უსმენ მას და ხვდები, ადამიანის ამქვეყნად მოსვლის ფუნდამენტური მისია, იყო თავისუფალი, გიყვარდეს გულწრფელად და შენი არსებობით სიკეთე მოუტანო ადამიანებს, სრულად აქვს გააზრებული. მიაჩნია, რომ თუ გულწრფელობაა შენი მეგზური, გზა, რომელსაც ადგახარ, აუცილებლად მიგიყვანს ტაძართან. „იყო დრო, ხარაჩოზე მეძინა, ხატის წერისას გეძლევა ძალა, რომელიც შეუძლებელს შეგაძლებინებს“, -ამბობს „OK! ბათუმის“ სტუმარი – ხატმწერი, სამშენებლო კომპანია „ტექტო ჯგუფის“ დამფუძნებელი, ერეკლე ქაჯაია, რომლის ყოველდღიური ფიქრი უკეთესი ქვეყნის შენების სამსახურში ყოფნაა. სამშენებლო ბიზნესში გამოჩენისთანავე მოიპოვა საზოგადოების ნდობა, ამის მიზეზი კი, როგორც თავად ამბობს, ძალიან მარტივია, იყო ის, ვინც ხარ და ადამიანებს გაუკეთო იმაზე მეტი, ვიდრე ელოდებიან. მისი ცხოვრებისეული მიზანი მეტი და მეტი კარგი საქმის კეთებაა, ახალგაზრდებისთვის სტიმულის მიცემაა, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მიიღონ ხარისხიანი განათლება და თავიანთი პროფესიონალიზმით გამოადგნენ ქვეყანას, ქალაქს, სოფელს.
როდის გააცნობიერეთ, რომ ხატვას დაუკავშირებდით მთელ ცხოვრებას…
პატარაობიდანვე ვხატავდი, მეორე კლასში უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ მხატვარი გამოვიდოდი. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთი კურიოზიც მახსენდება. მასწავლებელმა მთელ კლასს დაგვავალა დაგვეწერა თემა, მომავალში ვის რა პროფესია გვსურდა აგვერჩია. არ ვიცი რატომ, მაგრამ დავწერე, რომ ექიმობა მინდოდა, ადამიანების დახმარება და გადარჩენა. მასწავლებელმა თემა მომიწონა, შემაქო, თუმცა იქვე დასძინა, ექიმობა ძალიან კარგი პროფესიაა, მაგრამ ბევრი სწავლა სჭირდებაო. გამომდინარე იქიდან, რომ, ალბათ, როგორც ყველა ბავშვს, მეც მეზარებოდა სწავლა, იმწუთშივე გადავთქვი ექიმობაზე ფიქრი და ისევ მხატვრობაზე ფიქრს დავუბრუნდი. კიდევ ერთი ამბავი მახსენდება ძალიან ტკბილად, რომელმაც, შეიძლება ითქვას, დამარწმუნა იმაში, რომ მხატვრობა უბრალო გატაცება არ იყო ჩემთვის. ხატვის მასწავლებელმა, რომელიც სხვათა შორის ახლა ჩემს შვილსაც ასწავლის, ფიროსმანის „მეეზოვის“ ასლის დახატვა დაგვავალა. ისეთი მონდომებით შევასრულე დავალება, მასწავლებელს ძალიან მოეწონა, ჭიკარტით დაფაზე გამოაკრა ჩემი ნახატი და თქვა „აი, ეს არის შესრულება და სწორი გადახატვა“ . ისეთი სტიმული მომცა მისმა სიტყვებმა, თითქოს იმ დღის შემდეგ საკუთარ თავში მეტად გამიმტკიცდა მხატვრობისადმი სიყვარული. 12 წლის ვიყავი, როდესაც პირველი ხატი დავწერე, წმინდა გიორგის ხატი. ხატმწერობის მიმართულებით წასვლა, ალბათ, იმან განაპირობა, რომ ვცდილობდი ეკლესიური ცხოვრებით მეცხოვრა, სტიქაროსანი ვიყავი მაშინ, ასევე სასულიერო გიმნაზიაში ვსწავლობდი. შემდეგ უკვე მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დავიწყე ხატწერის შესწავლა მამა ნიკოლოზ მეტრეველთან. ძალიან ბევრი ტაძრის მოხატვაში მიმიღია მონაწილეობა. შემდგომში იყო დამოუკიდებლად მოხატული ტაძრებიც. იყო პერიოდი, ხარაჩოზე ვცხოვრობდი, მხოლოდ იმიტომ ჩამოვდიოდი ხარაჩოდან, რომ შემეხედა, როგორი იყო ფრესკა. ისეთი პერიოდებიც მქონია, იქვე ვიძინებდი საძილე ტომარაში.
ხატწერის პროცესი…
რთულია აღწერო… სხვა განზომილებაა, სხვა განცდები და ემოციებია. ჯერ ყველაფერი გონებაში იხატება, შემდეგ კი დაფაზე, ან კედელზე გადადის. თუმცა ჩემი მოწოდება ფრესკაა, რადგან უფრო მიზიდავს, უფრო შემოქმედებითია. მართალია, რთულია უზარმაზარ კედლებს რომ ეჭიდები, მაგრამ მიყვარს სირთულეებთან შეჭიდება და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.
რამ განაპირობა სამშენებლო ბიზნესით თქვენი დაინტერესება, რა გზის გავლა მოგიხდათ იმისთვის, რომ დღეს აღნიშნულ ბაზარზე ერთ-ერთ სანდო კომპანიად მიიჩნეოდეთ…
აღნიშნულ ბიზნესში ჩემი მოსვლა აუცილებელმა გარემოებებმა განაპირობა და აქაც შემოქმედებითად მივუდექი საქმეს. შემოქმედება გადავიტანეთ არქიტექტურაში, მშენებლობაში და მივიღეთ საკმაოდ საინტერესო პროექტები, რომლებიც დღითი დღე იხვეწება და ვითარდება.
უფრო კონკრეტულად მოგვიყევით „ტექტო ჯგუფზე“, იმაზე, თუ რას სთავაზობთ საზოგადოებას. რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი თქვენს კომპანიაზე, რა არის თქვენი ერთგვარი „კოზირი“?
ოთხი წელია, რაც სამშენებლო ბიზნესში ვარ, თუმცა, „ტექტო ჯგუფი“ დაახლოებით ორი წელია დავაფუძნეთ, რომელზეც მთელმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. თითოეულ გადაწყვეტილებაზე ბევრი ვიფიქრეთ. შეიძლება ითქვას, შვილივით გამოვზარდეთ და თავიდანვე დავიმკვიდრეთ ნიშა, რომ ჩვენი არქიტექტურა, ჩვენი მშენებლობა, ჩვენი კომპლექსები ყოფილიყო გამორჩეული, განსხვავებული, ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებასთან შერწყმული, რაც, ვფიქრობ, გამოარჩევს კიდევაც ჩვენს კომპანიას. ჩვენთვის პრიორიტეტულია, კომპლექსებს, რომელსაც ავაშენებთ, აუცილებლად ჰქონდეს რეკრეაციული ზონები, შევქმნათ ეკოგარემო და აუცილებლად უნდა იყოს ჭკვიანი სახლის პრინციპით, რაც ხელს უწყობს ენერგოეფექტური სახლების მშენებლობას. ამ ეტაპზე „ტექტო ჯგუფი“ ახორციელებს ორი კომპლექსის მშენებლობას – „ტექტო ფრანკოს“ და „ტექტო რაკურსს“ . სამშენებლო ბაზარზე შემოსვლისთანავე დავიწყეთ მუშაობა, რომ ჩვენს კომპანიას აისოს სერტიფიკატი ჰქონოდა და მივაღწიეთ კიდეც. გავიარეთ სამი დონის სერტიფიცირება, რაც გულისხმობს გარემოს დაცვას, შრომის უსაფრთხოებასა და მენეჯმენტს. აღსანიშნავია, რომ სამივე კომპონენტში სერტიფიცირება ამიერკავკასიაში არათუ სამშენებლო, არამედ არცერთ კომპანიას არ აქვს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიყვარს სირთულეებთან შეჭიდება და ვფიქრობ, როცა რაღაც ძალიან გსურს და მთელ ძალისხმევას დებ მასში, აუცილებლად კარგ შედეგს აღწევ. ჩვენს ნიშას არ ვკარგავთ, ჩვენი ხელწერა არის გამწვანებული სივრცე, ეკოლოგიური გარემო და გამორჩეული არქიტექტურა.
როგორ მოახერხეთ ის, რომ თქვენი ყველა პროქტი საზოგადოებაში დიდი ნდობით სარგებლობს?
იმისთვის, რომ ნდობა მოიპოვო, აუცილებელია პირნათლად შეასრულო ის, რასაც მომხმარებელს ჰპირდები. ჩვენ ნაკლებს ვპირდებით და მეტს ვასრულებთ. შევპირდით ჭკვიანი სახლის სისტემას, რასაც ვასრულებთ. შევპირდით ხარისხიან ლიფტებს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა დღეს, ასევე შევპირდით ხარისხიან კარ-ფანჯარას, რაც ბაზარზეც პრობლემაა და შემოვიტანეთ უცხოეთიდან. გვაქვს თბოიზოლაციისა და ხმის იზოლაციის ყველაზე საუკეთესო საშუალება, თუ რამე მოგონილა დღემდე. შესაბამისად, მომხმარებელი კარგად ხედავს, რომ ჩვენი კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე და არასოდეს უცრუებს იმედს ადამიანებს, რომლებიც არჩევანს „ტექტო ჯგუფის“ პროექტებზე გააკეთებენ.
ძალიან მაღალ ხარისხში გაქვთ გაცნობიერებული სოციალური პასუხისმგებლობა… არაერთ მნიშვნელოვან პროექტში ხართ ჩართული, რომელიც საზოგადოების ამა თუ იმ საჭიროებას ეხება და ცდილობთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ არაერთ მნიშვნელოვან საქმეში.
ჩვენი მთავარი მოტივაცია სწორედ ის არის, რომ ბევრი ვიშრომოთ, დავაგროვით მეტი კაპიტალი, რათა შემდგომ კარგი საქმეების კეთება შევძლოთ. სულ ახლახან წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდსა და „ტექტო ჯგუფს“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, 2023 წლის პირველი სექტემბრიდან ჩვენი კომპანიის მიერ გაყიდული ყოველი პროექტიდან საქველმოქმედო მიზნებისთვის, ფონდის ანგარიშზე გარკვეული თანხა ჩაირიცხება. აღნიშნული ნაბიჯით ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან შეიძენენ ბინებს, მივეცით საშუალება, თავადაც გახდნენ ქველმოქმედების მონაწილენი. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ეს ფონდი შევარჩიეთ სპეციალურად, რადგან სახელმწიფოს მიერ გახლავთ აკრედიტებული. ყოველ წელს გადის მონიტორინგს, აუდიტს და ყველა თეთრი პირნათლად საჭიროებისკენაა მიმართული. ჩემი ინფორმაციით, სამეულში შედის, ვინც ამერიკული მოდელით მუშაობს. უკვე გვაქვს საუბარი, რომ ეს ფონდი შესაძლებელია სრულად „ტექტო ჯგუფის“ დაფინანსებაზე გადავიდეს, რაც გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას სრულად გამორიცხავს.
ოჯახი… მხარდაჭერა…
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ოჯახია, განსაკუთრებით კი მეუღლის მხარდაჭერა. მიმაჩნია, რომ ოჯახში არსებული მდგომარეობა აისახება ადამიანის საქმიანობაზე, მიღწევებზე. მე და ჩემი მეუღლე, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ყველა იმ „ქარტეხილში“, რაც გავიარე, ჩემი მეუღლე მედგა გვერდში, ჩვენ ყველა გამოწვევა, რაც ცხოვრებაში მქონია, ფაქტობრივად, ერთად გადავლახეთ და დღემდე ასე ვაგრძელებთ ერთმანეთის მხარდაჭერას. იმისთვის, რომ დაუღალავად ვაკეთო ის საქმე, რომელსაც ახლა ვარ შეჭიდებული ან მომავალში შევეჭიდები, ერთ-ერთი პირველი სტიმული, რა თქმა უნდა, არის ოჯახი და მათგან წამოსული მუხტი, ენერგია, სითბო და სიყვარული.
როგორი მამა ხართ?
ვცდილობ მეტი დრო დავუთმო ჩემს 9 წლის შვილს, მეუღლეს, თუმცა სამწუხაროდ, არ გამომდის. ყველაზე მტკივნეული მომენტია, როცა შვილი გეუბნება, იქნებ დღეს არ წახვიდე სამსახურში და მთელი დღე მასთან გაატარო, მაგრამ ვერ ახერხებ. ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ იმ ენერგიას, რასაც ვახმარ საქმეს, ვაკლებ მეუღლესა და შვილს. თუმცა მივიჩნევ, რომ მეუღლეობა ის კავშირია, ერთმანეთს მიჰყვნენ და ერთად ატარონ უღლის სიმძიმე.
მეტი თავისუფალი დრო რომ გქონდეთ, რომელ გატაცებას დაუთმობდით…
შესაძლებლობა როდესაც მექნება, ალბათ, ყველაზე დიდ დროს ისევ მხატვრობას დავუთმობ. მენატრება, ძალიან მენატრება… ძალიან დიდი ხანია, თითქმის ერთი წელია, პატარა ჩანახატიც კი არ გამიკეთებია, ეს დიდი ჩავარდნაა ჩემთვის. თუმცა მალე ნელ-ნელა, მცირე დოზით დავუბრუნდები. ასევე, ძალიან მსიამოვნებს სპორტულ აქტივობებში ჩართვა, ახალგაზრდების დახმარება, რათა ისინი სპორტულად განვითარდნენ, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ.
სპორტის მიმართ თქვენი დამოკიდებულება იქიდანაც ჩანს, რომ კომპანიის სახედ მორაგბე დავით ნინიაშვილი აირჩიეთ. ასევე, სხვა სპორტის სახეობებსაც გვერდით უდგახართ…
ჩვენი კომპანიის სახედ ავირჩიეთ ადამიანი, რომელზეც დიდი იმედებს ვამყარებთ არამარტო ჩვენ, მთელი ქვეყანა, რადგან ის ნამდვილად არის ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბე, რომელმაც თავისი ქვეყანა ასახელა და მჯერა, კიდევ ბევრჯერ ასახელებს. ასევე, ვაფინანსებთ ქედის ფეხბურთის გუნდს „ბეთლემი“. აღნიშნულ გუნდს 6 თვე ვაფინანსებდით, სულ ახლახან კი აუქციონზე შევისყიდეთ და სრულად „ტექტო ჯგუფის“ მფლობელობაში გადმოვიდა, რომლის პრეზიდენტიც თავად ვარ. ასევე, აქტიურად ვაფინანსებთ კრივს, და მოკრივეების სურვილით აჭარის კრივის ფედერაციის პრეზიდენტიც თავად გახლავართ. არასდროს არ ყოფილა ჩემი მიზანი რაიმეს პრეზიდენტობა, მაგრამ, როცა გიცხადებენ ნდობას, არ გაქვს უფლება, ბოლომდე მხარში არ დაუდგე მათ. აქვე დავაანონსებ იმასაც, რომ ძალიან მალე ძალიან კარგი კლუბი გაიხსნება „ბათუმი პლაზაში“, სადაც ბათუმელებს კრივის სწავლა შეეძლებათ. ფედერაციის წევრებისთვის ეს ყველაფერი უფასო იქნება. აქვე იქნება ფასიანი სექტორი მოყვარულებისთვისაც. ეს იქნება ქალაქში ერთ-ერთი ახალი, საუკეთესო და თანამედროვე კრივის კლუბი.
ადგილები აჭარაში, რომელსაც სტუმრებს დაათვალიერებინებდით, რათა მათ შეიგრძნონ ავთენტური აჭარა…
ბევრი ასეთი ადგილია აჭარაში. აუცილებლად დავათვალიერებინებდი მაღალმთიან აჭარას, შემორჩენილ ციხესიმაგრეებს, ციხისძირს, მწვანე კონცხის ბოტანიკურ ბაღს. მწვანე კონცხის ტერიტორებზე არის ბევრი უნიკალური ადგილი, კონკრეტული ლოკაციები, რომელსაც ძალიან სჭირდება მიხედვა. მართალია, წინასწარ არ დავაანონსებ, თუმცა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ჩვენი კომპანია მზად არის, რომ ასეთი ადგილები გააცოცხლოს და ძველი დიდება ისევ დაუბრუნოს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ძალიან მიყვარს ქედის რაიონი, სადაც ძალიან სერიოზული ტურისტული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ვფიქრობ, ეს იქნება ქვეყანაში ერთ-ერთი ის პროექტი და ის ადგილი, სადაც ყველას ექნება სურვილი მივიდეს, ნახოს, დაისვენოს და შეიგრძნოს ნამდვილი აჭარული სული და ხასიათი. ჩემი დიდი ბაბუა ქედიდან არის წამოსული, ჩვენი გვარი სოფელ ორცვაში 1725 წლიდანაა დასახლებული, ნაწილობრივ იქაური ფესვები გვაქვს. ამიტომაც განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს ქედთან და ქედელებთან. წინ არაერთი გეგმა გვაქვს და მჯერა, ყველა ჩანაფიქრს შევასხამთ ხორცს.
თუ გიფიქრიათ, ყოვლისშემძლე რომ იყოთ…
სხვათა შორის, ბევრჯერ მიფიქრია და ეს არ ყოფილა მატერიალური ფიქრები. ყოვლისშემძლე რომ ვიყო, ადამიანები სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული ტკივილით აღარ დაიტანჯებოდნენ… ტკივილი აღარ იქნებოდა დედამიწაზე…
ამაყი ვარ, როცა..
როცა ვინმეს რაღაცით ვეხმარები. როცა შემიძლია ადამიანი გავაბედნიერო. მიმაჩნია, რომ ბედნიერ ადამიანზე ლამაზი არავინაა ამ სამყაროში…
რა არის ერეკლე ქაჯაიას ცხოვრებისეული კრედო…
რასაც ვაკეთებთ, ხატვა იქნება ეს, მშენებლობა თუ ნებისმიერი რამ, უნდა შევასრულოთ კეთილსინდისიერად. ეს არის ყველაზე მთავარი და ჩემი ცხოვრების კრედოც. ვცდილობ ყველაფერი კეთილსინდისიერად ვაკეთო.
როგორც ხელოვანს, მშენებელს, გკითხავთ, როგორია ბათუმი დღეს…
ძალიან მტკივნეული თემაა… სადღაც, ალბათ, ათი და მეტი წლით დავაგვიანეთ და გამოსწორებას ბევრი წელი დასჭირდება, ვგულისხმობ ქაოსურ მშენებლობებს. რთული მოცემულობის მიუხედავად, არც ახლაა გვიან, რაღაცები შეიცვალოს. მე თუ მკითხავთ, ძალიან ბევრი შენობა ბათუმში უნდა დაინგრეს და ხელახლა აშენდეს. ეს უნდა მოხდეს არა შენობის სიდიდის გამო, არამედ იმისთვის, რომ ბევრი პროექტი არაკეთილსინდისიერად არის შესრულებული. ჯამში კი ეს ყველაფერი ქალაქის იერსახეს აფუჭებს. მკაცრი მოთხოვნები აქვს ქალაქის მერიას, რომ პროექტის ვიზუალიზაცია კარგი იყოს, თუმცა, შემდგომში უნდა გაკონტროლდეს, ნამდვილად ის პროექტი კეთდება, რაზეც დასტური მიიღო, თუ ის, რაც მან თვითნებურად გადააკეთა, შეცვალა. ვფიქრობ, აღნიშნულის გაკონტროლება მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. რომ ვუყურებ შენობებს, სულ მინდება რაღაცა გადავაკეთო. იგივე შეგრძნება მაქვს, როცა ტაძარში შევდივარ და ვხედავ, ისე არ არის მოხატული, როგორც უნდა იყოს. გონებაში გადავხატავ ხოლმე ეკლესიის კედლებს, შენობებსაც გონებაში ვაპროექტებ და წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ბათუმში ვიცხოვრებდი სიამოვნებით. კარგია, რომ დაიწყო ავარიული შენობების ახლით ჩანაცვლების პროექტი, მაგრამ არცერთი მახინჯი შენობა რომ აღარ იყოს ბათუმში, არ ვიცი, ამას რა პერიოდი და ფინანსური რესურსი დასჭირდება, არც ის ვიცი, ყველა ასეთი შენობის ახლით ჩანაცვლებას რამდენად დაიტევს ბათუმი.
განტვირთვისთვის, რამდენად ხშირად უსმენთ მუსიკას…
ვერ ვიტყვი, რომ ხშირად, თუმცა სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ვუსმენ. მიყვარს რეპიც, კლასიკაც, როკიც. ქართველი მომღერლებიდან ძირითადად ნიაზ დიასამიძეს, ნინო ქათამაძესა და ნატო მეტონიძეს ვუსმენ.
მზიანი ბათუმია თქვენი, თუ წვიმასთან უფრო მეგობრობთ…
მზიანი. რომ შემეძლოს, სულ მზე იქნებოდა ბათუმში.
ფოტო: გიორგი კალანდაძე
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე