განქორწინებული წყვილი, რომელიც მიემგზავრება ბალიზე, რომ იხსნან თავიანთი
ქალიშვილი იმ შეცდომისგან, რომელიც მათ 25 წლის წინ დაუშვეს. 2022 წლის ერთ-ერთი
ყველაზე გახმაურებული რომანტიკული კომედია ბევრ სხვა მიზეზთან ერთად
განსაკუთრებული იმითაა, რომ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები ჯორჯ
კლუნი და ჯულია რობერტსი პარალელურად არიან ფილმის აღმასრულებელი
პროდიუსერები. წარმოგიდგენთ ფილმის დეტალებს და გადაღებებთან დაკავშირებულ
სახალისო მომენტებს, რომლებზეც ჯორჯმა და ჯულიამ ახალ ინტერვიუში გულახდილად
ისაუბრეს.
როდესაც კითხულობდით ფილმ Ticket to Paradise-ის სცენარს, გყავდათ თუ არა ერთმანეთი
პარტნიორებად მხედველობაში?
ჯორჯ კლუნი: როდესაც გამომიგზავნეს სცენარი, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემთვისა და
ჯულიასთვის იყო დაწერილი. სინამდვილეში, პერსონაჟების სახელები პირველად იყო ჯულიანი
და ჯორჯია. რომანტიკულ კომედიაში 1996 წლის შემდეგ, ფილმ One Fine Day-ის შემდეგ არ მიმიღია
მონაწილეობა. ჯულიასავით გამოცდილი არ ვარ ამ მიმართულებით, მაგრამ, როგორც კი წავიკითხე
სცენარი, ვიფიქრე: „თუ ჯულია თანახმაა, მაშინ მეც დავფიქრდები“.
ჯულია რობერტსი: მართალია, ჩვენს შორის არსებული ქიმია ეკრანზე მართლაც განსხვავებულია,
ჩვენ დიდხნიანი მეგობრობა გვაკავშირებს, რის შესახებაც თითქმის ყველამ იცის. ასევე, მე და
ჯორჯი ვგრძნობდით დიდ ბედნიერებასა და ასევე პასუხისმგებლობას, რადგან რომანტიკულ
კომედიაში ვიღებდით მონაწილეობას. ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს ძალიან ბევრი
რამის გადატანა მოუწია, ასე რომ ჩვენთვის ეს მცირედიც კი სასიამოვნოა, მივანიჭოთ ადამიანებს
ორ საათიანი ბედნიერება, რადგან განიტვირთონ და ცოტახნით გარშემო მიმდინარე მოვლენები
დაივიწყონ.
მართალია ის, რომ თქვენ ერთმანეთს Ocean’s Eleven-ის გადაღებებამდე არ იცნობდით?
ჯულია: ყველაზე სახალისო ჯორჯთან შეხვედრისას იყო ის, რომ პრესას უკვე გარკვეული
წარმოდგენა ჰქონდა ჩვენზე შექმნილი და უკვე დიდი ხნის მეგობრებად მოგვიხსენიებდნენ.
ჯორჯი: ჯულია ყოველთვის მიზიდავდა, ჩვენს შორის არსებობს რაღაც განსხვავებული კავშირი,
ბევრი მიზეზი მაქვს ამისთვის, ერთ-ერთი არის ის, რომ ჯულია ყოველთვის იყო კინოს დიდებული
ვარსკვლავი, მაგრამ არასდროს მიაჩნდა საკუთარი თავი თითოეული როლისთვის შესაფერისად
კარგად, ის ძალიან ჰუმანურია და თავმდაბალი. ძალიან ნიჭიერი მსახიობია, ძალიან ბევრს
შრომობს და ცდილობს იყოს ყოველ ჯერზე უკეთესი, თუმცა, ამ შრომაზე თითქმის არასდროს
საუბრობს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდებული თვისებაა, რასაც ადამიანში ვაფასებ.
თქვენ ყველაფერთან ერთად ხართ ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები. ჯულიას
განსაკუთრებით დიდი გამოცდილება აქვს რომანტიკულ კომედიებში მონაწილეობის, თქვენი
აზრით ეს ფილმი რითი განსხვავდება სხვა დანარჩენებისგან?
ჯულია: ეს არის ჟანრი, რომელში მონაწილეობაც ძალიან მიყვარს, ასევე უბრალოდ ყურებაც.
თითქოს ძალიან მარტივია ასეთუ ფილმების გადაღება, მაგრამ არის რაღაც, რაც მათ ძალიან
განსაკუთრებულს ხდის, საკითხავია, როგორ უნდა განვსაზღვროთ, მოეწონებათ თუ არა
ადამიანებს მომდევნო მსგავსი ფილმი?
ნუთუ გასცა ამ კითხვებს ჰოლივუდმა პასუხი? წლების განმავლობაში გაცილებით უფრო ნაკლები
რომანტიკული კომედია იქმნება, ვიდრე აქამდე იყო. ვფიქრობ, ჩვენ არ ვაფასებდით ამ ჟანრის
ფილმებს ადრე, ხშირად ვერ ვხვდებით, რამხელა შრომაა ჩადებული იმ ერთ და ორ საათში,
რომელსაც მაყურებელი ასე ხალისიანად ატარებს.
როდესაც Ticket to Paradise-ის სცენარს ვკითხულობდი სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ
გათვალისწინებული იყო ჩვენი ასაკი, ხუმრობებს ჰქონდა თავისი აზრი და ჩვენ გვესმოდა ისინი.
დავინახე პერსონაჟები და ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში მოუწიათ გარკვეული
სირთულეების გადატანა, მაგრამ მაინც არ დაყარეს ფარხმალი. ადამიანებს სწორედ
გულახდილობის დანახვა უნდათ ასეთ ფილმებში.
გადაღებების დროს მომხდარ რომელიმე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდით?
ჯორჯი: სანამ უშუალოდ ფილმზე გადავალ, მინდა გავიხსენო კარიერის დასაწყისში, ერთ-ერთ
ფილმში გოგონასთან კოცნის სცენა მქონდა და მახსოვს რეჟისორმა მითხრა: „ასე არ უნდა აკოცო,
ჩვენ სხვა რამ გვინდა“. მე კი გამეცინა და ვუთხარი: „ეს ხომ ჩემი მოძრაობაა, მე ასე ვიცი კოცნა
რეალურ ცხოვრებაშიც". სწორედ მსგავსი სიტუაცია იყო ამ ფილმის გადაღებების დროს, მე და
ჯულია საშინლად ვცეკვავთ და ყველას სხვადასხვანაირი მოსაზრება ჰქონდა, როგორ უნდა
შეგვესრულებინა მოქმედება.
ფილმის გადაღებები ავსტრალიაში მიმდინარეობდა, როგორ ატარებდით თავისუფალ დროს?
ჯორჯი: ჩვენ დავიწყეთ ჰემილტონის კუნძულზე, სადაც შესანიშნავი გარემო იყო. ჩვენი სახლი
ჯულიას სახლთან ძალიან ახლოს იყო და თითქმის ყოველ დილა ჩემს მეუღლესთან და
შვილებთან ერთდ ჯულია ყავას სვამდა, ჩვენ ძალიან ვიხალისეთ გადაღებების დროს.
ჯულია: კლუნების ოჯახმა მე გადამარჩინა, იმ მოწყენილობისა და მარტოობისგან რომელიც მე იქ
მელოდა. თითქოს რაღაც ბუშტში ვიყავით, ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი დრო, რომელიც მე
ოჯახისგან მოშორებით გავატარე. მგონი, 25 წლის რომ ვიყავი, მას შემდეგ ამდენი დრო საკუთარ
თავთან პირველად გავატარე.