OK! სიამოვნებით წარმოგიდგენთ ნომრის ერთ-ერთ მთავარ გმირს − ყველასათვის ცნობილ, უნიჭიერეს ახალგაზრდა პლასტიკურ ქირურგს, კლინიკა „ტოტალ შარმის“ მთავარ ექიმს, კონსტანტინე სულამანიძეს. როგორც თავად ამბობს, პლასტიკური ქირურგია მედიცინისა და ხელოვნების ჰარმონიული სინთეზია, რომელიც ადამიანების გაბედნიერებას ემსახურება. მისი, როგორც ექიმის, მთავარი მისიაც სწორედ ესაა. როგორი იყო თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენლის ბავშვობა ექიმების გარემოცვაში, რა დამოკიდებულებას ირჩევს პაციენტებთან, რომელია დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაცია საქართველოში და რა სახის ესთეტიკურ-ქირურგიული პროცედურების ჩატარებას შეძლებთ საქართველოში მხოლოდ კონსტანტინე სულამანიძესთან − წაიკითხეთ OK!-ის ინტერვიუში.
კონსტანტინე, საკმაოდ ცნობილი ექიმების ოჯახიდან ბრძანდებით. საინტერესოა, ბავშვობიდან იყავით გატაცებული ამ პროფესიით თუ შედარებით გვიან მოვიდა ინტერესი?
ჩვენს ოჯახში მართლაც ყველა ექიმია. დედა 20 წელია, რაც დერმატო-კოსმეტოლოგიაში საქმიანობს, მანამდე, ასევე 20 წელი გასტროენტეროლოგად მუშაობდა. მამა თავიდან ყბა-სახის ქირურგი გახლდათ, შემდეგ რინოპლასტიკური ოპერაციების კეთება დაიწყო და უკვე ბოლო 30 წელია, რაც პლასტიკური, რეკონსტრუქციული ქირურგია. ჩემი ძმა − გიორგიც პლასტიკური ქირურგია, თუმცა ამჟამად კომპანია APTOS-ს ხელმძღვანელობს. APTOS ჩვენი კომპანიაა და აწარმოებს პლასტიკურ ქირურგიაში ფართოდ გამოყენებად სამედიცინო ძაფებს, რომელიც მამამ გამოიგონა 25 წლის წინ, დააპატენტა და ამჟამად საქართველოში (თბილისში), რუსეთსა და გერმანიაში გვაქვს განთავსებული ქარხნები, საიდანაც მსოფლიოს 50 ქვეყანა მარაგდება პროდუქციით. ჩემი ძმა, გიორგი არის ამ მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
თავად ვარ პრაქტიკოსი ექიმი, ქირურგი და ასევე, ჩართული გახლავართ კლინიკის მართვის პროცესებშიც.
გამოდის, რომ პროფესია ბავშვობიდან აირჩიეთ…
მამას ბავშვობიდან მუდამ თან დავყავდი საზღვარგარეთ კონგრესებზე და სიმპოზიუმებზე, ასე რომ, ბავშვობიდან ვიცნობ ყველა ცნობილ პლასტიკურ ქირურგს. ისეთი გარემო იყო ჩემ გარშემო, რომ ფაქტობრივად სხვა არჩევანიც არ მქონდა, თუმცა ცხადია, გადაწყვეტილება თავად მივიღე. არც მქონია სურვილი, რომელიღაც სხვა პროფესიას დავუფლებოდი.
კონსტანტინე, მოგვიყევით, როგორი პროფესიული გზა გამოიარეთ, სანამ „ტოტალ შარმის“ მთავარი ექიმის პოზიციაზე აღმოჩნდებოდით. სად მიიღეთ განათლება?
უმაღლესი სამედიცინო განათლება რუსეთში მივიღე და იქვე დავიწყე მუშაობა კლინიკაში, მამასთან. 2010 წელს მთელი ოჯახი დავბრუნდით საქართველოში, რათა სამშობლოში გვეცხოვრა, გვემუშავა და აქ განგვეხორციელებინა ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზება. გავხსენით „ტოტალ შარმის“ კლინიკები თბილისსა და ბათუმში. შემდეგი 5 წლის განმავლობაში ბევრი ვიმოგზაურე. 50-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, სადაც ვატარებდი პლასტიკურ ქირურგიულ ოპერაციებს, ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო კონგრესებში ვმონაწილეობდი.
ახლა უკვე ძირითადად აქ ვარ, საქართველოში, და იმდენად დატვირთული სამუშაო რეჟიმით ვცხოვრობ, რომ ბევრი მოგზაურობის საშუალებაც არ მაქვს.
რით განსხვავდება პლასტიკური ქირურგიის არსი მედიცინის სხვა დარგებისგან? როგორ აღიქვამთ თქვენს პროფესიას?
პლასტიკური ქირურგი მედიცინის სხვა დარგების წარმომადგენლებისგან იმით გამოირჩევა, რომ ჩვენთან ჯანმრთელი პაციენტი მოდის, რომელსაც სურს გახდეს უფრო ლამაზი, მოიხსნას გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები, შეიტანოს კორექცია სხეულში და ამით უფრო გაბედნიერდეს, უფრო თავდაჯერებული გახდეს და სიცოცხლის ხარისხი აიმაღლოს. ზოგადი ან გადაუდებელი ქირურგისთვის მთავარია გადაარჩინოს ადამიანი და სწორედ ესაა მედიცინის მთავარი არსი, პლასტიკური ქირურგები კი უფრო ბედნიერსა და თავდაჯერებულს ვხდით ჯანმრთელ ადამიანებს. ვეხმარებით, მიიღონ და შეიყვარონ საკუთარი თავი და გარეგნობა.
პლასტიკური ქირურგია ადამიანისთვის უნდა იყოს დამატებითი ბედნიერების წყარო, ამიტომ მნიშვნელოვანია, პაციენტი ექიმთან ძალიან კომფორტულად გრძნობდეს თავს და რაც მთავარია, ჰქონდეს ნდობა. პლასტიკური ქირურგია არ არის ბიზნესი, ეს მედიცინის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც ადამიანების კარგად ყოფნას, მათი ცხოვრებისეული განწყობის ამაღლებას და გარკვეულწილად, ფსიქოლოგიური პრობლემების მოწესრიგებას ემსახურება.
თქვენი, როგორც პროფესიონალის, მთავარი პრინციპი რა არის? როგორია თქვენი დამოკიდებულება პაციენტების მიმართ?
სანამ პაციენტს ოპერაციას ჩავუტარებ, ვიგებ მის მოტივაციას, თუ რატომ მოვიდა ჩემთან, ნამდვილად აწუხებს ეს კონკრეტული პრობლემა თუ მისი დროებითი ახირებაა და შეიძლება ძალიან მალე გადაიფიქროს. ეს იმას ნიშნავს, რომ პლასტიკური ქირურგი კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს, რათა ზუსტად გაუგოს პაციენტს, მიუხვდეს სურვილს და ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, მაქსიმალურად კარგი შედეგი მიიღოს. ოპერაციის შემდეგ, კიდევ გვჭირდება ფსიქოლოგიური უნარების ჩართვა იმისათვის, რომ ვასწავლოთ პაციენტს, როგორ იცხოვროს ახალი ვიზუალით. შეიძლება თავიდან ძალიან მოეწონოს შედეგი და როგორც წესი, პირველი ემოცია ბედნიერება და აღფრთოვანებაა ხოლმე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანებს უჭირთ შეცვლილი ვიზუალის მიღება და ამ დროს აუცილებელია, მის ირგვლივ მყოფებმა დადებითად განაწყონ, შეუქონ გარეგნობა, გასცენ მაქსიმალურად დადებითი ემოციები. პროფესიონალმა უნდა ასწავლოს, როგორ მიიღოს საკუთარი თავი. ზოგად და გადაუდებელ ქირურგიაში სხვანაირადაა, მთავარი მიზანია გადაარჩინო ადამიანის სიცოცხლე ისე, რომ შესაძლოა მისი სახელი და გვარიც არ იცოდე. პლასტიკური ქირურგია ხელოვნებისა და ქირურგიის სინთეზია.
კონსტანტინე, რომელია ყველაზე პოპულარული ოპერაციები დღესდღეობით?
ცხვირის ოპერაცია − რინოპლასტიკა, და მამოპლასტიკა − ძუძუს კორექცია, ფაქტობრივად, დღეს თანაბრად პოპულარულია. ჩემს პრაქტიკაში ასეა. ვინაიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა რინოპლასტიკაზე, ჩვენთან ბევრი ქირურგია, რომლებიც მონოოპერაციებს აკეთებენ − მხოლოდ ცხვირს. ვერ ნახავთ ქირურგს, რომელიც მხოლოდ ძუძუს კორექციას აკეთებს. წელიწადში საშუალოდ 150-170 ოპერაციას ვაკეთებ რინოპლატიკის მიმართულებით და ამდენივე მკერდის კორექციას. დანარჩენი წილი სხვა ოპერაციებს უჭირავს, მათ შორის − ლიპოსკულპტურას.
რას გულისხმობს ლიპოსკულპტურა?
ეს გახლავთ წელის სილუეტის, სხეულის სკულპტურის გამოყვანა. როცა იღებ ცხიმს იმ უბნიდან, სადაც ჭარბადაა და შეგყავს იქ, სადაც საჭიროებს სილუეტის კორექციას. ეს საკმაოდ პოპულარული ოპერაციაა და ისე გამოვიდა, რომ საქართველოში მას დღესდღეობით მხოლოდ მე ვაკეთებ.
როგორია თქვენი დამოკიდებულება ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე, ბუნებრიობაზე ორიენტირებული ტენდენციების მიმართ? რამდენად ითვალისწინებთ პაციენტების ბუნებრივ ვიზუალს კორექციის დროს?
პლასტიკურ ქირურგიას სულ ცოტა ხნის წინ ბევრი ადამიანი აღიქვამდა არაბუნებრიობად, მაგრამ ახლა დარგში ტენდენციური მრავალფეროვნებაა აქტუალური და მოდური. დიდი მოთხოვნაა მაქსიმალურად ბუნებრივ ცხვირზე, მკერდზე, მაგრამ ამასთანავე, მოდიან ე.წ. ინსტაგრამ-სახეები, რომელთათვისაც ბუნებრიობა არ წარმოადგენს პრიორიტეტს და სხვა მოთხოვნები აქვთ. ასეთ პაციენტებს სურთ ისე გამოიყურებოდნენ ფოტოზე, რომ თანამედროვე სილამაზის სტანდარტს ერგებოდნენ, ჰქონდეთ მაქსიმალურად პატარა და აპრეხილი ცხვირი, განსაკუთრებულად მიმზიდველი დეკოლტე და ა.შ. პლასტიკური ქირურგია უნდა მოერგოს მომხმარებლების მოთხოვნას. როცა პაციენტები ასეთი სურვილით მოდიან, მე აუცილებლად ვუხსნი, რომ შესაძლოა 10 წელიწადში აღარ იყოს მოდური ესთეტიკის ეს კონკრეტული ტენდენცია. ისინი მიპასუხებენ, რომ ეს არ წარმოადგენს მათთვის პრობლემას, რომ ვთქვათ, ცხვირს უყურებენ როგორც აქსესუარს და მზად არიან, 10 წელიწადში სხვაგვარი კორექცია გაიკეთონ. პლასტიკური ოპერაცია, გადაუდებელი ოპერაციებისგან განსხვავებით, არჩევანზეა დამოკიდებული და მე შემიძლია უარი ვუთხრა პაციენტს ოპერაციის გაკეთებაზე, თუკი ასე მიმაჩნია საჭიროდ, რიგი მიზეზების გამო. ჩემთან მოსული ადამიანების დაახლოებით 10%-ს უარს ვეუბნები და ვუხსნი, რატომ არ ღირს მისთვის იმ კონკრეტული ჩარევის განხორციელება. ვუხსნი, რომ ვერ მოხერხდება ან ვერ შესრულდება მისი შეკვეთა. გარდა ამისა, როგორც პაციენტი აკვირდება ექიმის პიროვნულ დამოკიდებულებებს, პროფესიონალიზმს, განწყობას, ანალოგიურად ვარ მეც. როცა პაციენტს არაადეკვატური მოთხოვნები აქვს, უარს ვეუბნები მომსახურებაზე.
თქვენი რჩევის საფუძველზე თუ გადაუფიქრებიათ პაციენტებს ოპერაციის გაკეთება და დაუტოვებიათ ბუნებრივი გარეგნობა?
დიახ, ბევრი ასეთი პაციენტი მახსენდება. მერე მწერენ ხოლმე და მადლობას მიხდიან, რომ კიდევ კარგი, გადავაფიქრებინე. ამით ბედნიერები არიან. ისეთი პაციენტებიც ყოფილან, რომლებიც ჩემი უარის შემდეგ სხვა ქირურგთან წასულან და მას გაუკეთებია ოპერაცია. ბევრი მათგანი ბედნიერიც ყოფილა ამ შედეგით. ეს იმას ნიშნავს, რომ მე, როგორც ფსიქოლოგმა, სწორად ვერ გავუგე ჩემთან მოსულ პაციენტს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს. მთავარია, ადამიანი კმაყოფილი და ბედნიერია, იმის მიუხედავად, მე გავუკეთე მას ოპერაცია თუ ჩემმა რომელიღაც კოლეგამ.
კონსტანტინე, საინტერესო პროფესიულ ცხოვრებასთან ერთად, ცოტა პირადზეც მოგვიყევით. თქვენი შვილი გაგვაცანით.
მყავს შვილი − ნიკა, რომელიც მალე 10 წლის ხდება. 2 წლის იყო, როცა პირველად შევიყვანე საოპერაციოში. ახლა პანდემიისა და „კოვიდ“-რეგულაციების გამო, აღარ ვასწრებ ოპერაციებს, მირეკავს ხოლმე ვიდეოზარით და ასე ვაყურებინებთ, თუ რას ვსაქმიანობთ საოპერაციოში. ადრე საკმაოდ ხშირად გვესწრებოდა. ჯერ პატარაა, მაგრამ მე მგონი აინტერესებს ეს პროფესია. როგორც მე დავყავდი მამას პატარაობისას საქმიან ვიზიტებზე, ახლა მე დამყავს ჩემი შვილი სხვადასხვა შეხვედრაზე და სიმპოზიუმზე. „ტოტალ შარმი“ საქართველოს მასშტაბით ესთეტიკური მედიცინის ყველაზე დიდი კონგრესის ორგანიზებას ახორციელებს ყოველწლიურად. წელს ნიკაც ჩემ გვერდით იჯდა პრეზიდიუმში, რაც ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. წარმომიდგენია, როცა გაიზრდება, თუკი ის მოინდომებს, რომ გაჰყვეს ამ პროფესიას, რამხელა სიამოვნება იქნება შვილისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
როგორი ბიჭია ნიკა? მოგვიყევით თქვენს ურთიერთობაზე.
ნიკა არის ძალიან კეთილი ადამიანი. ჰუმანიტარია, ხელოვნება უყვარს. მეგობრები ვართ. მკაცრი საერთოდ არ ვარ მასთან, როგორც თანატოლს, ისე ვექცევი. ძირითადად, შაბათ-კვირას ვატარებთ ხოლმე ერთად, ჩემი ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო.
ტექსტი: თაკო გვაზავა