2022 წელი დასასრულს უახლოვდება, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების
მიუხედავად, მოდის ინდუსტრიამ მოახერხა და მიმდინარე წელი ახალ 2023 წელს
მაინც ბევრი ინოვაციური, საინტერესო და მრავალფეროვანი სიახლეებით
უახლოვდება.
სანამ უშუალოდ უცხოურ სიახლეებზე გადავალთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ
მოდის ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავის მატილდა გვარლიანის მნიშვნელოვანი
მიღწევები. 2022 წელი ქართველი მოდელისთვის ეგზომ წარმატებული აღმოჩნდა.
მატილდა 2022 წელს მაღალი მოდის ისეთი ბრენდების გაზაფხული/ზაფხულის
კოლექციების ჩვენებებზე გამოვიდა, როგორებიცაა Fendi, Dolce&Gabbana, Chanel,
Ralph Lauren, Louis Vuitton და სხვები.
ამასთან ერთად მატილდა გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც Zara-ს ახალი კამპანიის ფარგლებში ლეგენდარული ფოტოგრაფის სტივენ მეისელის ობიექტივში მოექცა. მოდის ინდუსტრიის ამომავალი
ვარსკვლავი სეზონის ბოლოს Models.com-მა ტოპ ახალბედა სახეებს შორის
დაასახელა.
მატილდა ასევე გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Vogue-ის გარეკანი დაამშვენა.
როდესაც საქმე მოდის ინდუსტრიაში მომუშავე წარმატებულ ქართველებს ეხებათ,
აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საერთაშორისოდ აღიარებული დიზაინერი და
“ბალენსიაგას” მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია, რომელიც
ექსცენტრიული ხედვით, რევოლუციური იდეებითა და სენსაციური კოლექციებით
მოდის ინდუსტრიის მწვერვალებს იპყრობს. გასული წლების განმავლობაში Lyst
Index-ის სიაში თუ ყოველთვის “გუჩი” ლიდერობდა, დემნა გვასალიამ თავისი
შემოქმედებით მოახერხა იმდენი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე
განხილვადი ბრენდების ჩამონათვალში პირველ ადგილს “ბალენსიაგა” იკავებს.
როდესაც წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს ვაჯამებთ არ შეიძლება არ
შევეხოთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და მოდის ინდუსტრიის რეაქციას
ომის პარალელურად განვითარებულ ქმედებებზე. ერთ-ერთი პირველი დიზაინერი,
რომელმაც საკუთარი ჩვენება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დაუთმო და
რუსეთის აგრესიაზე ღიად ისაუბრა, საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი
დიზაინერი და Balenciaga-ს მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია
გახლდათ. ბალენსიაგას“ 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის READY-TO-WEAR
კოლექციის ჩვენებაზე მისულ მაყურებელს ადგილებზე უკრაინის დროშის ფერებში
გაწყობილი მაისურები და თავად დემნა გვასალიას მიერ დაწერილი ემოციური
წერილი დახვდათ.
კიდევ ერთი მნიშნელოვანი მომენტი “ბალენსიაგას” მოდის სახლისთვის 2022 წელს
იყო ეგრეთწოდებული “ტალახის შოუ”, როდესაც დემნა გვასალიამ 2023 წლის
გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება ბუნებრივი ტალახით სავსე დარბაზში
გამართა. ეს გახლდათ შოუ, რომელიც ქანიე უესტისთვის “ბალენსიაგას” მოდის
სახლთან თანამშრომლობაში ამჟამინდელი მონაცემებით უკანასკნელი აღმოჩნდა.
White Life Matters-ის მხარდაჭერის და გაბრიელა კაფერა-ჯონსონის სოციალურ
ქსელებში ბულინგის შემდეგ ქანიესთან თანამშრომლობა მაღალი მოდის ბრენდმა
“ბალენსიაგამ” საბოლოოდ გაწყვიტა. დემნა ქანიესთვის არამხოლოდ რიგითი
თანამშრომელი, არამედ მრავალწლიანი მეგობარი და პარტნიორი გახლდათ. გასული
წლების განმავლობაში არაერთხელ შედგა ვარსკვლავების კოლაბორაცია, ქართველმა
დიზაინერმა ამერიკელი რეპერის ალბომის Donda-ს კრეატიულ მიმართულებაზე
იმუშავა, რეპერი კი “ბალენსიაგას” ჩვენებაზეც კი გამოვიდა, თუმცა მოდა ისე, რომ
სოციალურ მედიაში გახმაურებული სკანდალის შემდეგ დემნა გვასალიამ ქანიე
უესტთან ყველანაირი თანამშრომლობა გაწყვიტა. “ბალენსიაგას” შემდგომ Vogue-მაც
მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება, რის შემდეგაც გავრცელდა ოფიციალური
ინფორმაცია, რომ ამერიკელ ბიზნესმენთან ყველაზე გავლენიანმა მოდურმა
გამოცემამ Vogue-მა შეწყვიტა თანამშრომლობა.
მიუხედავად ულევი წარმატებისა, 2022 წელი დემნასთვის სრულად წარმატებული მაინც ვერ აღმოჩნდა, ქართველი დიზაინერი გაეხვა უდიდეს სკანდალში, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოჩნდა.
ახალი კამპანია, რომელიც მოდის სახლისთვის ფოტოგრაფმა Gabriele Galimberti-მ გადაიღო არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ კონტენტს შეიცვას, კერძოდ ფოტოებში მცირეწლოვან ბავშვს სათამაშო დათვი უჭირავს, რომელსაც ეგრეთწოდებული “სექს სათამაშოები” იგივე BDSM (Bondage gear) აცვია.
“ბალენსიაგამ” მომხდარის გამო ბოდიში საჯაროდ მოიხადა და კამპანიის ყველა ფოტო წაშალა, თუმცა აღნიშნული სკანდალი ამით არ მთავრდება. არსებული ინფორმაციით, საქმე სასამართლომდე მივა.
ქანიე უესტის პარალელურად, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მისი ყოფილი მეუღლის,
ბიზნესვუმენისა და რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავის
კიმ კარდაშიანის წარმატებები მოდის ინდუსტრიაში. კიმის არაერთმა გარდასახვამ
ლეგენდარულ მერილინ მონროდ არაერთი კრიტიკოსის დადებითი გამოხმაურება
მოიპოვა.
როგორც იცით, ბიზნესვუმენმა “მეტ გალას” ღონისძიებისთვის 7 კილოგრამი დაიკლო
და მოდის ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებას მერილინ მონროს ბრილიანტებით
მორთული კაბით დაესწრო, რომელიც მსახიობს 1962 წელს სიმღერა Happy Birthday,
Mr. President-ის შესრულების დროს ეცვა. მიუხედავად დიდი მონდომებისა და 3
კვირიანი დიეტისა, მერილინ მონროს ლეგენდარული კაბა კიმ კარდაშიანისთვის
მაინც პატარა აღმოჩნდა, რის შედეგადაც ჩაცმის დროს ის არაერთხელ დაზიანდა. რა
თქმა უნდა, აღნიშნულ მოვლენას საზოგადოებაში უკმაყოფილებისა და ხმაურის
გარეშე არ ჩაუვლია.
2023 წელი ასევე ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ამერიკელი მსახიობის ტიმოთი
შალამესათვის. ვარსკვლავი, რომელმაც უკვე ბევრი სტერეოტიპი დაამსხვრია და
ასაკთან შედარებით საკმაოდ ბევრს მიაღია. ტიმოთი შალამემ საყოველთაო აღიარება
არამხოლოდ უნიკალური შესრულებით, ყველასგან განსხვავებული გარეგნობითა და
გამორჩეული პიროვნული მახასიათებლებით მოიპოვა, არამედ ის არის მამაკაცი,
რომელიც სტილის ექსცენტრული შეგრძნების გამო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ
ყველაზე გავლენიან პიროვნებად ითვლება.
სწორედ ამიტომაც, მან შეძლო და გახდა პირველი მამაკაცი ბრიტანული Vogue-ის 106
წლიან ისტორიაში, რომელმაც გავლენიანი გამოცემის სოლო გარეკანი დაამშვენა.
ბელა ჰადიდი 2022 წლის საუკეთესო მოდელად დასახელდა.
2022 წლის ჩვენებებზე ბელა ჰადიდი მაყურებელმა ყველაზე ხშირად იხილა. საზოგადოება მას როგორც მაღალი მოდის ჩვენებებზე და კამპანიებში ასევე გავლენიანი ფოტოგრაფების ობიექტივში და ყველაზე გაყიდვადი ჟურნალების გარეკნებზე ხედავდა. მოდელის გასული წლების შრომა დაუფასდა და ბრიტანული მოდის დაჯილდოებაზე წლის მოდელი გახდა.
დადებით სიახლეებთან ერთად მნიშვნელოვანია გავიხსენოთ 2022 წლის დიდი
დანაკლისები, ერთ-ერთია რევოლუციური იაპონელი მოდის დიზაინერი – ისი მიაკი,
რომელიც 84 წლის ასაკშიგარდაიცვალა.
ისი საქვეყნოდ იყო ცნობილი თავისი
ინოვაციური სტილით და ყველას განგამორჩეული სუნამოებით. მიაკიმ შექმნა მოდის
გლობალური ბრენდი.
ისი განვლილი წლების განმავლობაში ასევე ცნობილი იყო
როგორც ტრადიციულ ასევე თანამედროვე დიზაინერებთან თანამშრომლობით.
მოდის ინდუსტრიამ წელს 73 წლის ასაკში დაკარგა უდიდესი ფრანგი ლეგენდა –
თიერი მუგლერი, რომლის ესთეტიკური თვითმყოფადობაც გახდა ფუტურისტული
დიზაინის და ყოვლისშემძლე ქალის სინონიმი. ადამიანი, რომლის ნამუშევრები
ხელოვნების ნიმუშებად იქცა…
დიზაინერი, რომელიც დივებს, ქალღმერთებს და
პრიმადონებს ეგზოტიკურ ქმნილებებად, ეროტიკულ ენიგმებად და ფანტასტიკურ
არქეტიპებად აქცევდა. მისი დიზაინით შექმნილი სამოსი არაერთხელ მოირგეს
თანამედროვე ეპოქაშიც კი ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც ირინა შეიკი, კიმ
კარდაშიანი, ბიონსე და ლედი გაგა არიან.