ეთიკურ ბიზნესპრაქტიკასა და გამართულ მმართველობას შორის სიმბიოზური ურთიერთობა არის მდგრადი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ქვაკუთხედი. ამ და სხვა CSR საკითხებზე გამოცდილება გაგვიზიარა „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის დირექტორმა, ლევან ისელიძემ.
რა ადგილი უჭირავს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას (CSR) „ეფეს საქართველოს“ ბიზნესსტრატეგიაში?
კორპორაციული პასუხისმგებლობა „ეფეს საქართველოსთვის“ დეკლარირებული პრიორიტეტია, რომელიც თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ უკვე 16 წელზე მეტია, რაც ვახორციელებთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს შემდეგი მიმართულებებით: ღირსეული სამუშაო გარემო, საზოგადოების მხარდაჭერა და გარემოს დაცვა.
როგორ აერთიანებს „ეფეს საქართველო“ ეთიკურ ბიზნესპრაქტიკას თავის ყოველდღიურ საქმიანობაში?
პრაქტიკაში ეს გამოიხატება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. ჩვენი ნებისმიერი ბიზნესპროცესი მიმართულია როგორც გარემოსა და რესურსების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით, ასევე მიდგომით, რომ ჩვენი მოვალეობაა შევქმნათ ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობები. გარდა ამისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამები, რომელიც მოიცავს ადგილობრივი მოსახლეობის, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების (განსაკუთრებით ახალგაზრდების), პარტნიორების, მომხმარებლებისა თუ სხვა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას.
თქვენი აზრით, რა გავლენას ახდენს კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისება მომხმარებელზე – არჩევანი გააკეთოს პასუხისმგებლობიანი კომპანიების სასარგებლოდ?
ვფიქრობ, რომ ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისა თუ გარემოსთვის სასარგებლო აქტივობების განხორციელება. CSR პროექტების არსებობა და მათი სტრატეგიებში ინტეგრირება მოწმობს, რომ კომპანიის საქმიანობა ეფუძნება მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ პასუხისმგებლიან კომპანიებს და მათ პროდუქტებს მეტი მხარდამჭერი ჰყავთ, რაც მომხმარებლის ქცევაზეც აისახება გადაწყვეტილების მიღებისას. გარდა ამისა, ბიზნესის მხრიდან პასუხისმგებლიანი მიდგომები და ზრუნვა საზოგადოებასა თუ გარემოზე ყოველთვის დაფასებულია ასევე პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების თუ ხელისუფლების მხრიდან.
თქვენი აზრით, როგორია სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის როლი კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით და როგორ შეუძლიათ მათ ხელი შეუწყონ ბიზნესის მდგრად განვითარებას?
კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მხარის ჩართულობა და თანამშრომლობა, მათ შორის სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის. ჩვენ რამდენიმე წარმატებული მაგალითი გვაქვს პარტნიორული პროექტების, რომლებმაც კონკრეტული სარგებელი მოუტანეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფსა თუ გარემოს. სექტორთაშორისი პარტნიორობის გარეშე ეს პროექტები ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. დღემდე ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან და ღია ვართ ახალი თანამშრომლობებისთვისაც.
თქვენი კომპანიისთვის რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება?
„ეფეს საქართველო“ პატივს სცემს საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტანდარტებს და გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას. კომპანია არის გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) ხელმომწერი. შეთანხმება წარმოადგენს სტრატეგიულ ინიციატივას იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც მზად არიან საკუთარი ქმედება და სტრატეგიები მოიყვანონ ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოს დაცვისა და ანტიკორუფციული მიმართულებების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობაში. „ეფეს საქართველო“ არის გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ხელმომწერი წევრი, რომელიც მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერების პრინციპებს.
როგორ თანხვედრაშია „ეფეს საქართველოს“ ეთიკური ბიზნესპრაქტიკა და გარემოს დაცვის მიმართულება?
„ეფეს საქართველო“ გარემოს დაცვას საკუთარი საქმიანობის მთავარ მამოძრავებლად მიიჩნევს. ჩვენ ნედლეულს ბუნებიდან ვიღებთ. ამიტომ ხელს ვუწყობთ გარემოს მდგრადობას როგორც ჩვენი ბიზნესის წარმატებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მნიშვნელოვნად შევამციროთ გარემოზე ჩვენი ზემოქმედება, რესურსების ეფექტურად გამოყენების, ნარჩენების და ნახშირბადის გამონაბოლქვების შემცირებისა და სახიფათო მასალების ფრთხილად დამუშავების გზით.
„ეფეს საქართველომ“ ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც 2012 წლიდან უკვე სრულფასოვნად ოპერირებს საწარმოში და მთელი საწარმოო ციკლის განმავლობაში ჩამდინარე წყლების გაწმენდასა და დამუშავებას მოიცავს.
გარემოზე ზემოქმედების კიდევ უფრო შესამცირებლად, ჩვენ არაერთ გარემოსდაცვით ინიციატივაზე ვმუშაობთ. აღნიშნული ინიციატივები მოიცავს მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას ტრანსპორტირების ემისიების შესამცირებლად და ნარჩენების მართვის ინოვაციური პროგრამების განხორციელებას, რაც მიზნად ისახავს უკეთესი სამყაროს შექმნას მომავალი თაობებისთვის.
გთხოვთ, მეტი დეტალი მოგვაწოდოთ ასევე „ეფეს საქართველოს“ განახლებად ენერგიაზე გადასვლის შესახებ.
განახლებად ენერგიაზე კომპანიის, წარმოების გადასვლა ნიშნავს ენერგიის ყველა წყაროსა და წარმოების პროცესის გადატანას განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე, მათ შორის, მზის, ქარის ან ჰიდრო და გეოთერმულ ენერგიაზე. ჩვენთვის როგორც პასუხისმგებლიანი კომპანიისთვის, გარემოს დაცვა ერთ-ერთი დეკლარირებული პრიორიტეტია.
სხვა აქტივობების შესახებაც რომ მოგვიყვეთ გარემოს დაცვის მიმართულებით…
სხვა აქტივობებს რაც შეეხება, საზოგადოების მხარდაჭერისა და სექტორთაშორისი პარტნიორობის საფუძველზე, ხელს ვუწყობთ გარემოსდაცვით სხვადასხვა ძალისხმევას, მათ შორის ეროვნული სატყეო სააგენტოს პროგრამას „გახდი ტყის მეგობარი“, რომლის ფარგლებშიც დახლოებით 12 ჰექტარ ფართობზე ტყის აღდგენასა და მოვლა-პატრონობას მთლიანად ჩვენ ვაფინანსებთ. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ვახორციელებთ პლასტმასის სეპარირებული შეგროვების პროექტს და ვეწევით საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ამ მიმართულებით, ასევე ვმონაწილეობთ ინდუსტრიულ თანამშრომლობაში, რათა გამოვიწვიოთ სისტემური ცვლილებები უფრო მდგრადი მომავლისკენ.
გარდა ამისა, ჩვენს კომპანიაში წლებია დანერგილია გარემოსდაცვითი აქტივობები, მათ შორის ენერგოეფექტურობისა და ენერგოდაზოგვის, ნარჩენების მართვის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ა.შ.
კერძოდ, 2012 წლიდან „ეფეს საქართველოში“ ოპერირებს ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა. ეს ტექნოლოგია მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ლუდსახარშებისთვის. იგი იძლევა წყლის მაღალი ხარისხით დამუშავების საშუალებას, რაც ნიშნავს, რომ ჩამდინარე წყლის მახასიათებლები აკმაყოფილებს ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს და, ამავდროულად, მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლების გარემოს დაცვაში მონაწილეობა (ნარჩენების, წყლის გამოყენების შემცირება და სხვა) გაწერილია მათ შეფასების კრიტერიუმებში. მაგალითად, თანამშრომელი რაც უფრო მეტად მოუფრთხილდება გარემოს, მით უფრო მაღალი იქნება ბონუსი.
ასევე, ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს მეწარმეობის პროგრამას GO Green-ი, რომელიც შარშან Impact Hub Tbilisi-თან და Startup Büro-სთან თანამშრომლობით განვახორციელეთ. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში მდგრადი მეწარმეობის პოპულარიზაციას და ამ მიმართულების სტარტაპების/კომპანიების/ინდივიდების გაძლიერებას.
ღირსეული სამუშაო გარემოს მიმართულებითაც რომ მოგვიყვეთ „ეფეს საქართველოს“ გამოცდილების შესახებ
„ეფეს საქართველოს“, როგორც ქართული ბაზრის ლიდერის პოზიციამ და მომხმარებლის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობამ, გაგვაძლიერა როგორც ადგილობრივი და გლობალური მოთამაშე. შესაბამისად, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხია, ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ამ წარმატებას ყოველდღიური მუშაობით ქმნიან. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვიზრუნოთ თანამშრომლების კმაყოფილებაზე და ეს არის ჩვენი განვითარებისა და ზრდის გასაღები. „ეფეს საქართველო“ უზრუნველყოფს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის სრულ პაკეტს. კომპანია ასევე ზრუნავს პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე. კომპანია ქმნის თანაბარ შესაძლებლობებსა და უფლებებს ყველა თანამშრომლისთვის, მათი ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„ეფეს საქართველოს“ აჰყავს ახალი თანამშრომლები, ამავდროულად, ასაქმებს და აწინაურებს მათ მხოლოდ ამა თუ იმ სამუშაოს შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების საფუძველზე. კომპანია მიჰყვება კომპენსაციისა და კარიერული განვითარების პოლიტიკას, რომელიც ასევე ემყარება კონკრეტული თანამშრომლის კვალიფიკაციასა და სამუშაო მაჩვენებლებს. ჩვენ არ შევეგუებით არანაირი სახის დისკრიმინაციას. ჩვენ კოლეგებს სამართლიანად და თანაბრად ვექცევით, განურჩევლად სქესის, ოჯახური მდგომარეობის, ასაკის, რელიგიის, რასის, სოციალური მდგომარეობისა თუ სხვა ნებისმიერი მახასიათებლისა.ц