„13 წლის წინ, ამ დროს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ვმკურნალობდი. დრო ჭიანურდებოდა და იმედი, რომ პრობლემები გადაიჭრებოდა, ქრებოდა. პატარა, დარდისგან გათანგულ გულზე ბრაზი მერეოდა. მზად ვიყავი, მთელი მსოფლიოსთვის ზურგი მექცია და პატარა ყუთში დავმალულიყავი, ოღონდ ავრიდებოდი ამ პრობლემებს.
მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩემი არაცნობადობის გამო უსახსრობის პრობლემა არასდროს მოგვარდებოდა და მთელი ის ძალისხმევა, რომელიც გამოჯანმრთელებისკენ იყო მიმართული, ამაოდ, ფუჭად დაიკარგებოდა.
სწორედ ამ დროს გავიგეთ ქართველი ჟურნალისტების გაერთიანების ამბავი – კოლეგის, დიტო ცინცაძის გადასარჩენად. კიდევ ერთხელ მეტკინა – მე ხომ არ მყავს „ცნობილი“ მეგობრები… დედამ გაბედა და დარეკა – კახა ბიძია დახმარებას დაგვპირდა და მე გავხდი ფონდის შვილობილი, და ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ 13 წელი, და მე გადავრჩი… დღეს უკვე ფონდის წევრი ვარ და ჩემს გადამრჩენელებთან ერთად – სხვისი სიცოცხლისთვის მებრძოლი გოგო.
ამ ფოტოებზე სამ წყვილ მოციმციმე თვალს ხედავთ. ჩვენ ბევრად მეტი ვართ, ყველას მეტნაკლებად მსგავსი თუ განსხვავებული ისტორია გვაქვს, მაგრამ ყველას ჩვენი დიდი ოჯახი გვაერთიანებს. ოჯახი, რომელიც 13 წელია ონკოპაციენტ ბავშვებს ეხმარება. გარდა ფინანსური დახმარებისა, ისინი გვაძლევენ ძალას, გვიმაღლებენ რწმენას, და გვჩუქნიან უზომოდ დიდ სიყვარულს…“ – ლედი მეგრელიშვილი, 24 წლის.

ეს ლედია, უკვე ჩვენი თანამებრძოლი და ფონდის კოლეგა. ჩვენი გაზრდილი შვილობილები ჩვენზე უკეთესი მებრძოლები არიან, მათ უკეთ ესმით პატარა პაციენტების, მათი ტკივილის, მათი მშობლების გულისცემის. მათსავე გაკვალულ გზაზე უკეთესი მეგზურები არიან, სწორედ ამიტომ, 13 წლის წინ ჟურნალისტების დაწყებულ საქმეს უკვე ყოფილი პაციენტები და ფონდის ბენეფიციარები აგრძელებენ: ლედი, ნანიკო, ლიკუნა, ქეთი, ნათია, თათია, ანი…
„ეს ჩემი ცხოვრებაა. რთული ცხოვრება, რომელიც თან თვალისმომჭრელი თამაშია, პარაშუტით გადმოხტომაა, რისკია. ეს ყველაფერი მე გავიარე, გავუძელი და გავიმარჯვე. მე დავიჯერე ბედნიერი დასასრულის. მიუხედავად ძნელი დღეებისა, არ დამიკარგავს ღიმილი, რომელიც ძალით, მაგრამ მაინც დასთამაშებდა ჩემს სახეს, მე ხომ პოზიტივის დედოფალი ვარ! – ასე მიცნობენ და მეც უნდა შევიფერო. სხვანაირად არ შეიძლება“, – ლედი.
ლედი ოჯახის მესამე ნაბოლარა შვილია, მისი უფროსი და-ძმა მსგავსმა დაავადებამ შეიწირა წლების წინ. ლედის დიაგნოზი 12 წლის ასაკში დაუსვეს. ქართული ცეკვის ანსამბლში მორიგი მეცადინეობის დროს ფეხი ასტკივდა, დაუყოვნებლივ მიმართეს კლინიკას, მშობლებს ექიმებმა მესამედ გაუმეორეს უმძიმესი დიაგნოზი – ოსტეოსარკომა. „გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩემი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, მუხლმოდრეკით გევედრებით, დამეხმაროთ და გადამირჩინოთ ჩემი პატარა გოგონა, 12 წლის ლედი“, – გვწერდა 2013 წლის 6 ივნისს ლედის დედა. ჩვენი ფონდის დახმარებით ბავშვს ქიმიოთერაპიების კურსი თურქეთში ჩაუტარდა, კონტროლსა და კვლევებს თურქეთისა და პარიზის კლინიკებში იტარებდა, ჩატარდა რამდენიმე ოპერაციაც, ფეხის ამპუტაციაც, რასაც გასაოცარი სილაღით შეხვდა ჩვენი გოგო, მოკლე კაბებსაც ძველებურად იხდენს და არც ფიტნესგაკვეთილებს აცდენს.
„იცით რამხელა ძალა აქვს ერთ დღეს, ერთი ტელეფონის ზარს ან ერთ სიტყვას? გიფიქრიათ, რომ ერთ „მშვენიერ“ დღეს თქვენი ცხოვრება შეიცვლება? შენს ცხოვრებაში შემოიჭრება „სიახლე“, რომელიც სწრაფად იქცევა ჩვევად. პანიკა მოგიცავს, შენს მთელ არსებას დაეუფლება, მარტო დარჩენილს შიში შეგიპყრობს.
შეგეშინდება ყველაფრის: სიცოცხლის, სიკვდილის, სიყვარულისა და უსიყვარულობის. ამოგაცოცდება, დაგიპყრობს, აირჩევს საუკეთესო ადგილს შენში და დაბინავდება. სხვებს შეეცოდები, იტირებენ, პანიკაში ჩავარდებიან, გაგამხნევებენ, იმედისმომცემ სიტყვებს გეტყვიან, ბოლოს დაიღლებიან და წავლენ. შენთან მხოლოდ ის ადამიანები დარჩებიან, ვისაც შენი მომავალი სხვაგვარად აღელვებს.
მოიკრებ ძალებს, მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებს და დაიწყებ ბრძოლას. ეს ბრძოლა არ იქნება ხმლით, შუბით, ფარით ან თოფით, არამედ შენი გონებით, იმედით, გამბედაობითა და სიმტკიცით. ძნელი იქნება, ძალიან ძნელი. მოგიწევს ყოველ დილით უყურო დედას, რომელსაც თვალზე ცრემლი უგორდება. მამას, რომელსაც დიდი ბურთი ეჩხირება ყელში. მოგიტანენ წამალს. უყურებ თითოეულ ჩამოვარდნილ წვეთს, რომელიც გადის მილში და შენს სხეულს უერთდება.
არ გასვენებს კითხვები – დღეს თუ გავუძლებ? გადავიტან? შევძლებ? გადავრჩები?… მერე კი შენს თავს დაარწმუნებ, რომ ყველაფერი მოგვარდება და ყველაფერი კარგად იქნება. რამდენი ადამიანი დაგიდგა გვერდში, რამდენმა გაიმეტა ლარი, რომ შენთვის სასიცოცხლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი თანხა შეეგროვებინათ. შენ დავარდები, მაგრამ ისევ წამოდგები. ეს არის ის, რასაც „კანიდან გამოძრომა“ ჰქვია.
ეს ჩემი ცხოვრებაა. რთული ცხოვრება, რომელიც თან თვალისმომჭრელი თამაშია, პარაშუტით გადმოხტომაა, რისკია. ეს ყველაფერი მე გავიარე, გავუძელი და გავიმარჯვე. მე დავიჯერე ბედნიერი დასასრულის. მიუხედავად ძნელი დღეებისა, არ დამიკარგავს ღიმილი, რომელიც ხშირად ძალით, მაგრამ მაინც დასთამაშებდა ჩემს სახეს, მე ხომ ამერიკულ მთებზე ვზივარ და წინ ბევრი აღმართი და მწვერვალია!“ – ლედი.
ეს მხოლოდ ლედის წარსულის მოგონება არ არის, ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ გვაქვს გაჩერების უფლება. როცა მას ვუყურებ, ვხვდები, რომ 13 წლის წინ ჟურნალისტების მიერ დაწყებულმა ამ დიდმა ტალღამ არა მხოლოდ სიცოცხლეები გადაარჩინა, არამედ სრულიად ახალი, მებრძოლი თაობა გაზარდა.
დღეს, როცა პაციენტების განცხადებებს ვკითხულობ, თითოეულ სტრიქონში იმავე ტკივილს, შიშსა და იმედს ვხედავ, რაც წლების წინ ლედის დედის წერილში იყო. ჩემი ყოველდღიურობა ამ ოჯახებთან პირდაპირი კონტაქტია. პირველი ვისმენ მათ აკანკალებულ ხმას, დამფრთხალ გულისცემას და ვაცნობიერებ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ახლა იმ სიტყვას, რასაც ჩვენგან მოისმენს, ეს ჩვენ ვართ, ვინც მათ ხელს ჰკიდებს და ეუბნება: „მარტო არ ხართ!“
ჩვენი ფონდის დამფუძნებელი, კახა ჯანაშვილი, იხსენებს იმ პირველ ნაბიჯებს, როცა ჟურნალისტური სოლიდარობა დიდ საზოგადოებრივ მოძრაობად იქცა:
„როდესაც კოლეგის, დიტოს გადასარჩენად გავერთიანდით, ვერც კი წარმომედგინა, რომ ეს ბრძოლა ასე გაღრმავდებოდა და ასობით პატარას სიცოცხლის იმედად იქცეოდა. მაშინ მივხვდით, რომ ჟურნალისტებს გვაქვს უდიდესი ძალა – არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების, არამედ ადამიანების გაერთიანებისა და გადარჩენის. როცა დიტომ მკურნალობა განაგრძო, თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნო, რომ თვალის დახუჭვა იმ პატარებზე, რომლებიც ყოველდღიურად ებრძვიან ლეიკემიასა და სოლიდურ სიმსივნეს, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. 13 წელია ამ საქმეს ვაკეთებთ და ყოველი გადარჩენილი ბავშვი ჩვენი უდიდესი გამარჯვებაა. სანამ თუნდაც ერთ პატარას დასჭირდება ჩვენი თანადგომა, ჩვენ არ გავჩერდებით!“ – კახა ჯანაშვილი.

ლუკა და ეკატერინე
ისინი ახლა გადიან იმ უმძიმეს გზას, რომელიც ლედიმ უკვე გაიარა. ამ პატარების გვერდით ვგრძნობთ, როგორ გადაეცემა იმედის ესტაფეტა ხელიდან ხელში – ლედის, ნანიკოს, ანის, გიორგის, ნიკას გამარჯვების მაგალითები, ლუკასა და ეკატერინეს, ბარბარესა და ნუცას, ანდრიასა და ნიტას… მათ მოციმციმე თვალებში, მათი მშობლების გულებში არის რწმენა, რომ მათ უკან მთელი არმია დგას.
ფონდში მოსული მშობლისთვის ჩვენ მხოლოდ ორგანიზაცია არ ვართ. ხშირად პირველი ადამიანი, ვისაც ისინი დიაგნოზის გაგების შემდეგ ესაუბრებიან, მე ვარ. მესმის დედის, მამის გაბზარული ხმა, შიშით, ზოგჯერ სასოწარკვეთით სავსე. ვიცი, რომ როცა მშობელი გირეკავს და გეუბნება, რომ მის შვილს კვლევა, წამალი ან მკურნალობა სჭირდება, მისთვის ეს უბრალოდ ფინანსური პრობლემა აღარ არის – ეს მისი შვილის სიცოცხლეა.
თითოეული ბავშვი ჩვენთვის მთელი ისტორიაა და არა ციფრები.
ვიცით ლუკა. ვიცით ეკატერინე. ვიცით მათი ოჯახები. ვიცით, როდის ელოდებიან პასუხს და როდის უჭირთ.
და სწორედ ამიტომ, როცა ამ ფოტოებს ვუყურებ, მე მხოლოდ ლუკასა და ეკატერინეს კი არა, მთელ ფონდს ვხედავ. ვხედავ ადამიანს, რომელმაც ეს საქმე დაიწყო. ვხედავ ადამიანს, რომელიც დღეს მის გაგრძელებაში მონაწილეობს. ვხედავ ორ პატარას, რომელთა ისტორია ჯერ კიდევ იწერება და ვხედავ იმ ასობით ბავშვს, ვინც უკვე გაიარა და გადის ამ გზას.

ბრძოლა, რომელიც გრძელდება
ფონდის კარზე თითქმის ყოველდღე აკაკუნებს ახალი ტკივილი. სამწუხაროდ, რესურსების სიმწირის გამო, ჩვენ იძულებული ვართ, შემოვიფარგლოთ მხოლოდ ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური პროფილის პაციენტებით, თუმცა თითოეული ასეთი პატარასთვის ბრძოლაში ბოლომდე ვიხარჯებით.
ფონდი არ ფინანსდება მსხვილი დონორებისგან – ის სრულად არსებობს თქვენი, უბრალო ადამიანების შემოწირულობებით, ჟურნალისტების ენთუზიაზმითა და საქველმოქმედო საღამოებით.
დიტო ცინცაძის სახელით დაწყებული ეს დიდი სიყვარულისა და თანადგომის ისტორია დღეს თითოეული თქვენგანის გვერდით დგომით ცოცხლობს. 13 წლის წინ, როცა ერთი ადამიანის გადასარჩენად გავერთიანდით, არ ვიცოდით, რომ ეს ერთი ნაბიჯი წლების შემდეგ ასობით ბავშვის ისტორიად იქცეოდა.
დღეს უკვე ვიცით, რომ ამ ისტორიას თქვენ აცოცხლებთ, ადამიანები, რომლებიც არ რჩებიან გულგრილი. ადამიანები, რომლებიც გასცემენ. ადამიანები, რომლებიც სხვას აძლევენ შანსს.
ფონდი დონორების გარეშე არაფერია.

არც ჩვენი გამოცდილება, არც სურვილი, არც ენთუზიაზმი საკმარისი არ არის, თუ არ გვექნება ის რესურსი, რომ ბავშვისთვის საჭირო კვლევა დავაფინანსოთ, მედიკამენტი ვიყიდოთ, უცხოეთში მკურნალობაში დავეხმაროთ ან, უბრალოდ, იმ მომენტში გვერდით დავუდგეთ ოჯახს, როცა მათ აღარ იციან, სად იპოვონ გამოსავალი.
ამიტომ თითოეული შემოწირულობა ჩვენთვის უბრალოდ თანხა არ არის.
ერთი ლარი შეიძლება გახდეს საჭირო კვლევა, წამალი, კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი შანსი, კიდევ ერთი გამარჯვება.
ჩვენ არ ვიცით, ვის ისტორიას დაწერს ხვალ თქვენი შემოწირულობა.
შეიძლება ლუკას.
შეიძლება ეკატერინეს.
შეიძლება ბავშვის, რომლის სახელიც დღეს ჯერ არ ვიცით. ჩვენ გვინდა, რომ ერთ დღეს ლუკამ და ეკატერინემაც შეძლონ ამ ფოტოს მეორე მხრიდან შეხედვა და თქვან: „ჩვენც გავიარეთ ეს გზა. ჩვენც გავიმარჯვეთ. ახლა კი სხვებს უნდა დავეხმაროთ“.
და სანამ ფონდის კარზე ახალი ბავშვის ისტორია მოგვიკაკუნებს, ჩვენ გვინდა, რომ აქეთ მხარეს ისევ იდგეს ჩვენი დიდი ოჯახი.
ტექსტი: ეკატერინე ნონიაშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი












