ლაღი ბავშვობა მისთვის 15 წლის ასაკში დასრულდა, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო და მამა დაკარგა. თბილისმა ისიც, როგორც ბევრი სხვა დევნილი, არ მიიღო. 10 კვადრატულ მეტრ ოთახში თავიდან დაიწყო ცხოვრება – ჯერ წავიდა თბილისიდან, მერე ისევ დაბრუნდა და სარესტორნო ბიზნესიც წამოიწყო. ეკა ჯალაღონია რესტორან „მეგრული სახლის“ დამფუძნებელია. დღემდე უკან დაბრუნების იმედით ცხოვრობს.
ეკა ჯალაღონია: აფხაზეთი ჩემთვის სიყვარულზე მეტია. რამდენი წელია თბილისში ვცხოვრობ, მანამდე სხვა ქვეყანაში ვიყავი – საერთო ჯამში სხვაგან მეტი ვიცხოვრე, ვიდრე აფხაზეთში, მაგრამ არასდროს მიგრძნია თავი თბილისელად. მე სოხუმელი ვარ მთელი არსებით.

ომი
15 წლის ვიყავი, ომი რომ დაიწყო, 16 წლისა – როცა მამა დაბომბვისას გარდაიცვალა. ძალიან რთული დრო იყო, მოიცვალებულის დამარხვა უნდა მოგესწრო. ეს ბევრმა ვერ მოახერხა. მთელი ჩემი ოჯახი სვანეთით გადმოვიდა, მე ამ დროს აბიტურიენტი ვიყავი და თბილისში ვიმყოფებოდი. ერთი კვირა იარეს ფეხით. 59 წლის ბებიაჩემს სტრესის გამო ინსულტი დაემართა, 11 წელი ლოგინად ჩავარდნილი იყო. არანაკლებ რთული იყო ჩემთვისაც – არ ვიცოდი, ვინ ჩამოვიდოდა, ვინ გადარჩა. მაშინ ინფორმაციას მხოლოდ ტელევიზორიდან ვიგებდით, აფხაზეთის ამბები მორბენალ სტრიქონში გადიოდა და სულ ვკითხულობდით, იქნებ რამე გაგვერკვია.
დევნილობის ტვირთი
ყველაზე რთული მაინც თბილისში ცხოვრება აღმოჩნდა. მე და დედაჩემი ვცხოვრობდით სასტუმროში, ერთ ოთახში, რომელიც 10 კვადრატული იყო. მეგონა, ვიყავი გალიაში – ველურ ცხოველს რომ შეაგდებ და ადგილს ვერ პოულობს. კი, თითქოს სამშვიდობოს ხარ, ბომბები აღარ ცვივა, მაგრამ ვერ ხვდები, რომელი ჯობია – შენს სახლში რომ იყავი და ბომბები ცვიოდა თუ აი, აქ რომ ხარ, სხვის ქალაქში. განსაკუთრებით სოხუმელებს გაგვიჭირდა. ჩვენ ამ ქალაქმა არ მიგვიღო – ეს იყო ყველაზე საშინელი და ტრაგიკული რეალობა იმ ყველაფრის მერე, რაც გამოვიარეთ. ყველა მხრიდან გვესმოდა: გაეთრიეთ, ლტოლვილებო, რატომ ჩამოეთრიეთ. თქვენ გაიქეცით, დაკარგეთ სოხუმი. ეს ძალიან მტკივნეული მოსასმენი იყო. ამას გეუბნება შენი ქართველი შენს ქვეყანაში. მახსოვს, მეტროს ტალონებს გვაძლევდნენ. მეტროში ვიღაცამ გამომგლიჯა ხელიდან, წავიდა დედა და აღადგინა. მეორედაც წამართვეს და სახლში აღარ მითქვამს. გადავწყვიტე, რომ მეტროში აღარასოდეს ჩავიდოდი. სამედიცინოზე ვსწავლობდი და ზამთარ-ზაფხულ ფეხით დავდიოდი. მტკიცე ხასიათი მაქვს და სასოწარკვეთილებაში არ ვვარდებოდი, მაგრამ ყველამ ხომ ვერ გაუძლო. აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი ამბავიც. არაჩვეულებრივი ჯგუფელი მყავდა – მაგდა, რომელიც ვორონცოვზე ცხოვრობდა. სასტუმროში იმ პატარა ოთახში რომ გადავედით, თუკი რამე ნივთი იყო საჭირო, ყველაფერი მოგვიტანა მისმა ოჯახმა. ეს არასოდეს დამავიწყდება.
მეორედ დაწყებული ცხოვრება
სულ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ამ ქალაქიდან უნდა წავსულიყავი. მაშინ წასვლაც რთული იყო. ძალიან ბევრი უსამართლობა გადავიტანეთ, მაინც დავდექით ფეხზე და არ დავკარგეთ ჩვენი ქვეყნის უპირობო სიყვარული.
დევნილების მიუღებლობამ განააპირობა, რომ მერე ბევრი რუსეთში წავიდა. გააზრება, რომ ამ ომის უკან რუსეთი იდგა, ცოტა გვიან მოვიდა და ბოლო წერტილი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი. ამ დროს ჩემი ოჯახი მოსკოვში ცხოვრობდა, აწყობილი გვქონდა ყველაფერი – მე კლინიკაში ვმუშაობდი, ჩემს მეუღლეს დიდი საადვოკატო ბიურო ჰქონდა, ბავშვები სკოლაში დადიოდნენ. ერთი წამი არ გვიფიქრია, რომ იქ ვტოვებდით კეთილდღეობას და მოვდიოდით ქალაქში, რომელმაც თავის დროზე არ მიგვიღო. შევიკრიბეთ ოჯახში და ვთქვით, კი, რთული გზის გავლა მოგვიწევს, მაგრამ აქ დარჩენა არ შეიძლება, მეორე ომი მეტისმეტია. არ ვიცი, უმრაველესობამ რატომ არჩია დარჩენა. სინდისთან გარიგებაში არ უნდა შედიოდეს ადამიანი. თუ სწორი ღირებულებები არ გაქვს და სახელმწიფოებრივად არ აზროვნებ, არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობ, შენ თუ შენს იდენტობას კარგავ, არაფერს აზრი არ აქვს.
ოჯახში ჩემი წესები მაქვს, ჩემი შვილები არ კარგავენ იდენტობას. არ ყოფილან აფხაზეთში, მაგრამ არ იტყვიან, რომ სოხუმელები არიან. ჩემი მეუღლე პოლკოვნიკი იყო, იბრძოდა აფხაზეთის ომის დროს. გენო ადამიას პირველი მოადგილე იყო. ძალიან რთული გზა გაიარა.
ძალიან ლაღი ბავშვობა რომ არ მქონოდა, ალბათ ამდენს ვერ გადავიტანდით. იმდენად ბედნიერი ვიყავი სოხუმში, ფუფუნებაში ვცხოვრობდი – ბევრი მქონდა სიყვარული, სითბო, ურთიერთობები. როცა ეს დატრიალდა ჩვენს თავს, მე ვუთხარი ჩემს თავს – უნდა დავიბრუნო ის, რაც იქ მქონდა. ძალიან დიდი ტკივილი გაიარა აფხაზეთის ხალხმა და ძალიან ღირსეულად.
თბილისში რომ დავბრუნდით, სარესტორნო ბიზნესი დავიწყეთ. 2 წელი გვყავდა პარტნიორები და მერე დავიშალეთ. ძალიან დამღლელი იყო დიდი რესტორნის მართვა, გადავედით უფრო პატარა სეგმენტზე, რომელიც უფრო რთულია. გამოწვევა იყო და გამოგვივიდა.

სახლი სოხუმში
სოხუმში ჩვენი სახლი დგას, არავინ ცხოვრობს. ჩვენ უკან მეზობელი გვყავდა, რომელსაც აფხაზი მეუღლე ჰყავდა – ის პატრონობდა სახლს. ბინა გვქონდა კიდევ და იქ მეხუთე სართულიდან აფხაზი ოჯახი ჩამოვიდა და ისინი ცხოვრობენ. ძალიან გაშლილი და კარგი ბინაა. სხვათა შორის, აფხაზები სულ ამბობდნენ, ყველაფერი საუკეთესო გაქვთ ქართველებსო. არასოდეს უფიქრიათ იმაზე, რომ ქართველები ძალიან ბევრს შრომობდნენ ამისთვის, აფხაზები ძალიან ზარმაცები არიან. სახლის და ბინის საბუთები ყველაფერი ჩვენ გვაქვს. ახლობლის პირით შემოგვითვალა იმ ოჯახმა, 500 დოლარს გამოგიგზავნით და ბინის საბუთები გამოგვიგზავნეთო. 500 დოლარის საწვავს ვიყიდი და სულ დავწვავ იმ ბინას, ვიდრე მათ მივცემ იმის შეგრძნებას, რომ სამუდამოდ დაეუფლა ბინას-მეთქი, შევუთვალე. იცხოვროს დისკომფორტში და იცოდეს, რომ 10 თუ 20 წლის მერე მაინც მოუწევთ ბინის დატოვება.
აქ ცხოვრება გაქვს აწყობილი და აფხაზეთი რომ დაბრუნდეს, წახვალო? მკითხეს. მე მოსკოვშიც აწყობილი ცხოვრება დავტოვე და წამოვედი. ოღონდ აფხაზეთში დაბრუნების შესაძლებლობა მქონდეს და სულ ჯაგრისით დავხეხავ ასფალტს, ოღონდ იმ მიწაზე დავდგა ფეხი-მეთქი, ვუპასუხე. ყველა ასე მოიქცევა. შვილები ყველამ აფხაზეთის სიყვარულით გავზარდეთ, ჩვენი შვილების ოცნებაც იქ დაბრუნებაა. რომ დავბრუნდები, სად უნდა მქონდეს რესტორანი, ეგეც ვიცი. ვცხოვრობთ ამ ოცნებით. მჯერა, რომ ოდესღაც ყველა კონფლიქტი მთავრდება.

ტექსტი: ქეთი ლომსაძე
ფოტო: ალექსეი სეროვი












