ჩვენი რუბრიკის გმირი ძალიან ნიჭიერი და შემოქმედებითი ახალგაზრდა კაცია. ადამიანი, რომელმაც თავისი კომპანიის სახით ციფრული მარკეტინგისა და კრეატივის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა ქართულ ბაზარზე. როგორ დაიბადა „კრაკენი“, რა არის მისი დიდი წარმატების საფუძველი და კომპანიის განვითარების როგორი გეგმები აქვს მის დამფუძნებელსა და დირექტორს, გიორგი კონტუაძეს, წაიკითხეთ ინტერვიუში.
გიორგი, მოგვიყევით, როგორ გაჩნდა „კრაკენის“ დაარსების იდეა და რამდენად რთული იყო ამ იდეის განხორციელება?
ყველა ბიზნესი რაღაც საჭიროებიდან ჩნდება – რომელიმე პრობლემის გადაჭრის ან ახალი შესაძლებლობის დანახვის მომენტიდან. „კრაკენის“ შემთხვევაშიც ასე იყო. მაშინ ციფრული კომუნიკაცია ჯერ კიდევ ახალი მიმართულება იყო და ბიზნესებს სულ უფრო მეტად უჩნდებოდათ საჭიროება, ციფრულ სივრცეში ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. თუმცა ბევრ მათგანს ჯერ კიდევ სჭირდებოდა ახსნა, რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი და რა შედეგის მოტანა შეეძლო. ჩვენი პირველი დაპირებაც სწორედ ეს გახლდათ – დავხმარებოდით ბიზნესებს ამ ცვლილებების განხორციელებაში და ციფრული სივრცე მათთვის რეალურ შესაძლებლობად გვექცია. სახელწოდება „კრაკენიც“ ამ იდეას უკავშირდება. მითოლოგიაში კრაკენს მაშინ იძახებენ, როცა სიტუაცია რთულდება და განსაკუთრებული ძალა ხდება საჭირო. ჩვენთვის ეს მეტაფორა თავიდანვე საინტერესო იყო – გვინდოდა „კრაკენი“ ყოფილიყო ის გუნდი, რომელსაც ბრენდი მაშინ მიმართავდა, როცა რთული ამოცანის წინაშე იდგა და დახმარება სჭირდებოდა. დასაწყისი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. იყო პერიოდი, როცა ჯერ თავად სფეროს მნიშვნელობის ახსნა გვიწევდა – რას იძლეოდა სოციალური მედია, როგორ შეიძლებოდა ცნობადობის გაზრდა, გაყიდვების ხელშეწყობა, მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი ფორმების შექმნა. ამ ყველაფრის პარალელურად კი გვინდოდა, უბრალოდ, სერვისი კი არ შეგვეთავაზებინა, არამედ ბრენდებთან მუშაობის სრულიად განსხვავებული გამოცდილება შეგვექმნა. დღეს, როცა უკან ვიყურები, ვფიქრობ, „კრაკენის“ ყველაზე დიდი ძალა მაინც ადამიანები არიან. პროფესიონალიზმი, ერთმანეთის მხარდაჭერა, მეგობრობა და ის დამოკიდებულება, რომ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ – სწორედ ეს ქმნის იმ კულტურას, რომელმაც საბოლოოდ „კრაკენიც“ შექმნა და არაერთი ბრენდის კომუნიკაციაც.

„კრაკენმა“ციფრული მარკეტინგისა და კრეატივის ბაზარზე ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში ახალი ერა შექმნა. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენ ახალი ერა შევქმენით – ბაზარზე ჩვენამდე ძალიან კარგი სააგენტოები იყვნენ და არიან, რომლებიც არაერთ შესანიშნავ კამპანიას ქმნიან. უბრალოდ, „კრაკენის“ ხედვა თავიდანვე ცოტა განსხვავებული იყო. როდესაც ბაზარზე შემოვედით, სააგენტოების დიდი ნაწილი ძირითადად ერთჯერად, დიდ კამპანიებზე იყო ორიენტირებული. ჩვენ კი უფრო მეტად დავინახეთ ყოველდღიური კომუნიკაციის შესაძლებლობა – ის, რომ ბრენდს მომხმარებელთან მხოლოდ ერთი დიდი კამპანიის ფარგლებში კი არა, ყოველდღიურად უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. ამიტომ ავირჩიეთ გრძელვადიანი თანამშრომლობის მოდელი. ჩვენთვის ბრენდი არ იყო ერთჯერადი პროექტი, რომელსაც ვიღებდით და შემდეგ ვაბარებდით. გვინდოდა მისი ნაწილი გავმხდარიყავით და მის განვითარებასთან ერთად ჩვენც განვვითარებულიყავით. ამ მიდგომაზე მოთხოვნა თანდათან გაიზარდა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გარდამტეხი მომენტი პანდემია აღმოჩნდა. მაშინ უამრავი ბიზნესი სრულიად ახალ რეალობაში აღმოჩნდა და ციფრული კომუნიკაცია მათთვის აუცილებლობა გახდა. ამ პერიოდში „კრაკენიც“ ძალიან სწრაფად გაიზარდა. დღეს უკვე თითქმის ყველა ინდუსტრიასთან გვაქვს კავშირი და ალბათ ესეც არის ჩვენი განვითარების ყველაზე საინტერესო ნაწილი – „კრაკენი“ იზრდება იმ ბიზნესებთან ერთად, რომლებთანაც მუშაობს.
რა არის კომპანიის ოპერირების მთავარი პრინციპები, რომელსაც არასდროს ღალატობთ?
მე ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ სერვის-სააგენტო ვართ და ეს სტანდარტული სააგენტოსგან განსხვავებულია. ჩემთვის ეს განსხვავება მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანა პარტნიორისთვის მხოლოდ რაღაცის „გაკეთება“ არ არის. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას საკუთარი მიზნის მიღწევაში. რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული აუცილებელია, მაგრამ ჩემთვის თანამშრომლობის საფუძველი, პირველ რიგში, პატივისცემაა. არ მიყვარს ურთიერთობა, სადაც ერთი მხარე საკუთარ თავს მეორეზე მაღლა აყენებს. სააგენტო არ არის შემსრულებელი, რომელსაც დავალებას აძლევ და უბრალოდ, შედეგს ელოდები. საუკეთესო შედეგი მაშინ იქმნება, როცა ორივე მხარე ერთ გუნდად მუშაობს. ამიტომ ჩემთვის სამართლიანობა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. თუ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორს, მის დროს, მის ბიზნესსა და მის პასუხისმგებლობას, იმავე დამოკიდებულებას მისგანაც ველოდები. ხშირად შეიძლება კრიტიკული ვიყო, მაგრამ არასდროს მინდა, რომ კრიტიკა ადამიანისკენ იყოს მიმართული – ის საქმეს უნდა ემსახურებოდეს. საბოლოოდ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს: საქმე უნდა გამოვიდეს შედეგიანი. მგონია, რომ სწორედ ეს არის ჯანსაღი პარტნიორობის საფუძველი – როცა არცერთი მხარე არ ცდილობს მეორეზე მაღლა დადგომას და ორივესთვის მთავარი შედეგია.

თქვენი, როგორც ხელმძღვანელის, სახეს როგორ ხედავთ? როგორი ტიპის და თვისებების მენეჯერი ხართ?
ალბათ ყველაზე მეტად ის მინდა, რომ გუნდისთვის საკუთარი საქციელით ვიყო მაგალითი. თუ ვინმეს რაღაცას ვთხოვ, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვთხოვ იმავეს. ჩემთვის რთულია, ადამიანებისგან ისეთი რამ მოვითხოვო, რასაც თავად არ ვაკეთებ. ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ და ვფიქრობ, მენეჯმენტში ეს მნიშვნელოვანი თვისებაა. ემოციური გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრი რამ ერთდროულად ხდება, იშვიათად იძლევა კარგ შედეგს. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ბალანსი შევინარჩუნო და სიტუაციას ემოციაზე მეტად რაციონალურად შევხედო. ამავდროულად, საკმაოდ უშუალო და მეგობრული ვარ. მიყვარს პროცესებში ჩართვა, ადამიანებთან ერთად მუშაობა და განსაკუთრებით ის მომენტი, როცა ჩემი გამოცდილება ვინმეს რეალურად ეხმარება. ჩემთვის ხელმძღვანელობა მხოლოდ გადაწყვეტილებების მიღება არ არის – პასუხისმგებლობაა იმ ადამიანებზეც, რომლებიც შენთან ერთად ქმნიან რაღაცას. და კიდევ ერთი რამ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია – განვითარება. ამ ინდუსტრიაში თუ ერთ დღეს იფიქრე, რომ უკვე საკმარისი იცი, ალბათ სწორედ იმ დღეს დაიწყებ რეგრესს. დანარჩენზე კი, ალბათ, ჩემს გუნდის წევრებს უნდა ჰკითხოთ. შეიძლება სულ სხვანაირად მიყურებენ. (იცინის).
რა გამოწვევები აქვს თანამედროვე მარკეტინგულ სამყაროს და როგორ ფიქრობთ, როგორ შეიცვალა ტრენდი, მარკეტინგის ხასიათი ბოლო წლებში?
მარკეტინგი თავისთავად არის გამოწვევების კრეატიულად გადაწყვეტის სფერო. ამიტომ, თუ ამ ინდუსტრიაში გამოწვევა აღარ გაქვს, ალბათ რაღაცას არასწორად აკეთებ. ტენდენციები მუდმივად იცვლება და მთავარი სირთულე მხოლოდ მათი დანახვა არ არის. მნიშვნელოვანია, სწორ მომენტში მოახდინო მათთან ადაპტაცია. თუ ცვლილებას ძალიან გვიან მიჰყვები, შეიძლება ის უკვე შესაძლებლობა აღარ იყოს. დღეს, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ ძალიან ბევრი საუბარია. მე არ ვფიქრობ, რომ AI თავისთავად გამოწვევაა. უფრო საინტერესოა, როგორ უყურებ მას: კონკურენტად, მტრად თუ ინსტრუმენტად. ჩვენთვის ის, პირველ რიგში, პროცესების გაუმჯობესებისა და ხარისხის გაზრდის შესაძლებლობაა. ბევრი პროცესი, რომელსაც ადრე გაცილებით მეტი დრო სჭირდებოდა, დღეს მნიშვნელოვნად დაჩქარდა. თუმცა ამან მოთხოვნებიც გაზარდა – როცა შეგიძლია უფრო სწრაფად გააკეთო, ბუნებრივია, უფრო მეტს და უკეთესს ელიან შენგანაც. საინტერესოა ისიც, რომ დღეს ორი საკმაოდ განსხვავებული მიდგომა არსებობს: ზოგი ბრენდი AI-ის კომუნიკაციაში აქტიურად გამოყენებას ცდილობს, ზოგი კი პირიქით – მაქსიმალურად ბუნებრივი და ადამიანური კომუნიკაციის შენარჩუნებას ამჯობინებს. თუმცა ჩემთვის თანამედროვე მარკეტინგში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სხვა რამეა – ის სულ უფრო ახლოს მიდის ციფრებთან. შედეგების გაზომვა, გაყიდვები, კონვერსია, ეფექტიანობა – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ ზოგჯერ მენატრება ის პერიოდი, როცა ბრენდის აშენებას და ემოციურ კომუნიკაციას უფრო მეტი სივრცე ჰქონდა.

სამომავლოდ თუ აქვს „კრაკენს“ საინტერესო გეგმები?
„კრაკენის“ გეგმები ბევრია, თუმცა ყველაფრის ახლა თქმა, ალბათ, არც იქნება სწორი. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელზეც დღეს განსაკუთრებით ვმუშაობთ, უძრავი ქონების სექტორში ჩვენი პოზიციონირების გაძლიერებაა. ეს ძალიან საინტერესო და ამავდროულად რთული ინდუსტრიაა, სადაც მხოლოდ კარგი კომუნიკაცია საკმარისი არ არის – შედეგამდე მისასვლელად ძალიან ზუსტი სტრატეგია და ბევრი დეტალის სწორად მართვაა საჭირო, რაც „კრაკენს“ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ცოდნის სახით დაუგროვდა. მეეჭვება, უძრავი ქონების მიმართულებით დღეს რომელიმე სააგენტო არსებობდეს ამხელა გამოცდილებით. თუმცა, თუ მკითხავთ, რა არის დღეს „კრაკენის“ ყველაზე დიდი უპირატესობა, ისევ ჩვენს ძირითად ფილოსოფიას დავუბრუნდები – ჩვენ „გაშლების“ სააგენტო ვართ. ბაზარზე უამრავი ძალიან კარგი ვიდეო იქმნება და არაერთი კარგი სააგენტო აკეთებს შესანიშნავ კამპანიებს. მაგრამ ერთი კარგი ვიდეო ან ერთი კარგი კამპანია, ჩემი აზრით, მხოლოდ დასაწყისია. ბრენდის კომუნიკაცია სწორედ ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს, ყველა არხში, ყველა ფორმატში და ყოველდღიურად. ამას გარედან შეიძლება ვერ ხედავდე, მაგრამ სწორედ ამ პროცესს სჭირდება ყველაზე მეტი შრომა: ცვალებადი პროცესები და გადაწყვეტილებები, მუდმივი კომუნიკაცია, დეტალებზე ზრუნვა და ყოველდღიური მუშაობა. ჩვენ სწორედ ამაში ვხედავთ საკუთარ ძალას. შეიძლება ყველაზე ხმამაღალი ნაწილი ყოველთვის ჩვენ არ ვიყოთ, მაგრამ გვინდა, რომ ის საქმე, რომელიც კამპანიის მიღმა და კამპანიის შემდეგ კეთდება, ყველაზე კარგად ჩვენ გამოგვივიდეს. საბოლოოდ, ჩემთვის „კრაკენის“ მომავალი სწორედ ეს არის, უფრო მეტი პასუხისმგებლობა, უფრო რთული ამოცანები და ისეთი ბრენდების გვერდით ყოფნა, რომელთა ზრდასთან ერთად ჩვენც გავიზრდებით.
ტექტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი












