ჟურნალისტიკაზე ფიქრი სულ რაღაც 15 წლის ასაკში დაიწყო, როცა გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს ქართულ სატელევიზიო სივრცეში მომხდარმა ცვლილებებმა და ახალი ამბების მომზადების თანამედროვე დასავლური სტანდარტის დამკვიდრებამ თამთა სანიკიძის პროფესიული არჩევანის განსაზღვრაში დიდი როლი ითამაშა. „მინდოდა, მოვხვედრილიყავი ჩემთვის ყველაზე საინტერესო სფეროში და რეალურად მენახა, როგორ მზადდებოდა ის, რასაც ეკრანზე ვხედავდი“, − ამბობს ჟურნალისტი, რომელიც წლების წინ კონკურსის გზით შერჩეულ რამდენიმე სტუდენტს შორის მოხვდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმირებისას ტელევიზიაში შეაბიჯა. მას შემდეგ უკვე თითქმის ათეული წელია, რაც ეკრანიდან ერთგულ მაყურებელს რელევანტურ ამბებს გაუხუნებელი ენთუზიაზმით აცნობს.
თამთა, როდის წარმოიდგინეთ პირველად თქვენი პროფესიის ამპლუაში საკუთარი თავი და როგორი იყო თავდაპირველი შეგრძნებები, როცა წარმოდგენები თანდათან რეალობად იქცა? რა გზა განვლეთ იქამდე?
საკუთარი თავი პირველად ამ პროფესიაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, რადიომაუწყებლობის კაბინეტში სწავლის დროს წარმოვიდგინე. მაშინ სასახლის რადიოს შიდა მაუწყებლობისთვის გვავალებდნენ რეპორტაჟების მომზადებას სასახლის სხვადასხვა წრეში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. სასახლეში დაწერილი საკონფერენციო თემაც სწორედ მაშინდელ სატელევიზიო ახალ ამბებს უკავშირდებოდა. ინტერესმა და ცნობისმოყვარეობამ გადამაწყვეტინა გამოცდების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება. მესამე კურსზე ვიყავი, როცა სტაჟირების კურსი გავიარე ტელეკომპანია „კავკასიაში“.
იმავე წელს კონკურსი გამოცხადდა პირველ არხზე. სწორედ მაშინ იწყებოდა საზოგადოებრივ მაუწყებლად ფორმირების პროცესი. მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, უნივერსიტეტიდან სტუდენტებისთვის ტელევიზიაში მუშაობის შანსი მიეცათ. გამიმართლა და კონკურსის გზით შერჩეულ რამდენიმე სტუდენტს შორის მეც მოვხვდი.
როდესაც პირველი რეპორტაჟი დამავალეს, მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი. თეორიული მასალა და პროფესიული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გარეშე, რთულია ამ პროფესიაში დამკვიდრება. შესაძლოა, ძალიან კარგად გქონდეს შესწავლილი ყველა ჟანრი და სამუშაო პრინციპი, მაგრამ სულ სხვაა, როცა თეორიულად ნასწავლი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება გიწევს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენად სწორად გამოიყენებ პრაქტიკაში თეორიულ მასალებს. პროფესიული უნარ-ჩვევები უკვე პრაქტიკულ საქმიანობაში გამომუშავდება, მაგრამ აუცილებელია, ჩვენი მუშაობა და პროფესიული მიდგომები სწორედ თეორიულ ცოდნას ემყარებოდეს.
რით იქცა თქვენთვის ჟურნალისტიკის სფერო ცხოვრების მთავარ გატაცებად?
ჟურნალისტიკა ექსტრემალურ ვითარებაში მუშაობას უკავშირდება. ჩემი ხასიათი, შინაგანი ბუნება და მისწრაფებები ყველაზე მეტად სწორედ ამ პროფესიას ესადაგება − ცნობისმოყვარეობა ჩემი თანმდევი სახასიათო შტრიხია. რთულ საქმესთან შეჭიდება, მუდმივად დაძაბულ და ექსტრემალურ ვითარებაში მუშაობა, სადაც წამიც კი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ჩემთვის ყველაზე საინტერესოა. დღის განმავლობაში, მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება, მე კი, როგორც რეპორტიორი და ახლა უკვე ახალი ამბების წამყვანი, მუდმივად ამ მოვლენების ეპიცენტრში ვარ. უდიდესი პასუხისმგებლობაა, როცა იცი, რომ მიმდინარე მოვლენებზე მაყურებელი შენგან ზუსტ, ობიექტურ და ამომწურავ ინფორმაციას ელოდება. ხშირად ყოფილა ჩემს პრაქტიკაში, როცა ეთერამდე რამდენიმე წუთით ადრე ისეთი ამბავი მომხდარა, რომელსაც დღის მიმდინარე მოვლენები გადაუფარავს. ასეთ დროს სწრაფად მობილიზება, გადაწყვეტილებების წამებში მიღება და სწორედ ამ მოვლენაზე კონცენტრირებაა საჭირო, რაც დიდ ძალისხმევას, პასუხისმგებლობას და სწრაფი, სარისკო მოქმედების უნარს მოითხოვს. რთულია, თუმცა მსგავს ექსტრემალურ პირობებში მუშაობა ერთგვარი აზარტია, რაც ჩვენს პროფესიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
თქვენი აზრით, როგორ იმკვიდრებს ჟურნალისტი საკუთარ ნიშას? რა სამუშაო პრინციპები განსაზღვრავს მაყურებლის მოლოდინს, რომ დღის გარკვეულ მონაკვეთში ეკრანთან, რეპორტიორთან/წამყვანთან შეხვედრა სურდეს?
უპირველესად, ჟურნალისტს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული საკუთარი პასუხისმგებლობა. მთავარი და ამოსავალი წერტილია, რომ ჩვენი ყოველი ნაბიჯი და ჩვენ მიერ მაყურებლისთვის შეთავაზებული პროდუქტი ჟურნალისტიკის სტანდარტს და ნორმებს ემყარებოდეს. ობიექტურობა, ბალანსის დაცვა, ოპერატიულობა და გარშემო მიმდინარე მოვლენების შელამაზების ან დამახინჯების გარეშე, სრული სიზუსტით ასახვა არის ის, რასაც მოაქვს აუდიტორიის ნდობა. ყველა ამ ფაქტორთან ერთად, აუცილებელია მოვლენების საინტერესოდ გაშუქება და მაყურებლამდე მიტანა. როცა გადაღებაზე მივდიოდი, რეპორტაჟის მოსამზადებლად, ყოველთვის ვცდილობდი, მეპოვა ისეთი დეტალები კონკრეტული ამბის გაშუქების დროს, რაც რეპორტაჟს უფრო საინტერესოდ სანახავს გახდიდა. იგივე მიდგომა მქონდა რესპონდენტების შერჩევის დროსაც. ვცდილობდი, მომეძებნა ისეთი ადამიანები, რომლებიც გასაშუქებელი ამბის გარშემო ახალ დეტალებს გააჟღერებდნენ. ზოგჯერ საათობით მიფიქრია რეპორტაჟის დასაწყის წინადადებაზე, რათა ის ძალიან დასამახსოვრებელი ყოფილიყო მაყურებლისთვის. ჩვენი მიზანი ხომ ის არის, რომ ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟი ბევრმა ადამიანმა ნახოს და რაც მთავარია, ბევრს დაამახსოვრდეს, როგორც საინტერესო და გამორჩეული. ამიტომ, ექსკლუზიურ დეტალებსა და საინტერესო რესპონდენტებზე ორიენტირებაა საჭირო, რათა სრულად და ამომწურავად გაშუქებასთან ერთად, ამბავი საინტერესო ფორმითაც გაშუქდეს. ამ მიდგომებს ვიყენებ წამყვანის ამპლუაშიც. ვცდილობ, ჩემი ყველა ტექსტი, ბალანსის დაცვასთან ერთად, საინტერესოდ ისმინებოდეს და რაც მთავარია, ადვილად აღსაქმელი იყოს. თუ რეპორტიორს ან წამყვანს ინდივიდუალიზმი არ გააჩნია, ძალიან რთულია ამ პროფესიაში თავის დამკვიდრება. გადაცემის წაყვანის, ტექსტების წერის თუ პირდაპირი ჩართვების დროს, ამბის გადმოცემის საინტერესო ფორმების ძიებასთან ერთად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავდაჯერებულობას და გასაშუქებელი ამბის ზედმიწევნით და სრულყოფილად ცოდნას. მაყურებელი ვერ მოგისმენს და მით უმეტეს, ვერ დაგიჯერებს, თუ დეტალურად არ გაქვს შესწავლილი ამბავი, რომელსაც უყვები. მაღალი კონკურენციისა და დიდი არჩევანის პირობებში, სატელევიზიო სივრცეში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად, აუცილებელია ინდივიდუალური ხელწერა, რომელიც ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული იქნება. სწორედ ეს ფაქტორია ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი საკუთარი ნიშის დამკვიდრების პროცესში.
და როგორია თქვენთვის აუდიტორიასთან შეხვედრის მღელვარება, რომელსაც მოამბის გამოშვებისას მხოლოდ წარმოსახვით ეგებებით (და რეალურად, ეს აუდიტორია საქართველოა)?
17 წელია ამ პროფესიაში ვარ და მღელვარება მაყურებელთან ყველა შეხვედრას ახლავს. თუ ეს განცდები და მღელვარება გაქრება, მაშინ პროფესიიდანაც უნდა წახვიდე. როდესაც აუდიტორიისა და საქმის მიმართ უდიდეს პასუხისმგებლობას აცნობიერებ, შეუძლებელია, სტუდიაში შესვლას მღელვარება არ ახლდეს. სიმართლე გითხრათ, როდესაც ახალ ამბებს ვყვები სტუდიაში, კამერის მიღმა მუდმივად ვხედავ წარმოსახვით აუდიტორიას, რომელიც ზის ეკრანთან და მისმენს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამბის გადმოცემის ფორმას. მე ვესაუბრები არა კამერას, არამედ ეკრანთან მსხდარ ადამიანებს. ასეთი დამოკიდებულების დროს, გადმოცემის მანერა, საუბრის ფორმა და გამოშვების წაყვანის სტილი უშუალო და თავისუფალი ხდება. მაყურებელი ყველა სიტყვაში, მიმიკასა და ჟესტიკულაციაში უნდა ხედავდეს და გრძნობდეს, რომ შენ ზუსტად მას უყვები დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს. თუ ეს სიახლოვე და კავშირი არ იგრძნობა, ძალიან რთულია ასეთ დროს მაყურებლის შენარჩუნება. დღის ამბების ეთერში კი აუდიტორიას მოწვეული სტუმრები წარმოადგენენ.
რამდენად რთულია თითოეულ რესპონდენტთან, მათ სახასიათო პერსონებთან სწორი კომუნიკაცია ჟურნალისტიკის პრინციპების სრული დაცვით? როგორ ხერხდება საინტერესო/ერთგვარად აზარტული ეთერის დინამიკის შექმნა?
ახალ ამბებთან ერთად, კვირაში ერთხელ პოლიტიკური გადაცემა მიმყავს, სადაც დღის მთავარ თემას, ან თემებს, სტუმრებთან ერთად განვიხილავ. სტუმრები კი ამ მოვლენების ეპიცენტრში მყოფი ადამიანები არიან. გადაცემის ეთერში გასვლას წინ საკმაოდ რუტინული სამუშაო პროცესი უძღვის. ვკითხულობ და ვამუშავებ გადაცემის თემასთან დაკავშირებულ არაერთ მასალას. სრულყოფილად უნდა ფლობდე ამბავს და ყველა ნიუანსში უნდა იყო გარკვეული. სხვა შემთხვევაში, გადაცემა უინტერესო და ზედაპირული გამოვა. წინასწარ მაქვს საკითხების მონახაზი, თუმცა ინტერვიუს მსვლელობისას შესაძლოა ბევრი ახალი მიმართულება ან საკითხი წამოიჭრას − ბევრად საინტერესო. მთავარია, რესპონდენტს ვუსმინოთ ძალიან ყურადღებით, არ გამოგვრჩეს მისი არც ერთი საინტერესო რეპლიკა ან ფრაზა, რაც შესაძლოა მოითხოვდეს დაზუსტებას, აჩენდეს ახალ კითხვას. დინამიკური მაშინ გამოდის გადაცემა, როცა ინტერვიუ მონოლოგად არ იქცევა და დიალოგის სახით მიმდინარეობს. როგორც კი ვხვდებით, რომ რესპონდენტი სხვა მიმართულებით ცდილობს თემის განვითარებას ან არ პასუხობს კონკრეტულ კითხვას, აუცილებლად უნდა შევაწყვეტინოთ კორექტული ფორმით და დავაბრუნოთ იმ კითხვაზე, რომელზე პასუხიც მაყურებლისთვის საინტერესოა. ბალანსი გადაცემაში ყოველთვის დაცულია − პოლიტიკური თემის გაშუქების დროს აუცილებლად არის წარმოდგენილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები. საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე საუბრისას კი ასევე ყველა მხარის პოზიციას ვთავაზობთ აუდიტორიას. ეს არის ჩვენი სამუშაო სტანდარტი, რომელსაც არასდროს ვარღვევთ.
რესპონდენტები ერთმანეთს არ ჰგვანან: ბევრს არ უჭირს პირდაპირი პასუხის გაცემა, ზოგი მიმართულების შეცვლას ცდილობს, ზოგი კი შესაძლოა მისი მისამართით დასმულმა მწვავე შეკითხვამ გააღიზიანოს. ყველა სიტუაციისთვის ვარ მზად. მთავარია, რესპონდენტს არ მივცეთ მონოლოგის რეჟიმში ყოფნის და არასასურველ შეკითხვებზე პასუხების თავიდან არიდების საშუალება. ამ მიზნის მისაღწევად ზოგჯერ ერთი და იგივე კითხვის რამდენიმეჯერ გამეორებაც მიწევს. ჩემი მიზანია, გადაცემა მაყურებელს კონკრეტული ამბის გარშემო ყველა მხარის პოზიციის მოსმენასა და მისთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხების მიღებაში დაეხმაროს. სწორედ ეს მიზანი მამოძრავებს რესპონდენტების შერჩევისა და კითხვების დასმის დროს.
წლების განმავლობაში თქვენი ეკრანული სახე იძერწება, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. რამდენად ძლიერია ეს დადებითი მუხტი?
ჩვენ თავად ვაყალიბებთ საკუთარ ეკრანულ სახეს. ჩემთვის მთავარია, კამერის წინ ვიყო გულწრფელი და უშუალო. ჩემი სახის გამომეტყველებაზე ყოველთვის აისახება, ტრაგიკულ ამბავს ვუყვები მაყურებელს, თუ პოზიტიურ ინფორმაციას ვაწვდი. ეს ნორმალურია, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ, ადამიანური განცდებითა და შეგრძნებებით. ყველა ამბავს ერთსა და იმავე გამომეტყველებით და ემოციით თუ გადმოსცემ, ეს მოვლენების მიმართ შენს ზერელე და ინდიფერენტულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, რაც არასწორია და მაყურებელს ვერ გამოაპარებ. გააზრება იმისა, რომ წამყვანს სწორად ესმის თითოეული ამბის მნიშვნელობა, შენთან ერთად განიცდის ან უხარია და ამბის ყველა დეტალში კარგად არის გარკვეული, ქმნის ორმხრივ კავშირს. მე ყოველთვის ვგრძნობ ჩემი მაყურებლის მხარდაჭერას და სიყვარულს. სწორედ მათი დამოკიდებულება მეხმარება პროფესიული სირთულეების გადალახვაში. მათი მხარდამჭერი და გამამხნევებელი სიტყვები პასუხისმგებლობას მიასმაგებს. მაყურებლის ნდობა და სიყვარულია ის, რის გარეშე მუშაობა საერთოდ დაკარგავდა აზრს.
როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაგარემო თქვენთვის? რა ტიპის შესაძლებლობებს იძლევა იგი პიროვნული/პროფესიული ზრდის მიმართულებით თუ კომფორტული სამუშაო სივრცის შექმნის თვალსაზრისით?
საქართველოს პირველ არხზე უკვე მერვე წელია, ვმუშაობ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ შექმნილი სამუშაო სივრცე მართლაც კომფორტულია თანამშრომლებისთვის. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ემყარება ჟურნალისტიკის პრინციპებისა და სტანდარტის ზედმიწევნით დაცვას, მსოფლიოს წამყვანი საზოგადოებრივი მაუწყებლების სამუშაო პრინციპებსა და მიდგომებს, მათი გამოცდილების გაზიარებას და ისეთი სატელევიზიო ახალი ამბების მომზადებას, სადაც მაყურებლისთვის საინტერესო არც ერთი მოვლენა ყურადღების მიღმა არ რჩება. ბალანსის დაცვა, სიზუსტე, ოპერატიულობა და ფაქტების არაერთგზის გადამოწმება, მოვლენების ობიექტურად გაშუქება და ხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნა ჩვენი მთავარი სამუშაო პრინციპებია.
დაბოლოს, როგორია მიზნები, რომლებიც გესახებათ?
მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, განვაგრძობ პროფესიულ განვითარებას. საქმიანობის დასაწყისში ახალი ამბების რეპორტიორი ვიყავი, რამდენიმე წლის შემდეგ პარალელურ რეჟიმში დავიწყე სტუდიაში მუშაობა ახალი ამბების წამყვანის ამპლუაში, სამი წლის წინ კი პოლიტიკური გადაცემის სახით, კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დავდექი. გადაცემის მომზადება ძალიან დიდ პროფესიულ გამოცდილებას, მზადყოფნას და პასუხისმგებლობას მოითხოვს, რის გამოც წლების განმავლობაში თავს ვიკავებდი. არ ვიცი, რა იქნება წლების შემდეგ, თუმცა ჩემი მიზანი და უდიდესი სურვილია, კიდევ დიდხანს მქონდეს იმ საქმის კეთების საშუალება, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ტექსტი: ელენე ბერიძე
ფოტო: მაკა მეგრელიძე