ქართული OK! სიამოვნებით წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც, პირდაპირი მნიშვნელობით, სიკეთის ქმნას ემსახურებიან. ჩვენი რუბრიკის სტუმრები არიან „დედების ფონდის“ დამფუძნებელი ვიკა ჩიმჩიური და ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ლიკა წიქარიშვილი. როგორ და რატომ დაარსდა „დედების ფონდი“, რას მოიცავს ფონდის ძირითადი საქმიანობა და რამხელა სირთულეებსა და ემოციებს უკავშირდება სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვა, ამაზე თავად ვიკა და ლიკა გვესაუბრნენ ინტერვიუში.
როგორ დაიბადა „დედების ფონდის“ დაარსების იდეა?
(ვიკა): წლების წინ ჩემს ერთ-ერთ შვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ბევრი ვინერვიულე, მაგრამ გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მცდარი დიაგნოზი დასვეს. გამოკვლევების პერიოდში, დიაგნოზის ხელმეორედ დასმამდე, ვთქვი, ოღონდ ბავშვი კარგად იყოს და მთელ ცხოვრებას სხვისი შვილების დახმარებას მივუძღვნი-მეთქი. იმ პერიოდში ყველამ მიმატოვა და სრულიად მარტოს მიწევდა ყველა პრობლემასთან გამკლავება და ჩემი სამი შვილის კეთილდღეობაზე ზრუნვა, მაგრამ მაინც ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემს შვილებსა და სხვის შვილებს დავხმარებოდი. დღეს ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელია. სწორედ იმ რთულ პერიოდში გავაკეთე ფბ-ჯგუფი, სადაც თავიდან დედები გამოცდილებას ვუზიარებდით ერთმანეთს. შემდეგ დავიწყეთ ერთმანეთის დახმარება და ვის შვილებსაც საკვები, წამალი, ტანსაცმელი სჭირდებოდა, ერთმანეთს ვჩუქნიდით. ამასობაში ჯგუფი გაიზარდა, შემომწირველების რაოდენობა 100000 ადამიანს გასცდა და მივხვდი, რომ საჭირო იყო ამ საქმიანობისთვის ოფიციალური სახე მიმეცა. ასე დავარეგისტრირეთ საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაცია „დედების ფონდი“, რომელსაც დღეს ნახევარი მილიონი მიმდევარი ჰყავს ოფიციალურ გვერდზე და საქმიანობას აგრძელებს. 2016 წლიდან მოყოლებული ფონდმა ბევრის სიცოცხლე გადაარჩინა, დაეხმარა უამრავ ბავშვს საკვებით, მედიკამენტებით, ბავშვთა კვების ფორმულებით, საფენებით, სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებებით. ბევრი ბავშვი გაიზარდა ფონდის დახმარებით.
(ლიკა): ყველაფერი დაიწყო დედების გაერთიანებით, დახურულ ჯგუფში ერთად თავმოყრილი ქალების ჩართულობით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ ქალებს, რადგან მათი გვერდში დგომის გარეშე ამხელა მასშტაბებზე ვერ გავიდოდით. მათ დაამტკიცეს, ქალები როგორი ძლიერები, მებრძოლები და ყოვლისშემძლეები ვართ. ამაყი ვარ იმით, რომ „დედების ფონდის“ დახმარებით ბევრი ბავშვი გადარჩა. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ხშირად ფინანსები წყვეტს ბავშვების სიცოცხლეს. ძალიან ბევრჯერ გარანტად დავდგომივართ სხვადასხვა კლინიკაში ბავშვს და ისე მიუღია მას სიცოცხლისთვის აუცილებელი მომსახურება ექიმებისგან. ჩვენს პირობას კი ყოველთვის ვასრულებთ ჩვენი ერთგული შემომწირველების წყალობით. მათი იმედი არასდროს დაგვიკარგავს და მინდა ჟურნალის მეშვეობით დიდი მადლობა გადავუხადო. წინ ბევრი ბრძოლა გველის, ბევრი სირთულე და კვლავ მათი მხარდაჭერის იმედით ვართ.
მოგვიყევით ფონდზე და ფონდის საქმიანობის თავისებურებებზე, მიმდინარე პროექტებზე…
(ლიკა): როგორც მოგახსენეთ, ჩვენს ბენეფიციარებს ყველანაირად ვეხმარებით, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. ამ დახმარებაში მოიაზრება ბავშვების სამკურნალო თანხების გადარიცხვა, მათი რეაბილიტაციის დაფინანსება, საკვებით უზრუნველყოფა, საჭირო მედიკამენტების შეძენა, ხშირად კომუნალური გადასახადების დაფარვა და ასე შემდეგ… ვაკეთებთ ყველაფერს, რაც უზრუნველყოფს ბავშვების ჯანმრთელობასა და მათ ჯანსაღ გარემოში გაზრდას. ამ კეთილ საქმეში, რა თქმა უნდა, არ ვართ მარტო, გვერდით გვიდგანან სპონსორები, დიდი ორგანიზაციები: „პსპ“, „ავერსი“, „ჯპს“, „ბორჯომი“, „უნივერსამი“ და სხვა ბევრი ორგანიზაცია.
ალბათ, არ არსებობს იმაზე ამაღლებული გრძნობა, როცა ადამიანის ძალისხმევით თუნდაც ერთი სიცოცხლე გადარჩება. გაგვიზიარეთ ემოციები, რომელიც თქვენს არაჩვეულებრივ საქმეს თან ახლავს.
(ვიკა): უდიდეს სიამოვნებასა და ბედნიერებას მანიჭებს საქმე, რომელსაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ. დიდი ბედნიერებაა ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების დახმარება. იგივე მოტივაცია აქვს თითოეულ ჩემს თანამშრომელს, რომლებიც, პირველ რიგში, ამ დადებითი ემოციებით იკვებებიან საქმის შესრულების დროს.
(ლიკა): ჩვენ არ გვაქვს 9:00-დან 18:00 სთ-მდე რეჟიმის სამსახური. ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მასთან, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ხშირად ჩვენს შვილებს ვტოვებთ მძინარეს და შუაღამით კლინიკაში მივდივართ, ვათენებთ, რადგან იმ მომენტში ჩვენი გვერდში დგომა სხვა ბავშვებს სჭირდებათ. ეს ბავშვები, მოზარდები, თავიდან უცხოები, შემდეგ საკუთარი ოჯახის წევრებივით გვიყვარდება.
რამდენად რთულია საქმე, რომელსაც ემსახურებით? დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ ემოციურ და ორგანიზაციულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რომლებთან გამკლავებაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
(ლიკა): ჩვენი საქმე საკმაოდ რთულია, რადგან შეიძლება დამარცხდე კიდეც, თუმცა იცი, რომ ხვალ სხვა ბავშვთან გაიმარჯვებ. ეს გვაძლებინებს. მე, როგორც დედა, ახლა უფრო ვხვდები ჯანმრთელობის ფასს. როცა სახლში ვბრუნდები და ჩემს ჯანმრთელ შვილს გულში ვიკრავ, ვხვდები, რომ ამაზე ძვირფასი არაფერია. რა თქმა უნდა, რთულია 24-საათიან რეჟიმში, ზოგჯერ ყინვაში შუაღამით გარეთ გასვლა, მაგრამ იმდენად დიდი ბედნიერებაა იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ეს იმ მომენტში ძალიან სჭირდება, რომ ყველანაირი დისკომფორტი გვავიწყდება და შემდეგ კმაყოფილები და ბედნიერები ვბრუნდებით შინ, ჩვენს შვილებთან. გაცემული სიკეთე ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან, დადებითი ემოციების სახით.
(ვიკა): თითქოს, ერთი შეხედვით, რთულია ხალხის ნდობის მოპოვება, რომ მათ თუნდაც ერთი ლარი გვანდონ მიზნობრივად დასახარჯად, მაგრამ უცხო ადამიანები ძალიან მალე გვენდნენ, ეს თავისთავად მოხდა. ჩვენთან საკმაოდ დიდი რაოდენობის შემოწირულობები შემოდის და რთულია მათი სწორად, ოპტიმალურად მართვა ისე, რომ ვინმე ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს. ძნელია რესურსის თანაბრად გადანაწილება. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს დღეს და მაქსიმალურად გვინდა, რომ ყველას შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ საკვებით, მკურნალობით თუ სხვა ნებისმიერი კუთხით. ფონდში სულ ქალები ვართ და ცოტა გვიჭირს საწყობის მართვა, პროდუქტით მანქანების დატვირთვა და რაიონებში ლოჯისტიკა, მაგრამ ვუმკლავდებით. ჩვენ გვაქვს ასეთი პროექტი „დედების ფონდი შენს უბანში“. თვეში ერთხელ იტვირთება მიკროავტობუსი საკვებითა და ჰიგენური ნივთებით და კონკრეტულ უბანში ჩერდება. ჩვენ ვაანონსებთ წინასწარ, მოსახლეობა მიდის და საჭირო ნივთები უსასყიდლოდ რიგდება. იგივე პროექტი მოიცავს რეგიონებსაც.
რამდენადაც ვიცი, დაგეგმილი გაქვთ რეგიონიდან ჩამოსული ბავშვებისთვის თავშესაფრის აშენება და მოწყობა, ასეა?
(ვიკა): 2016 წლიდან ფონდი მუდმივად განვითარების რეჟიმშია. ერთ-ერთი ახალი პროექტის მიხედვით, გადავწყვიტეთ შეგვეძინა მიწის ნაკვეთი, სადაც ავაშენებთ თავშესაფარს, სარეაბილიტაციო ცენტრთან ერთად. საქართველოში ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი, იაშვილის კლინიკა ფუნქციონირებს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონდან ჩამოსულ ბავშვებს, მკურნალობებს შორის შესვენების პერიოდის ჩათვლით, რამდენიმე თვის გატარება უწევთ პატარა პალატებში, რაც მათთვის ძალიან რთულია. სწორედ ამ საკითხის გადასაწყვეტად ვაშენებთ თავშესაფარს, სადაც ყველანაირი პირობები იქნება იმისთვის, რომ ბავშვებმა ლაღად და მხიარულად იცხოვრონ მკურნალობის პერიოდში, სადაც ანიმატორები, იქ დასაქმებული პერსონალი გაულამაზებენ და გაუიოლებენ მათთვის რთულ პერიოდს. ბავშვები შეძლებენ თავიანთ მშობლებთან ერთად განთავსდნენ თავშესაფარში, სანამ მათი მკურნალობის პერიოდი დასრულდება.
(ლიკა): „დედების ფონდის“ თავშესაფარში გარეთ, უსახლკაროდ დარჩენილი ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ღამის გათენებას მანამ, სანამ მისი საცხოვრებელი პირობები არ გაუმჯობესდება.
გარდა ამისა, ამავე ადგილას იქნება რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც ბავშვები შეძლებენ პოსტტრავმული და სხვა სახის სარეაბილიტაციო კურსების სრულიად უსასყიდლოდ გავლას. ამგვარად, მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს უახლოეს მომავალში და იმედი მაქვს, თითოეულ მათგანს საერთო ძალისხმევით მალევე შევასრულებთ.