აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნესორგანიზაცაა საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან ხელს უწყობს რეგიონში ბიზნესგარემოს გაძლიერებას. სწორედ მის სახელს უკავშირდება არაერთი მსხვილი თუ მცირე ბიზნესის წარმატება აჭარაში. „OK! ბათუმის“ სტუმარი აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, გიორგი რომანაძეა, რომელმაც ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.
მოგვიყევით აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობასა და მიზნებზე…
სსიპ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, მეწარმეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება. ამჟამად პალატაში გაერთიანებულია 300-მდე წევრი, რომელთაგან 95% არის მცირე, ხოლო 5% – საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი. ჩვენი მიზანია ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდა და ადგილობრივი ბიზნესგარემოს გაძლიერება კვალიფიციური კონსალტინგის, ბიზნესგაერთიანებების და პარტნიორობის ქსელის გაფართოების, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, ექსპორტის ხელშეწყობის, სამეწარმეო უნარების გაუმჯობესების, პალატის წევრებისა და სხვა ბიზნესსუბიექტების ინტერესების დაცვის გზით. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა იმ ორგანიზაციათა სამართალმემკვიდრეა, რომლებიც ფუნქციონირებდნენ დღევანდელი ქალაქ ბათუმის ფარგლებში. პალატა თავის ისტორიას 1892 წლიდან ითვლის, როდესაც ბათუმის პორტიდან ახალგახსნილი სუეცის არხის გავლით გავიდა ნედლი ნავთობით დატვირთული თბომავალი („მიურექსი“) სინგაპურისა და ტაილანდის მიმართულებით, რასაც იმ დროისთვის კურირებას უწევდა ბათუმში არსებული იმპერიული სავაჭრო პალატა. 1917-1936 წლებში ბათუმში მოქმედებდა სასაქონლო ბირჟები და საექსპორტო-საბროკერო ბიუროები. შემდგომ პერიოდში კი, სსრკ-ის სახკომვაჭრობაში შეიქმნა სავაჭრო-საშუამავლო კანტორები, რომლებსაც სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების ფუნქციები ჰქონდათ შეთავსებული. ეს კანტორები მოგვიანებით ჩამოყალიბდა ბიუროებად, ხოლო 1968-1990 წლებში მათ ბაზაზე დაარსდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აჭარის განყოფილება, რომელიც 1990-2002 წ.წ.-ებში გადაკეთდა „აჭარსაგარეოსერვისად“.
დღევანდელი სავაჭრო-სამრეწველო პალატა სსიპ-ად დარეგისტრირდა 2006 წლის 16 იანვარს და იგი, ფაქტობრივად, „აჭარსაგარეოსერვისის“ სამართალმემკვიდრეა. იგი აერთიანებს წევრ ორგანიზაციებს და დაფუძნებული აქვს ბიზნესასოციაციები, შპს „საერთაშორისო არბიტრაჟი“, შპს „აჭარექსპერტიზა“ (ინსპექტირება-შეფასების ორგანო). პალატის სტრუქტურა რამდენიმე განყოფილებისა და დეპარტამენტისგან შედგება. ორგანიზაციას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც 4-წლიანი ვადით ირჩევენ.
როგორც ვიცით, ACCI წარმოადგენს შუამავალ რგოლს მეწარმე სუბიექტებსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის. იცავთ ორგანიზაციის წევრების ბიზნესინტერესებს. რა გამოწვევები არსებობს აღნიშნული მიმართულებით, რამდენად დაცულია ბიზნესის ინტერესები აჭარის რეგიონში?
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა მეწარმეთა ინტერესების დაცვას სხვადასხვა მექანიზმით ახორციელებს, რაც ცალსახად არის განსაზღვრული ქვეყანაში მოქმედი სამეწარმეო სამართლით და საქართველოს კანონით „სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“.
კერძოდ, ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში ბიზნესსუბიექტების საერთო და ინდივიდუალური ინტერესების დაცვა. შექმნილია კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ქონებრივი დავის მოგვარების ხელშეწყობა-გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება – შპს „საერთაშორისო არბიტრაჟი“. ვაწარმოებთ ფორსმაჟორული გარემოებების დამოწმებას. დარგობრივი ინტერესების დასაცავად შექმნილია ბიზნესასოციაციები და სხვ.
იმ მიზნით, რომ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნას, დაცულ იქნას ბიზნესინტერესები და ხელი შეეწყოს სამეწარმეო უნარების განვითარებას, სავაჭრო სამრეწველო პალატაში სხვადასხვა სერვისი მოქმედებს. კერძოდ: საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და სწავლების, მათ შორის საზღვარგარეთ, ორგანიზება. ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა, ადგილობრივი და უცხოური საქონლის გამოფენების მოწყობა, საქმიანი შეხვედრების გამართვა, საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემებისა და ბანკების შექმნა. მეწარმეთა ხელშეწყობა ბიზნესგეგმების მომზადებაში, საკანონმდებლო მოთხოვნათა შესრულებაში, აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი/უცხოური საქონლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ექსპერტიზა/შეფასება, საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოებების დამოწმება, საერთო ფორმის არა პრეფერენციული, დსთ-ის ქვეყნების პრეფერენციული, GSP წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა /დამოწმება. საიდენტიფიკაციო შტრიხკოდის მინიჭება, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესაბამისად ჰოლოგრამის გაცემა, საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი პალატის ნიშნის „წარმოებულია საქართველოში“ გაცემა და სხვა. რეგიონში ბიზნესის განვითარებისთვის ღია და გამჭვირვალე გარემოა. შექმნილია არაერთი უწყება და გაერთიანება, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებთან ერთად ბიზნესინტერესების დაცვასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე არიან ორიენტირებული.
გვესაუბრეთ დარგობრივ ბიზნესასოციაციებზე და მათი მხარდაჭერის მიზნობრიობაზე. მაგალითად, მეფუტკრეთა ასოციაციაზე, ქალ ბიზნესმენთა ასოციაციაზე.
სავაჭრო-სამრეწველო პალატას დაფუძნებული აქვს დარგობრივი ბიზნესასოციაციები: ქალ ბიზნესმენთა, პროფესიული უნარების, მეფუტკრეობის, ახალგაზრდა ბიზნესმენთა, ექსპორტიორთა და სხვა ასოციაციები. ამგვარი პროფესიული გაერთიანებების შექმნის მიზნებია: დარგის ან ბიზნესის ცალკეული სეგმენტის განვითარებაზე ზრუნვა და მათი ინტერესების დაცვა, ადგილობრივი ბიზნესის პოპულარიზაცია, პრობლემების წამოჭრა და ადვოკატირების კამპანიების წარმოება. ასევე, კოორდინაცია და გამოცდილების გაზიარება, წევრებისთვის ახალი ცოდნისა და უნარების მიწოდება. ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების, ფორუმებისა და გამოფენების ორგანიზება და სხვ.
მაგალითად, მეფუტკრეობის ბიზნესასოციაცია ტრადიციულად ატარებს ყოველწლიურ თაფლის ფესტივალს. მიმდინარე წელს ფესტივალის მასშტაბები გაიზარდა და „შავი ზღვის თაფლის ფესტივალის“ ფორმატში, გარდა ადგილობრივი მეფუტკრეებისა, მონაწილეობდნენ მეზობელი რეგიონების მეფუტკრეები და თურქული კომპანიები, რომლებიც მეფუტკრეობის პრეპარატებითა და ინვენტარით ვაჭრობენ. ჩატარდა მასტერკლასებიც.
ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია ყოველწლიურად მართავს ქალ ბიზნესმენთა ფორუმებს, სადაც რეგიონის ქალ მეწარმეებს უტარდებათ ქოუჩინგის სესიები. მიმდინარეობს მათი საქმიანობის წლიური შედეგების შეჯამება, დაჯილდოების ცერემონია სხვადასხვა ნომინაციაში და სხვ. მსგავსი ღონისძიებები ამაღლებს მეწარმეთა მოტივაციას, იზრდება მათ შორის კომუნიკაცია და კოორდინაცია. სავაჭრო-სამრეწველო პალატა მომავალშიც გეგმავს ბიზნესასოციაციების მხარდაჭერას და მათ განვითარებაზე ზრუნვას.
როგორია აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები?
ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს, რომ გავზარდოთ პალატის წევრების რაოდენობა, სერვისების პოპულარობა და ორგანიზაცია გავხადოთ მიმზიდველი რეგიონის ეკონომიკაში ოპერირებით დაინტერესებული ბიზნესმენებისთვის. განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას ვგეგმავთ ასევე სტარტაპერებზე. ვგეგმავთ გავზარდოთ საკონსულტაციო მიმართულებები, მათ შორის მოვემსახუროთ ადგილობრივი ეკონომიკით დაინტერესებულ ინვესტორებს. გავაგრძელებთ ბიზნესგაერთიანებების წახალისებასა და მხარდაჭერას. ასევე, გვსურს მეწარმეთა საჭიროებების კვლევების ჩატარება, რაც მოიცავს: რეგიონის ეკონომიკის დარგობრივ ანალიზს, მეწარმეების წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლას, შრომის ბაზრის ანალიზს და სხვა მიმართულებებს. ორიენტირებული ვიქნებით სამეწარმეო უნარების განვითარების პროგრამებზე, როგორც სწავლების, ისე გამოცდილების გაზიარების კუთხით. ჩვენი სურვილია, რომ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა გახდეს ადგილობრივი ბიზნესის ერთიანი, დამოუკიდებელი და გავლენიანი ხმა მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად.