ირაკლი ხვადაგიანი 1988 წელს ქუთაისში დაიბადა. ქალაქში, რომელიც გამორჩეულია თავისი ისტორიითა და კულტურით. ქალაქში, სადაც დაიბადნენ პეტრე ოცხელი, დები იშხნელები,ზაქარია ფალიაშვილი; ქალაქში, სადაც სწავლობდნენ ნიკო ნიკოლაძე და ექვთიმე თაყაიშვილი. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პარლამენტში (1918 წელს) ხუთი ქალი აირჩიეს, აქედან სამი კი ქუთაისის მესამე სკოლაში სწავლობდა.
ირაკლის ისტორიაც ამ ქალაქიდან და მისი ოჯახიდან იწყება. როგორც თავად გვითხრა, ოჯახმა, იქ არსებულმა საუბრებმა, ლიტერატურამ, ისტორიამ და ზოგადად, გარემომ, დიდი გავლენა მოახდინა მასზე და სწორედ აქედან დაიწყო მისი ინტერესიც ისტორიისადმი. დღეს ორგანიზაცია „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, რომელსაც ირაკლი წარმოადგენს, აკეთებს საქმეს, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია. მათ ესმით კოლექტიური მეხსიერების, ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობა და შესანიშნავად იციან, რომ ეს არის იდენტობის, თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი საშენი ელემენტი და ასევე, ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ელემენტი, რომელიც საფუძველს აცლის მტრულად განწყობილი სახელმწიფოს საინფორმაციო ომის მანქანის წარმატებას. ირაკლის მთავარი გამოწვევა და ამოცანაა, დაანახოს საზოგადოებას ის, რასაც ჩვენი წარსულიც გვეუბნება, რომ მომავალი აუცილებლად არის დასავლურ ცივილიზაციაში. განათლება, ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა, მისი უფლებები, მისი კეთილდღეობა − ესაა მთავარი დასავლური ღირებულება.
როდის და რატომ დაგვავიწყდა, რომ ვართ ევროპული წარსულის ქვეყანა?
მიმდინარე პროცესების ფონზე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პერიოდია. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ვინ ვართ, რა ვართ, სად გვინდა ვიყოთ, და არა რა ვიყავით − ეს წარსულია, წარსულში დარჩა, რომელიც შეგვიძლია აღვიდგინოთ, გავაცოცხლოთ, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომავლისთვის.
ჩვენ გვაქვს რეალური მოცემულობა და წარსული ტენდენცია, რომ ვიყოთ დასავლური ცივილიზაციის ბუნებრივი ნაწილი. ამ წლების განმავლობაში მუდმივად ხდებოდა მიჩუმათება, დამახინჯება, წაშლა ჩვენი დასავლური წარსულის. ადამიანი რომ გააჩერო და ჰკითხო, ვინ ვართ? და რატომ ვართ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, გაუჭირდება რამდენიმე ხელშესახები კონკრეტული მაგალითი და არგუმენტი მოგიყვანოთ. შესაბამისად, ჩვენ, ვინც ისტორიისა და კოლექტიური მეხსიერების საკითხების გარშემო ვმუშაობთ, გვაქვს სერიოზული გამოწვევა, რომ ეს ვაკუუმი შევავსოთ და ამ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება რაღაცის გამოგონება, შელამაზება. ობიექტური მოცემულობა იყო ასეთი − უძველესი დროიდან, რეალურად თავისი არსით, მოცემულობით, ბუნებრივად იყო საქართველო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ამ ტენდენციას მიჰყვებოდნენ ჩვენი წინაპრებიც, სახელმწიფოც, საზოგადოებაც და ანალოგიურად, მე-19 საუკუნეში, როდესაც იწყება დიდი გარდატეხები და ის სამყარო ჩნდება, სადაც ჩვენ ახლა ვართ, ასეთი აღქმით სახელმწიფოსი, ერის, ადამიანის, უფლებების, იდეოლოგიების, აქაც ფეხდაფეხ მიჰყვება ჩვენი საზოგადოება ამ ცვლილებებს და ხედავს თავის ადგილს დასავლური ფასეულობებისა და ცივილიზაციის ნაწილად.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ხდება მნიშვნელოვანი გარდატეხა ახალი თაობის, განმანათლებლების დამსახურებით, რომლებმაც იმ პერიოდისთვის თანამედროვე ევროპული განათლება მიიღეს, ხედავენ როგორ იცვლება მსოფლიო, ხედავენ პროგრესის დიდ ტალღას, განათლების, მეცნიერების, ტექნიკის კუთხით, ხედავენ ევროპაში როგორ იქმნება ახალი საზოგადოებები, ახალი ერები და სახელმწიფოები. მათი ხედვა არის მუდმივად მიმართული დასავლეთისკენ. ჩვენი წინაპრები ყოველთვის უფრო დასავლეთში, ქრისტიანულ ცივილიზაციაში ხედავდნენ თავს, ვიდრე აღმოსავლეთში. იმის მიუხედავად, რომ მუდმივად აღმოსავლეთის ტყვეობისა და ზეგავლენის ქვეშ ვიყავით, ხედვა მაინც იყო დასავლეთისკენ, როგორც აღთქმული მიწისკენ.
პირველი რესპუბლიკის გამოცდილება არის უნიკალური. ეს მოდელი უნივერსალურია და მუშაობს. საქართველო − რუსეთის იმპერიის ყოფილი კოლონია, ძალიან სწრაფად ხდება გარკვეულ საკითხებში უფრო პროგრესული. მაგალითად, იმავე ემანსიპაციის კუთხით, თანასწორუფლებიანობის კუთხით, სოციალური უფლებების კუთხით, თვითმმართველობის უფრო კარგი მოდელით, ვიდრე ევროპაშია და ამ მხრივ ძალიან მაღალი თამასა აქვს მაშინდელ ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებას.
ვინ იყვნენ იმდროინდელი ლიდერები, რომლებიც ქმნიდნენ დასავლური ღირებულებების ქვეყანას?
ზოგადად და ტრაფარეტულად, ყოველთვის გვასწავლიდნენ, რომ ეს არის ე.წ. თერგდალეულების თაობა, სინამდვილეში კი ეს არის მთელი მოძრაობა ახალი მოქალაქეების, ახალი განმანათლებლების.
ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, შემდეგ ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი… ამ პერიოდს აქვს პირველი ფაზის მიზანდასახულობა, რომ უპირველესად კულტურის, განათლებისა და ეკონომიკური გაძლიერების ხაზით ხედავენ ქვეყნის განვითარებას და ამის შემდეგ მოდის მომდევნო ამოცანები, როგორიც არის გარკვეული პოლიტიკური უფლებების ამაღლება და თვითგამორკვევის მიმართულებით მუშაობა. ეს არის ხანგრძლივი პროცესი 1860-იანი წლებიდან მოყოლებული მე-20 საუკუნის ბოლომდე, სადაც განათლება არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი შეკავშირებისთვის და ახალი იდენტობის ჩამოყალიბებისთვის. პარალელურად, მოდის უკვე მომდევნო ტალღა,
მოაზროვნეებისა და ლიდერების, რომლებიც ფიქრობენ, რომ მხოლოდ კულტურა და განათლება არ არის საკმარისი. ყველაფერი ეს უნდა გამომდინარეობდეს ეკონომიკური გაძლიერებიდან − ერი იქნება ეს თუ ადამიანების ერთობა, ის უნდა ქმნიდეს მატერიალურ დოვლათს. ჯერჯერობით, ეს არის უფრო ელიტური მოძრაობები, მაგრამ უკვე 1980-იანების ბოლოს-1990-იანების დასაწყისში ჩნდება ახალი, უფრო მასობრივი წარმატებული და ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანი მოძრაობა, სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ჯგუფები, რომლებიც ამ ყველა მემკვიდრეობას ითავსებენ. ეროვნული იდენტობა გამოკვეთილია, კულტურული განვითარების მნიშვნელობა ესმით, მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაყრილია და დგება პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ ეს იყოს უფრო მასობრივი, სახალხო, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც აქ ცხოვრობს, უნდა იყოს ამაში ჩაბმული და ეს უნდა გასცდეს გარკვეულ ელიტურ წრეებს. მაშინდელ საზოგადოებას ესმის, რომ განათლება და დასავლური ტიპის განათლება არის საუკეთესო ინვესტიცია. მეტი განათლებული ადამიანი, რა თქმა უნდა, მეტი რესურსია პროგრესისთვის.
საინტერესოა, იყვნენ თუ არა ამ დროს აქტიური ქალი ლიდერები?
ეს პროცესები არ არის ექსკლუზიურად ერთი გენდერული ჯგუფის ისტორია. თანასწორუფლებიანობისა და ქალთა ჩართულობის კუთხით, დისკუსია ფაქტობრივად არ არსებობს. შემდეგ უკვე რეალობაც და ისტორიაც აჩვენებს, რომ განვითარების საუკეთესო მოდელი არის სწორედ ასეთი. თანასწორუფლებიანობა და ქალების ჩართულობა ყველა სფეროში − კულტურა იქნება ეს, განათლება თუ შემდგომ პირდაპირ პოლიტიკური ხაზით.
პირველი თაობის ქალი ლიდერები არიან: ბარბარე ჯორჯაძე, ანასტასია წერეთელი, მარიამ დემურია, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ჰყავს ძალიან ავტორიტეტული ქალი წარმომადგენლები, როგორებიც არიან ნინო რუსია, მინადორა ტოროშელიძე, ინა ჟორდანია (ნოე ჟორდანიას მეუღლე), ლიზა ბოლქვაძე, რომელიც არის გურიის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
როდესაც რუსეთის იმპერია იშლება, თებერვლის რევოლუციის და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ეს უკვე ძალიან ბუნებრივი მოცემულობაა, რომ ქალები არიან ყველგან, საზოგადოებრივ და სამოქალაქო ორგანიზაციებში, და პირიქით − დომინირებენ კიდეც, არიან პარტიებშიც, საქალაქო თვითმმართველობის დეპუტატებად, არიან არჩეულები პირველ პარლამენტშიც, დამფუძნებელი კრების დეპუტატებიც გახლავან − ეს გახლავთ ყოველდღიურობის ძალიან ბუნებრივი ნაწილი, და არა იმიტომ, რომ ვიღაცას აუცილებლად ქალი უნდა ჰყავდეს სიაში. ეს კონკრეტული ქალები პარტიის თუ მოძრაობის ავტორიტეტული წარმომადგენლები არიან.
დღეს როგორ ხედავთ ქალის როლს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში?
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ ასი წლის წინანდელი ის მოცემულობა უფრო წარმატებულია, მაგრამ თან ასე პირდაპირაც ვერ შევადარებთ ამ ორ განზომილებას. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაშინ რამ გახადა ეს შესაძლებელი, გახადა იმან, რომ ეს იყო კონსენსუსი: ყველანი, სახელმწიფო დონეზე თუ ინდივიდუალურ დონეზე, თანხმდებოდნენ, რომ ეს სწორია, კარგია, ამის განვითარება მნიშვნელოვანია, დღეს კი გვაქვს ამბივალენტური მდგომარეობა − თითქოს ამას ყველა აღიარებს და ამაზე ყველა საუბრობს, მაგრამ პრაქტიკაში და რეალურად სულ სხვა სურათია. დღეს არის ძალადობის, გენდერული ნიშნით ძალადობის დიდი ტალღა, სრულიად დისკრიმინაციული პრაქტიკის დონეზე ეკონომიკური კუთხით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთრების, მემკვიდრეობის უფლების რეალიზებაც კი ვერ ხდება, მათ შორის სტერეოტიპები, ქალური პროფესიები და ა.შ. ეს არის ძალიან მიშვებული პროცესი. ქალთა ჯგუფები მუშაობენ და თუკი რამე უკეთესობისკენ არის და დადებითი ტენდენციებია, სწორედ ამის დამსახურებაა. მაგალითად, საგანმანათლებლო სფეროში, სამედიცინო, მომსახურების და ა.შ. სფეროში ქალები დომინირებენ, მაგრამ მმართველობის ზედა საფეხურებზე გაცილებით ნაკლებად არიან წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ სამართლიანი კარიერული ზრდის გზები ხელოვნურადაა ჩაკეტილი. ეს კეტავს გენდერული ნიშნით ქალების პროფესიული და სოციალური ზრდის საშუალებას. უამრავი ამ ტიპის ხილული წინაღობა და დისკრიმინაციაა, რომელზეც ისევ და ისევ საუბრობს მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება, ხოლო ცვლილებების პოლიტიკური ნება დიდი ხანია არ შეინიშნება.
დღეს სად ვართ და რაშია ჩვენი და ჩვენი სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა?
დღეს არის უკვე პიკი ამ შეჯახების, როგორ ვხედავთ ჩვენ ჩვენს წარსულს, რას გვეუბნება ეს წარსული და სად გვინდა წავიდეთ. ერთი მხრივ, კვლავ არსებობს ეს საბჭოური ნოსტალგია და ამის მთავარი ბირთვი სტალინის მიმართ ვიწრო ეთნიკური ნაციონალისტური სენტიმენტებია, თუმცა გარდა ამისა, ჩვენი სახელმწიფოსა და მმართველი პოლიტიკური ძალებისგან განსხვავებით, საბჭოეთის მემკვიდრე რუსულ სახელმწიფოს უწყვეტად აქვს შენარჩუნებული ხაზი, როგორ და რა მეთოდებით უნდა იმუშაოს მისი ყოფილი გავლენის სფეროებისა და კოლონიების მიმართ. ისინი კვლავ სერიოზულად მობილიზდნენ, „ამოქოქეს“ მოძრაობები და ისევ იგივე ხდება: მიტაცება წარსული სიმბოლოებისა და ფიგურების, შინაარსის გამოცლა და ჩანაცვლება, და რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი საქართველოს მოქალაქე, ინფორმირებული მოქალაქე, რომელიც უნდა ამაყობდეს იმით, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ჰქონდა, პარლამენტარიზმი ჰქონდა, ინსტიტუციები ჰქონდა, დამოუკიდებელი სასამართლო არსებობდა, მთავრობა და პარლამენტის ურთიერთკონტროლის მექანიზმები იყო ჯანსაღი, ოპოზიციური კრიტიკა არსებობდა, თანასწორუფლებიანობა გვქონდა, თვითმმართველობა გვქონდა, ამ ყველაფრის ნაცვლად, შენ უნდა იყო დარწმუნებული, რომ ევროპა არ გინდა, იმიტომ, რომ არაფერი საერთო ევროპასთან ჩვენ თითქოს არ გვქონია, პირიქით − ეს ცუდია და შენ ვინ ხარ? ან ქართველი ან კავკასიელი − ამისი კულტივირება ხდება. აქ გვაკლია ერთი მთავარი აქტორი, რომელიც ძალიან ტრაგიკულია. ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოება მარტოა, სახელმწიფოსთვის ეს არ არის პრიორიტეტი, პირიქით − იმ ბანაკშია, რომლისთვისაც ეს პროექტი არადასავლური, არაევროპული და არათანამედროვე საქართველოსი, არის გაცილებით მომგებიანი.
რა არის თქვენთვის ევროპა და ევროპელობა?
გამომდინარე სფეროდან, რომელშიც ვმუშაობ, ამასაც რა თქმა უნდა ისტორიის მემკვიდრეობის პერსპექტივიდან ვხედავ. ეს არის ერთგვარი გამოწვევა და ამოცანა, რომ არ გაწყდეს მეხსიერების ძაფი და მოხდეს ვაკუუმის შევსება, გადაბმა. დავინახოთ ის, რასაც ჩვენი წარსულიც გვეუბნება. მომავალი აუცილებლად არის დასავლურ ცივილიზაციაში. განათლება, ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა, მისი უფლებები, მისი კეთილდღეობა და შემდეგ ამაზე დაფუძნებული ერთობა, როგორიც არის საზოგადოება, სახელმწიფო და ადამიანი, ცალკე, როგორც ინდივიდი, ერთი კუნძული, ვერასოდეს იქნება, თუ ჯამში საზოგადოება და სახელმწიფო არ იქნა თავისუფალი, დაცული, წარმატებული. ეს არის, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ის, რაც გვიზიდავს ევროპაში და რისაც გარკვეულ მომენტში გვშურს კიდეც. ჩვენს საზოგადოებას აქვს რესურსი, ისევ იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული ნაწილი.
როდის დაინტერესდით საბჭოთა წარსულის კვლევით?
„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ 2010 წელს დაფუძნდა და ამავე პერიოდიდან აქტიურად ვარ ჩართული ორგანიზაციის საქმიანობაში. კონკრეტული მოტივაცია არ მქონია, უბრალოდ, ეს იყო გარკვეული ინერცია, გასული საუკუნის 90-იანების გარემო და საერთო კლიმატი. შემდეგ უკვე, სტუდენტობის პერიოდში, რამდენიმე პატარა სტატიაზე ვიმუშავე, რომლებიც ისტორიულ თემას ეხებოდა და უკვე ცხადი გახდა, რომ ეს არის სრულიად უცნობი არე, საერთოდ შეუსწავლელი, უამრავი სტერეოტიპით გაჯერებული, რომელსაც სჭირდება სისტემური ფუნდამენტური მუშაობა. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ სახელმწიფო ინსტიტუტები. ეს არის საქმე, რომელსაც ცენტრალურ, აღმოსავლეთ ევროპაში და ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სახელმწიფო დონეზე აკეთებენ არსებული კვლევითი ინსტიტუტები, ინიციატივები, საუნივერსიტეტო კვლევითი კათედრები, ვინაიდან ესმით, რამხელა მნიშვნელობა აქვს კოლექტიურ მეხსიერებას, ისტორიულ მეხსიერებას. როდესაც ხელშესახებად, მკაფიოდ, მარტივად, მწყობრად იცის საშუალო სტატისტიკურმა მოქალაქემ თავისი უახლესი წარსულის შესახებ, მით უფრო ურთულებს ეს საქმეს რუსეთს.
ჩვენი მიზანიც ესაა − საკუთარი მუშაობით შევძლოთ დავაღწიოთ თავი რუსული საინფორმაციო ომის მანქანას და დავიკავოთ ღირსეული ადგილი იქ, სადაც არის ჩვენი ადგილი. ეს ადგილი კი ცალსახად ევროპა და დასავლური ცივილიზაციაა.
ტექსტი: სალომე სიხარულიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი