ქართული OK! წარმოგიდგენთ ნიჭიერ მხატვარს, ილუსტრატორსა და სტრიტ არტისტს, გიორგი გამეზარდაშვილს, იგივე GAMEZA-ს, რომლის განსაკუთრებულ და გამორჩეულ შემოქმედებით ხელწერას ერთხელ თუ შეავლებთ თვალს, შემდეგ არასდროს არავისში აგერევათ. გამეზამ ექსკლუზიურად ჩვენი ჟურნალისთვის შექმნა თებერვლის ნომრის მთავარი თემის – პროპაგანდის საზოგადოებაზე გავლენის ირგვლივ ძალიან საინტერესო, სახასიათო და, რაც მთავარია, მკაფიო შინაარსის მქონე პოსტერი. გთავაზობთ გამეზასთან ინტერვიუს.
თქვენს საქმიანობაზე გვესაუბრეთ. თქვენ ხართ მხატვარი, სტრიტ არტისტი, ილუსტრატორი, ასევე, ანიმატორი, საკმაოდ ბევრი მიმართულებით შემოქმედებითად დატვირთული ადამიანი.
კი, მხატვრობა მოიცავს ყველაფერს. დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, რომელსაც ჰქონდა ასეთი განხრა – მონუმენტური მოხატვა, რაც გულისხმობს კედლის მხატვრობას. აქედან წამოვიდა სტრიტ არტით ჩემი დაინტერესება.
რომელი იყო თქვენი პირველი სტრიტ არტი?
სკოლის დერეფნებში მოხატული კედლები, რომლის გამოც სულ გვეჩხუბებოდნენ, მაგრამ არ ვნებდებოდი, ვაგრძელებდი ხატვას და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ეს ჩემი ბუნებრივი მოწოდება აღმოჩნდა და არა გართობა, შემდეგ კი იქცა პროფესიად. ილუსტრაციები ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც აქტიურად ვსაქმიანობ. ეს არის წიგნის კლასიკური ილუსტრაციები, ასევე, დიჯიტალ ილუსტრაციები ონლაინგამოცემებისა და სხვადასხვა არხისთვის. ბევრნაირ პროექტზე მიმუშავია, როგორც ბეჭდურზე, ასევე, ანიმაციის მიმართულებით.
თქვენ დიდი კონტრიბუცია შეიტანეთ პოპულარული ქართული ანიმაციის, „დავითას“ შექმნაში. როგორი იყო ანიმაციაზე მუშაობა?
ანიმაცია კიდევ სხვა რამეა. ამას სჭირდება შეკრული ჯგუფი, გაწერილი ფუნქციები, თითოეული ეტაპის კარგად ორგანიზება და შემდეგ ყველა თავის საქმეს აკეთებს. ქარხანასავით აწყობილი სისტემაა. ძალიან მაგარი გამოცდილებაა ჩემთვის ანიმაციაზე მუშაობა. სულ სხვა ემოციაა, როცა მზა მასალას უყურებ და საერთოდ სხვა გამოცდილებაა, როცა ამას თავად აკეთებ. სცენარისტი ან რეჟისორი პერსონაჟებს აღწერენ, ხოლო მხატვრის მოვალეობაა მისი ვიზუალიზაცია, იმ ვიზუალური ხასიათის მიგნება, რომელიც შინაარსს შეესაბამება. პროცესი შეიძლება იყოს მარტივი და შეიძლება 2 თვე დაგჭირდეს, რომ ზუსტ სახეს მიაგნო. ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავ.
რა განიჭებთ თქვენს საქმეში ყველაზე დიდ სიამოვნებას?
მრავალფეროვნება. ის, რომ არასდროს არის პროცესი ერთნაირი. ჩემი საქმის ყველა მიმართულებაში მოცემულობა და ემოციური განწყობა სულ სხვადასხვაა და, შესაბამისად, მუშაობის პროცესიც მრავალფეროვანია. ეს არის მიზეზი, რატომაც არასდროს მბეზრდება.
სხვა რომელ სფეროში წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?
რა თქმა უნდა, სპორტში, რომელიც ისედაც არის ჩემს საქმეში. სპორტი სტრიტ არტის განუყოფელი ნაწილია. კალათბურთს, ველოსპორტს და ჩოგბურთს მივყვები და ეს ყველაფერი ერთიანდება კედლის მხატვრობაში, მასთან მჭიდრო კავშირშია. კედლის მოხატვის დროს ფიზიკური დატვირთვა დიდია, ხან სირბილი გიწევს, ხან აძრომა, ხან ხტომა, შესაბამისად, სპორტულ ფორმაში ყოფნა აუცილებელია.
რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება, მიზანი?
ამაზე მიფიქრია და არ მაქვს ასეთი ოცნება. ჩემი საქმიანი ცხოვრება უკვე მაბედნიერებს. ოცნებები აღარ მაქვს, რადგან ყოველდღიურად ხდება ჩემი ოცნება ჩემი საქმიანობით. ცალკე სიამოვნებაა, როცა ვინმეს ვასწავლი. ვატარებ ხოლმე მასტერკლასებს და ვფიქრობ სტუდიის გაკეთებაზე. ჩემი სამომავლო გეგმა ესაა – არტ სტუდია, სადაც მოვლენ ადამიანები და მათ გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას. მთავარია, გიყვარდეს შენი საქმე და ის, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის გააკეთო. მაშინ ხარ ყველაზე მართალი და სხვასაც, ალბათ, ამ გულწრფელობის გამო მოეწონები.
გამოფენის გამართვას ხომ არ გეგმავთ?
მინდა, მაგრამ არა გამოფენა გამოფენისთვის. თუ გავაკეთებ, ეს იქნება კარგი შოუ, შინაარსობრივად უფრო დატვირთული, ღონისძიების სახით. გამოფენის მოწყობა შეიძლება ჩემს ჯგუფთან ერთად, რომელსაც მომავალში სტუდიაში ავიყვან. მე კლასიკური გაგებით გალერისტი ტიპაჟი არ ვარ.
ჩვენი ნომრის მთავარი თემაა პროპაგანდის გავლენა საზოგადოებაზე. თქვენ არაჩვეულებრივი პოსტერი შექმენით ამ თემაზე ქართული OK!-თვის.
უსინათლო ვანგასა და ამ თემას შორის გავავლე პარალელი და მომეწონა, სიმპსონების თემაც დავაინტეგრირე. ვანგა აფრთხილებს საზოგადოებას, რომ არ მოექცნენ ნეგატიური პროპაგანდის გავლენის ქვეშ. მგონი, მართლა კარგი გამოვიდა.
თქვენ როგორ აღიქვამთ პროპაგანდის გავლენას საზოგადოებაზე და რას ფიქრობთ, როგორ უნდა შევამციროთ ეს გავლენა?
პროპაგანდა ძალიან რთული თემაა. ჯანსაღი კომუნიკაცია და აზრთა სხვადასხვაობის მიმღებლობა და გაანალიზება არის გამოსავალი, რომ არ მოვექცეთ პროპაგანდის გავლენის ქვეშ. მნიშვნელოვანია კომუნიკაცია არამხოლოდ თანამოაზრეებთან. მე გამიმართლა, რომ ჯანსაღი აზროვნების მქონე ხალხთან მაქვს კომუნიკაცია, ასეთი განცდა მაქვს. ტელევიზორს არასდროს ვუყურებ. მეტისმეტად დიდ ადგილს იკავებს, მითუმეტეს, რომ ღირებულს ვერაფერს მიიღებ მისგან. არც ფილმების ცქერა მიზიდავდა ოდესმე. ჩემთვის ერთ ფილმზე დახარჯული ორი საათი დაკარგული დროა. მირჩევნია, საკუთარ ფილმში ვმონაწილეობდე, რეალურ ყოფასა შინა. ინფორმაციას ვიღებ ონლაინარხებიდან, ჩემთვის სანდო ადამიანებისგან. მნიშვნელოვანია, სწორი კრიტერიუმით აირჩიო ის არხი, საიდანაც სანდო ინფორმაციას მიიღებ და მიღებული ინფორმაცია რამდენიმე წყაროში გადაამოწმო. რეალობა ისაა, რომ მუდმივად პროპაგანდის გავლენის ქვეშ ვართ და ძალიან რთულია სიმართლის მიგნება.
საინფორმაციო წყარების გარდა, დიდ როლს თამაშობს ამ მხრივ ვიზუალიზაცია – პროპაგანდისტული ფოტო, ვიდეო, სიმბოლიკა, პოსტერი, ისტორიულად კინო იყო პროპაგანდის უდიდესი მექანიზმი. ამ ეპოქაში გადამწყვეტია ვიზუალი, რომელიც, პირველ რიგში, იტაცებს ადამიანის ყურადღებას, სანამ ინფორმაციის გაცნობას დაიწყებს. პროპაგანდა სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული მექანიზმებითა და ფორმულებით მუშაობს და გვინდა თუ არ გვინდა, ყველანი მისი გავლენის ქვეშ ვართ. ძალიან მაგარია, თუ გამოგვდის ამ გავლენისგან თავის დაღწევა. დიდად არასდროს მაინტერესებდა „ბუმბერაზ კლასიკოსთა“ თვალიერება და მათი ნამუშევრების დეტალურად შესწავლა, ვგულისხმობ მსოფლიოში ცნობილ მხატვრებს თუ ხელოვანებს. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მათი გავლენის ქვეშ მოქცევა არ მსურდა და ამიტომაც ხდებოდა ასე. შეიძლება ამიტომაც მაქვს ჩემი ხელწერა და ნიშა, რისთვისაც მჭირდება მხოლოდ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება: მოგზაურობა, კომუნიკაცია, ბოდიალი, წინაღობა, წარმატება, ერთი სიტყვით – პროცესი, მუდმივი და განუწყვეტელი. ვფიქრობ, ეს არის კარგი გზა თვითშემეცნებისკენ, თვითშეუმეცნებლად კი განა აქვს რამეს აზრი?
მთავარია საყვარელი საქმის სიმართლით კეთება, ასე სხვისთვისაც უფრო გასაგები და მისაღები ხდება იდეა თუ ვიზუალი. ჩემს ამ დამოკიდებულებას რაღაცნაირად ვაკავშირებ იმ თემასთან, რაზეც ვლაპარაკობთ. თუმცა, ჩემს შემთხვევაში ტექნიკაზე, სტილზე გავლენის მოხდენას ვგულისხმობ, პროპაგანდის ნაწილში კი იდეოლოგიურ დონეზე საზოგადოების შეცვლაზეა საუბარი, გაცილებით სერიოზულ მასშტაბებზე. აუცილებლად უნდა ავირიდოთ არასაჭირო ინფორმაცია.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი