ბავშვი გაზრდილიყო.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, მსურს დავეხმარო კიდევ უფრო ბევრ წყვილს. მივაგნო იმ მეთოდებს, რომელიც ჯერ კიდევ ამოუცნობია რეპროდუქციულ მედიცინაში. გარდა ამისა, მსურს გავზარდო ბევრი პროფესიონალი ექიმი. ამჟამად მყავს სამი ექიმი, რომლებიც ჩემ გვერდით მუშაობენ და მათ მთლიანად გადავცემ ჩემს გამოცდილებას.
დღეს ბევრი ჩემი პაციენტის, რომელსაც დავეხმარე უშვილობის პრობლემის მოგვარებაში, შვილის ნათლია ვარ, რაც რასაკვირველია, მაბედნიერებს, თან უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მაქვს გადატანილი ავარიით დაწყებული, ონკოლოგიით დასრულებული, მივხვდი, რომ როდესაც რაღაცისთვის იბრძვი, შეგიძლია დაამარცხო. არ მესმის იმ პაციენტების, რომლებიც მეუბნებიან, რომ ორი-სამი უშედეგო ინვიტრო განაყოფიერების შემდეგ ბრძოლას წყვეტენ. ვცდილობ ვიყო მათი ფსიქოლოგიც და ჩემი გამოცდილება გავუზიარო. რადგან მე ონკოლოგია დავამარცხე ქიმიოთერაპიების დახმარებით, ბრძოლა ყოველთვის ღირს და მოაქვს შედეგი. იბრძოლეთ და აუცილებლად გაიმარჯვებთ. მთავარია განწყობა და ყველაფერი გამოვა.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი